ყველაზე ძველი ბანკი მსოფლიოში - კვირის პალიტრა

ყველაზე ძველი ბანკი მსოფლიოში

ეს იტალიური ბანკი ყველაზე ძველია იმ ბანკებს შორის, რომლებიც დღესაც მოქმედებენ. Monte dei Paschi di Siena 1472 წელს დააარსეს ქალაქ-სახელმწიფო სიენის მესვეურებმა. სიენის რესპუბლიკის გენერალურმა საბჭომ ფინანსური ინსტიტუტი იმ მიზნით შექმნა, რომ ყველაზე ხელმოკლე მოქალაქეებს დაბალპროცენტიანი სესხებით ესარგებლათ.

ბანკის ისტორია იწყება "მონტე დი პიეტადან", რომელიც სიენის რესპუბლიკის გენერალურმა საბჭოს ბრძანებით, 1472 წლის 4 მარტს დაფუძნდა. ეს გახლდათ Monte di piet-ს (ითარგმნება როგორც ღვთისმოსაობის, ღვთისმოშიშობის მთა) ფილიალი სიენაში.

"მონტე დი პიეტა" იყო საქველმოქმედო ინსტიტუტი, რომელიც სესხებსაც გასცემდა. ის აღორძინების ეპოქაში, 1462 წელს დააარსა იტალიელმა ბერმა ბარნაბა ტერნელმა. შემდგომში ინსტიტუტის ფილიალები გაიხსნა მთელ ევროპაში, აგრეთვე სხვა კათოლიკურ ქვეყნებშიც. მაგალითად, მექსიკური ფილიალი დღესაც მოქმედია, ის არასამთავრობო ორგანიზაციაა და ლომბარდითაც გასცემს სესხებს.

სიენის "მონტე დი პიეტას" საქმიანობას მოგვიანებით საფუძვლად დაედო 1419 წლის დოკუმენტი - დეი პასკის სტატუტი (Statuto dei Paschi). ეს არის კანონი, რომელიც არეგულირებდა მთელ აგროკულტურასა და მეცხოველეობას მარემას რეგიონში, ტოსკანის პროვინციაში. დეი პასკის სტატუტმა დღევანდელი სახე 1624 წელს მიიღო, როცა ქალაქი სიენა ტოსკანის საჰერცოგოს ნაწილი გახდა. დიდმა ჰერცოგმა ფერდინანდ II-მ სიენის "მონტე დი პიეტის" დეპოზიტარებს გარანტიით გადასცა შემოსავალი მარემას რეგიონის სახელმწიფოს კუთვნილი საძოვრებიდან, ეგრეთ წოდებული "პასკი" (Paschi). ეს ტერმინი ბანკის სახელშიც აისახა

ხელოვნების ნიმუშები და ისტორიული დოკუმენტები პალაცო სალიმბენიში

XVII-XVIII საუკუნეებში "მონტე დეი პასკი დი სიენას" მდგომარეობა გამყარდა, გაფართოვდა მისი საქმიანობა. იტალიის გაერთიანების შემდეგ ბანკმა ოპერაციები მთელ აპინინის ნახევარკუნძულზე განავრცო. 1995 წელს "მონტე დეი პასკი დი სიენა" სახელმწიფო კორპორაციად გარდაიქმნა და დღეს იტალიაში სიდიდით მეოთხე ბანკია. შექმნილია ფონდიც, რომელიც უძველესი ბანკის საქველმოქმედო საქმიანობას განაგრძობს. შტაბბინაში, პალაცო სალიმბენიში თავმოყრილია ბანკის კუთვნილი ხელოვნების ნიმუშები და ფასდაუდებელი ისტორიული დოკუმენტები.

აღსანიშნავია, რომ "მონტე დეი პასკი დი სიენას" უძველესი ბანკის წოდებაში ედავება გერმანული "ბერენბერგ ბანკი". ის 1590 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ უწყვეტად მოქმედებს საორგანიზაციო გარდაქმნების გარეშე. სპეციალისტების ნაწილი ამბობს, რომ იტალიური ბანკი თანამედროვე სახით 1624 წლის რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა და თავის ისტორიას 1472 წლიდან არ უნდა ითვლიდეს. თუმცა, თუ საბანკო საქმიანობის ხანგრძლივობას ავითვლით, იურიდიული გარდაქმნების გარეშე, მაშინ იტალიური ბანკი უდავოდ პირველია.

რამაზ გურგენიძე ჟურნალი "ისტორიანი".#121