აფხაზეთის უკანასკნელი მთავარი
აფხაზეთის უკანასკნელი მთავარი
ფოტო:მიხეილ შარვაშიძე
რუსეთის იმპერიის მიერ 1859 წელს ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიის - ჩეჩნეთ-დაღესტნის დაპყრობით, კავკასიის ომის (1763-1864) ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა, მაგრამ დასავლეთ კავკასიაში ბრძოლას განაგრძობდნენ ჯიქები, უბიხები და ჩერქეზთა მრავალრიცხოვანი ეთნოგრაფიული ჯგუფები. დასავლეთ კავკასიაში საომარი მოქმედებების მსვლელობაში იმპერიის ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა აფხაზეთის მთავრისა და სამთავროს როლს. აფხაზეთი ამ რეგიონში რუსეთის სამხედრო-სტრატეგიულ პლაცდარმს წარმოადგენდა; ამასთან, აფხაზეთის მთავარი მიხეილ შარვაშიძე (1823-1864) და აფხაზი ფეოდალები აქტიურად მონაწილეობდნენ საომარ მოქმედებებში. ამიტომაც იყო, რომ აფხაზეთმა სხვა ქართულ
პოლიტიკურ ერთეულებზე მეტხანს შეინარჩუნა ავტონომიური მმართველობა იმპერიის შემადგენლობაში. მიხეილ შარვაშიძესაც დაუფასდა ერთგულება - გახდა გენერალ-ლეიტენანტი, იმპერატორის გენერალ-ადიუტანტი, გაიზარდა მისი შემოსავლები, მაგრამ როცა აღარ დასჭირდათ, დაუნანებლად გაწირეს.


კავკასია ცვლილებების ზღურბლზე

მიხეილ შარვაშიძემ კარგად იცოდა, რომ რუსეთის მიერ დასავლეთ კავკასიის დაპყრობის შემდეგ მის ხელისუფლებასაც ბოლო მოეღებოდა. კავკასიის
არმიის მთავარსარდალ ალექსანდრ ბარიატინსკის (1856-1862) არაერთხელ უთქვამს მისთვის, რომ აფხაზეთში რუსული მმართველობა იქნებოდა შემოღებული და ურჩევდა, ახალი რეალობისთვის მომზადებულიყო. 1858 წლიდან მიხეილ შარვაშიძე ხშირად ავადმყოფობდა. 1861 წლის შემოდგომაზე მან სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაშვება ითხოვა. ოქტომბერში მთავარს 6 თვით საზღვარგარეთ წასვლის ნება დართეს, მაგრამ გამგზავრება ჩაიშალა მეუღლის - ალექსანდრა (ცუცუ) დადიანის გარდაცვალების გამო. მეუღლის გარდაცვალებამ მთავრის ჯანმრთელობა კიდევ უფრო გატეხა.

დიდი მთავარი მიხაილ რომანოვი, კავკასიის არმიის მთავარსარდალი და კავკასიის მეფისნაცვალი (1862-1881)

1862 წლის სექტემბერში კავკასიის არმიის მთავარსარდლად და კავკასიის მეფისნაცვლად ალექსანდრე II-ის უმცროსი ძმა, დიდი მთავარი მიხაილ რომანოვი დაინიშნა. თბილისში ჩამოსვლისთანავე ახალმა მთავარსარდალმა განკარგულება გასცა, ბოლო წლებში მიხეილ შარვაშიძის მმართველობის შესახებ ცნობები შეეკრიბათ. კავკასიის რუსული ადმინისტრაცია აფხაზეთის სამთავროს გაუქმებაზე ფიქრობდა და ამ აქტისთვის სამართლებრივი საფუძვლის მომზადებას ცდილობდა. მალე შედგა საქმე, რომელშიც მიხეილ შარვაშიძის მმართველობის უკანასკნელი პერიოდი უარყოფითად შეფასდა.

1863 წლის მთელი ზაფხული მიხეილ შარვაშიძემ პიატიგორსკში გაატარა, ხოლო სამთავროს მართვა ძმას - ალექსანდრეს ჩააბარა. ამ დროს აფხაზეთში გახშირდა მკვლელობა, ყაჩაღობა, ძარცვა, რაც კინაღამ ფეოდალურ შინაომში გადაიზარდა. 23 აგვისტოს კავკასიის არმიის მთავარი შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრ კარცოვი მიხეილ შარვაშიძეს, რომელიც მაშინ უკვე რაჭაში იმყოფებოდა, წერდა: ზაფხულში, თქვენს არყოფნაში, აფხაზეთში უწესრიგობები მოხდა და სამწუხაროა, რომ ავადმყოფობის გამო იქ ჩასვლა არ შეგიძლიათო. ხელისუფლება ფიქრობდა, რომ მთავრის ჩასვლა რამდენადმე განმუხტავდა დაძაბულ ვითარებას და უწესრიგობას ბოლოს მოუღებდა. მთავარმა აფხაზეთში დაბრუნება გადაწყვიტა. 8 სექტემბერს მისი ეკიპაჟი ქუთაისიდან გავიდა, მაგრამ ავადმყოფობის გამო იმდენად ნელა მგზავრობდა, რომ ლიხნში, სამთავროს პოლიტიკურ ცენტრში, მხოლოდ 16 ოქტომბერს ჩავიდა.

