ევროპის გადარჩენა ბოლშევიკური საფრთხისგან
ევროპის გადარჩენა ბოლშევიკური საფრთხისგან
ფოტო:მარშალი იოზეფ პილსუდსკი
პოლონელთა გამარჯვების მნიშვნელობა რუს ბოლშევიკებთან 1919-1920 წლების ომში

რუსეთის იმპერიული ექსპანსიონიზმი საუკუნეებს ითვლის. გამონაკლისს არც ბოლშევიზმის ხანა წამოადგენდა, რომელიც დასაწყისიდანვე ისახავდა მიზნად რუსეთში დაწყებული ბოლშევიკური რევოლუციის ევროპაში გავრცელებასა და ერთგვარი "სოციალისტური სამოთხის" შექმნას. რუსეთის მუდმივი იმპერიალისტური პოლიტიკით ყოველთვის განსაკუთრებით ზარალდებოდნენ და ზარალდებიან მის ახლოს მდებარე სახელმწიფოები. მათ ექმნებათ ყველაზე რეალური საფრთხე და რუსული აგრესიის დასაბალანსებლად სტრატეგიული ბერკეტებიც ყველაზე მეტად სჭირდებათ. ასეთ ქვეყნებს შორის არის პოლონეთიც.

პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ,
პოლონეთმა ბოლშევიკურ რეჟიმთან სამხედრო დაპირისპირების გამოცდილება ჯერ კიდევ 1919-1920 წლებში მიიღო. აღსანიშნავია, რომ პოლონელთა ომი რუსულ ბოლშევიზმთან XX საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა - არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, არამედ მისი ისტორიული და პოლიტიკური მნიშვნელობის გამოც. სწორედ ამ მოვლენამ განსაზღვრა პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის ბოლშევიკური
რუსეთის აღმოსავლეთ ევროპაში პოზიციონირების საკითხი. აგრეთვე გამოიკვეთა, რომ ბოლშევიზმი მოკლევადიანი დაავადება კი არ იყო, არამედ პრობლემა, რომელთან ბრძოლა დასავლურ სამყაროს დიდხანს მოუწევდა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია პოლონელებისა და რუსი ბოლშევიკების ომის მიმოხილვა გრძელვადიან პერსპექტივით, ამ ომთან დაკავშირებული პოლიტიკური გარემოებების, დასავლეთ ევროპის სახელმწიფოების პოზიციისა და პოლონეთის გამარჯვების სტრატეგიული მნიშვნელობის გამოკვეთა. 

როგორ იწყებოდა ომი

ისტორიკოსებს შორის ხშირია დებატები, იყო თუ არა პოლონელთა ომი რუს ბოლშევიკებთან პოლონეთის სურვილის შედეგი - გამხდარიყო წამყვანი სახელმწიფო აღმოსავლეთ ევროპაში, თუ ეს იყო წინმსწრები, სტრატეგიული ნაბიჯი - თავი დაეცვა ქაოსიდან აღმდგარი რუსული სახელმწიფოსგან, რომელსაც ექნებოდა შესაძლებლობა, მეზობელი სახელმწიფოების დამოუკიდებლობა გაენადგურებინა.

პოლონეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენა მოხდა პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. ჩამოყალიბდა პოლონეთის მეორე რესპუბლიკა, რომელმაც 1939 წლამდე იარსება. ბუნებრივია, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქვეყნის მთავარ ამოცანად იქცა მისი შენარჩუნება და ევროპაში შესაბამისი პოზიციის დაკავება. ამ პერიოდში რუსეთში მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი, ძლიერდებოდნენ ე.წ. წითლები, რომელთა რევოლუციური მიზნებიც სცდებოდა რუსეთის საზღვრებს და სოციალისტური რევოლუციების ევროპის კონტინენტზე გავრცელებას ისახავდა მიზნად. სავარაუდოდ, სწორედ ამ ამოცანას ემსახურებოდა 1918 წლის ნოემბერში წითლების მიერ "დასავლეთის" არმიის შექმნა პეტროგრადის სამხრეთით და მისი გაგზავნა ბელორუსიაში, კოდური სახელწოდებით "სამიზნე ვისლა". რუს ბოლშევიკებთან პოლონელთა ომის მკვლევრის, ნორმან დევისის შეხედულებით, არმიის მიზანი შეიძლებოდა ყოფილიყო წითელი არმიის შეყვანა პოლონეთში მდინარე ვისლას რეგიონებში და გერმანიის სიახლოვეს გადანაცვლება, რაც სამომავლოდ ბოლშევიკური რევოლუციური მიზნების განხორციელებას შეუწყობდა ხელს. "დასავლეთის" არმიაში იყვნენ ბოლშევიკი პოლონელი გენერლებიც, რომლებიც დახმარებას უწევდნენ რუსულ ძალებს. პოლონეთის მთავრობის, ისევე როგორც ნებისმიერი სახელმწიფოს მიზანი, ადვილად შეიძლებოდა გამხდარიყო ამ გეგმისთვის ხელის შეშლა.

პოლონელი ჯარისკაცები კიევში (1920 წ.)

პოლონეთმა დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე წამოიწყო სახელმწიფოს მშენებლობა. რესპუბლიკის მეთაური რუსეთის საწინააღმდეგოდ განწყობილი იოზეფ პილსუდსკი გახდა. ის ემხრობოდა ფედერალიზმის იდეას, რომელსაც უნდა შეეკავშირებინა პოლონეთი, ბელორუსია, ლიეტუვა და უკრაინა. თუმცა პოლონეთის მსგავსად ამ ქვეყნებში არსებული ნაციონალისტური განწყობების ფონზე რთული წარმოსადგენია, რამდენად წარმატებული შეიძლებოდა ყოფილიყო ამგვარი იდეა. გავრცელებული მოსაზრებით, პოლონეთის მიზანი ამ გეგმის სისრულეში მოყვანისას ის იყო, რომ ერთიანი ძალების გარეშე რუსული საფრთხის წინაშე სახელმწიფოები უძლური აღმოჩნდებოდნენ.

1919 წლიდან პოლონურმა არმიამ აქტიური სამხედრო მოქმედებები დაიწყო პილსუდსკის ფედერალიზმის იდეისთვის ხორცის შესასხმელად. გადაწყდა პოლონური არმიის გადასვლა ბელორუსიისა და უკრაინის ტერიტორიებზე. დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი პილსუდსკის პოლიტიკას მხარს არ უჭერდნენ და ამას პოლონეთის მხრიდან აგრესიად მიიჩნევდნენ, თუმცა მკვეთრი წინააღმდეგობის გაწევა დღის წესრიგში არ დამდგარა. მათი პოზიცია იყო, რომ პოლონეთი დარჩენილიყო პოლონელი ეთნოსით დასახლებულ საზღვრებში. ბრიტანეთს პოლონური საზღვრების საკუთარი გეგმა ჰქონდა, რომლის ინიცირებაც საგარეო საქმეთა მინისტრ ჯორჯ კერზონის მიერ მოხდა. ინიცირებული საზღვრები არ მოიცავდა ლვოვსა და ვილნოს (ვილნიუსი), სადაც იმ პერიოდში დიდი რაოდენობით იყო პოლონური მოსახლეობა. ეს გეგმა პოლონურ მხარეს არ მიუღია. მოგვიანებით, საზღვრების ბრიტანეთისეულ გეგმას "კერზონის ხაზი" ეწოდა და ის გახდა პოლონეთ-საბჭოთა კავშირის საზღვარი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

მალევე ნათელი გახდა, რომ რუსეთის სამოქალაქო ომში ბოლშევიკები გამარჯვებას აღწევდნენ. პოლონეთის მეზობლებში ამან გააჩინა საჭიროება, ეძებნათ მოკავშირე წითელი რუსეთის წინააღმდეგ. 1919 წლის დეკემბერ-იანვარში უკრაინამ და პოლონეთმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც გალიჩინის (გალიცია) ტერიტორია გადადიოდა პოლონეთის ხელში, უკრაინისთვის დახმარების სანაცვლოდ. დახმარება გულისხმობდა უკრაინელი ლიდერის, სიმონ პეტლიურასთვის კიევის დაბრუნებაში სამხედრო მხარდაჭერას. ცხადი იყო, რუსეთის მეზობლები მოელოდნენ, რომ მათი დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებოდა მას შემდეგ, რაც რუსეთში შიდა ომი დასრულდებოდა. უკრაინის გადმოსახედიდან პოლონეთი ნაკლებად საშიშ ძალად შეიძლებოდა აღქმულიყო, წითელ არმიასთან შედარებით. კიევი ბოლშევიკების ხელში იყო, მის დაბრუნებაში პეტლიურას დახმარება კი პოლონეთის მხრიდან უკვე ნიშნავდა ომის გამოცხადებას ბოლშევიკებისთვის.

"სასწაული ვისლაზე"

პოლონეთმა ომისთვის მზადება დაიწყო, რაც ლონდონისა და პარიზისთვის არასასიამოვნო აღმოჩნდა. იმავდროულად პოლონეთი იღებდა ცნობებს, რომ წითელი არმია შიდა გამარჯვების შემდეგ ემზადებოდა დასავლეთისკენ დაძვრისთვის. პეტლიურასა და პილსუდსკის სამხედრო შეთანხმების საფუძველზე, 1920 წლის აპრილში პოლონეთის ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე გადავიდნენ. ქმედებები ბოლშევიკური შეტევის წინმსწრები უნდა ყოფილიყო. ძალები დნეპრისკენ დაიძრნენ და მაისის დასაწყისში, წინააღმდეგობის გარეშე დაიკავეს კიევი. ბოლშევიკებს მოუწიათ ქალაქის დატოვებამ, სადაც პეტლიურა გამაგრდა და გამოაცხადა უკრაინის გათავისუფლება რუსეთისგან. რუსეთის მხრიდან ეს შეფასდა, როგორც ბოლშევიკურ რუსეთზე შეტევა. დაიწყო საინფორმაციო კამპანია, რომ რუსეთი პოლონელთა თავდასხმის მსხვერპლი გახდა. ეს ემსახურებოდა, ერთი მხრივ, პატრიოტულ განწყობათა გაღვივებასა და საგარეო სამხედრო მოქმედებებისთვის მხარდაჭერის განმტკიცებას, ხოლო მეორე მხრივ, საერთაშორისო აზრზე ზემოქმედებას.


პოლონელი ჯარისკაცები ფრონტზე

წითელმა არმიამ პოლონელებს კიევში მაისშივე შეუტია, რის შედეგადაც მათ კიევი დატოვეს. წითელი არმია პოლონელებს ებრძოდა ლიეტუვისა და ბელორუსიის ტერიტორიებზეც. პოლონელები, რომელთა სამხედრო და ფინანსური შესაძლებლობები მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა რუსული ძალებისას, წინააღმდეგობის გაწევას ძნელად ახერხებდნენ. გაჩნდა კითხვა: შემოიფარგლებოდა თუ არა რუსეთი არაპოლონური ტერიტორიების აღებით? სად გაჩერდებოდა წითელი არმია? ამ კითხვებს პასუხი მალე გაეცა. აგვისტოში რუსული არმია პოლონურ ტერიტორიებზე შევიდა და რევოლუციური კომიტეტის ფორმირება დაიწყო. პოლონეთის მთავრობამ დახმარებისთვის დასავლეთ ევროპულ ძალებს მიმართა. ამასობაში კი წითელმა არმიამ მდინარე ბუგი (დასავლეთის ბუგი) გადაკვეთა და ცხადი გახდა, რომ ვარშავაზე იერიში გარდაუვალი ხდებოდა.

მოკავშირეები იძულებული გახდნენ, პოლონელებისთვის დახმარება გაეწიათ. ვარშავაში გაიგზავნა ბრიტანული და ფრანგული მისიები, რომლებმაც ქალაქს ივლისის მიწურულს მიაღწიეს. დასავლეთ ევროპული არმიების ოფიცრებმა პოლონეთის ძალების მეთაურობა შეითავსეს. 1920 წლის 8 აგვისტოს წითელ არმიაში ვარშავის აღების ბრძანება გაიცა. ბრძოლა ქალაქისთვის 12-დან 24 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობდა. 24-ში გამოიკვეთა, რომ პოლონურმა ძალებმა დასავლელი მოკავშირეების დახმარებით ძლიერად დაარტყეს წითელ არმიას. ბრძოლათა ეს სერია 12-დან 24 აგვისტომდე, რამაც პოლონეთს გამარჯვება მოუტანა, ხშირად მოიხსენიება როგორც "სასწაული ვისლაზე". ომი დასრულდა რიგის შეთანხმებით, რომელმაც აღმოსავლეთ ევროპას სტაბილურობა ორი ათწლეულის განმავლობაში შეუნარჩუნა და რომლის შედეგადაც განსაზღვრული პოლონეთის საზღვრები მეორე მსოფლიო ომამდე დარჩა ძალაში.

დასავლეთის დამოკიდებულების ევოლუცია

რა როლი შეასრულეს დასავლეთ ევროპულმა ძალებმა პოლონეთსა და ბოლშევიკურ რუსეთს შორის ომში? როგორც ითქვა, ლონდონი და პარიზი კრიტიკულად იყვნენ განწყობილი პოლონეთის ქმედებებისადმი და მომხრე იყვნენ, პოლონეთის საზღვრები დამთხვეოდა ეთნიკურად პოლონელებით დასახლებულ ტერიტორიებს. შეიძლება ითქვას, რომ მათი პირვანდელი შეხედულებით, პოლონეთი რუსეთს არ უნდა დაპირისპირებოდა. ეს განპირობებული უნდა ყოფილიყო, ერთი მხრივ, მათი თავდაპირველი დამოკიდებულებით ბოლშევიზმის მიმართ, ხოლო მეორე მხრივ, გაურკვევლობით აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში. ბოლშევიზმს ისინი აღიქვამდნენ, როგორც დროებით მოვლენას, რომლის დამარცხებას რუსეთისავე "თეთრი არმიაც" შეძლებდა. მაგალითად, უინსტონ ჩერჩილი, რომელიც ომის საკითხებს ხელმძღვანელობდა, მიიჩნევდა, რომ პოლონელებს უნდა ეთანამშრომლათ რუსეთში "თეთრებთან", მათი ბუნდოვანი პოზიციის მიუხედავად პოლონეთის დამოუკიდებლობისადმი. ჩერჩილი მხარს უჭერდა პოლონელთა ბრძოლას ბოლშევიკების წინააღმდეგ თავისი საზღვრებისთვის, შეიძლება ითქვას, პოლონეთს ხედავდა როგორც ინსტრუმენტს ბოლშევიკთა მოგერიებისთვის. პრემიერი ლოიდ ჯორჯი აღმოსავლეთ ევროპის მიმართ მოკავშირეთა მხრიდან პასუხისმგებლობას გრძნობდა და მიიჩნევდა, რომ თუ ბოლშევიზმი თავს დაესხმოდა ქვეყნებს, რომლებიც ბოლშევიკთა ტერიტორიებს ესაზღვრებოდა, მოკავშირეთა მოვალეობა იქნებოდა ამ ქვეყნების დაცვა.

საფრანგეთი ნაკლებად იყო მოტივირებული, ჩარეულიყო რუსეთისა და აღმოსავლეთი ევროპის საკითხებში. პარიზში ემხრობოდნენ პოლიტიკას, რომლის მიხედვით საფრანგეთს თავიდან უნდა აერიდებინა რომელიმე კონკრეტულ მხარეს პოზიციონირება - იმ ვითარებაში, როცა რუსეთში ჯერ მდგომარეობა გაურკვეველი იყო. 1919 წლის დეკემბერში ლოიდ ჯორჯთან შეხვედრისას, საფრანგეთის პრემიერი ჟორჟ კლემანსო აცხადებდა, რომ მოკავშირეთა პოლიტიკის გაგრძელება და ერთიანი, ანტიბოლშევიკური არმიის შექმნა დიდ ფინანსებთან იქნებოდა დაკავშირებული. შესაბამისად, მას არავითარი ინტერესი არ გააჩნდა რუსეთის მოსაზღვრე ხალხებთან ამ მიმართულებით თანამშრომლობისა. მეტიც, მას გერმანიისგან მომდინარე პოტენციური საფრთხე უფრო აღელვებდა, ვიდრე ბოლშევიზმის გავრცელების შესაძლებლობა.

თავდაპირველად დასავლეთევროპული ძალები კრიტიკით შეხვდნენ პილსუდსკის ქმედებებს, რუსეთის წინააღმდეგ ერთიანი ძალებით ბრძოლის იდეას და მიიჩნიეს, რომ ეს იყო აგრესიული რიტორიკა პოლონეთის მხრიდან. მსგავსი აღქმის პირობებში პოლონეთისთვის მხარდაჭერა ნაკლებად მოსალოდნელი იყო. თუმცა მალევე ცხადი გახდა, რომ პოლონელთა ქმედებები არ უკავშირდებოდა მხოლოდ პილსუდსკის იმპერიალისტურ სურვილებს და უფრო მეტად წარმოადგენდა წინმსწრებ ნაბიჯებს, მიმართულს ბოლშევიკთა აგრესიის წინააღმდეგ. როგორც აღმოჩნდა, ამის პროგნოზირება უკეთ შეეძლოთ რუსეთის მეზობელ სახელმწიფოებში, ვიდრე დასავლეთ ევროპაში. მას შემდეგ, რაც წითელი არმია არ შემოიფარგლა ბელორუსიული, უკრაინული და ლიეტუვას ტერიტორიების აღებით და პოლონურ ტერიტორიაზე გადავიდნენ, დასავლეთ ევროპელთათვის ცხადი გახდა, რომ მზადდებოდა პოლონეთის ტერიტორიის აღება, ეს კი ნიშნავდა ბოლშევიზმს შუაგულ ევროპაში. ამის შემდეგ გადაწყდა ფრანგული და ბრიტანული მისიების გაგზავნა პოლონეთში. ამგვარად განხორციელდა ლოიდ ჯორჯის ხედვა, რომ თუ ბოლშევიზმი რუსეთის საზღვრებს გადაკვეთდა, მათ მოუწევდათ აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოების დაცვა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლოიდ ჯორჯი

მისიებმა დიდი როლი შეასრულეს ბოლშევიკებთან ომში პოლონელთა გამარჯვებაში. პირველ მსოფლიო ომში გამოცდილი გენერლები კოორდინაციაში იყვნენ პილსუდსკისთან, აქტიურად მონაწილეობდნენ საომარი მოქმედებების დაგეგმვასა და ჯარების მომარაგებაში. დივიზიებს ევალებოდათ, დაეცვათ ვისლას რეგიონი. მისია ახალისებდა პოლონელების მხრიდან საჯაროდ გაცხადებას, რომ ისინი მზად იყვნენ, ბოლომდე ებრძოლათ დამოუკიდებლობისთვის.

პოლონეთის გამარჯვების მნიშვნელობა ევროპისთვის

დასავლეთ ევროპის პოზიციის ცვლილება და პოლონელთათვის დახმარების აღმოჩენა უშუალოდ უკავშირდებოდა გაცხადებულ რეალობას, რომ ბოლშევიკური რუსეთის მიზანი იყო რევოლუციური ომის ევროპის ტერიტორიაზე გავრცელება და "სოციალისტური სამოთხის" შექმნა. ატარებდა თუ არა ბოლშევიკური რევოლუციური ომის იდეა სტრატეგიულ მნიშვნელობას რუსული სახელმწიფოსთვის საერთაშორისო არენაზე? იდეოლოგიური საფუძველი, ჩაგრული ხალხის მხარდამხარ ბრძოლისა და ამის საფუძველზე "სამართლიანი იმპერიის" შექმნისა, უშუალო კავშირში შეიძლებოდა ყოფილიყო ჩამორჩენილი რუსეთის დაწინაურებასთან დასავლურ სივრცეში. ის უნდა დამეზობლებოდა ძლიერ დასავლურ ევროპულ სახელმწიფოებს, ამისათვის კი მის კონტროლქვეშ უნდა გადასულიყო გერმანია. პოლონეთი შეიძლებოდა განხილულიყო, როგორც "წითელი ხიდი" გერმანიისკენ, სადაც ბოლშევიკური სცენარით, მათი მმართველობა დამყარდებოდა. ამ მიზნის მისაღწევად წითელი არმია ჯერ კიდევ პოლონურ-ბოლშევიკურ ომამდე ემზადებოდა და ქმნიდა "დასავლურ არმიას", სადაც პოლონელი კომუნისტებიც აქტიურად იყვნენ ჩართული და ემზადებოდნენ ევროპაში მარშისთვის, პოლონეთის გავლით. ამიტომაც იყო, რომ ბოლშევიკური არმია 1920 წელს არ შეჩერებულა პოლონეთის საზღვრებთან და ვარშავის აღებაც სცადა. ასეთი სცენარის სრული სიცხადით აღქმა და რეალური საფრთხის გაცნობიერება კი, როგორც ითქვა, რუსეთის მეზობლად უფრო ადვილი იყო, ვიდრე დასავლეთ ევროპაში. აქ თავდაპირველად არ გამოხატავდნენ განსაკუთრებულ შეშფოთებას ბოლშევიზმის გაძლიერების გამო. პოლონეთისთვის კი ლოგიკურად აღიქმებოდა წინმსწრები ქმედებები მაშინ, როცა რუსეთი ჯერ კიდევ შიდა ქაოსში იყო ჩაფლული.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ჟორჟ კლემანსო

ერთი შეხედვით, პოლონეთის ქმედებები აგრესია იყო, თუმცა რეალობამ და ომის პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ეს უფრო მეტად იყო დაგეგმილი თავდაცვითი სტრატეგია ქვეყნის მიერ, რომელიც უკვე ისედაც დასუსტებული იყო პირველი მსოფლიო ომის შედეგად და გაძლიერებულ ბოლშევიკებთან ბრძოლა მარტოს გაუჭირდებოდა. ეს ნათელი გახდა დასავლეთ ევროპისთვისაც, რამაც განაპირობა კიდეც ომის პერიოდში პოლონეთისთვის დახმარების გაწევა. პოლონეთის გამარჯვებამ, ერთი მხრივ, განსაზღვრული დროით გაამყარა მისი დამოუკიდებლობა, ხოლო მეორე მხრივ ჩაფუშა ევროპისკენ "წითელი ხიდის" გადების გეგმა, რაც ბოლშევიკთა რევოლუციური მიზნების მიღწევას გააადვილებდა. ეს დიდად წაახალისებდა ევროპაში რადიკალურ მემარცხენე ძალებსაც. გერმანიაში ბოლშევიკთა არმია კი დასავლეთ ევროპის ძალებისთვის ომის განახლებას ნიშნავდა.

პოლონეთში საბჭოთა არმიის დამარცხებამ აჩვენა, რომ დასავლეთი მხარს არ დაუჭერდა რუსეთის შეჭრას მეზობელ სახელმწიფოებში. ხოლო შიდა ქაოსიდან ახალამოზრდილ ბოლშევიკურ სახელმწიფოს არ შეეძლო, პოლონეთში რევოლუციური ომი წარემართა და იმავდროულად, ეკონომიკურ-პოლიტიკური კავშირები ჰქონოდა ძლიერ ევროპულ სახელმწიფოებთან. ნათელი გახდა, რომ იმ პერიოდში ბოლშევიკური სახელმწიფოსთვის იარსებებდა საზღვრები, რომლის მიღმაც მის ექსპანსიას წინააღმდეგობა შეხვდებოდა.

"სასწაული ვისლაზე" (ეჟი კოსაკი, 1930 წ.)

პოლონეთის გამარჯვებამ გადაარჩინა ევროპა საომარი მოქმედებების განახლებას პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. ამასთანავე, ევროპისთვის ეს იყო პირველი, ადრეული ნიშანი, რეალურად რა მიზნები ამოძრავებდა ბოლშევიკურ რუსეთს; რომ ბოლშევიზმი არ იყო ხანმოკლე დაავადება, რომელიც მალე გაქრებოდა, არამედ პრობლემა, რომელიც მწიფდებოდა და რომელიც შემდგომში მოგვევლინა საბჭოთა კავშირისა და მისი იმპერიალიზმის სახით.

ნინო ჩანადირი
ჟურნალი "ისტორიანი".#120
muamar kadafi
19 აგვისტო 2021 14:39
პოლონეთმა ამით დაარღვია ვერსალის ხელშეკრულების პირობები

როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები