რკინის მილედი საფრანგეთის უკანასკნელი დედოფალი - კვირის პალიტრა

რკინის მილედი საფრანგეთის უკანასკნელი დედოფალი

მას "მშვენიერ ავანტიურისტს" უწოდებდნენ. ვინ იფიქრებდა, რომ ესპანელი ლამაზმანი საფრანგეთის მმართველი გახდებოდა და მის გუნება-განწყობილებაზე იქნებოდა დამოკიდებული ევროპისა და ლამის მსოფლიოს ბედი? მეორე მსოფლიო იმპერიის შემქმნელის, საფრანგეთის იმპერატორის, ნაპოლეონ III-ის არჩევანი საბედისწერო მხოლოდ მისთვის არ გამომდგარა.

1826 წლის 5 მაისს გრანადაში ქვეყანას მოევლინა ევგენია მონტიხო. გოგონა მიწისძვრის დროს დაბადებულა. დედამისს, წარმოშობით ესპანელ დიდგვაროვანს, კარგად იცნობდნენ პარიზის ბოჰემურ წრეებში. სტენდალი ხშირად სტუმრობდა მას, მერიმე კი ღამეებს ულამაზებდა. გოგონამ საფრანგეთში სამონასტრო განათლება მიიღო, მისი გატაცება ისტორიითა და პოლიტიკით გასაკვირი არ გახლდათ, დედამისი თავგადაკლული ბონაპარტისტი იყო. 1848 წელს საფრანგეთი რევოლუციას მოეცვა. პარიზელებმა დროებითი მთავრობა აიძულა ქვეყანა რესპუბლიკად გამოეცხადებინა. 1848 წლის აპრილში საფრანგეთში გაიმართა დამფუძნებელი კრების არჩევნები. მცირე ხნის შემდეგ დამფუძნებელმა კრებამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, შემოიღო საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი. 1848 წლის 10 დეკემბერს ჩატარდა პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები, რომელშიც გაიმარჯვა შარლ ლუი ნაპოლეონ ბონაპარტმა, იმპერატორ ნაპოლეონ I-ის ძმისწულმა. მან ამომრჩეველთა 75% მიიღო. ამ მოვლენის შემდეგ ევგენია მონტიხოს ოჯახი სასწრაფოდ პარიზში დასახლდა.

მშვენიერი, ტანადი, ცისფერთვალა ესპანელი ქალიშვილი პარიზის სალონებში შინაურულად გრძნობდა თავს. მართალია, განათლება აკლდა, მაგრამ ძალიან გამჭრიახი, თითქმის მამაკაცური გონება ჰქონდაო, - წერს მისი ბიოგრაფი ოქტავ ობრი. ევგენია დედაზე უფრო დინჯი და გაწონასწორებული იყო, არც მასავით იყო გაგიჟებული გართობა-არშიყობაზე. ეს კი მისდამი საყოველთაო პატივისცემას იწვევდა. გემოვნებით იცვამდა, თავის დაჭერაც საუცხოო იცოდა, იმდენად ლამაზი არ იყო, რამდენადაც მომხიბლავი.

1850 წელს საფრანგეთის ახალარჩეული პრეზიდენტის ლუი ნაპოლეონის ბიძაშვილმა მატილდამ წვეულებაზე ევგენიას ადგილი სწორედ ორმოცს გადაბიჯებული პრეზიდენტის გვერდით მიუჩინა. ლუი ნაპოლეონი გაოცებული უსმენდა ევგენიას ჟღურტულს, თითქმის არ ესმოდა მისი ნათქვამის შინაარსი, მაგრამ არც აინტერესებდა, მზად იყო, დაუსრულებლად ესმინა ამ ხმისთვის. ევგენია კარგა ხანს ელოდა ბედნიერ დღეს, როცა ლუის გაიცნობდა, რადგან გაცილებით ადრე მტკიცედ გადაეწყვიტა მისი ცოლობა. "ჯერ კიდევ გაცნობამდე მომწონდა, მხიბლავდა მისი რაინდული ქცევა სტრასბურგში, სადაც საფრანგეთის ხელისუფლების წინააღმდეგ ამდენი ხალხის აზვირთება შეძლო. ჩემი აღფრთოვანება გამოიწვია იმან, როგორ ღირსეულად აიტანა პატიმრობის სიმძიმე, როგორ უყვარდა სამშობლო, - კი, ნამდვილად, გაცნობამდე მიყვარდა", - წერდა თავის მოგონებებში ევგენია მონტიხო.

იმპერატორი ნაპოლეონ III

მატილდას სალონში გაცნობის შემდეგ ევგენია და დედამისი ხშირად ხვდებოდნენ ლუი ნაპოლეონს. ერთხელ დედა-შვილი პრეზიდენტმა საზაფხულო რეზიდენციაში მიიწვია. იქ მისულებს სხვა სტუმრები არ დახვედრიათ. ლუი ნაპოლეონმა მომხიბლავ ესპანელ ქალიშვილს პარკში გასეირნება (რა თქმა უნდა, უდედოდ!) შესთავაზა და ძალიან გაკვირვებული დარჩა, როცა უარი მიიღო. ლუი არ იყო ამას ჩვეული, ლამაზი ქალები ხშირად სტუმრობდნენ მის რეზიდენციას. უარმა უფრო გაამძაფრა მისი გრძნობა. მიხვდა, რომ ეს ქალი ადვილი დასაპყრობი არ იქნებოდა. ლუი ნაპოლეონი ევგენიას წერილს წერილზე სწერდა, უჩიოდა მარტოსულობას, ქვეყნის მარტოხელა მმართველის ბედს. ევგენიას პასუხებში ისეთი მახვილგონიერება გამოსჭვიოდა, რომ ლუი კიდევ უფრო იხიბლებოდა, მომავალ ბედნიერებაზე ოცნებობდა... ის კი არ იცოდა, რომ ევგენიას წერილებს დედამისის ძველი მეგობარი, მწერალი პროსპერ მერიმე აწერინებდა.

ამასობაში საფრანგეთში პოლიტიკური მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა. 1851 წლის დეკემბერში ლუი ნაპოლეონმა ჯარის საშუალებით გადატრიალება მოახდინა და წარმომადგენლობითი კრება დაითხოვა, რასაც მოჰყვა სამხედრო დაპირისპირება პარიზის ქუჩებში. ნაპოლეონის მომხრეებმა მოახერხეს აჯანყებულთა დამარცხება. მომდევნო 1852 წელს საფრანგეთის პრეზიდენტმა თავი იმპერატორად გამოაცხადა – ნაპოლეონ III-ის სახელით. აქტიური პოლიტიკური პროცესების ჩაწყნარების შემდეგ ახალმა იმპერატორმა პირადი ცხოვრებისათვისაც მოიცალა. 1853 წლის 8 იანვარს ნაპოლეონმა საბოლოოდ გადაწყვიტა, ევგენია მონტიხოსთვის შეეთავაზებინა გული და ხელი. რამდენიმე დღეში სასახლეში შეიკრიბნენ სენატორები, მინისტრები, სახელმწიფო საბჭოს წევრები. შუადღისას მათთან შესახვედრად გენერლის მუნდირიანი დაბალი, დაბრეცილფეხებიანი, მოუხეშავი მამაკაცი გამოვიდა. შეკრებილებს თავდაკვრით მიესალმა, ნელ-ნელა ავიდა მარმარილოს კიბეზე და სამეფო ტახტზე დაჯდა. იმპერატორ ნაპოლეონ III-ს ხელში ქაღალდის ფურცელი ეჭირა. კითხვა ხმადაბლა დაიწყო (ასე აღწერს ამ სცენას ფრანგი ისტორიკოსი ოქტავ ობრი). "ქალბატონი, რომელიც მე ავირჩიე, კეთილშობილი ოჯახიდანაა, კათოლიკე, ისიც ისევე ლოცულობს საფრანგეთისთვის, როგორც მე. მე უპირატესობა მივანიჭე ქალს, რომელიც მიყვარს და ვაფასებ, ჩემთვის ოჯახური ბედნიერება მეტს ნიშნავს, ვიდრე წარმომავლობა". ნაპოლეონს, რა თქმა უნდა, კრინტიც არ დაუძრავს იმაზე, მანამდე როგორ ცდილობდა დანათესავებოდა ევროპის რომელიმე მონარქის ოჯახს.

მინისტრებიც კი აღშფოთდნენ, როცა შეიტყვეს ნაპოლეონის რჩეულის ვინაობა. ნაპოლეონის დაუძინებელმა მტერმა, პოლიტიკურმა მოღვაწემ და ისტორიკოსმა ლუი ადოლფ ტიერმა იანგლა - წინდახედული კაცია, თუ ჩამოაგდებენ, ქორწინების წყალობით ესპანელი გრანდი მაინც იქნებაო.

1853 წლის 13 იანვარს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში პარიზის არქიეპისკოპოსმა ევგენიასა და ლუის ჯვარი დასწერა.

პარიზელები აღფრთოვანებით მიეგებნენ თეთრი ატლასის საქორწინო კაბაში გამოწყობილ დედოფალს, რომელმაც უცებ მოიგო პარიზელების გული. როცა ევგენიამ შეიტყო, რომ პარიზის მერია მისთვის 600 ათას ფრანკიანი ყელსაბამის ყიდვას აპირებდა, განაცხადა, - გაცილებით გამაბედნიერებთ, თუ ამ თანხას ქველმოქმედებისთვის დახარჯავთ, არ მსურს, საქორწინო საჩუქარი ტვირთად დააწვეს ქვეყანას, რომელიც ახლა ჩემი ქვეყანაც გახდაო.

გარეგნული სიამტკბილობის მიუხედავად, წყვილი ძალიან განსხვავებული იყო როგორც შეხედულებებით, ასევე წარმოშობითა და ასაკით. ლუი ცოლზე თითქმის 20 წლით უფროსი გახლდათ. ევგენიამ ძალიან კარგად იცოდა, როგორ უნდა დაეჭირა თავი ქმართანაც და სხვებთანაც. როცა ლუი ოთახში შემოდიოდა, კრძალვით დგებოდა ფეხზე, თუნდაც ოთახში მათ გარდა არავინ ყოფილიყო.

საფრანგეთის ოთხი ნაპოლეონი: ნაპოლეონ I, მისი ვაჟი ნაპოლეონი, პრეზიდენტი და შემდეგ იმპერატორი ლუი ნაპოლეონ III და ამ უკანასკნელის ვაჟი ნაპოლეონი

თანდათანობით ევგენიამ მდგომარეობა გაიმყარა. ქმრის ავანტიურიზმი მისთვის უცხო აღარ იყო. სტენდალი წერდა, - ნაპოლეონ III-ის დროს სასახლის კარზე მოწყენილობა სუფევდა, მაგრამ ევგენია მონტიხომ ყველაფერი გამოაცოცხლა, სახალისო გახადაო.

დედოფალი ეტიკეტს არ დაგიდევთ - სამეფო კარზე რეპუტაციაშელახულ ლამაზ მომღერლებსაც შეხვდებოდით და ასტროლოგებსაც. ნაპოლეონი ბერდებოდა, სცენაზე ნელ-ნელა მისი მეუღლე გამოდიოდა. ქმარს საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა, დედოფალს მონდომებით ასწავლიდა ქვეყნის მართვას და ევგენიაც, ნიჭიერი მოსწავლე, უკვე "რკინის მილედი" გახდა. სასიყვარულო თავგადასავლებს მშვენივრად უთავსებდა პოლიტიკურ ავანტიურებს.

1859 წლიდან დედოფალი მინისტრთა კაბინეტის თითქმის ყველა სხდომას ესწრებოდა. სწორედ მას მიაწერენ საფრანგეთის სასწრაფოდ გამოყვანას ავსტრიასთან ომიდან ჩრდილოეთი იტალიის მიწებისთვის. გერმანია ავსტრიის დასახმარებლად ჯარს აგროვებდა. დედოფალმა ნაპოლეონი დაარწმუნა, რომ ომი საფრანგეთის სასიკეთოდ არ დამთავრდებოდა და ნაპოლეონმაც ფრანც-იოსებთან ზავი დადო.

საფრანგეთი თავისი დიდების მწვერვალზე იდგა, მისი იმპერატორის თანხმობის გარეშე ევროპაში ვერც ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა ვერ მოხდებოდა. მსოფლიოს ბედი პარიზში წყდებოდა და უმეტესწილად გადაწყვეტილებას სწორედ დედოფალი იღებდა.

ნაპოლეონ III-ის მმართველობის ბოლო წლებში დედოფალს მძიმე წინათგრძნობა უღრღნიდა გულს. "ჩემი სიცოცხლე დასასრულისკენ მიდის, მაგრამ მე ჩემს ვაჟიშვილში აღვდგები", - წერდა 1869 წელს. ევგენიამ არ იცოდა, რომ მეორე იმპერიის დაცემის მოწმე გახდებოდა და ქვეყნიდან გაქცევა მოუწევდა. არც ის იცოდა, რომ კიდევ ნახევარ საუკუნეს დევნილობაში გაატარებდა და შვილის სიკვდილის შემდეგ კიდევ 40 წელიწადს იცოცხლებდა.

1870 წელს მნიშვნელოვნად დაიძაბა საფრანგეთსა და პრუსიას შორის ურთიერთობა. იმავდროულად, საკუთრივ საფრანგეთში თანდათან მატულობდა უკმაყოფილება იმპერატორის მიმართ. ერთ-ერთი პირველი ნაპოლეონ III-ის გარემოცვაში სწორედ ევგენია იყო, რომელმაც განაცხადა, იმპერიას მხოლოდ ომი გადაარჩენსო და იმპერატორი პრუსიასთან ომზე დაითანხმა, რათა როგორც ამბობდა, თავიდან აეცილებინათ რევოლუცია. ომის საბაბად კი ესპანეთის ტახტის მემკვიდრეობის საკითხი იქცა. ვაკანტურ ტახტზე პრეტენზიას აცხადებდა პრუსიის მეფის ვილჰელმ I-ის ნათესავი. ეს კი საფრანგეთის ინტერესების შებღალვა იქნებოდა. ნაპოლეონ III-მ დიპლომატიური არხებით მიაღწია დაერწმუნებინა ვილჰელმ I უარი ეთქვა ესპანეთის ტახტისათვის ბრძოლაში ჩაბმაზე, მაგრამ ბოლო მომენტში საფრანგეთ-პრუსიის დაპირისპირება კარგად გამოიყენა პრუსიის კანცლერმა ბისმარკმა და ფალსიფიცირებული, საფრანგეთისათვის შეურაცხმყოფელი წერილის საშუალებით აიძულა ნაპოლეონ III ომი დაეწყო პრუსიასთან.

ნაპოლეონ III და ბისმარკი "სედანის კატასტროფის" შემდეგ

1870 წლის აგვისტოში დაწყებული საომარი მოქმედებები მალე დასრულდა საფრანგეთის სამარცხვინო მარცხით. 1-ელ სექტემბერს სედანის მიდამოებში იმპერატორი ნაპოლეონ III თავის არმიასთან ერთად ტყვედ ჩავარდა. ეს იყო საფრანგეთის არმიის გაუგონარი ტრაგედია, რომელიც ისტორიაში შევიდა "სედანის კატასტროფის" სახელით. საფრანგეთის მეორე იმპერიამ არსებობა პრუსიასთან საომარი კრახის შემდეგ დაასრულა. შეურაცხყოფილმა ფრანგებმა იმპერატორს ტახტზე უარის თქმა მოსთხოვეს. ნაპოლეონ III ამბოხებულ პარიზში აღარ დაბრუნებულა, სამაგიეროდ, ევგენიას დაატყდა ფრანგების რისხვა.

"საფრანგეთის ისტორია მეორდება, მაგრამ ხომ არ დაველოდები, ვიდრე თავს მომკვეთენ", - თქვა დედოფალმა გაქცევის წინ.

სასახლიდან ევგენია დაქირავებული ეტლით გაიქცა, ჯიბეში ერთი ეკიუც არ ედო... სიცოცხლის დარჩენილი დღეები სიღარიბეში გაატარა.

1873 წელს ნაპოლეონი დიდ ბრიტანეთში გარდაიცვალა. ექვსი წლის შემდეგ ნაპოლეონისა და ევგენია მონტიხოს ერთადერთი ვაჟი ლუი აფრიკაში, ზულუსებთან ბრძოლაში დაიღუპა. ევგენიას კი იმედი ჰქონდა, საფრანგეთი გონს მოვა და ქვეყნის მმართველად ჩემს ვაჟს მიიწვევსო.

პირველი მსოფლიო ომის დამთავრების დღეს, როცა დედოფალყოფილმა გერმანიის დამარცხების ამბავი შეიტყო, კმაყოფილებით თქვა, - "მადლობას ვწირავ ღმერთს, რომ ამ დღეს მოვესწარი! ახლა შემიძლია თავაწეული მოვკვდე, საფრანგეთი ვეღარაფერში დამადანაშაულებს".

მოამზადა ნანა ანტონოვა-ილურიძემ

ჟურნალი "ისტორიანი".#3