მიხეილ შარვაშიძემ გადაწყვიტა სამთავროს მართვა გადაეცა უფროსი შვილის, გიორგისთვის, რომელიც მეფისნაცვალთან ადიუტანტად მსახურობდა. 27 ოქტომბერს კარცოვს, თავისი ავადმყოფობის გამო, გიორგის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება და აფხაზეთში დაბრუნება სთხოვა, რათა სამთავროს მართვა მისთვის ჩაებარებინა. კარცოვმა მთავარს აცნობა, რომ გიორგისთვის აფხაზეთის მართვის გადაცემის საკითხი იმპერატორის გადასაწყვეტი იყო, რადგან ახალ მთავარს ის ამტკიცებდა; ამასთანავე, მისი აზრით, გიორგი, მრავალი დადებითი თვისების მიუხედავად, ახალგაზრდობისა და გამოუცდელობის გამო, იმჟამად მთავრის მოვალეობის შესრულებას ალბათ ვერ შეძლებდა. რა თქმა უნდა, გიორგი შარვაშიძის ახალგაზრდობა და გამოუცდელობა არაფერ შუაში იყო. მიხეილ შარვაშიძე 16 წლისაც არ იყო, როდესაც მთავრად დაამტკიცეს. უბრალოდ, რუსეთის ხელისუფლება სამთავროს გასაუქმებლად შესაფერის დროს უცდიდა.
1864 წლის დასაწყისისთვის კავკასიის ომი დასასრულს მიუახლოვდა. რჩებოდა კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებისა და შავი ზღვის სანაპირო ზოლის დაპყრობა, სადაც შაფსუღები, უბიხები და ჯიქები ცხოვრობდნენ. აფხაზეთის სამთავროს შენარჩუნება ცარიზმს უკვე არაფერში სჭირდებოდა და მიხაილ რომანოვმა მარტში იმპერატორის წინაშე ეს საკითხი აღძრა. მისი წინადადებით, აფხაზეთის მთავარი უნდა დაეთანხმებინათ, უარი ეთქვა ტახტზე; აფხაზეთისგან შეექმნათ სამხედრო ოკრუგი; შავი ზღვის სანაპიროზე მდინარე ენგურის შესართავამდე შექმნილიყო კაზაკთა დასახლებები, რომლებიც აფხაზეთის კაზაკთა ჯარს შექმნიდნენ. ამდენად, რუსეთი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს "მცოცავ" ანექსიას ახორციელებდა.

აჰჭიფსის თემის ცენტრი, აული გუბაადვი (რუსულად კბაადა, ამჟამად კრასნაია პოლიანა), რუსული ჯარების ბანაკი. 1864 წლის 21 მაისი. აქ კავკასიის ომი დამთავრებულად გამოცხადდა

როდესაც იმპერატორი გაეცნო მეფისნაცვლის მოსაზრებებს აფხაზეთის შემდგომი მოწყობის თაობაზე, დათანხმდა აფხაზეთში უშუალო რუსული მმართველობის დაუყოვნებლივ შემოღებას. მიხაილ რომანოვს დაევალა, იმპერატორის ნება მთავრის მოვალეობისგან გათავისუფლებისა და აფხაზეთში რუსული მმართველობის შემოღების თაობაზე მიხეილ შარვაშიძისთვის გამოეცხადებინა; მას უნარჩუნდებოდა გენერალ-ადიუტანტის წოდება და ნება ეძლეოდა, საცხოვრებლად აერჩია პეტერბურგი ან მოსკოვი; მთავარსა და მისი ოჯახის წევრებს დაენიშნებოდა შესაფერისი პენსია.

