როგორ იცვამდა მეფე ლაშა-გიორგი - კვირის პალიტრა

როგორ იცვამდა მეფე ლაშა-გიორგი

XII-XIII საუკუნეების საქართველოს უმაღლეს საერო არისტოკრატიულ წრეებში დამკვიდრებული სამოსის შესახებ ნათელ წარმოდგენას გვიქმნის საქართველოსა და სომხეთში არცთუ მცირედ შემორჩენილი ვიზუალური მასალა - ფრესკები, ბარელიეფები, მინიატურები. ამჯერად ჩვენი ყურადღების საგანი ამ პერიოდის მამაკაცის სამოსი იქნება.

სამეფო სამოსთან დაკავშირებით, XIII საუკუნის პირველ ნახევარში ერთი საინტერესო ტენდენცია იკვეთება. რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ქართული სამოხელეო შესამოსელი (ქუდის გარდა) ძალიან ემსგავსება მეფის ტანსაცმელს. უფრო სწორად, სამეფო სამოსი ხდება სამოხელეოს დარი, მსუბუქად სატარებელი და ნაკლებად პომპეზური. თუ ადრეულ პერიოდში ქართველი მეფეები (ბაგრატ III, გიორგი III, დავით IV, დემეტრე I) ძირითადად მძიმე ქსოვილებით შეკერილ, ძვირფასი თვლებით უხვად დატვირთულ ბისონებს ატარებდნენ, იმავეს ლაშა-გიორგის ფრესკებზე ვერ ვხედავთ. თუმცა ეს მოვლენა ჩვენი აზრით, შემდეგი გარემოებით არის განპირობებული: დღემდე ლაშა-გიორგის სამმა ფრესკამ მოაღწია, ესენია - ყინწვისის, ბერთუბნისა და ბეთანიის. ამ უკანასკნელში ლაშა, ქტიტორთა რიგის ბოლოში, ბაბუისა და დედის გვერდით დგას. მისი სამოსი, გვირგვინის ჩათვლით, მეფეთმეფე თამარის პომპეზურ და მდიდრულ აღკაზმულობასთან შედარებით ძალიან სადაა. ლაშას თავსაბურავიც იმდენად მოკრძალებული ახურავს, რომ მას ხელმწიფის გვირგვინს ვერ ვუწოდებთ, ამიტომ ჩნდება აზრი, რომ ლაშა უფრო საუფლისწულო სამოსშია წარმოდგენილი და შესაბამისი (ბატონიშვილისთვის განკუთვნილი) თავსადგამი ახურავს. ლოგიკურია, რომ შუა საუკუნეების საქართველოში, ისევე როგორც ევროპაში, არსებობდა უფლისწულის ინსტიტუტი სათანადო ატრიბუტიკითა და ტანსაცმლით. სწორედ ამიტომაა, რომ ლაშას ტანზე ვერსად ვხედავთ მძიმე ქსოვილებით შეკერილ, თვლებით შემკულ ბისონებსა და ოლარებს. მხატვარი მას ფრესკებზე ხატავდა როგორც უფლისწულსა და თანამმართველს და არა სამეფო სამოსში აღკაზმულ ხელმწიფეს.

ლაშა-გიორგის სამოსის ჩანახატი ბეთანიის ფრესკიდან

განსაკუთრებით საყურადღებოა ლაშა-გიორგის საუფლისწულო სამოსი ბერთუბნისა და ყინწვისის ფრესკებზე. ბერთუბანში ლაშას ძალიან ელეგანტური კაბა აცვია, კოსტიუმზე გადმოცემული ნატიფი, საუცხოოდ შესრულებული ორნამენტები, მათი ფერში გამოსახვის წესი ქართულია და მისი ანალოგიები სხვაგან არსად ჩანს. გამორიცხული არ არის, რომ სამოსის ეს ფორმა, სტილი და მოქარგვის მანერა უშუალოდ მეფისთვის საგანგებოდ შეიქმნა. ამას გვაფიქრებინებს ლაშას გვირგვინის, მისი სამოსისა და სამკლავურის ორნამენტირების განსაკუთრებული მსგავსება.

თამარის ვაჟის სამოსი დაბეწვილია, უკანა მხრიდან წვრილნაკეცაა (დაპლისულია), ხოლო წინიდან მართკუთხად ამოჭრილი. ლაშა-გიორგის კოსტიუმისთვის საგანგებო ყურადღება მიუქცევია ივანე ჯავახიშვილსაც. იგი წერს: "მეფეთა ტანისამოსში ყველაზე უფრო საყურადღებოა ლაშა-გიორგის ტანისამოსი (ბერთუბანი), რა ტანისამოსი უნდა იყოს, ან რა სახელი უნდა ერქვას მას, ამის თქმა ძალიან ძნელია. ეს თითქოს კაბა ან კაბაჩა უნდა იყოს. უფრო საფიქრებელია, კაბაჩა უნდა იყოს, რომელიც მარტო მეფის ტანისამოსი არ იყო. ეს ტანისამოსი წინ იკვრება. დამახასიათებელია ორკავიანი გადასაკეცი და უცნაური ამოჭრილი".

ზუსტად იგივენაირი კაბაჩა ლაშა-გიორგის ყინწვისის ფრესკაზე აცვია, ოღონდ ამ შემთხვევაში განსხვავებულია სამოსის ფერი და მას მთელ გაყოლებაზე ნაქარგობა არ ახლავს, თუმცა იდენტური ფორმაა და მართკუთხედად შეჭრილია კაბის მარჯვენა კალთა. როგორც ჩანს, ამ ელეგანტური სამოსის ტარების უფლება თამარისა და ლაშა-გიორგის დროს სამეფო ოჯახის წევრებს ან ხელმწიფის კართან ფრიად დაახლოებულ უმაღლესი რანგის ფეოდალებს ჰქონდათ (ამიტომაც სამართლიანად შენიშნავს აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი: "მარტო მეფის ტანისამოსი არ იყო").

ლაშა-გიორგი ბერთუბნის ფრესკაზე

ამ მოსაზრებამდე მიგვიყვანა ერთმა ბარელიეფმა, რომელიც სომხეთში ჰარიჭის სახელგანთქმულ ტაძარშია შემორჩენილი (ფოტოს მოწოდებისთვის მადლობას მოვახსენებთ ისტორიკოს ვლადიმერ კეკელიას). ამ არქიტექტურული კომპლექსის მშვენებაა ღვთისმშობლის (სურბ ასტვაწაწინის) ეკლესია, რომელიც 1201 წელს ივანე და ზაქარია მხარგრძელებმა ააშენეს. ტაძრის ქტიტორები გამოსახული არიან ეკლესიის აღმოსავლეთი ფასადის ბარელიეფზე.

მკითხველისთვის გასაგები რომ იყოს გამოსახულ პირთა ვინაობა, მნიშვნელობა და როლი საქართველოს სამეფო კარზე, მოკლედ წარმოვადგენთ მათ ბიოგრაფიას: ამირსპასალარი ზაქარია II მხარგრძელი 1206 წლიდან გარდაცვალებამდე საქართველოს მანდატურთუხუცესი იყო, თამარ მეფემ მას "მჯდომსა სომეხთა მეფის ადგილსა" შაჰინშაჰის ტიტულიც გადასცა. იყო დიდი მემამულე, ფლობდა ქვემო ქართლის მიწების ნაწილს, საქართველოს სამეფოსთვის შემოერთებულ სომხურ თემებს, ქალაქებს რუსთავსა და ანისს. მისი ძმა ივანე მსახურთუხუცესის (1191-1205), ათაბაგის (1212-1227) და ასევე ამირსპასალარის (1212-1227) სახელოებს ფლობდა. მას XII საუკუნის ბოლო ათწლეულიდან XIII საუკუნის 20-იანი წლების დასასრულამდე ყველა უმაღლესი თანამდებობა ეპყრა საქართველოს სამეფო კარზე.

მხარგრძელების ბარელიეფი ჰარიჭის მონასტერში

ამდენად, ჰარიჭის ტაძრის ბარელიეფზე გამოსახულ ძმებ მხარგრძელებს ლაშა-გიორგის საუფლისწულო სამოსის მსგავსი კაბაჩა რომ აცვიათ, შემთხვევითი არ უნდა იყოს. მხარგრძელები ხომ თავიანთი ძალაუფლებითა და გავლენით იმდროინდელი საქართველოს ერისთავებსა და ერისთავთ-ერისთავებზე მაღლა იდგნენ. თუმცა იმავე ჰარიჭის ეკლესიის ბარელიეფი და მხარგრძელთა შემოსვის წესი ცალსახად გვიჩვენებს იმ იერარქიულ ზღვარს, რომელიც სამეფო ხელისუფლების უმაღლეს პირებსა და მათ ქვეშევრდომებს შორის არსებობდა. ხსენებულ ბარელიეფზე (ისევე როგორც ქობერის ეკლესიის ფრესკაზე) მხარგრძელების თავსაბურავი ქართველი ერისთავების, რატი სურამელისა და შერგილ დადიანის ქუდების იდენტურია, ხოლო ტანზე შესამოსელი საუფლისწულო კაბაჩის მსგავსია და არა სამეფო ბისონისა.

დასასრულ, ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ერთ საინტერესო დეტალზე: ჰარიჭის შესანიშნავად შემონახულ ბარელიეფზე კარგად ჩანს მხარგრძელთა ვარცხნილობაც. ამ პერიოდის თმის დაყენების წესზე აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავს: "XI, XII და XIII საუკუნეებში თმა საკმაოდ გრძლად ჰქონიათ ჩამოშვებული. კულულები ყველას აქვს. ყველას კოწოლად დაყრილი თმა აქვს". მხარგრძელების თმაც სწორედ ასე გამოიყურება, მათი გრძელი კულულები მხრებზეა ჩამოშვებული, ზუსტად ასეთივე ვარცხნილობა აქვს ლაშა-გიორგის ბეთანიაში. თმის ასე დაყენების ტრადიციის დასაწყისს კი ზემო კრიხში ვაჩიანების XI საუკუნის ფრესკაზე ვხედავთ (1140 წლის ფრესკაზე, გვირგვინის ორივე მხარეს, დემეტრე I-საც გრძელი კულულები მოუჩანს).

ჰარიჭის მონასტერი

ამდენად, ჰარიჭის ბარელიეფი კიდევ ერთი კარგი ილუსტრაციაა, რომ ქურთული წარმომავლობის მხარგრძელები XII საუკუნის ბოლოდან გაქართველებული იყვნენ არა მარტო გვარით (მხარგრძელი), ენით, დამწერლობით და სარწმუნოებით, არამედ ყოფითი კულტურითაც.

გიორგი კალანდია

პროფესორი, საქართველოს ხელოვნების სასახლის - კულტურის ისტორიის მუზეუმის გენერალური დირექტორი ჟურნალი "ისტორიანი".#121