სად აფარებდა თავს ქართლ-კახეთის სამეფო ოჯახი 1795 წლის სექტემბერში
სად აფარებდა თავს ქართლ-კახეთის სამეფო ოჯახი 1795 წლის სექტემბერში
ფოტო:ხადას ხეობა, მთიულეთი
ხადა-ცხავატის წარსულის ერთი ფურცელი

სპარსეთის შაჰობის პრეტენდენტმა აღა-მაჰმად-ხანმა (1741-1797), მომავალში პირველმა შაჰმა ყაჯართა დინასტიიდან (1796 წლიდან), სცადა, ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II (1720-1798) თავის ვასალად ექცია. აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ ერეკლემ მოხერხებულად ისარგებლა ნადირ-შაჰის მოკვლის (1747 წ.) შემდეგ სპარსეთში დაწყებული ხანგრძლივი არეულობით და ფაქტობრივი დამოუკიდებლობა მოიპოვა.

1783 წლის 24 ივლისს, გეორგიევსკის ციხესიმაგრეში გაფორმებული ტრაქტატის თანახმად, ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის იმპერიის მფარველობაში შევიდა. ამის საფუძველზე ერეკლე II ითვლებოდა რუსეთის იმპერატორის ვასალად და ტახტისმაძიებელი
ყაჯარის შეთავაზებას, დაბრუნებულიყო სპარსეთის სახელმწიფოს ქვეშევრდომობაში, ვეღარ დათანხმდებოდა.


პატარა კახის საყვარელი ასულის, თეკლა ბატონიშვილის (1776-1846) ვაჟი - ალექსანდრე ვახტანგის ძე ჯამბაკურ-ორბელიანი (1802-1869) წერდა: "განძვინებული აღამამადხან მეფე ირაკლიზედ მოდიოდა, მაგრამ თან თურმე ეშინოდა, მეფე ირაკლი გონიერი კაცია, ამასთან ნადირშას გაზდილი და ამის გამო სიფრთხილით უნდა მოვიქცეო.
ამისთვის კაცებს უგზავნიდა და უნდოდა, როგორმე მიეზიდა თავის მხარეს. უკანასკნელად კიდევ სთხოვა, - ერთი შენი შვილი და მეორე ერთი შენი შვილიშვილი მამეც მძევლად და ესეც, - რომ რუსეთის მეგობრობაზედ ხელი აიღე, მაშინვე გავტრიალდები და წავალო".

პლატონ იოსელიანის (1809-1875) ცნობით, ერეკლე II-მ აღა-მაჰმად-ხანის დესპანს, ზიად-ხან ხოელს განუცხადა: "მრავალჯერ ვართ მოტყუებული სპარსთაგან, მრავლად მათგან ტანჯულნი; სარწმუნოება ჩვენი ვერ დაგვაკავშირებს სპარსეთსა. მიმიცია სიტყვა და წერილითი პირობა ვიყო კავშირითა მტკიცითა შეკრული რუსეთისა ხელმწიფესთან, რომელიც არის ერთისა სარწმუნოებისა ჩემთან მექონი, ერთისა ეკლესიის შვილი, ერთისა ხმითა მადიდებელი ღვთისა".
სწორედ ერეკლე II-ის ასეთი შეუვალი პოზიცია გახდა მიზეზი აღა-მაჰმად-ხანის საქართველოზე გამოლაშქრებისა.
როგორც ცნობილია, 1795 წლის 11 სექტემბერს, კრწანისთან მომხდარ ბრძოლაში, სპარსელთა მრავალრიცხოვანმა არმიამ, აღა-მაჰმად-ხანის წინამძღოლობით, სძლია მცირერიცხოვან ქართულ ჯარს, რომელიც ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ის სარდლობით, გმირულად იბრძოდა. ამას შედეგად მოჰყვა მტრის ურდოების თბილისში შემოჭრა.