სამთავროს გაუქმება

1864 წლის მაისში კავკასიის ომი დამთავრდა და ცარიზმმა კავკასიაში თავი მყარად იგრძნო. ამ დროიდან აფხაზეთის სამთავროს გაუქმება და იქ უშუალო რუსული მმართველობის შემოღება სახელმწიფოებრივ აუცილებლობად გამოცხადდა. ალექსანდრ კარცოვმა მიხეილ შარვაშიძე 3 ივნისს ქუთაისში მიიწვია. კავკასიის რუსულ ადმინისტრაციას სურდა, მისი უდიდებულესობის ბრძანება მიხეილ შარვაშიძისთვის ქუთაისში გამოეცხადებინა და ოჯახით რუსეთში გაესახლებინა, მაგრამ 31 მაისს აფხაზეთის მთავარმა კარცოვს აუწყა, რომ ავადმყოფობის გამო ქუთაისში ჩასვლას ვერ შეძლებდა. რადგან მიხეილ შარვაშიძე ქუთაისში არ ჩავიდა, მეფისნაცვალმა აფხაზეთში თავისი ადიუტანტი, პოლკოვნიკი ვლადიმირ ლევაშოვი გაგზავნა. ეს უკანასკნელი შეხვდა აფხაზეთის მთავარს და იმპერატორის გადაწყვეტილება გააცნო. მიხეილ შარვაშიძემ სურვილი გამოთქვა, აფხაზეთი ემართა სიკვდილამდე, მაგრამ, თუ იმპერატორი წინააღმდეგი იქნებოდა, დაემორჩილებოდა, თუმცა ითხოვდა მის მფლობელობაში არსებული მთელი მამულისა და ქონების შენარჩუნებას; თვითონაც აფხაზეთში უნდა დარჩენილიყო, როგორც კერძო პირი.

მეფისნაცვალი თანახმა იყო, მიხეილ შარვაშიძისთვის პირადი მამულები დაეტოვებინათ, მაგრამ აფხაზეთში მის დარჩენას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. 24 ივნისს მეფისნაცვალმა ქუთაისის გენერალ-გუბერნატორ გენერალ-ლეიტენანტ დმიტრი სვიატოპოლკ-მირსკის უბრძანა, აფხაზეთის მართვა უშუალოდ თავის ხელში აეღო. ბრძანების შესრულების მიზნით სვიატოპოლკ-მირსკი 29 ივნისს სოხუმში ჩავიდა, მაგრამ მიხეილ შარვაშიძე იქ არ დახვდა, ტყვარჩელში მკურნალობდა მინერალურ წყლებზე. ქუთაისის გენერალ-გუბერნატორმა მასთან მიმოწერით გაარკვია, რომ მთავარი აფხაზეთიდან გასვლის წინააღმდეგი არ იყო, მაგრამ ზაფხულის ტყვარჩელის მინერალურ წყლებზე სამკურნალოდ გატარება სურდა, ჯანმრთელობის განსამტკიცებლად.

12 ივლისს დმიტრი სვიატოპოლკ-მირსკიმ აფხაზეთში რუსეთის ჯარების სარდალ გენერალ-მაიორ პაველ შატილოვს უბრძანა, აფხაზეთის მართვას დაუყოვნებლივ შესდგომოდა. იმავე დღეს, მიხეილ შარვაშიძის განკარგულებით, სოხუმში შეიკრიბნენ აფხაზეთის სამთავროს სამივე - აბჟუის, ბზიფისა და აფხაზეთის ოლქების მმართველები და საპატიო პირები.
ქუთაისის გენერალ-გუბერნატორმა მათ გამოუცხადა იმპერატორის ბრძანება ქვეყანაში რუსული მმართველობის შემოღების შესახებ და მოუწოდა, ამიერიდან მხოლოდ იმპერატორის სახელით დანიშნულ მოხელეებს დამორჩილებოდნენ.
ამდენად, 1864 წლის 12 ივლისს ცარიზმმა აფხაზეთის სამთავრო გააუქმა და უშუალო რუსული მმართველობა შემოიღო. შეიქმნა სოხუმის სამხედრო განყოფილება, რომლის უფროსად აფხაზეთის ჯარების სარდალი, გენერალ-მაიორი პ. შატილოვი დაინიშნა. სამთავროს გაუქმებითა და რუსული მმართველობის შემოღებით, აფხაზეთში კოლონიური პოლიტიკური რეჟიმი დამკვიდრდა.

იმავე ხანებში, მიხეილ შარვაშიძემ მიხაილ რომანოვს აფხაზეთში დატოვება კიდევ ერთხელ სთხოვა. იგი მეფისნაცვალს შეახსენებდა, რომ 40 წელიწადს იმყოფებოდა მეფის სამსახურში და თავის დროზე მნიშვნელოვანი სარგებლობა მოუტანა ტახტს. ახლა კი, ამ სიბერეში, - წერდა იგი გულისწყრომით, - უკურნებელი სენით ავადმყოფი გენერალი არ უნდა დაამციროთ და მისცეთ საშუალება, იცხოვროს თავის მამულში და არ იწანწალოს. მთავრის მტკიცებით, იგი იმიტომ ცდილობდა აფხაზეთში დარჩენას, რომ რუსეთის მკაცრი კლიმატის პირობებში უკურნებელი სენი საბოლოოდ მოუშლიდა ჯანმრთელობას. ამასთანავე, სურვილს გამოთქვამდა, რომ მის მიერ აღდგენილ მოქვის ტაძარში, მეუღლის გვერდით დაეკრძალათ.

