ალერტის ტაძარი - ადგილი, რომელსაც ცხენებს სწირავდნენ - კვირის პალიტრა

ალერტის ტაძარი - ადგილი, რომელსაც ცხენებს სწირავდნენ

კოლხეთის დაბლობზე, კავკასიონის დათოვლილი მთების ფონზე ალერტის წმინდა გიორგის ტაძრის გუმბათსა და სამრეკლოს შორი მანძილიდან დაინახავთ, მარგალიტებივით რომ ანათებენ. აქვე ხედავთ კოხტა მეგრულ კარ-მიდამოებს, სერზე შეფენილ სახლებს, დაწკრიალებულ ეზოებს, გამარგლილ სათხილეებსა და ყანებს, ზედმიწევნით დამუშავებულ მიწის ნაკვეთებს. ნოღის თემის მთავარი ღირსშესანიშნაობა ალერტის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაა. ისევე როგორც ილორის წმინდა გიორგის ტაძარი, იგი არა მარტო სამეგრელოს, არამედ მთელი დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სალოცავს წარმოადგენდა.

სამეგრელოში დღემდე შემორჩენილი გადმოცემის მიხედვით, ძველად ალერტის ეკლესია სოფელ გურძემში ყოფილა აშენებული. ერთ მოხუცს სიზმარში წმინდა გიორგი გამოცხადებია და უთქვამს: მე მოგიყვანთ ხარს, მერე დავკარგავ და, სადაც დაწოლილს იპოვით, იქ ააშენეთ ტაძარიო. მალე სოფელ გურძემის ეკლესიაში მართლაც უპოვიათ მოულოდნელად გამოჩენილი წითელი ხარი, რომელიც უცბად გაუჩინარებულა. ხალხს ხარის ძებნა დაუწყია და ბოლოს სოფელ ალერტის უღრან ტყეში უპოვიათ, სადაც ახლა ალერტის წმინდა გიორგის ეკლესია დგას. ეკლესიის შენება მთელ სოფელს ერთად დაუწყია. რიგში ჩამდგარი ხალხი ქვებს ერთმანეთს აწოდებდა და ერთ დღეში დაუმთავრებიათ უამრავი ქვის გადმოზიდვა. ქვის პირველი მიმწოდებელი და ბოლო მიმღები დახოცილან. ის წითელი ხარი დაუკლავთ და დიდი დღესასწაული გადაუხდიათ. შემდეგ სოფელს ბეგარად დაედო ერთი ხარის შეწირვა ყოველ წელს.

პოეტისა და ლიტერატორის, ზაალ ჯალაღონიას მიერ შეგროვებული მეგრული ზეპირსიტყვიერების მასალების მიხედვით: "სამეგრელოში განსაკუთრებული მოწიწებითა და პატივით აღნიშნავდნენ ალერტის დღეს. ალერტი ან სხვა ვარიაციით ალარტი წარმოადგენდა ბნელეთის, ქვესკნელის ღმერთს, რომელსაც ჰქონდა გამანედლებელი, სიცოცხლის მიმნიჭებელი ძალა. ალერტს ხშირად მეგრელები იყენებდნენ ასევე ქვესკნელის აღსანიშნავად.

დღევანდელი ზუგდიდის სოფლების, კორცხელისა და ნაცატუს მიჯნაზე არის მთაგორიანი ადგილი, რომლის შიგნით გვხვდება გამოქვაბული. ამ გამოქვაბულს მეგრელები ორკინეს - საჭიდაოს ეძახდნენ. აქ უძველესი გადმოცემების თანახმად, ცხოვრობდა უშველებელი უწმინდური არსება, რომელიც ზოგან დევის სახით იხსენიება. სწორედ ამ უწმინდური არსებისგან თავის დასახსნელად მფარველობა შესთხოვეს სოფლის მცხოვრებლებმა ალერტს - ქვესკნელის გამგებელს, რომელმაც შეისმინა ხალხის ვედრება და გამოქვაბულიდან გამოაძევა უწმინდური არსება".

"ალერტის მონასტერში ყველაზე ძველი სამრეკლოა და იგი აქ ოდესღაც არსებული დიდი კომპლექსის შემადგენელი ნაწილი უნდა ყოფილიყო"

ალერტის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას უჩვეულო იერსახე აქვს. იგი ხელოვნურად ამოყვანილ, საკმაოდ მაღალ კვარცხლბეკზეა აშენებული. დღევანდელი ნაგებობა, როგორც ჩანს, ჯერ ბაზილიკა იყო. მოგვიანებით, სავარაუდოდ, XIX საუკუნეში მას ეკლესიის მთლიანი სხეულისთვის შეუსაბამოდ ვიწრო და მაღალყელიანი გუმბათი დააშენეს...