ქართლ-კახეთის სამეფოს სატახტო ქალაქი, სადაც მომხდურს ფეხი აღარ დაუდგამს ბოლო თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში, მტერმა პირწმინდად გაძარცვა, დაარბია და გაანადგურა.

სამეფო ტახტის მემკვიდრე უფლისწული დავით გიორგის ძე ბაგრატიონი (1767-1819) თავის თხზულებაში "ახალი ისტორია" გვამცნობს: "იქმნა ბრძოლა ველსა ზედა კრწანისისასა. იძლივნენ ქართველნი".

უფლისწულ დავითის უმცროსი ძმა - ბაგრატ გიორგის ძე ბაგრატიონი (1776-1841) თავის თხზულებაში "ახალი მოთხრობა" გვაუწყებს: "იძლივნენ მეფენი სპარსთაგან. აღიღეს ქალაქი ტფილისი, მოაოხრნეს წმინდანი ეკლესიანი, იავარჰყვეს ხალხნი, აოტნეს, მოსწყვიტეს და ტყვე ჰყვნეს. მოწვეს ტფილისი და ეგრეთვე საუნჯეცა მეფისა ხელთ იგდეს".
ზემოთ მოყვანილ წყაროში ხსენებულ სიტყვაში "მეფენი" იგულისხმებიან ერეკლე II და მისი შვილიშვილი (ასულის ვაჟი) - სოლომონ II (1772-1815), რომელიც იმერეთში 1789-1810 წლებში მეფობდა.

მტერთან შეტაკებაში განცდილი მარცხის მიუხედავად, 75 წლის მოხუცებული მეფე ერეკლე ბოლომდე ბრძოლის ჟინით იყო ანთებული და თბილისის დატოვებას არ ჩქარობდა. ავლაბრის ხიდზე მყოფმა სცადა, შეტევაზე გადასულიყო და დედაქალაქში შემოჭრილ სპარსელებს შებმოდა. არადა, მას იმხანად მხოლოდ 150 მეომარიღა შერჩენოდა, რომელთაგან უმეტესობა დაჭრილი გახლდათ.

ერეკლე II
საგულისხმოა, რომ მხოლოდ თავისი ვაჟის - ვახტანგის (იმავე ალმასხანის), შვილიშვილებისა და სიძის (ასულის ქმრის) - იოანე მუხრანბატონის (1755-1800) ჩარევით გახდა იძულებული მეფე ერეკლე II, რომ თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ, დედაქალაქი დროებით დაეტოვებინა.

ალექსანდრე ორბელიანი გვამცნობს: "ივანე მუხრანის ბატონმა მეფის ირაკლის ცხენის ჯილავს ხელი უტაცა, გამოატრიალა. ერთის მხრითაც ბატონიშვილი ალმასხან (იგივე ვახტანგ) მივარდა, მეორეს მხრით ბატონიშვილი იოანე. უკან ცხენსაც ქიზიყის მოურავმა მათრახი დაუკრა და საჩქაროდ გაარბენინეს გულმოკლული საცოდავი ერეკლე".

ერეკლე II თავისი 150-კაციანი ამალისა და ერთგული ქვეშევრდომის - ალი-სულთან შამშადილელის 300-კაციანი რაზმის თანხლებით გაემართა ჩრდილო-დასავლეთისკენ, შემდეგი მიმართულებით: თბილისი-გლდანი-ცხვარიჭამია-ბიწმენდი-დუშეთი. დუშეთში ღამის გათევის შემდეგ ანანურში გადავიდნენ.

არსებობს ცნობა, რომ თავდაპირველად წავიდნენ მახათას მთისკენ, მაგრამ გზად დადევნებული ახლობლის რჩევით, იქიდან გეზი იცვალეს და საგურამოსა და დუშეთის გავლით ანანურში ჩავიდნენ. იმჟამად ანანურში იმყოფებოდა სამეფო ოჯახი, რომელიც არაგვის ერისთავთა ყოფილი რეზიდენციის (ციხესიმაგრის) მახლობლად ცხოვრობდა.