დიდი მთავარი მიხაილ რომანოვი (მარცხნივ) და დმიტრი სვიატოპოლკ-მირსკი. სოფელ კბაადის ტევრში, 1864 წლის 21 მაისი

სამხედრო მინისტრმა დმიტრი მილიუტინმა კავკასიის არმიის მთავარსარდალს აუწყა, რომ იმპერატორს სურდა, მიხეილ შარვაშიძე აფხაზეთიდან არაუგვიანეს 1-ლი ოქტომბრისა გაესახლებინათ. მეფისნაცვალმა განკარგულება გასცა მიხეილ შარვაშიძე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე, აფხაზეთიდან დაუყოვნებლივ გაესახლებინათ. მიხეილ შარვაშიძე კვლავ ითხოვდა საცხოვრებლად აფხაზეთში დატოვებას, ხოლო თუ ეს შეუძლებელი იქნებოდა, მაშინ ზამთარში ქუთაისში, ზაფხულში კი რაჭაში ცხოვრების ნებას, მიწის გამოყოფას ქუთაისის მაზრაში და მცირე მიწის ნაკვეთს რაჭაში აგარაკის ასაგებად. ასეთ პირობებში ის მზად იყო, 1-ლი იანვრის შემდეგ დაეტოვებინა აფხაზეთი. თუ ეს თხოვნა არ იქნებოდა გათვალისწინებული, იგი იმპერატორს მიანდობდა თავისი შვილების ბედს და ითხოვდა იერუსალიმში წასვლის ნებას, სადაც მაცხოვრის საფლავთან სიკვდილს დაელოდებოდა. "წინააღმდეგ შემთხვევაში, - აღნიშნავდა იგი სვიატოპოლკ-მირსკისთან საუბარში, - წამათრიეთ აქედან ძალით და დაე, მთელმა ქვეყანამ დაინახოს თქვენი უსამართლობა და სისასტიკე".

საბედისწერო ნაბიჯი

კავკასიის არმიის მთავარსარდალ მიხაილ რომანოვის აზრით, რადგან მიხეილ შარვაშიძე ხელისუფლებას პრობლემას არ უქმნიდა, მისი ავადმყოფობისა და ასაკის გათვალისწინებით, შესაძლებლად მიაჩნდა ნება დაერთოთ, 1-ლ იანვრამდე დარჩენილიყო აფხაზეთში; მის საცხოვრებლად განესაზღვრათ ქუთაისისა და რაჭის მაზრები. მეფისნაცვალი მზად იყო, მიხეილ შარვაშიძისთვის გამოეცხადებინა ეს გადაწყვეტილება და იმპერატორის წინაშე შესაბამისი შუამდგომლობა აღეძრა, მაგრამ მოულოდნელად ვითარება რადიკალურად შეიცვალა. მიხეილ შარვაშიძეს, როგორც ჩანს, ნერვებმა უმტყუნა და განწირული ნაბიჯი გადადგა. მოსახლეობის ნაწილთან ერთად მან ოსმალეთში გადასახლება გადაწყვიტა. 29 ოქტომბერს მეფისნაცვლის დიპლომატიურმა კანცელარიამ მიიღო კონსტანტინოპოლში რუსეთის ელჩ ნიკოლაი იგნატიევის უწყება, რომ აბაზების მთავარმა ჰამიდ-ბეიმ ბრწყინვალე პორტას სთხოვა, მისთვის ოსმალეთში ჩასვლის ნება მიეცათ თავის ხალხთან ერთად. ოსმალეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალი-ფაშამ ნიკოლაი იგნატიევს განუცხადა, რომ განზრახული ჰქონდა, სოხუმში გემები გაეგზავნა.

თურქები აფხაზებს აბაზების სახელით მოიხსენიებდნენ, ეს ნიკოლაი იგნატიევმაც იცოდა, მაგრამ კავკასიის ადმინისტრაციისგან შეიტყო, რომ ჰამიდ-ბეის სახელით ოსმალეთში მიხეილ შარვაშიძეს იცნობდნენ. მაშინ რუსეთის ელჩმა ალი-ფაშას მოსთხოვა, სოხუმში გემის გაგზავნაზე უარი ეთქვა; მიხეილ შარვაშიძე იმპერატორის გენერალ-ადიუტანტი იყო და მისი ოსმალეთში გადასახლების საკითხის დასმის გამო ის რუსეთის კანონებით დასჯას ექვემდებარებოდა.
მიხეილ შარვაშიძის ოსმალეთთან ურთიერთობის შესახებ ცნობის მიღებისთანავე, 31 ოქტომბერს, დმიტრი სვიატოპოლკ-მირსკიმ აფხაზეთის ჯარების სარდალს უბრძანა, მთავარი დაუყოვნებლივ დაეპატიმრებინა და სოხუმში ჩაეყვანა.

იმავდროულად, 1-ლ ნოემბერს, მან მიხაილ რომანოვს აფხაზეთის ყოფილი მთავრის პორტასთან ურთიერთობის თაობაზე აცნობა. ამ ცნობის მიღებისთანავე მიხაილ რომანოვი, რომელიც ყირიმში ისვენებდა, სასწრაფოდ თბილისში ჩამოვიდა. მისი აზრით, უკვე ლაპარაკიც არ შეიძლებოდა მიხეილ შარვაშიძის არათუ ქუთაისში, არამედ, საერთოდ, კავკასიაში დატოვებაზე.

ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის ბრძანება პაველ შატილოვმა 1-დან 2 ნოემბრის ღამით მიიღო და დავალების შესასრულებლად ლეიბ-გრენადერთა პოლკის ორი ბატალიონი გამოყო. ზღვაზე ცუდი ამინდის გამო, გემში ჯარის ჩასხდომა 3 ნოემბრის ნაშუადღევამდე გაჭიანურდა. მიხეილ შარვაშიძე იმხანად ოჩამჩირეში იმყოფებოდა. მასთან ერთად ოჩამჩირის სასახლეში იმყოფებოდნენ: აფხაზეთის ეპისკოპოსი ალექსანდრე ოქროპირიძე (1862-1869), მისი მოძღვარი, დეკანოზი ბასილ მიქაბერიძე, მთავარდიაკვნები - ივანე თვალთვაძე და იოსებ ტიტვინაძე, მედავითნეები - გრიგოლ კასრაძე და ალექსი დგებუაძე, მოსამსახურეები: ბაზიერი - ოტია კახიანი, მემიმინოვე - მანჩა შარაშენიძე, მემეძებრე - ბესო მიქელაძე და სხვები. ნოემბრის მშვენიერი, თბილი ამინდები იდგა. მთავარს ნადირობა მოესურვა და ტყვარჩელის აბანოების მახლობლად, სოფელ კვასკესკენ გაემართა ამალით.

3 ნოემბრის მთვარიანი ღამე იყო. დაახლოებით 23 საათი იქნებოდა, როცა ოჩამჩირის ნავსადგურში სამი გემი შევიდა, საიდანაც სასწრაფოდ გადმოსხეს ჯარი. მას ოჩამჩირეში მდგარი კაზაკთა ასეულიც შეუერთდა. ჯარმა ალყა შემოარტყა ყოფილი მთავრის სასახლეს და ყოველი ღონე იხმარა, რომ იქიდან არავინ გასულიყო. ყოფილი მთავრის უფროსი მსახური და მოლარე ქუთია კოზმავა მიხვდა, რომ ეს ჯარი სასიკეთოდ არ იქნებოდა მოსული, თვალსა და ხელს შუა გასხლტა და თავის ბატონთან გაიქცა ამბის შესატყობინებლად.

4 ნოემბერს, განთიადისას, დაახლოებით 5 საათზე, პაველ შატილოვმა შეძლო კაზაკთა ასეულისა და ქვეითთა ორი ასეულის სოფელ კვასკეში გაგზავნა პაველ კუტაისოვის მეთაურობით. პაველ შატილოვი ფიქრობდა, რომ მიხეილ შარვაშიძე ადვილად არ დანებდებოდა და შეიძლებოდა აფხაზები აჯანყებულიყვნენ, ამიტომ გაგზავნა ამდენი ძალა. მიუხედავად ამისა, ის მაინც ვერ დამშვიდდა და 6 საათისთვის თვითონაც სოფელ კვასკესკენ დაიძრა ორი ბატალიონით, ხოლო ოჩამჩირეში ორი ასეული დატოვა, რომელიც დაბას შემოერტყა და არავის უშვებდა.

ქუთია კოზმავამ მოასწრო მთავრის გაფრთხილება. მიხეილ შარვაშიძემ რამდენიმე ერთგული კაცი იახლა და სოფელ გუფუსკენ გაემართა მარშანიებთან, უმცროსი შვილის - არზაყანის (მიხეილის) აღმზრდელებთან და დახმარება სთხოვა, მაგრამ მარშანიებმა სანუგეშო ვერაფერი უთხრეს, რუსეთის რეგულარული ჯარის ნაწილებს ომში გაუწვრთნელი აფხაზები წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ და ტყუილად სისხლი დაიღვრებაო. მიხეილ შარვაშიძე ბედს შეურიგდა და გუფუდან ჯარის შესახვედრად გაემართა.