ჩვენი აზრით, რომელიც მხოლოდ პირველად დაკვირვებებს ემყარება, ალერტის მონასტერში ყველაზე ძველი სამრეკლოა და იგი აქ ოდესღაც არსებული დიდი კომპლექსის შემადგენელი ნაწილი უნდა ყოფილიყო. ალერტის სამრეკლო თავისი არქიტექტურული იერსახით ძალიან ჰგავს ცაიშის ტაძრის სამრეკლოს. ამ უკანასკნელის აგების თარიღი უცნობია. პროფესორ პარმენ ზაქარაიას დაკვირვებიდან კი ცხადია, რომ ცაიშის სამრეკლო შეიცავს რამდენიმე სამშენებლო ფენას. მათ შორის არის XIII-XIV საუკუნეებით დათარიღებული წარწერიანი ქვა. ადგილობრივი მოსახლეობა ალერტის სამრეკლოს მშენებლობას სწორედ აღნიშნულ პერიოდს უკავშირებს. ამ აზრს ამყარებს კიდევ ერთი გარემოება: სამრეკლოში ჩაშენებული ორი მოჩუქურთმებული ქვიდან ერთ-ერთის ორნამენტი ცაიშის ეკლესიის გაფორმების იდენტურია. ორნამენტის ამ მოტივს კი პროფესორები რენე შმერლინგი და პარმენ ზაქარაია XIII-XIV საუკუნეებით ათარიღებენ. ეკლესიის ორივე შესასვლელში კარგად მოჩანს მთავარი სიწმინდე - ვარდისფერ ქვაზე ოსტატურად გამოქანდაკებული ალერტის წმინდა გიორგი, რომელიც ძლევამოსილად მრავალგზის დაკლაკნილ გველეშაპს გმირავს. ორივე რელიეფი სავარაუდოდ, XIX საუკუნეში უნდა იყოს შესრულებული.

სერგი მაკალათიამ საინტერესო ინფორმაცია შემოგვინახა ამ ტაძრის შესახებ: "ხალხური გადმოცემით, ალერტისა და ილორის წმინდა გიორგი ძმებიაო. ალერტი ითვლებოდა ჩაჩიბაიების საგვარეულო ხატად. მათი წინაპარი წამოსულა ბიჭვინთიდან და თან წამოუღია ილორის წმინდა გიორგის ნაწილი, რომელიც ჩაჩიბაიას ყელზე შეუბამს. ჩაჩიბაიას იქიდან გამოჰყოლია პერტაიაც და მათ სოფელ ალერტში აუშენებიათ პატარა საჯვარე და ეს ნაწილიც აქ დაუსვენებიათ. ამ საჯვარესთან შემდეგ აუგიათ ხის პატარა ეკლესია. მხოლოდ XIX საუკუნის ორმოციან წლებში აუშენებიათ მაღალგუმბათიანი ქვის ეკლესია, რომელიც დღესაც დაცულია.

ხატობა აქ იცოდნენ 23 აპრილს და 10 გიორგობისთვეს. სალოცავად ხალხი მიდიოდა სამეგრელოს ყველა კუთხიდან და აგრეთვე აფხაზეთიდან. ხატის მნათეებს ჩვეულებრივ კენჭისყრით ირჩევდნენ. პირველად ირჩევდნენ ჩაჩიბაიასა და გოგიას გვარებიდან, შემდეგ კი სხვა გვარებიდან, რომლებიც მოსახლეობდნენ სოფელ ალერტში. ალერტობას აქ მოდიოდნენ უმთავრესად ისინი, ვისაც ჰქონდა რაიმე საწყევარი და უნდოდა ვინმეს დაწყევლა და ხატზე გადაცემა - "გინოჩამა".

ალერტის ეკლესიაში დაცულია წმინდა გიორგის ხატი, რომელიც ვერცხლით არის ნაჭედი. ზედ გამოსახულია ცხენოსანი წმინდა გიორგი, ხელში მას შუბი უჭირავს და კლავს გველეშაპს. ხატის ზომა 37X45 სანტიმეტრია, ხუცურად აწერია "წმინდა გიორგი". ხატი ნაჭედია ამობურცვილ ხელობით და უნდა ეკუთვნოდეს XV-XVI საუკუნეებს. ამ ხატს ზურგზე აქვს სანაწილე პატარა კარით, რომლის ქვეშ მოთავსებულია მხედრული წარწერა: "მთავრობასა მინგრელიასა შინა დავით ლეონის ძე დადიანისა და მღვდელ მთავრობასა ჭყონდიდელისა ანტონი მეორისა დადიანოვისასა ვიგულისმოდგინე შეკრებად მოსურნეთა მიერ კეთილ შემომწირველთაგან ალერტის ეკლესიისათა. მოვაჭედინე და შევამკობინე ხატი ესე ჩის მთავარ მოწამის გიორგისა ბლაღოჩინმან და მღვდელმან ამა ეკლესიისამან ნიკოლოზ ბერიძემ წელსა 1850".

ალერტის ეკლესიის ორივე შესასვლელში გამოქანდაკებულია წმინდა გიორგი, რომელიც გველეშაპს გმირავს

სერგი მაკალათიას ნაშრომის დაწერიდან რამდენიმე ათწლეული გავიდა. ალერტის წმინდა გიორგის ხატი ამჟამად სად ინახება, ჩვენთვის უცნობია. თუმცა ამ მონასტრის მესვეურთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ როგორც თავად ეკლესიის შენობაში, ისე მონასტრის საკნებში შემონახულია არაერთი ფერწერული ხატი, რომლებიც მონასტრისვე მამებს საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში დახვედრიათ, მათ ხატები შეძლებისდაგვარად გაუწმენდავთ და უსაფრთხოდ შეუნახავთ. XIX საუკუნის ხელოვნების ეს ნიმუშები იმ მხრივაც არის საინტერესო, რომ წარმოადგენს, თუ შეიძლება ითქვას სახალხო, პრიმიტიული მხატვრობის საყურადღებო ნიმუშებს. მაშინ, როცა XIX საუკუნის საქართველოში ძირითადად ეკლესიები რუსული საეკლესიო ნივთებითა და სერიული წარმოების ხატებით ფორმდებოდა, იყო საკმაოდ იშვიათი შემთხვევები, როცა ადგილობრივი თემის წევრები, თვითნასწავლი მხატვრები სამრევლო ეკლესიებისთვის ხატებს ქმნიდნენ. ასეთი ნიმუშები სისადავით გამოირჩევა. მათ თამამად შეგვიძლია ქართული ნაივური ხელოვნების ძეგლები ვუწოდოთ. ხატებზე განმარტებითი წარწერები ასომთავრული ან მხედრული ანბანითაა შესრულებული.

სოფელში სტუმრობის დროს ერთი საინტერესო ფაქტიც შევიტყვეთ: ადგილობრივების თქმით, ალერტი საქართველოში ერთადერთი ტაძარი იყო, რომელსაც ალერტობის დღესასწაულზე ცხენებს სწირავდნენ. ამ შემთხვევაში შეწირვა არა პირუტყვის დაკვლით, არამედ ეკლესიის ეზოში მისი დატოვებით გამოიხატებოდა. ეს ამბავი, ისევე როგორც ალერტის ტაძრის არქიტექტურული იერსახე, მომავალი საფუძვლიანი კვლევა-ძიების საგანი უნდა გახდეს. ძველ სამეგრელოში კარგი ცხენის ეკლესიის ეზოში დატოვება დიდად მნიშვნელოვანი შეწირულობა უნდა ყოფილიყო. და თუ ასეთი წესი ნამდვილად არსებობდა, მაშინ როგორც უკვე ვთქვით, ეს ძალიან საინტერესო ფაქტი დამატებით შესწავლას მოითხოვს.

ალერტის ნაივური ხატი

როგორც პროფესორი სერგი მაკალათია წერდა: "ცხენი წინად დიდ როლს თამაშობდა სამეგრელოს ეკონომიკურსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ცხენი ძველად იყო არა მარტო სახედარი ცხოველი, რომლის საშუალებით ხდებოდა მიმოსვლა და ტვირთის გადაზიდვა, არამედ ცხენზე ჯდომა და ცხენით ჯირითი ვაჟკაცობად ითვლებოდა. სამეგრელოში ცხენი მეტად უყვარდათ და ვაჟკაცობა ცხენის გარეშე წარმოუდგენელი იყო. ნადირობა და ლაშქრობა უცხენოდ შეუძლებელი იყო, ამიტომ კარგი ცხენის პატრონს თემ-ჯარში თავი დიდად მოჰქონდა".

გიორგი კალანდია

საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორი ჟურნალი "ისტორიანი".#120