ანანურში რამდენიმე დღის ყოფნის შემდეგ, უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, სამეფო ოჯახმა მთიულეთში, კერძოდ, ცხავატის თემში გადაინაცვლა.

აქვე განვმარტავთ, რომ "ცხავატი" ერქვა მთიულეთის სამხრეთ ნაწილს, კერძოდ, რეგიონს, რომელიც მოიცავდა ტერიტორიას სოფელ მთიულთკარიდან (მდებარეობდა დღევანდელი დაბა ფასანაურის მახლობლად) სოფელ ქვეშეთამდე. მთიულეთის ჩრდილოეთ ნაწილს, რომელიც მოიცავდა ტერიტორიას ქვეშეთიდან ჯვრის უღელტეხილამდე, დღევანდელ კურორტ გუდაურის ჩათვლით - ხადა ეწოდებოდა.

უფლისწული თეიმურაზ გიორგის ძე ბაგრატიონი (1782-1846) თავის თხზულებაში "ახალი ისტორია" გვამცნობს, რომ სპარსელებმა "აღიღეს ტფილისი და მოწვეს და თვით მეფე განივლტო მთიულეთს".

ამ ფაქტიდან კიდევ ერთხელ ხდება ნათელი, რომ გასაჭირში ჩავარდნილ ქართველ მეფეებს ყველაზე საიმედო თავშესაფრად ეგულებოდათ სწორედ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი და მათ შორის - მთიულეთის რეგიონი, რომელიც დარიალის კარიბჭისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობდა.

სხვათა შორის, დედაქალაქში მყოფმა მოსახლეობამ აყრა და მთებში გახიზვნა მტრის შემოსევამდე დაიწყო. ქართლ-კახეთის სამეფო ოჯახის წევრებმაც, კერძოდ, დედოფალმა დარეჯანმა და ბატონიშვილებმა თბილისი ჯერ კიდევ 8 სექტემბერს დატოვეს. მათ თავი ჯერ დუშეთს შეაფარეს. მას შემდეგ კი, რაც აღა-მაჰმად-ხანის გამარჯვების ამბავმა დუშეთამდე მიაღწია, სამეფო ოჯახი მთიულეთში, კერძოდ კი, სწორედ ზემოხსენებულ ცხავატის თემში გაიხიზნა.
მთიულეთისკენ მიმავალ ერეკლე II-ს აღა-მაჰმად-ხანმა დაადევნა 4000-კაციანი ჯარი, რომელსაც ქალბ-ალი-ხან ნახჭევანელი მეთაურობდა. ჟინვალთან მომხდარ შეტაკებაში ეს მდევარი სასტიკად დაამარცხა და განდევნა ფშავ-ხევსურთა და შამშადილელთა 500-კაციანმა ლაშქარმა.

15 სექტემბერს თბილისში ჩასული დამარცხებული და მნიშვნელოვნად შეთხელებული ჯარის ხილვამ ყაჯარი ფრიად შეაშფოთა. მან სცადა ერეკლე II-სთან მოლაპარაკება, რაც უშედეგოდ დასრულდა.

ანანურში დაბანაკებისთანავე მეფე ძალების მოკრებას შეუდგა. მან ქართლის გავლენიან ფეოდალებს - ამილახვრებსა და ორბელიანებს, ხოლო კახეთში - ჩოლოყაშვილებს შეუთვალა, ლაშქარი შეეგროვებინათ, ორი კვირის სამყოფი ნუზლი (საკვები) მოემარაგებინათ და მის დაძახილზე საომრად მზად ყოფილიყვნენ.