ბარბარე შარვაშიძე აფხაზურ კაბაში

პაველ კუტაისოვის კოლონამ კვასკეში მიხეილ შარვაშიძეს ვერ მიუსწრო. გვიან ღამით პაველ შატილოვიც ჩავიდა კვასკეში, სადაც მას აცნობეს, რომ მიხეილ შარვაშიძე სოფელ გუფუს გავლით კოდორის ზემო წელის მიმართულებით გაიქცა და თვითონაც იქით გაემართა. ამ დროს კოდორის მაზრის უფროსთან, ივან კიშელსკისთან მოვიდა მიხეილ შარვაშიძის გამოგზავნილი კაცი და მასთან შესახვედრად სოფელ თხინაში მიიწვია. შატილოვმა ყოფილ მთავართან შესახვედრად დაუყოვნებლივ გააგზავნა კიშელსკი და კუტაისოვი. დაახლოებით 02:30 საათზე შატილოვმა კუტაისოვისგან მიიღო ცნობა, რომ მიხეილ შარვაშიძესთან ერთად სოფელ კვასკესკენ მიემართებოდნენ. როდესაც შატილოვი კვასკეში ჩავიდა, მიხეილ შარვაშიძე იქ დახვდა. იგი თავის გაქცევას ხსნიდა იმ პანიკური შიშით, რომელიც გამოიწვია ჯარის მოულოდნელმა გამოჩენამ. ყოფილი მთავარი დარწმუნებული იყო, რომ ქუთაისში უნდა გაეგზავნათ და ყველა განკარგულებას უსიტყვოდ ემორჩილებოდა.

მთავრის ოჩამჩირეში ჩაყვანის შემდეგ ხმა გავრცელდა, რომ ის ქუთაისში უნდა გამგზავრებულიყო. ოჩამჩირეში თავი მოიყარეს აბჟუის, აფხაზეთისა და ბზიფის ოლქების თავად-აზნაურებმა. მათ გამოუცხადეს, რომ ნებას რთავდნენ, გაეცილებინათ მთავარი. 4 ნოემბერს დმიტრი სვიატოპოლკ-მირსკიმ მიიღო მეფისნაცვლის ბრძანება, ყოფილი მთავარი ნოვოროსიისკში, იქიდან კი სტავროპოლში ჩაეყვანათ. მის გამცილებლად საგანგებო დავალებათა მოხელე, შტაბს-კაპიტანი, თავადი მიხეილ ამირეჯიბი დაინიშნა. მთავარს შეეძლო თან წაეყვანა მცირეწლოვანი შვილი და სამი მოსამსახურე.

გადასახლება

ოჩამჩირეში მიხეილ შარვაშიძემ შეამჩნია, რომ მისდამი დამოკიდებულება შეიცვალა. ამაში კიდევ უფრო დარწმუნდა, როდესაც თურქებთან ურთიერთობის გამო ახსნა-განმარტება მოსთხოვეს. ის თავს იმართლებდა, რომ ოსმალეთიდან მოითხოვა გემი იერუსალიმში წასასვლელად და ვერაფრით იფიქრებდა, თუ მთავრობისთვის ეს მიუღებელი იქნებოდა. მით უმეტეს, მეფისნაცვალს იერუსალიმში გამგზავრების ნებართვა ადრევე სთხოვა.

მიხეილ შარვაშიძის გამგზავრების დღედ 7 ნოემბერი დაინიშნა. ოჩამჩირის ნავსადგურში იდგა კორვეტი "სოკოლი", რომელსაც ყოფილი მთავარი უნდა წაეყვანა. სანაპიროზე უამრავ ხალხს მოეყარა თავი. როცა მიხეილ შარვაშიძე ნავსადგურში მოვიდა, გემზე პაველ შატილოვმა ააცილა. მთავარმა ნაღვლიანად გადმოხედა ნაპირს, თითქოს გრძნობდა, რომ უკანასკნელად ხედავდა მშობლიურ მხარეს, გული აუჩუყდა, თვალებზე ცრემლი მოადგა. მიხეილ შარვაშიძეს მხოლოდ რამდენიმე მსახური ახლდა. ნებართვის მიუხედავად, მას მცირეწლოვანი შვილი, არზაყანი, არ წაუყვანია. გემი დაიძრა და ფოთის მიმართულებით გაემართა, მაგრამ მალე კურსი შეცვალა და ნოვოროსიისკისკენ აიღო გეზი. ოჩამჩირის ნავსადგურში თავმოყრილმა ხალხმაც დაინახა გემის კურსის შეცვლა და მიხვდა, რომ უკანასკნელად ხედავდნენ მთავარს, მაგრამ დაბაში დატოვებული ჯარის შიშით პროტესტის გრძნობა გულში ჩაიკლა.

იმავე დღეს შატილოვმა სვიატოპოლკ-მირსკის დეპეშით აცნობა, რომ 7 ნოემბერს, ნაშუადღევს, 17 საათსა და 30 წუთზე, მიხეილ შარვაშიძე კორვეტ "სოკოლით" ოჩამჩირიდან ნოვოროსიისკში გაამგზავრა. იმავე დღეს სვიატოპოლკ-მირსკიმ დეპეშით აუწყა მეფისნაცვალს მიხეილ შარვაშიძის ნოვოროსიისკში გადაგზავნის შესახებ. იგი აღნიშნავდა, რომ ამას წინააღმდეგობა არ მოჰყოლია და აფხაზეთში სიმშვიდე იყო.

მიხეილ შარვაშიძე ნოვოროსიისკში ჩაიყვანეს და იქაური გარნიზონის უფროსს ჩააბარეს, მაგრამ მალევე, მიხეილ ამირეჯიბის თანხლებით, სტავროპოლში გაგზავნეს უკვე ყოველგვარი პატივის გარეშე. 23 ნოემბერს მიხეილ შარვაშიძე სტავროპოლში ჩაიყვანეს და სასტუმრო "ევროპაში" დააბინავეს, სადაც აფხაზეთის ყოფილ მთავარს შვიდი ოთახი ეჭირა ცალკე შესასვლელით. მასთან იმყოფებოდა მიხეილ ამირეჯიბიც.

მიხეილ შარვაშიძეს პოლიციის გაძლიერებული მეთვალყურეობა დაენიშნა. სასტუმროში ღამით ორ გუშაგს აყენებდნენ, რომელთაც დღისით ხსნიდნენ. ფარული მეთვალყურეობის დაწესების შესახებ მთავრისთვისაც ცნობილი იყო. ხელისუფლება ფრთხილობდა, თუმცა, უსაფუძვლოდ. მთავარი სერიოზულად იყო ავად და არავის იღებდა.

1865 წლის 15 იანვარს მიხაილ რომანოვმა დმიტრი მილიუტინს შესთავაზა, მიხეილ შარვაშიძის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, რადგან ის ჩრდილოეთის კლიმატს ვერ გადაიტანდა, მის საცხოვრებლად ხარკოვი, ვორონეჟი ან სამხრეთ რუსეთის რომელიმე სხვა ქალაქი განესაზღვრათ. მეფისნაცვლის აზრით, მისთვის უნდა ჩამოერთმიათ იმპერატორის გენერალ-ადიუტანტის წოდება; ამასთან, ყოფილი მთავარი არ უნდა შეეზღუდათ ოჯახის წევრებისა და თანმხლებ პირთა შერჩევაში, რომელთაც ის თან წაიყვანდა, მით უმეტეს, პენსიის დანიშვნის შემდეგ ხარჯები უკვე არა ხაზინის, არამედ მისი პირადი საქმე იქნებოდა. 2 თებერვალს დმიტრი მილიუტინმა მიხაილ რომანოვს აცნობა, რომ იმპერატორის ბრძანებით მიხეილ შარვაშიძის საცხოვრებლად ქალაქი ვორონეჟი განისაზღვრა; მას და მისი ოჯახის წევრებს დაენიშნათ პენსია.

სტავროპოლის ცივმა კლიმატმა მიხეილ შარვაშიძის ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედა. იგი უფრო ცუდად გახდა და დახმარების გარეშე ოთახში გადაადგილებაც არ შეეძლო. 7 მარტს მან წერილი გაუგზავნა კავკასიის მეფისნაცვალს და თავისი უკიდურესად მძიმე მდგომარეობა აუწყა. იგი იმპერატორთან შუამდგომლობას ითხოვდა, რათა ნება დაერთოთ სამკურნალოდ წასულიყო გერმანიაში ან საფრანგეთში, ხოლო დაბრუნებულისთვის საცხოვრებლად განესაზღვრათ კავკასიის მხარე, თუ შესაძლებელი იქნებოდა, ვლადიკავკაზი ან პიატიგორსკი, სადაც კლიმატი უფრო ასატანი იქნებოდა როგორც მისთვის, ისე მისი შვილებისთვის, რომლებთანაც სურდა დარჩენილი დღეები გაეტარებინა. ყოფილი მთავარი მეფისნაცვალს სთხოვდა, გაეთვალისწინებინა 60 წლის მოხუცის თხოვნა, მისი 42 წლის არცთუ უსარგებლო სამსახური და ავადმყოფობა. ალექსანდრ კარცოვმა მთავარს აცნობა, რომ მიხაილ რომანოვი ნაწყენი იყო ოსმალეთთან მისი ურთიერთობის გამო, და დიდი მთავარი საზღვარგარეთ მის გაშვებას მხარს არ უჭერდა.

უკანასკნელი გზა

მიხეილ შარვაშიძე ჯერ კიდევ არ კარგავდა აფხაზეთში დაბრუნების იმედს, მაგრამ ამაოდ. 1865 წლის 25 მაისს სტავროპოლიდან გავიდა კოლონა, რომელსაც აფხაზეთის მთავარი ვორონეჟში უნდა ჩაეყვანა. ნოვოროსიისკიდან როსტოვამდე გზაზე მიხეილ შარვაშიძე ცუდად გახდა. 23 ივლისს მან როსტოვიდან დეპეშით აუწყა დმიტრი მილიუტინს თავისი მძიმე მდგომარეობა და იმპერატორთან შუამდგომლობა სთხოვა, რომ სამხრეთ რუსეთის რომელიმე ქალაქში - როსტოვში, ტაგანროგში, ოდესაში ან ნოვოჩერკასკში დაეტოვებინათ, რადგან ცენტრალური რუსეთის მკაცრი კლიმატი მასზე და მის სამ არასრულწლოვან შვილზე ცუდად იმოქმედებდა. მიხეილ შარვაშიძე დარწმუნებული იყო, რომ მთავრობისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, სად იცხოვრებდა ის, ვორონეჟში თუ სამხრეთ რუსეთის რომელიმე ამ ქალაქში, ამიტომ ჩათვალა, რომ მის თხოვნას დააკმაყოფილებდნენ და როსტოვში ჩამოაყვანინა ბავშვები - არზაყანი და ნინო, ელოდა უმცროს ასულსაც - ბარბარეს. 25 ივლისს დმიტრი მილიუტინმა მთავარს აცნობა, რომ მისი თხოვნა გააცნო ალექსანდრე II-ს, მაგრამ ამ უკანასკნელმა განკარგულების უსიტყვოდ შესრულება ბრძანა. ამდენად, აფხაზეთის მთავარს უკანასკნელი იმედიც გადაეწურა.

1865 წლის 29 ივლისს როსტოვიდან გავიდა კოლონა, რომელმაც მიხეილ შარვაშიძე 17 აგვისტოს ვორონეჟში ჩაიყვანა. მიიწურა ზაფხული, გაილია სექტემბერ-ოქტომბრის შედარებით თბილი დღეები და ნოემბრიდან უკვე საკმაოდ აცივდა. შესაბამისად, მიხეილ შარვაშიძის მდგომარეობაც დამძიმდა. ბავშვები ვერ იტანდნენ რუსეთის მკაცრ კლიმატს და 30-გრადუსიან ყინვაში მუდმივად ავადმყოფობდნენ, რის გამოც მოხუცი, ავადმყოფი მთავრის ტანჯვა კიდევ უფრო იზრდებოდა. 23 დეკემბერს მან წერილი გაუგზავნა მიხაილ რომანოვს, აუწყა მისი და შვილების მძიმე მდგომარეობა, და სთხოვა, უფროსი შვილის, გიორგის შვებულებით დათხოვნა სამსახურიდან, რათა მამასთან ჩასულიყო; მოხუცს სასიამოვნოდ დარჩებოდა, რომ გიორგი სიკვდილის წინ მის გვერდით იქნებოდა. 1866 წლის დასაწყისში, ძმამ, კონსტანტინემ, მიხეილს ვორონეჟში ჩაუყვანა უმცროსი ასული ბარბარე, რაც ავადმყოფს დიდად ესიამოვნა. მარტში ალექსანდრ კარცოვმა მთავარს აუწყა, რომ გიორგის შვებულებით გათავისუფლება მეფისნაცვალმა შეუძლებლად ჩათვალა მასზე დაკისრებული განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დავალების შესრულებამდე.

მოქვის ეკლესია, შარვაშიძეთა საგვარეულო საძვალე

შეიძლება ეს იყო ის უკანასკნელი წვეთი, რომელმაც აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის სიმწრის ფიალა შეავსო. 16 აპრილს მიხეილ შარვაშიძე ვორონეჟში გარდაიცვალა. აფხაზეთის მთავრის ნეშტი რუსეთიდან სამშობლოში საქართველოს სამხედრო გზით ჩამოასვენეს. მის კუბოს უამრავი ხალხი მოჰყვებოდა. სამგლოვიარო პროცესიას მთელ გზაზე, რუსების საწინააღმდეგო დემონსტრაციის სახე ჰქონდა. ივლისში მისი ნეშტი ანდერძისამებრ მოქვის ღვთისმშობლის ტაძარში, მეუღლის გვერდით დაკრძალეს. ბოლო სურვილი მაინც შეუსრულდა აფხაზეთის უკანასკნელ მთავარს - მშობლიურმა მიწამ მიიბარა მისი ნეშტი. საფლავის ქვაზე ქართული ასომთავრული წარწერა გვაუწყებს: "აქა განისვენებს მთავარი აბხაზეთისა მიხაილ გიორგის ძე შარვაშიძე, მიცვალებული 1866 წელსა".

ბეჟან ხორავა
ისტორიის დოქტორი
ჟურნალი "ისტორიანი".#120
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები