დღემდე უცნობი წარწერა ნიქოზში - კვირის პალიტრა

დღემდე უცნობი წარწერა ნიქოზში

XV საუკუნის I ნახევრის დანიელ ნიქოზელის სავედრებელი წარწერა ნიქოზის ღმრთაების ეკლესიიდან

ზემო ნიქოზის ღმრთაების ეკლესია შიდა ქართლში, მდინარე ლიახვის ხეობის მარჯვენა ნაპირას, სოფელ ნიქოზის ცენტრში მდებარეობს და ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ სანიმუშო ძეგლს წარმოადგენს. წლეულს აპრილში ეკლესიას ვეწვიეთ და ადგილზე მოვიხილეთ მის ექსტერიერსა თუ ინტერიერში დაცული ქართული ლაპიდარული თუ ნაკაწრი წარწერები. 2016 წლიდან კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ბაზაზე ვახორციელებთ პროექტს "ქართული ეპიგრაფიკის იურიდიული აქტების კორპუსი", რომლის ფარგლებშიც მოვაწყვეთ სამეცნიერო ექსპედიცია შიდა ქართლში იქ არსებულ იურიდიული ხასიათის წარწერების შესწავლის მიზნით და სწორედ ამ ექსპედიციის დროს ვესტუმრეთ ნიქოზსაც.

ზემო ნიქოზის ღმრთაების ეკლესიისა და იქ არსებული წარწერების შესახებ ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში არაერთი გამოკვლევა მოგვეპოვება (მარი ბროსე, დიმიტრი ბაქრაძე, პრასკოვია უვაროვა, რენე შმერლინგი, ლევან რჩეულიშვილი, იოსებ მეგრელიძე, ნოდარ შოშიაშვილი, გიორგი გაგოშიძე, სოფო გაგოშიძე და სხვ.).

ზემო ნიქოზის ღმრთაების ეკლესია

ტაძრის მონახულების დროს ჩვენი ყურადღება მიიპყრო ტაძრის ინტერიერში, საკურთხევლის აბსიდის მარცხენა მხარეს ჩასმულმა კუთხის ქვამ, რომელზეც ღრმა კვეთით არის შესრულებული ასომთავრული წარწერა. როგორც ჩანს, განსაზღვრული დროის განმავლობაში წარწერიანი ქვა დაფარული იყო ბათქაშით (სწორედ ეს გახლდათ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩვენს წინამორბედ მეცნიერთათვის უცნობი გახლდათ მისი არსებობა). იქიდან გამომდინარე, რომ წარწერის ტექსტი ტაძარში დაბრძანებული წმიდა ნინოს ხატის უკან არის ამოკვეთილი, მოგვიხდა ხატის ჩამოხსნა წარწერის ტექსტის უკეთ წაკითხვის მიზნით. აქვე ვისარგებლებთ შემთხვევით და დიდ მადლიერებას გამოვხატავთ ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის მწყემსმთავრის - მიტროპოლიტ ისაიასა და იქ მოღვაწე მონაზონ დედა ნინოს მიმართ, რომელთაც დიდი დახმარება გაგვიწიეს წარწერაზე მუშაობისას. ჩვენ მიერ წარმართულმა კვლევამ აჩვენა, რომ წარწერა სრულიად უცნობი გახლდათ ქართული ისტორიოგრაფიისთვის და, აქედან გამომდინარე, საჭიროდ მივიჩნიეთ მისი გამოქვეყნება.

პირველ რიგში, გთავაზობთ წარწერის არქეოგრაფიულ აღწერილობას, წარწერის ფერად ფოტოს, პალეოგრაფიულ ასლს, ტექსტის გადმონაწერს დედნის შრიფტის დაცვით და მის ჩვენეულ წაკითხვას:

წარწერა ამოკვეთილია ტაძრის ინტერიერში საკურთხევლის აბსიდის მარცხენა მხარეს, კუთხის ქვაზე; იატაკის დონიდან 140 სმ-ის სიმაღლეზე; კუთხოვანი ასომთავრული; ორი სტრიქონი; წარწერის ფართობი: 60,2 X 20,2 სმ; ყველაზე დიდი გრაფემა: ნ (II სტრიქონის X გრაფემა) - 8,2 X 4,2 სმ; ყველაზე პატარა გრაფემა: ა (I სტრიქონის XII გრაფემა) - 2,4 X 2,6 სმ; განკვეთილობის ნიშნები: სამწერტილი; ქარაგმის ნიშანი: სწორი განივი ხაზი, რომელიც ბოლოვდება წერტილებით.

დაზიანება: წარწერა დაზიანებული არ არის. წარწერის ტექსტი თავიდან ბოლომდე გარკვევით იკითხება.

წარწერის დათარიღების საფუძველი: წარწერა პალეოგრაფიული თავისებურებების მიხედვით XV საუკუნის წარწერათა ჯგუფს მიეკუთვნება.

1) ქ ნიქოზელსა: დანიელს:.

2) დშ შ"ს:. ღ"ნ:. ა"მინ: -

"ქ. ნიქოზელსა დანიელს | <დშ> შ(ეუნდნე)ს ღ(მერთმა)ნ, ამინ".

როგორც ვხედავთ, წარწერა ნიქოზის ეპარქიის მწყემსმთავრის, დანიელის სავედრებელ ტექსტს წარმოადგენს. პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით, წარწერა XV საუკუნით თარიღდება. ჩვენ მიერ წარწერის პალეოგრაფიულ დათარიღებას კიდევ უფრო ამყარებს იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპების ტიშენდორფისეული ნუსხა, სადაც იგივე დანიელ ნიქოზელი დასახელებულია, როგორც ჯვარის მამა. აღაპში ვკითხულობთ: "გაუჩინეთ ჩ(უე)ნ, ჯუარისა მამამან ნიქოზელმან დანიელ და კანდელაკმან და ერთსულობით ძმათა, გოხასძესა ელემპიასა დიდათა მარხუაშ(ინ)ა> შაბათ-კუირიაკითა პანაშუიდი სხუ(ა)თა მეპანაშუიდეთა თ(ან)ა, შ(ეუნდვნე)ს ღმერთმან, ა{მი}ნ" (ელენე მეტრეველი. მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისთვის (XI-XVI სს.), 1962 წ. გვ. 77). ელენე მეტრეველი აღნიშნულ აღაპს (#94) XV საუკუნით ათარიღებს. როგორც აღაპის ტექსტი გვამცნობს, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვარს - დანიელ ნიქოზელს, კანდელაკსა და მონასტრის მამებს ულუმპია გობახისძისათვის დიდ მარხვაში, შაბათ-კვირას პანაშვიდი უნდა გადაეხადათ მისი სულის მოსახსენებლად.

იერუსალიმის აღაპის გარდა, დანიელ წინამძღვარი ასევე იხსენიება თავის აღზრდილ დავითთან და ჯვრის მონასტრის კანდელაკ იოანესთან ერთად სინას მთის წმინდა ეკატერინეს მონასტრის აღაპებში. აღაპის ტექსტი შემდეგი სახით იკითხება: "ს(უ)ლსა წინ(ა)მძღ(უა)რსა დ(ა)ნ(იე)ლსა შ(ეუნდვე)ნ ღ(მერთმა)ნ. ს(უ)ლსა მ(ი)სსა გ(ა)ზრდ(ი)ლსა დ(ავი)თსა შ(ეუნდვე)ნ ღ(მერთმა)ნ. ს(უ)ლსა ჯ(უა)რის კ(ა)ნდ(ე)ლ(ა)კსა ი(ოა)ნეს შ(ეუნდვე)ნ ღ(მერთმა)ნ" (დარეჯან კლდიაშვილი, ქართულ სამონასტრო სულთა მატიანეები, წიგნი I, სინას წმინდა ეკატერინეს მონასტრის ქართველთა ეკლესიის სულთა მატიანე, თბილისი, 2008, გვ. 94).

დანიელ ნიქოზელის სავედრებელი წარწერის პალეოგრაფიული ასლი

ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში (დარეჯან კლდიაშვილი) დანიელ ნიქოზელის ჯვრის მამობა, XV საუკუნის სხვადასხვა აღაპთა ტექსტებისა და ამ პერიოდის სხვა წერილობითი ძეგლების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სავსებით სამართლიანად XV საუკუნის 10-60-იანი წლებით არის განსაზღვრული (დარეჯან კლდიაშვილი, დასახელებული ნაშრომი, გვ. 105). აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ღმრთაების ტაძრის ახლად გამოვლენილი წარწერის ქრონოლოგია კიდევ უფრო დავავიწროოთ. თუ გავითვალისწინებთ წარწერის ტექსტს, სადაც დანიელი მხოლოდ ნიქოზელ ეპისკოპოსად იხსენიება და არა ჯვრის მონასტრის წინამძღვრად, არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ დანიელ ნიქოზელის სავედრებელი წარწერა გაცილებით ადრე, უფრო კონკრეტულად, XV საუკუნის I ნახევარში, დანიელ ნიქოზელის იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვრად დადგენამდე არის ამოკვეთილი.

ქართულ ლაპიდარულ წარწერებში, როგორც წესი, სრულად არის ასახული ამა თუ იმ ისტორიული პირის იმდროინდელი საერო თუ სასულიერო მდგომარეობა. წარწერის ტექსტისა და იერუსალიმის აღაპის ურთიერთშეჯერების საფუძველზე კიდევ ერთხელ კარგად გამოჩნდა ქართველი სასულიერო პირების დამოკიდებულება და ახლო ურთიერთობა იერუსალიმის წმინდა მიწასთან და იქ მათ მიერ დაარსებულ სასულიერო ცენტრთან - იერუსალიმის ჯვრის მონასტერთან. ჩვენ მიერ ახალმიკვლეული წარწერა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ XV საუკუნის I ნახევარში დანიელი მართლაც განაგებდა ნიქოზის საეპისკოპოსო კათედრას.

გარდა აღნიშნული წარწერისა, ტაძრის საკურთხეველში გამოვლინდა ათეულობით ლაპიდარული თუ ნაკაწრი წარწერა, რომელთა ნაწილი მართალია გამოქვეყნებულია, თუმცა დასაზუსტებელია მათი ტექსტები. წარწერების უდიდესი ნაწილი კი სრულიად უცნობია ქართული სამეცნიერო წრეებისთვის. კვლევისას გადმოღებულ იქნა ღმრთაების ეკლესიის 30-მდე ცნობილი თუ სრულიად უცნობი წარწერის პალეოგრაფიული პირი. მომავალში ვაპირებთ განვაგრძოთ ამ მიმართულებით კვლევა, რათა ზემოთ ნახსენები წარწერების ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი ანალიზის საფუძველზე გავამდიდროთ აქამდე არსებული ცოდნა ტაძრის ისტორიის შესახებ. ასევე, სამეცნიერო მიმოქცევაში შემოვიტანოთ საქართველოს ისტორიის არაერთი დღემდე უცნობი ისტორიული მოვლენა. ჩვენი კვლევის შედეგებს საერთაშორისო კონფერენციებზე წარდგენილი სტატიებით გავაცნობთ როგორც სამეცნიერო წრეებს, ასევე საქართველოს ისტორიითა და კულტურით დაინტერესებულ ფართო საზოგადოებას.

დაგეგმილი სამომავლო სამეცნიერო სამუშაოების მნიშვნელობას ერთიორად ზრდის რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის მცოცავი ოკუპაციის რეალობა, რაც მთელი სისავსით სწორედ შიდა ქართლის რეგიონს შეეხო (როგორც ცნობილია, ზემო ნიქოზის ღმრთაების ეკლესია სულ რაღაც 3 კილომეტრით არის დაშორებული ქალაქ ცხინვალიდან).

სამწუხაროდ, ეს პროცესი დღესაც გრძელდება ოკუპირებული ტერიტორიის გაფართოების ე.წ. ბორდერიზაციის გზით. ამ პირობებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ზემო ნიქოზის ტაძრის ინტერდისციპლინური შესწავლა და სამეცნიერო ნაშრომის გამოცემა, რაც კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებას, რომ ნიქოზის ტაძარი და მისი მიმდებარე ოკუპირებული ტერიტორიები საუკუნეების განმავლობაში ქართული სახელმწიფოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა.

თამაზ გოგოლაძე, ირაკლი გელაშვილი კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ჟურნალი "ისტორიანი".#120