18 სექტემბერს ერეკლე II-მ ქართლ-კახეთის სარდლებს ასეთი შინაარსის წერილობითი ბრძანება გაუგზავნა: "ანანურში და იმ ადგილებში თავკაცებით მოდით. ხიზანი (ამ ტერმინში იგულისხმება "ცოლ-შვილი". - დ. ჯ.) მთიულეთს დავაყენეთ. თქვენ უნდა თავადნი და აზნაურნი ვინც იმყოფებით, ვინც სახლში ორნი და სამნი იყვნეთ, ერთი ჩვენთან უნდა მოხვიდეთ. აქ სურსათის ნაკლებობა არის და რამდენიმე დღის სურსათი თან უნდა მოიტანოთ. ვინც ჩვენი ერთგულია, ახლა გამოჩნდება".

ცეცხლიჯვარი - ცხავატის თემის გამაერთიანებელი სალოცავი. VIII-X საუკუნეებში აგებულ ამ კომპლექსში შემავალი X საუკუნის ტაძარი

იმავე დღეს, თავად ამილახვრისადმი გაგზავნილ წერილში ერეკლე II წერდა: "ქ. ჩვენ მაგიერათ მის ბრწყინვალებას, ბატონ ამილახორს ოთარს მრავალი მოკითხვა უამბეთ. მერე ომს უკან შენი და მაგ მხრის ამბავი აღარა ვიცით-რა. ჩვენ აქ მთიულეთსა ვართ. გუშინ აღამაჰმად ხანს ჩვენთვის წიგნი მოეწერა. მირზა გურგინაშვილი ყარამან და მერაბ აღას ძმა გამოეგზავნა, შერიგება ბეჯითად მოენდომებინა და ოთხი რამ ჩვენთვის თაქლიბი ექნა: შვილის მიცემა, აზატ-ხანის ნაქონი თვალისა, ერთი საათისა და ყარაბაღის ელისა. ელი ხომ ჩვენ ხელთ აღარ არის და სხვებზე ნება მივეცით და თითონ აღეთქვა იმდენის სულის ქრისტიანეთ ტყვეთ უკლებრათ მოცემა და ქალაქის აშენება. "მე ხომ აქ სხვას, თათარს ვერვის დავსვამ. მემკვიდრე ვალი შენ ხარ და შენვე უნდა იყოო". მრავალი ტყვე ჰყავთ და იმათთვის გამოსამეტებელი იყო, რაც ეთხოვნა. ჩვენ ეხლა ანანურსა და იმ ადგილებში თავკაცით მოვედით და ხიზანი მთიულეთს დავაყენეთ. თქვენ უნდა, რომ რომელნიც ზემო ქართლის თავადნი და აზნაურნი იმყოფებით, ვინც სახლში ორნი და სამნი იყვნეთ, ერთი ჩვენთან უნდა მოხვიდეთ. აქ სურსათზედ ნაკლებობა არის და რამდენსამე დღის სურსათი თან უნდა მოიტანოთ. რომელიც ჩვენი ერთგულია, ეხლა გამოჩნდება".

აქვე დავძენთ, რომ ზემოხსენებული ოთარ რევაზის ძე ამილახვარი (1756-1827), რომელიც იყო ძმის შვილიშვილი სახელოვანი გივი ანდუყაფარის ძე ამილახვრისა (1689-1754), იმხანად გახლდათ საამილახვროს თავკაცი, ქალაქ გორის მოურავი და ზემო ქართლის სადროშოს სარდალი. ოთარის და - სალომე რევაზის ასული ამილახვარი (1766-1827) ცოლად ჰყავდა უფლისწულ იულონ ერეკლეს ძე ბაგრატიონს (1760-1816), ხოლო ასული - ელენე ოთარის ასული (1783-1866) გაათხოვეს უფლისწულ თეიმურაზ გიორგის ძე ბაგრატიონზე (1782-1846). ამდენად, ოთარ ამილახვარი ორგზის იყო დანათესავებული ქართლ-კახეთის სამეფო ოჯახთან.

ვინაიდან ერეკლე II-სთან დაწყებულ მოლაპარაკებებს აღა-მაჰმად-ხანისთვის სასურველი შედეგი არ მოჰყოლია, მას შეეშინდა, რომ ქართველები მოულოდნელად თავს არ დასხმოდნენ და გაცლა ამჯობინა. 20 სექტემბერს მისი ლაშქარი თბილისიდან აიყარა და დიდძალი ნადავლით დატვირთული და 15 ათასი ტყვით დაიძრა განჯისკენ, საიდანაც შუშაში გადავიდა.

თეიმურაზ ბაგრატიონი წერს: "დაჰყო უკუე ხოჯამან რვა დღეი სოღალუხს. მუნით აიყარა და შთავიდა მუღანსა და მუნით წარვიდა ხორასანსა ზედა".

დედაქალაქიდან აყრილი ქართლ-კახეთის მეფის, დუშეთს თავშეფარებული მისი ცოლ-შვილისა და თანმხლებ პირთა გადაადგილების მარშრუტის თაობაზე საყურადღებო ცნობებს გვაწვდის სასულიერო მოღვაწე იოანე ქართველიშვილი (1772-1816). იგი, როგორც კარის ხუცესი და მდივანი უფლისწულ იულონ ერეკლეს ძე ბაგრატიონისა (1760-1816), თან ახლდა მთიულეთისკენ მიმავალ სამეფო ოჯახს.

ქართველიშვილი თავის მემუარებში წერს, რომ 8 სექტემბერს, როდესაც აღა-მაჰმად-ხანი თავისი ლაშქრით იაღლუჯას დაბანაკდა, "ღამესა ამას, აიყარნენ სამეფო ფომილია და წარჩინებულნი ვინცა მყოფიყვნენ მას ჟამსა ტფილისს შინა და წარვიდნენ სახიზრად მთიულეთს.

ეჰა! საკვირველი და საგლოველი რომელ, წარჩინებულთა ცოლნიცა მრავალნი ვიდოდეს ქვეითად, ვინათგან ვერ შოვობდეს ცხენსა ავდარსა, წვიმასა და ტალახსა შინა მძაფრსა; ვინათგან შვიდეულისა უმეტესაცა ჟამსა, იყო წვიმა გარდუღებული და ესრეთ გავყევ მეცა მაშინ მათ, მეფის ძის იულონის შეწევნით. ვიარეთ ღამე იგი და დღე მეორე კვირიაკე. დღესა მესამესა, ორშაბათს, ძლივ შეუძელ მიწევნად დუშეთს. დავჰყავით დღე იგი და ღამე მუნ ია [11] სეკდემბერი. დაღამდა რა დღე სამშაბათი, საღამო ჟამს მოვიდა ჰამბავი შესაწუხებელი, საგლოველი და სატირელი... მეფეთა დამარცხებისა და ქალაქსა შინა შესევისა.

აიყარნენ ფომილია სამეფო და სხვანი, მყოფნი დუშეთით და წარვიდნენ მთიულეთს. გავყევ მეცა მათ ქვეითად... გათენდა რა, მივედით ანანურს. მუნ იყო საკვირველ ხილვა ხალხისა მის, რამეთუ ვერვინ იხილვიდა სხვასა რაიმესა ეგოდენსა ერსა შინა, გარნა დუმილსა და მოსწრაფედ სიარულსა. ეგოდენ იყო ხალხი იგი, რომელ ანანურიდამ ვიდრე მუხრანის მინდვრადმდე, ვერსადა იხილავდი გზასა ცალიერსა, რომელსა ზედა არა ვიდოდნენ უმეტეს ქვეითნი, ქალნი მორთულნი და ცოლნი წარჩინებულთანი...

მივედით სეკდებრის იგ [13] მთიულეთს, ცხაოტს, რამეთუ მუნ დაებანაკათ სამეფოს ფომილიას... აქა მთიულეთსა შინა რაოდენიცა ხანი დავყავით, გამოვიარეთ შიმშილი ფრიადი, რამეთუ არა იყო პური, არამედ უფროსღა გამოვიზარდენით ხორცითა და ცერცვითა. მივედით რა ხუთშაბათს, ღამე იგი და დღე პარასკევი სეკდემბრის იდ [14] დავყავ მუნ, რამეთუ იყო დღესასწაული დიდი, საუფლოსა და ცხოველს მყოფელის ჯურის ამაღლება.

მეფე ირაკლი მობრძანდა მუნ და არავინ იყო მღუდელი დღესა მას გარდა ჩემისა. მუნ ულოცე ცისკარი და მწუხრი, თვინიერ ყოვლისა ცერემონიისა...

დავყავით ვიდრე კზ [27] სეკდემბრამდე მთიულეთს, სხვათა და სხვათა ადგილთა. დღესა ამას... წამოვედით ნაზღაიძის კარიდამ. მას ღამესა მოვედით ამირიძის კარს; მეორეს დღეს, პარასკევს ვლეთ საღამომდინ, დავრჩით ჭალასა შინა. შაბათს, სეკდემბრის კთ [29] მოვედით ანანურს ქვეით, ერთს მცირეს სოფელში და კვირას, სეკდემბრის ლ [30] ჩამოვედით დუშეთს... მუნ ბრძანდებოდა მეფე ირაკლი და ფომილია სამეფო... მეფე სამეფოს ფომილიით კახეთს წაბრძანდა".
ზემოხსენებული "ნაზღაიძის კარი" ჩვენი შეხედულებით უნდა ნიშნავდეს მთიულეთის რეგიონის ზედა ნაწილში, კერძოდ, ხადას თემში მდებარე სოფელ ზემო მლეთას, სადაც ნაზღაიძეთა საგვარეულოს თავისი თავდაცვითი ნაგებობა - "ნაზღათციხე" (ამჟამად ლევანიანთ ციხე) ჰქონდა.

ხადას ხეობა. ციკარას ციხე

იმხანად ნაზღაიძეები მხოლოდ ამ სოფელში მკვიდრობდნენ. რაც შეეხება იქვე მოხსენიებულ "ამირიძის კარს", იგი უნდა იყოს სოფელი ამირთკარი, რომელიც მთიულეთის რეგიონის ქვემო ნაწილში, ცხავატის თემში მდებარეობს. ერეკლე II-ის მეფობის პერიოდში ამირიძეცა და ნაზღაიძეც ნაცვლის თანამდებობაზე იხსენიებიან. გარდა ამისა, ნაზღაიძეთა გვარის რამდენიმე წარმომადგენელი ჩანს მოურავისა და ციხისთავის თანამდებობებზე.

ამდენად, იოანე ქართველიშვილის მოგონებიდან ირკვევა, რომ 1795 წლის 30 სექტემბერს, ქართლის მთიანეთში თავშეფარებული ერეკლე II, თავის მეუღლე დარეჯან დადიანსა და შვილთა უმრავლესობასთან ერთად, კახეთის მთიანეთში გადავიდა. მან ქართლში დატოვა თავისი უფროსი ვაჟი - უფლისწული იულონი, რომელიც გორში გადავიდა.
სხვა საისტორიო წყარო გვამცობს, რომ მეფე ერეკლე, დარეჯან დედოფალი და მათი ოჯახის წევრთა უმრავლესობა ჯერ თიანეთში ჩასულა, ხოლო შემდეგ ახმეტაში, სადაც ორ კვირას დარჩენილან.

საბოლოოდ ქართლ-კახეთის მეფე, თავის ცოლ-შვილთან ერთად, გადავიდა თელავში მდებარე სამეფო რეზიდენციაში, სადაც კარგა ხანს დარჩა.

მთიულეთის სოფელ ზემო მლეთის მცხოვრები ნინო ნიკოლოზის ასული ოგბაიძე-ბუთხუზისამ (1901-1988) პროფესორ გიორგი ჯავახიშვილთან (1941-2015) საუბარში გაიხსენა: "მამაჩემისგან გამიგონია, რომ სპარსთაგან ჩვენი ქალაქის აღების შემდეგ, მეფე ერეკლეს ოჯახი თავს აფარებდა ჩემს წინაპრებთან - ოგბაიძეებთან, რომლებიც ცხავატში მკვიდრობდნენ. მტრის მოახლოების გამო ხელმწიფის ცოლ-შვილი გადმოსულა მლეთაში, სადაც თავი ნაზღაიძეთა ციხეს შეაფარეს. აქედან უფრო ახლოს იყო დარიალი, საიდანაც რუსეთს შეიძლებოდა გახიზვნა. ანანურში მდგარმა მეფემ ამოაკითხა ჯერ ცხავატში და ბოლოს ხადაში შემოხიზნულ თავის ცოლ-შვილს".

კობაიძეთა საგვარეულოში შემორჩენილი გადმოცემის თანახმად, მეფე ერეკლე II რამდენიმე დღე მთიულეთის სოფელ ზემო ჩირიკში მდებარე კობაიძეთა ციხე-სახლში გაჩერებულა. იმ შენობის ნანგრევებს კობაიძენი დღესაც მიგვანიშნებენ.
აქვე დავძენთ, რომ ოგბაიძეთა საგვარეულო სოფელი იყო ცხავატის თემში შემავალი სოფელი ოგბანი, რომელიც თეთრი არაგვის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს. ეს სოფელი დასახელებულია გერმანელი მოგზაურისა და მეცნიერის, დოქტორ იოჰან ანტონ გიულდენშტედტის (1745-1781) თხზულებაში მოყვანილ მთიულეთის აღწერაში, რომელიც მან საქართველოში მოგზაურობის პერიოდში (1771-1772 წლები) შეადგინა. მთის ზედა ზოლში მდებარე ოგბანი მოგვიანებით ნასოფლარად იქცა, ვინაიდან მისი მცხოვრებნი თანდათან ჩასახლდნენ მომიჯნავე, ქვედა ზოლში განლაგებულ სოფლებში - გოგნაურსა და სალაჯურში, რომლებიც ასევე ცხავატის თემში შედიოდა.

ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით ირკვევა, რომ ოგბაიძეთა საგვარეულოს წარმომადგენელნი ტრადიციულად იყვნენ ცხავატის თემის გამაერთიანებელი სალოცავის - "ცეცხლიჯვრის" დეკანოზები ("ისტორიანი", ##52; 72).

დეკანოზი მთიულეთში იგივეა, რაც ფშავში ხევისბერი. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, სალოცავების სამსახურში ხევისბერები იდგნენ. ხევისბერის ფუნქციას წარმოადგენდა: ხატობის გაძღოლა, დროშის გამობრძანება, დამწყალობება, დარისხება, სადავო საქმეთა გარჩევა, ომის დროს კი ხევისბერი თემიდან გამოსულ რაზმს მეთაურობდა.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელნი ებრძოდნენ ქართველ მთიელებში არსებულ ღვთისშვილთა რწმენასა და ხევისბერობას, როგორც წარმართობის გადმონაშთს, მათ ხევისბერობა ბოლომდე მაინც ვერ მოშალეს. თუმცა მათ მთიულეთში, ხევსა და თუშეთში მოახერხეს ქართული სიტყვა "ხევისბერის" ჩანაცვლება ბერძნული "დეკანოზით", რაც დღემდე გამოიყენება.

საქართველოს სამეფო ხელისუფლებამ სცადა, მთაში ბუნებრივად არსებული ხევისბერობა სახელმწიფოს სამსახურში ჩაეყენებინა. ამიტომაც, XIV საუკუნეში ოფიციალურად დაკანონდა ხევისბრის თანამდებობა, რომლის უფლება-მოვალეობანი განისაზღვრა მეფე გიორგი V ბრწყინვალის (მეფობდა 1299 და 1318-1346 წლებში) მიერ მიღებულ "ძეგლისდებაში" და ხევისბერი პატივით აზნაურს გაუტოლდა.

საგულისხმოა, რომ ქართლ-კახეთის მეფისა და მისი ცოლ-შვილის მთიულეთში ყოფნის ისტორიული ფაქტი აისახა ქართულ პოეზიაშიც, კერძოდ, ლექსში "დანაბარები", რომლის ავტორიც ვაჟა-ფშაველა (1861-1915) გახლავთ. ამ შესანიშნავ ლექსში გადმოცემულია, რომ კრწანისის ბრძოლაში დამარცხებული, მტრის მიერ თბილისის აოხრებით სიბერეგამწარებული და მთიულეთს შეხიზნული ერეკლე II თავის ლურჯა ცხენს დედაქალაქისკენ აგზავნის და აბარებს:

"დარეკონ, უთხარ, ქალაქში
სამგლოვიარო ზარიო.
ნუღარ ელიან, სრულ გასწყდა
ერთგული ქართვლის ჯარიო.
ვინც მიღალატა, იმათი
გამგებელია ჯვარიო.
სხვა მოიძიონ პატრონად,
სხვას დაუკროდენ თავიო,
სხვას შამაარტყან წელზედა
ჩემი ნარტყამი ხმალიო.
წადი, ტიალო ლურჯაო,
სწრაფად იარე, მალადა,
შენც სხვა მოსძებნე მხედარი,
მე წელს მოვიდრეკ ძალადა.
მე რისთვის დავრჩი ცოცხალი,
ცოდვა ვქენ შეუნდობარი,
ვერ მოვკვდი იქა, საცა სხვა,
ერთი ქართველი მხედარი.
არ დამაცალეს შვილებმა
მტრისთვის შამეკლა თავია...
აღარ დამწვავდა თვალებსა
ქვეყნის სვე-ბედი შავია!
მე ვერ წამოვალ თბილისსა,
ვეღარა ვნახავ თვალითა
თვით ქართველთაგან შემუსვრილს
და მორწყულს ცოდვა-ბრალითა.
ან აქ, - მთიულეთს დავრჩები,
ერთგულნი ყმანი არიან,
ან არა, წავალ კახეთსა,
თელავი მიყვარს ძალიან".

ამდენად, საისტორიო და ფოლკლორულ წყაროებზე დაყრდნობით დგინდება, როგორი იყო ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ის, მისი ცოლისა და შვილების უმრავლესობის მოგზაურობის მარშრუტი 1795 წლის სექტემბერში, რომლის დაზუსტებაც ქართულ ისტორიოგრაფიაში აქამდე არავის უცდია.

ერეკლე II-ის მიმოსვლის მარშრუტი, დაწყებული 11 სექტემბრიდან, ამგვარი გახლდათ: კრწანისი-ავლაბარი-მახათა-გლდანი-ცხვარიჭამია-ბიწმენდი-დუშეთი-ანანური-ოგბანი-ზემო ჩირიკი-ზემო მლეთა-ანანური-დუშეთი-თიანეთი-ახმეტა-თელავი.

რაც შეეხება დარეჯან დედოფლისა და მისი შვილების უმეტესობის მიმოსვლის მარშრუტს, დაწყებული 8 სექტემბრიდან, იგი ასეთი იყო: თბილისი-დუშეთი-ანანური-ოგბანი-ზემო მლეთა-ამირთკარი-ანანური-დუშეთი-თიანეთი-ახმეტა-თელავი.
დავით ჯავახიშვილი

ისტორიის დოქტორი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი
ჟურნალი "ისტორიანი".#120
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები