თურქეთის ქართველები და ეროვნული თვითაღქმის პრობლემა - კვირის პალიტრა

თურქეთის ქართველები და ეროვნული თვითაღქმის პრობლემა

ჟურნალ "ისტორიანის" 91-ე ნომერში შემოგთავაზეთ წერილი ლაზებზე, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ თურქეთის ქართველები არიან ასევე შავშები, ტაოელები, კლარჯები და აჭარლები (ამ უკანასკნელში ვგულისხმობ მაჭახელას ხეობის თურქულ ნაწილსა და 100-140 წლის წინ თურქეთში მუჰაჯირად წასულებს). მართალია, დანარჩენი ქართველები, ლაზებისგან განსხვავებით, თავს ქართველად მიიჩნევენ, მაგრამ მათ ეროვნულ თვითაღქმაშიც არაერთი პრობლემაა.

პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ახალგაზრდების უმეტესობამ ქართული ცუდად ან საერთოდ არ იცის, რადგანაც დიდ ქალაქებში არიან გაზრდილი. უფროსი თაობა კი შესანიშნავად მეტყველებს აჭარულ, კლარჯულ, ტაოურ და შავშურ დიალექტებზე, თუმცა ლიტერატურული ქართული არც მათ იციან. უფრო მეტიც, შავშეთსა და ტაოში ზოგმა არც ქართული ანბანის არსებობის შესახებ იცის და არც ის, რომ საქართველო, მათებურად "გურჯისტანი", რუსეთის ნაწილი აღარ არის. რა თქმა უნდა, არც ლაზების ქართული ფესვების შესახებ იციან. მართალია, თამარ მეფეზე სმენიათ, ზოგმა ისიც იცის, რომ ძველი ხიდები და ეკლესიები მისი აშენებულია, თუმცა საქართველოს ისტორიაზე და მათ შორის თამარის პერიოდზეც მაინც ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ. უფრო მეტიც, ჰგონიათ რომ ქართველობა თამარ მეფის დროს, მუჰამედ წინასწარმეტყველის ბიძაშვილ ჰეზრეთი ალის წინამძღოლობით გამუსლიმანდა. ჩვენებურთა ნაწილი ასევე ფიქრობს, რომ 500 წლის წინათ ბათუმიდან არიან მოსული და რომ ძველი ეკლესიები სულ სხვა ხალხმა ააშენა, რომელიც 500 წლის წინ ცხოვრობდა. სამწუხარო ისიც არის, რომ არ იციან ძველი ნაგებობების დანიშნულება და დაუზარებლად თხრიან მათ ოქროს პოვნის იმედად...

კლარჯეთი. ყადემ გორმიში - გორმუში აკორდით (მუზიყით). მურღულის რაიონის სოფელი ერეგუნა. 2015. თამაზ კრავეიშვილის ფოტოები (გიორგი კრავეიშვილის ექსპედიცია)

რა თქმა უნდა, არც სხვა დარგებზე აქვთ ინფორმაცია, თუმცა ცოტა დეტალურად მუსიკაზე შევჩერდები. ხშირად მე და მამაჩემს (თამაზ კრავეიშვილს) გვთხოვდნენ ქართული სიმღერების მღერას, მაგრამ როცა ვეუბნებოდით, ამას 3-4 კაცი მაინც სჭირდება, სიმღერა რომ სრულყოფილი იყოს, ძალიან უკვირდათ, რადგან ჰგონიათ, რომ ქართულ სიმღერას ერთი კაციც თავისუფლად იმღერებს. პრობლემა ის არის, რომ შავშები, ტაოელები და ნაწილობრივ კლარჯებიც ერთ ხმაზე მღერიან და მათ არამცთუ სამხმიანობა, ორხმიანობაც კი არ გაუგიათ. ამიტომაც მიაჩნიათ, რომ ქართულ სიმღერას ერთი ან ორი კაციც თავისუფლად იმღერებს. მართალია მურღულელი კლარჯების სიმღერები ორხმიანია, მაგრამ მათ ქართულთან საერთო აღარ აქვთ და მათი ორხმიანობა ძალიან ჰგავს ბალკანეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მრავალხმიან კულტურას. ძველი ქართული მრავალხმიანობა ძირითადად აჭარლებმა (უმეტესად მაჭახლელებმა) შეინახეს. ამიტომ ის ჩვენებურები, უმეტესად კლარჯები, რომლებიც მეტ-ნაკლებად იცნობენ ქართულ მუსიკას, ამბობდნენ, თქვენ მაჭახლელებივით მღერითო.

რაც შეეხება თურქულენოვან ქართველებს, ამგვარი სოფლები მრავლადაა საქართველოს მოწყვეტილ ყველა კუთხეში. მათი ნაწილი ქართველობას (ან ლაზობას) არ უარყოფს, მაგრამ ნაწილი თავს ყივჩაღებად ან შუააზიელ თურქებად მიიჩნევს, თუმცა, იქვე აღიარებს, რომ მათმა წინაპრებმა ქართული (ან ლაზური) ენა იცოდნენ. ამ დროს კი სოფლის უბნების, მდინარეებისა თუ ყანების სახელების დიდი ნაწილი დღემდე ქართულია...

ლარჯეთი. ცოლ-ქმარი რეფიე ბაიდინი (ეზაღაშვილი) და ექრემ ერგუნი. მურღულის რაიონის სოფელი დურჩა. 2015

დავუბრუნდეთ ქართულენოვან მოსახლეობას. მართალია, თურქეთის არაერთ დიდ ქალაქში მოქმედებს ქართული ენისა და კულტურის კერები, მეტიც, ორ დიდ უნივერსიტეტში ცალკე სპეციალობადაც ისწავლება ქართული ენა, მაგრამ ეს მაინც არასაკმარისია, მით უფრო, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მათ საერთოდ არ ეხმარება. თვით თურქეთის ქართველების აღნიშვნით, წლების წინ იგზავნებოდა სიმღერის, ცეკვის, ქართული ენისა და კულინარიის მასწავლებლები.

ეს კი აუცილებელი, თუმცა არასაკმარისი იყო, რადგან სტამბოლის გარდა ნებისმიერი რაიონის კულტურულ საზოგადოებაში მუშაობამდე აუცილებელია იმ რაიონის ყოფისა და კულტურის გაცნობა, რათა ადგილობრივ ტრადიციებზე დაყრდნობით შესწავლილიყო ზოგადქართული კულტურა. ამით იმის თქმა მსურს, რომ საჭიროა ამ პრობლემას სათანადო ყურადღება მიექცეს. საჭიროა განახლდეს სამეცნიერო ექსპედიციები. სათარგმნელი და ფართოდ გასავრცელებელია საქართველოს ისტორიასა და კულტურასთან დაკავშირებული სამეცნიერო წიგნები და კომპაქტდისკები, ისტორიული და მხატვრული ნაწარმოებები თურქულ ენაზე.

თურქეთში არა მარტო ზოგადქართული კულტურის ცოდნის, არამედ თავად ადგილობრივი კულტურის შენარჩუნების პრობლემაა, რადგან ახალგაზრდა თაობის დიდმა ნაწილმა ქართული ენაც კი არ იცის. ამგვარად, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები (განათლების, მეცნიერების, კულტურის, საგარეო საქმეთა სამინისტროები და ფოლკლორის ცენტრი) ვალდებული არიან, იზრუნონ თურქეთში და არა მარტო თურქეთში მცხოვრებ ნებისმიერ ქართველზე, მით უმეტეს, თურქეთის აქტიური ქართველებიც პირდაპირ გვეუბნებიან, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება არ მოგვეხმარა, დიდ საქმეებს მხოლოდ ჩვენი ძალებით ვერ მოვერევითო. წლების წინ თურქეთის ქართველების ინიციატივით შედგა ოფიციალური შეთანხმება თურქეთის განათლების სამინისტროსთან, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი სკოლის V-VII კლასებში თუ შეიკრიბებოდა მინიმუმ 10 მოსწავლე, დირექცია ვალდებული იყო, მოეწვია ქართული ენის მასწავლებელი. ამის მიუხედავად, მხოლოდ საქარიას პროვინცია ნურუოსმანიესა (მუჰაჯირი მარადიდელების სოფელი) და ქალაქ მურღულის სკოლაში მოხერხდა ქართული ენის შემსწავლელი ჯგუფების გახსნა. თანაც მურღულის სკოლაში იმიტომ, რომ თქვენი მონა-მორჩილი დაჟინებით გავიძახოდი ქართული ენის შესწავლის შესაძლებლობაზე, თორემ არც მურღულსა და არც სხვა ადგილებში მოსახლეობამ ამის შესახებ არაფერი იცოდა. როდესაც დიასპორის სამინისტროში ეს ვთქვი, პასუხი გამაოგნებელი იყო - ართვინის გუბერნატორი ხომ გავაფრთხილეთ და მეტი რა გვექნა, სოფელ-სოფელ ჩვენ ხომ არ ვივლიდითო!

ტაო. იუსუფელის რაიონის სოფელი ბალხი. შეფიყე შირინოღლი. 2014

დანაშაულია, თურქეთის ენთუზიასტ და მცოდნე ქართველებზე რომ აღარაფერი ვთქვათ (აბდულაჰ ზორლუ/არჩილ ზოიძე, ერდოღან შენოლ/ერეკლე დავითაძე, ფევზი ჩელები/ჩელებაძე, ბაიარ შაჰინ/გუნდარიძე და სხვები), გყავდეს არაერთი მეცნიერი, განსაკუთრებით კი ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის მეცნიერები (მამია ფაღავა, მალხაზ ჩოხარაძე, ზაზა შაშიკაძე და სხვები), რომლებიც ქართულენოვანთან ერთად თურქულენოვან ქართველებთანაც მუშაობენ და მათ ხელისუფლება რჩევას არ ეკითხებოდეს, ასევე დანაშაულია ლაზეთის კუთხით გყავდეს თურქოლოგი და ტრაპიზონში საქართველოს კონსული (1993-2004) წათე ბაწაში და არც მასთან თანამშრომლობდე საქართველოს სასიკეთოდ. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ არ აძლევდე მოქალაქეობას თურქეთის არაერთ გულანთებულ ქართველს! არადა, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფალთა უყურადღებობის გამო თურქეთში ქართული კულტურის რამდენიმე კერამ არსებობა უკვე შეწყვიტა და ჩვენებურების დიდი ნაწილიც გულგატეხილია.

კიდევ ერთი პრობლემა მარადიდში საზღვრის გახსნაა. "ისტორიანის" მკითხველმა ალბათ იცის, რომ 1920-იან წლებში საბჭოთა რუსეთისა და ქემალისტური ოსმალეთის შეთანხმების შედეგად საქართველოს კიდევ ერთხელ მოწყდა მისი ისტორიული სამხრეთი პროვინციების დიდი ნაწილი. ამავე ხელშეკრულებით, ორად გაიყო მაჭახლის ხეობა, ლაზური სოფელი სარფი და აჭარული სოფელი მარადიდი, თუმცა 1937 წლამდე სპეციალური საშვებით ადგილობრივი მიმოსვლა გრძელდებოდა. 1988 წელს კი საზღვარი მხოლოდ სარფში გაიხსნა. როცა 2015 წელს მე მამასთან ერთად ექსპედიციით კლარჯეთში ვიყავი, გადავწყვიტეთ, ერთი დღე ბორჩხის რაიონის სოფელ მარადიდში (რომელსაც მურათლი ჰქვია) გაგვეტარებინა. ჩვენი მიზანი იყო მარადიდში, ისევე როგორც სხვაგან, ძველი სიმღერებისა და დასაკრავების ჩაწერა, თუმცა მოსახლეობა უფრო მეტად საზღვარზე გველაპარაკებოდა. კლარჯეთის ექსპედიციის დასრულების შემდეგ კი საქართველოს მარადიდს ვეწვიეთ და აქაც გამოთქვეს საზღვრის გახსნისა და ნათესავების გაცნობის მზადყოფნა.

ახლანდელი მურათლის ხედი მარადიდის მხრიდან (სოფელი მარადიდი ორ ნაწილად გაიყო, თურქეთის მხარეს დარჩენილ ზემო მარადიდს მურათლი ეწოდა, ხოლო ქვემო მარადიდს საქართველოს მხარეს - უბრალოდ მარადიდი)

ვინაიდან მარადიდის ერთი ნაწილიდან მეორეში პირდაპირ გადასვლა შეუძლებელია, საჭიროა ხელვაჩაურის, ბათუმის, სარფის, ხოფისა და ბორჩხის გავლა (და პირიქით), რის საშუალებაც საქართველოში დარჩენილი მარადიდლების დიდ ნაწილს არ გააჩნია და შესაბამისად, არ იცნობს გაღმა დარჩენილი ნათესავების უმეტესობას. მარადიდთან საზღვრის გახსნა ეკონომიკურად და კულტურულად სწორედაც რომ საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობის მომტანია, რადგან: ზედა და ქვედა მარადიდლები ერთმანეთს ახლოს გაიცნობენ; თურქეთის მარადიდში ახალგაზრდები ქართულად ვეღარ საუბრობენ და საქართველოსთან კონტაქტის განახლების შემთხვევაში კი დაინტერესდებიან მშობლიური ენით; მარადიდთან ახლოსაა მაჭახლის ხეობა, ასევე კლარჯული და შავშური სოფლების ნაწილი. ამგვარად, მოკლე საზღვრით კლარჯები, მაჭახლელები და შავშებიც ისარგებლებენ, რაც მათ ქართულ სივრცეში ინტეგრაციას ხელს შეუწყობს; მთელი რიგი ტრაილერებისა, რომელიც ართვინის გზით მიდის, სარფში აღარ ჩაიხერგება. როცა ეს საკითხები დავაყენე საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე და ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ქართველები ცხოვრობენ არა მარტო მარადიდში, არამედ მის მიმდებარე სოფლებშიც და ამგვარად საზღვრის გახსნა აუცილებელია, საპასუხოდ აღნიშნეს, რომ ეს სახელმწიფო უშიშროების საკითხიაო. გაუგებარია, რატომ უნდა იყოს მარადიდის საზღვრის გახსნა სახელმწიფო უშიშროების საკითხი, როდესაც საზღვრის ორივე მხარეს გულანთებული ქართველები ცხოვრობენ.

გიორგი კრავეიშვილი

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი - ეთნომუსიკოლოგი. ა(ა)იპ ფონდ "ჰეიამოს" თანადამაარსებელი და დირექტორი ჟურნალი "ისტორიანი".#121