აუგუსტ ზეზემანი და ტანას ხეობა - კვირის პალიტრა

აუგუსტ ზეზემანი და ტანას ხეობა

საქართველოში ფინელი მრეწველის, აუგუსტ იაგორის ძე ზეზემანის საქმიანობა კარგად არის ცნობილი. იგი XIX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ჩამოვიდა და ქართველი მეწარმის, გიორგი ქართველიშვილის კომპანიონი გახდა ხეტყის წარმოებაში. ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანისა და ზაქარია ერისთავისგან (1862-1914) ზეზემანმა 50-წლიანი იჯარით აიღო ატენის ხეობის ტყის მასივები, რომლის საერთო ფართობი 12 ათას დესეტინას უდრიდა (13 080 ჰექტარი).

1885 წელს, სოფელ ხიდისთავის დასავლეთით, თავად დავით ერისთავის (1847-1890) მამულში, გორისა და ხიდისთავის გასაყარზე, ზეზემანმა მოაწყო რკინიგზის შპალების გასაჟღენთი ქარხანა, რომელიც სახაზინო პალატამ 70.900 მანეთად შეაფასა.

ქარხანა ერთსართულიანი, ქვისგან ნაგები შენობა იყო, იმ დროის კვალობაზე შთამბეჭდავი პარამეტრებით: 38X11; 5X5,5 მ (თანამედროვე გადაანგარიშებით. - ი. ა.) და ორთქლისა და წყლის ძრავებზე მუშაობდა. წარმოებისთვის შეიძინეს ჰაერსაქშენი მანქანა, ორთქლის ქვაბები, შპალსაჟღენთი ავზები და სხვ. საწარმოს მფლობელებმა ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოსთან გააფორმეს 20-წლიანი კონტრაქტი შპალის მიწოდებაზე.

"სარგებელი მუშა ხალხისთვის"

ხეტყის მოსაზიდად 20 ვერსის (1 ვერსი უდრის 1,06 კილომეტრს) მანძილზე ტანას ხეობაში მდინარის გასწვრივ გაიყვანეს ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა. XX საუკუნის დასაწყისისთვის რკინიგზის საერთო სიგრძემ 34-35 ვერსს მიაღწია. ვაგონების გადასაადგილებლად თავიდან გათვალისწინებული ყოფილა კონკის (ცხენშებმული ვაგონების) მოძრაობა, თუმცა, მან ვერ გაამართლა და მალევე შეიძინეს სამი ორთქლმავალი და 144 ვაგონი. სახელოსნოებს ინფორმაცია ტელეფონით გადაეცემოდა. მუშაობდნენ ყოველდღიურად. მუშა ხალხი "ყველა რჯულისა იყო", მაგრამ უმეტესობას ქართველები შეადგენდნენ.

ატენის ციხე და ზეზემანის ყოფილი რკინიგზის კვალი (1939 წ.)

"ივერიის" კორესპონდენტ ერეკლე რამიშვილის ცნობით, საწარმოებში 1-დან 4 ათასამდე კაცი იყო დასაქმებული, ხოლო მათი ხელფასი 18-დან 300 მანეთამდე მერყეობდა, რაც დღიურად "ოთხი აბაზიდამ ერთ მანეთამდის" გამოდიოდა.

"ამ ქარხნის გამართვამდის იქ ხვნისა, თესვისა და მკის გარდა, დღეში მუშას იშოვნიდი ხუთ შაურიდამ ორ აბაზამდე, დღეს კი თუნდა შუაგულს ზამთარში, ვერ იშოვი მანეთს ნაკლებ ან კი რად დადგება სხვასთან ნაკლებად, როცა ამ ქარხანაში ეძლევათ ამდენი და როცა უნდა, ყოველთვის იმუშავებს, ყოველთვის ალაგიც არის, როცა სურს, თავის შესახვედრს ფულს მიიღებს და სიხარულით დაბრუნდება თავის ცოლ-შვილში", - აღნიშნავდა ერეკლე რამიშვილი.

იგი გაკვირვებას გამოთქვამდა, რომ ამ სასარგებლო წამოწყებას ქვეყანაში სათანადო გამოხმაურება არ მოჰყვა: "აგერ სამი წელიწადი მიდის, რაც გორის მაზრაში ფრიად საყურადღებო და საქებური საქმე დაიწყო, მაგრამ იმას არავინ ჰყავს აღმწერი და ღირსებისამებრ დამფასებელი, თუმცა, ერთხელ განიზრახეს აქ ეს საქმე დაწვრილებით შეესწავლათ და მერე აეწერათ ქართულ მწერლობაში, მაგრამ ეს განზრახვა ვერ შესრულდა ჯერჯერობით ...ამ საქმის გამო ამ ჩვენს საქართველოში ყოველ წლივ მილიონამდის ფული ტრიალებს. ვსთქვათ, რომ ამხანაგობამ თუნდაც სარგებლობა ვერა ჰნახოს, ამ მუშა ხალხს ჩვენს საქართველოსას და სხვა მრავალს მაინც სარგებლობა აქვს და ექნება ასე დიდად, ვრცლად და საფუძვლიანად დაწყებულს საქმისაგან", - აფასებდა ერეკლე რამიშვილი ატენის ხეობაში დაწყებული წარმოების მნიშვნელობას ქვეყნისა და ადგილობრივებისთვის.

საწყის ეტაპზე სახელოსნოებს ზეზემანის მიერ მოწვეული გერმანელი სპეციალისტი კურტ მაიერი ხელმძღვანელობდა, თუმცა, ორთქლის ქვაბების, სახერხი დაზგებისა და სარკინიგზო მოწყობილობების მართვას ადგილობრივებმაც აუღეს ალღო და სამუშაო პროცესშიც ჩაერთნენ. ატენელები გიორგი ჯიოშვილი, ვანო ონიაშვილი და ხინჩაგაშვილი ხის ხერხვას დაეუფლნენ, გ. ყველაშვილმა და მ. ჯებისაშვილმა ორთქლმავლისა და ხის მასალით დატვირთული ვაგონების მართვა ისწავლეს და სხვ.

გორის პედაგოგიური ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებ-ლები და სტუდენტები ლაშქრობაზე ატენის სიონისკენ. უკანა პლანზე გორის შპალ-საჟღენითი ქარხანა (1964 წ.)

თავდაპირველად ადგილობრივები და ახლომდებარე სოფლების მოსახლეობა მართლაც სიხარულითა და აღტაცებით შეხვდნენ ქართველი და ფინელი მრეწველების წამოწყებას, რადგან დასაქმებასა და შემოსავლის გაჩენას უკავშირდებოდა. რკინიგზით მათ ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ მოწეული ხილი და სხვა პროდუქტები ორთქლმავლით გორამდე ჩაეტანათ, ხოლო იქიდან თბილისამდე გადაადგილებაც არ იყო რთული. ზეზემანმა პირველ მუშად ქარხანაში სანდრო თედოს ძე ჭიღლაძე მიიწვია.

სანედლეულე მასალას ატენის ხეობის სოფლებში: ბოშურში, ბობნევში, ორმოცსა და ტურსებში (დღევანდელი ტუსრები) ამზადებდნენ, რომელსაც შარაგზამდე 150 ცხენი და 20 უღელი ხარ-კამეჩი ეზიდებოდა, შემდეგ ხერხავდნენ და გორამდე რკინიგზით ჩამოჰქონდათ. ტერიტორიას, სადაც ზეზემანის ქარხანა იყო მოწყობილი, დღემდე შემორჩა სახელი "ზაოტი" (რუსული Заводь-ის კალკი), ხოლო ერთ-ერთ დასახლებულ უბანს - "ლევიტანა" (Левая Тана, ანუ ტანას მარცხენა ნაპირი).

ტყის ჩეხა, სტიქია და გაფიცვები

ატენ-ხიდისთავის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ტრადიციულად, მევენახეობას მისდევდა, რადგან ადგილობრივი ყურძენი რეგიონში ყველაზე მეტად ფასობდა და მნიშვნელოვანი შემოსავალიც მოჰქონდა. განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო მდინარე ტანას მონაპირე მიწები, რომლებიც ადვილად სარწყავდებოდა, მაგრამ ზეზემანის მიერ ტყის წინდაუხედავმა ჭრამ, ისინი მალევე ჩააგდო გამოუვალ მდგომარეობაში.

ამას ისიც დაერთო, რომ 1886 წელს ატენის ხეობას დიდმა ხანძარმა გადაუარა, რის შედეგად გავრცელდა ქერქიჭამია მწერები, რომელთაც ხეობის წიწვიანი ტყეები განადგურებამდე მიიყვანეს.

ლექსო ჯიოშვილის საჩივარი

ხიდისთაველებს ახლომახლო ტყე აღარ შერჩათ და იძულებული გახდნენ, საზამთროდ შეშა საკმაოდ შორიდან, "ევერიის" ტყიდან ეზიდათ, რომელიც ქარელის მახლობლად მდებარეობდა. ეს ტყე სოფელ დოესში მცხოვრებ ერისთავის ქვრივს ეკუთვნოდა, რომელსაც ხიდისთაველები ტყის ქირას, ე.წ. შალბაშს უხდიდნენ. გარდა იმისა, რომ შეშის ხარჯი გაეზარდათ, ხსენებულ ტყეს ძველი მფლობელები - ციციშვილები იჩემებდნენ, რომლებიც ხიდისთაველებს ხშირად წინ ხვდებოდნენ, შეშით დატვირთულ ურმებს ართმევდნენ და ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ.

თუმცა, ამით ატენელებისა და ხიდისთაველების პრობლემები არ ამოწურულა. ატენის ხეობაში ტყეების მასობრივმა განადგურებამ შედეგად ის მოიტანა, რომ წყალდიდობებმა ბევრად სახიფათო ხასიათი მიიღო: "ატენის ხეობა განთქმული იყო მშვენიერი უზარმაზარი ტყეებით, მაგრამ ეს ტყეები იჯარით აიღეს ზეზემან-ქართველიშვილმა, რომელთაც დაიჭირეს სამას-ოთხასი მუშა და იწყეს ჩეხვა-მუსვრა ამ საუკუნო საუნჯისა", განგაშის ზარს რეკავდა "ივერია" 1896 წლის 6 ივნისს.

ყოფილა შემთხვევები, როდესაც ადიდებულ ტანას მოთხრილი და მოტაცებული ღვინით სავსე ქვევრები მტკვრის რიყეზე ჩაუტანია მეტეხ-გრაკლამდე. ერთ ასეთ შემთხვევაზე ატენელ ვანო თინიკაშვილს ლექსიც გამოუთქვამს:

ადიდებულა ტანაო,

მთები თან მაიტანაო,

მოგლიჯა ვანოს ვენახი

ხიდისთავს გაიტანაო.

მძლავრი სტიქია დასტყდომია თავს ატენის ხეობას 1889 წლის 21 მაისს, კვირადღეს. შუადღის სამი საათის შემდეგ ბუნება განრისხებულა, ჯერ საშინელი სეტყვა წამოსულა, რასაც თქეში და წარღვნა მოჰყოლია. ამ დროს გორიდან იკვნევისკენ მოდიოდა მატარებელი, რომელსაც მართავდა ახალგაზრდა მემანქანე გერასიმე გაგუა. სტიქიას მატარებლისთვის ატენიდან ნახევარი ვერსის მანძილზე წამოსევია. თანაშემწესა და რამდენიმე მუშას გადმოხტომა მოუსწრია, მაგრამ მატარებელს შერჩენილან გაგუა და მუშა-ლეკი, როდესაც წყალს რელსებისათვის ძირი გამოუცლია და ვაგონებიანად უფსკრულში გადაჩეხილა. დამხრჩვალი ლეკი უპოვიათ ატენიდან ხუთ ვერსზე, სოფელ ხიდისთავთან, ხოლო გერასიმე გაგუა კიდევ უფრო შორს, სოფელ მეტეხთან გამოურიყავს მტკვარს.

ზარალი იმდენად მასშტაბური ყოფილა, რომ ქართველიშვილსა და ზეზემანს წარმოების შეწყვეტა განუზრახავთ: "...როგორც კი გაიმართნენ წელში (ქართველიშვილი და ზეზემანი. - ი. ა.) და საქმე ისე დასდგა, რომ მოგება უნდა მოეცა, სწორედ მაშინ უმუხთლა ბუნებამ. ს. ატენიდამ ს. იკვნევამდე ბევრგან კარგა მანძილზე რკინის გზის ლიანდაგი ისე მოჰგლიჯა, რომ ნაალაგევი ძლივსღა ეტყობა. მდ. ტანის ნაპირი, სადაც გაყვანილი იყო რკინის გზა და სადაც გააფუჭა, გამაგრებული იყო ღრმად ჩაყრილის და ერთმანეთზედ გადაბმულ-დაკეტილ კიდობნებითა, რომლებიც ავსებული იყო ქვა-კლდით. ეს კიდობნები სულ ძირიანად ამოიღო, დაშალა და წყალს მისცა, თვით რელსები დაამტვრია, დაგრიხა, დიდის ლოდებისა და კლდეების ხეთქებითა და დააზიანა ხეების სახერხი ქარხანა", - ნათქვამია 1889 წლის 3 ივნისის "ივერიის" მეწინავეში.  ქარხანა, როგორც იქნა, დიდი გაჭირვებით აღადგინეს, მაგრამ საფრთხე არ მოხსნილა.

მოგვიანებით, ხიდისთაველები გაზეთ "ცნობის ფურცელის" კორესპონდენტს იმავე გასაჭირზე მოახსენებდნენ: "ამ უკანასკნელ დროს არ გასულა ისე წელიწადი, რომ ამ მოდიდებულს ტანას არ დავეზარალებინეთ, ნიაღვრებს ჩამოაქვთ მთიდან ნიადაგი და ძირი შესამჩნევლად ამაღლდა. განსაკუთრებით დიდი წყალდიდობა წელს იყო, ბევრი გლეხის სახლ-კარი და მშვენიერი ბაღები იმსხვერპლა. ხიდისთაველები შიშით და ძრწოლით შეჰყურებენ ყოველ ღრუბელს. თუ ენერგიული ღონისძიება არ იქნა მიღებული, მოსალოდნელია მდინარემ პირდაპირ სოფლისკენ ჰქნას პირი და რამდენიმე ასი ოჯახი სრულებით აჰყაროს. სოფელს თავისი საშუალებით არ შეუძლია მდინარის ნაპირები გაამაგროს, ივლისის 1-ლ რიცხვებში ტფილისის გუბერნატორის აღმასრულებელი იყო და თვითონ დარწმუნდა, რამდენად საშიშია სოფლელების მდგომარეობა".

ბუნებრივ სტიქიას დროულად გაუცემელი ხელფასები, სამუშაო დღის ხანგრძლივობა და მძიმე პირობებიც ემატებოდა, რაც მუშების სამართლიან გულისწყრომას იწვევდა. როდესაც ხელისუფლებაში სამართალი ვერ უპოვიათ, ადგილობრივ გლეხებს ზეზემანის ქარხნებში მუშაობა პროტესტის ნიშნად მიუტოვებიათ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ოჯახებს საარსებო ლუკმა ხელიდან ეცლებოდათ.

ზეზემანს მალევე უპოვია გამოსავალი. მას 1891 წლის ნოემბრის დასაწყისში ბაქოს მიმდებარე "დამშეული გუბერნიიდან" 50 კაცი ჩამოუყვანია, იმ პირობით, რომ თითოეულს უნდა გაეთალა "ტრავერსტი ორ შაურად". საზღაურს მიიღებდნენ გამომუშავების მიხედვით. ზეზემანს ისინი თავისი ხარჯით ჩამოუყვანია ბაქოდან გორამდე, რაც 500 მანეთი დასჯდომია. გამოუყვია მათთვის შერჩეული ადგილი, მახლობლად ფურნეც აუმუშავებია და სურსათ-სანოვაგის დუქანიც გაუხსნია, საიდანაც მუშებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეუზღუდავად ესარგებლათ (ცხადია, ზეზემანი მოგვიანებით ამ თანხას მათ გამომუშავებიდან გამოუბრიდა).

მოსვლიდან ორი კვირის შემდეგ, სამუშაოზე გული ახალმოსულებსაც აუცრუებიათ, ტყეში მოჭრაზე გასასვლელად უარი უთქვამთ და ფინელი მეწარმისთვის თბილისში უჩივლიათ.

ზეზემანს მათთან შეხვედრა და მორიგება უცდია: თუ ტყეში აღარ იმუშავებთ, მაშინ დღიურად იმუშავეთ ქარხანაში თქვენი სურვილის მიხედვით და დღეში თვრამეტი შაურიდან ერთ მანეთამდე მიღებთო, მაგრამ აზერბაიჯანელებს ამაზეც უარი უთქვამთ. გაფიცვის მიზეზების დასადგენად, თბილისში წასვლამდე მუშებს გაზეთის კორესპონდენტი შეხვედრია, რომლისთვისაც გაფიცულებს განუცხადებიათ: "არც ტყეში გავალთ სამუშაოდ და არც დღიურად ვიმუშავებთ, დღეში სამ მანეთ ნაკლებ, ისიც ახლომახლო და არა ტყეშიო".

თბილისში წასვლა რომ გადაეფიქრებინა, ზეზემანს მათთვის ბარგი და მატარებლის ბილეთები დაუმალავს, მაგრამ მუშები ფეხით მაინც ჩასულან დედაქალაქში.

საქმის შესასწავლად მთავარმართებელს გორში მოუვლენია გუბერნატორის "სოვეტნიკი" ორლოვსკი, რომელსაც მუშები გაუმტყუნებია და უთქვამს, სამართალი სასამართლოში ეძიათ.

ფინელ მეწარმეს "ადვოკატად" ისევ ერეკლე რამიშვილი მოევლინა, რომელიც ბაქოდან ჩამოსული მუშების ნამოქმედარს "უმადურობად" აღიქვამდა: "ზეზემანის ქარხანაში ხუთას-ექვსას კაცამდე მუშაობს, იმათგან ასზე მეტი დურგალია, ყველას ის ფასი ეძლევა, რასაც მათ შეჰპირდნენ. სანამ ჩამოვიდოდნენ, ისინი ბაქოდან იწერებოდნენ: "შიმშილით ვიხოცებით და რაიმე სამუშაო მოგვეციო", ზეზემანმა მათ ხელი შეუწყო, ხარჯი გაიღო, გულუხვად გაუმასპინძლდა და მადლობის ნაცვლად საჩივარი გაუმართესო", წერდა იგი "ივერიაში".

რეალურად, რა თქმა უნდა, ფინელ მეწარმეს საქველმოქმედო მიზნები სულაც არ ჰქონდა. როგორც აღინიშნა, მისი ბაქოდან მუშების ჩამოყვანა და ხარჯის გაღება მხოლოდ ფინანსური ინტერესებით იყო განპირობებული, თორემ ადგილზე უმუშევარიც ბევრი იყო და დურგალიც.

წარმოების შეფერხებები

ზეზემანისადმი უკმაყოფილება მუშებს კვლავაც არაერთგზის გამოუხატავთ. 1896 წლის 7 აპრილს, აღდგომის წინა დღეს, დაახლოებით 300 კაცს ალყა შემოურტყამს ფინელი მეწარმის საცხოვრებელი სახლისთვის ატენში და კუთვნილი ხელფასის სასწრაფოდ მიღება მოუთხოვია. ზეზემანს როგორღაც მოუხერხებია და გორის პოლიციის უფროსისთვის შეუტყობინებია თავისი გასაჭირი. პოლიციის უფროსს მუშების დასაშოშმინებლად ერთი ბოქაული გაუგზავნია, მაგრამ აღშფოთებულთა დაწყნარება ასე მარტივად ვერ მოხერხებულა და ხელმოცარული დაბრუნებულა გორში. ხელისუფლებას ატენში 63 შეიარაღებული ჯარისკაცი გაუგზავნია და მხოლოდ ამის შემდეგ დაშლილან მუშები. თუმცა, ჯარის თანმხლებ ორ ბოქაულს ეს ამბავი ლამის სიცოცხლის ფასად დასჯდომია. ბოქაულები იმ დღეს ხეობაში დარჩენილან აღდგომის გასატარებლად და მხოლოდ მეორე დღეს გამომგზავრებულან მატარებლით გორისკენ, მაგრამ მოდიდებულ ტანას ლიანდაგისთვის ნიადაგი გამოურეცხავს, რაც ადგილობრივებს შეუმჩნევიათ. საჭირო გახდა ამ ფაქტის მატარებლის მემანქანისთვის სასწრაფოდ შეტყობინება. ამ დროს ატენში ერთი გლეხის ოჯახში ბავშვის მოსანათლად ყოფილა მღვდელი ამბრიაშვილი, რომელსაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად უხსნია მატარებელში მსხდომნი. როდესაც მღვდელს ყვირილითა და ჯვრის ქნევით მატარებლის მემანქანის ყურადღება ვერ მიუქცევია, ანაფორიანად მოდიდებულ ტანაში შევარდნილა. მაშინ კი შეუმჩნევია მემანქანეს მღვდლის უჩვეულო ქმედება და მატარებელი სახიფათო ადგილამდე როგორღაც შეუჩერებია...

1902 წლის 6 და 7 თებერვალს აუგუსტ ზეზემანის ქარხნებში კვლავ მძლავრი გამოსვლები დაწყებულა. მუშათა უკმაყოფილება ისევ სამუშაო დღის ხანგრძლივობასა და მცირე ხელფასს გამოუწვევია. ისინი დღეში 12-13 საათს მუშაობდნენ და მხოლოდ 50-60 კაპიკს იღებდნენ. მეწარმე იძულებული გამხდარა სამუშაო საათები შეემცირებინა.

1905 წელს ზეზემანმა წარმოების გაფართოების მიზნით ატენში თავისი ძმები ალფრედი და ერნესტი მოიწვია, მაგრამ მათ კომერციული ნიჭი და მუშაობის სურვილი არ აღმოაჩნდათ. პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ხეტყეზე მოთხოვნილება საგრძნობლად შემცირდა. ზეზემანი ვეღარც ქარხნის სათადარიგო ნაწილებითა და საწვავით დროულ მომარაგებას ახერხებდა, რასაც გაუცემელი ხელფასები მოჰყვა. ამის გამო საწარმო მუშებმა ისევ მიატოვეს. ფინელი მეწარმე იძულებული გახდა, ქარხნები დაეხურა, ამას მოჰყვა ჯანმრთელობის შერყევა და 1918 წელს გარდაიცვალა. იგი მისმა ატენელმა მუშებმა: ჯიოშვილმა, ქერდიყოშვილმა და ონიაშვილმა დაასაფლავეს სოფელ ჯებირის სასაფლაოზე ეკლესიის წინ. ქარხნის დაზგები და ორთქლმავლები გორამდე ჩაიტანეს და ხიდისთავ-გორის გასაყარზე, ე.წ. ქვაშავის ჭალაში მოაწყვეს სახერხი ქარხანა.

ატენის ხეობა. XIX საუკუნის 80-იანი წლები

წლების განმავლობაში ხეტყის უსისტემო ჭრამ ატენის ხეობას აუნაზღაურებელი ზიანი მიაყენა, მრავალი უნიკალური ჯიშის გაჩეხვამ ნიადაგის ეროზიაც განაპირობა.

დავა ქონებისთვის

ზეზემანის საკუთრებაში არსებული მიწის დიდი ფართობი ექსპროპრიაციას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ მიღებული კანონით დაექვემდებარა. 1919 წლის 7 მარტს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც მიწათმფლობელთა საკუთრებაში დასატოვებელი მიწის ნორმას განსაზღვრავდა. ამ ნორმაზე მეტი სახელმწიფო ფონდში გადადიოდა. გლეხობას უფლება ჰქონდა, სახელმწიფო ფონდიდან მიწა გამოესყიდა.

1921 წლის 25 მაისს ატენელ ლექსო ჯიოშვილს, რომელიც ზეზემანის სახერხ ქარხანაში მეღუმელედ მუშაობდა, გორის რევკომისთვის მიუმართავს საჩივრით: "1919 წელს სოფელ ატენში მოვიდა საადგილმამულო კომისია, რომელმაც მაკუთვნა 250 საჟენი (1137,5 კვ,) მიწა, რომელიც გავწმინდე რიყისაგან, შემოვღობე და დღევანდელობამდის ვხმარობდი და დღეს კი აღარ მისვენებს ზეზმანის ქვრივი, რომელიც დამინახავს თუ არა მიწაში მომუშავეს, მაშინვე გამომისევს მილიციონერებს და ხელს მაღებინებენ მუშაობიდან. რომ ზემო ხსენებული მიწა მაკუთვნა კომისიამ ამისი მოწმეები არიან ქარხნის ტექნიკოსი დიმიტრი კევლიშვილი, მემანქანე მიხა ყველაშვილი და ატენში მცხოვრები ვანო ონიაშვილი და დიმიტრი თოფჩიშვილი. გთხოვთ შეხვიდეთ ჩემს ღარიბს გარემოებაში და გაარჩიოთ ჩემი საქმე, რადგან, თუ ზეზმანის ქვრივი არ ჩამომეხსნება მიწა დაუმუშავებელი დამრჩებაო". იმის გამო, რომ ჯიოშვილმა წერა არ იცოდა, მისი თხოვნით, განცხადებაზე ხელს აწერს მ. ჯებისაშვილი.

* * *

ზეზემანის ოჯახს კიდევ უფრო გაუჭირდა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ. ბუნებრივია, მუშურ-გლეხური ხელისუფლება ყოფილი კაპიტალისტის ოჯახს სიმპათიით არ უყურებდა. უკვე 1921 წლის 30 მაისს აუგუსტ ზეზემანის ქვრივმა ემილია გუსტავის ასულმა, თხოვნით მიმართა გორის მაზრის მომრიგებელ მოსამართლეს, რომ "მისი გარდაცვლილი ქმრის, როგორც ფინლანდიის ქვეშევრდომის, სიკვდილის შემდეგ დარჩენილი ქონება არ ექვემდებარებოდა რეკვიზიციას" და ითხოვდა შუამდგომლობას, რათა მიეღოთ ჯეროვანი ზომები, რომლითაც დაცული იქნებოდა მითვისებისა და გაფლანგვისგან ავგუსტ ზეზემანის დარჩენილი ქონება, სახლი, მამულები, სახერხი ქარხანა, ასევე ქონება, რომელიც შედგებოდა მანქანების ნაწილებისა და ზეზემანის მიერ ატენში გაყვანილი რკინიგზის რელსებისგან, რომლის ნაწილი ინახებოდა სოფელ ატენში, ხოლო ნაწილი ქალაქ გორში.

დრე-რაზმითის გადასასვლელი (ნიკო ჯავახიშვილის ფოტო)

ზეზემანის მეუღლემ ხელისუფლებას ასევე წარმოუდგინა თხოვნის ასლი, საქართველოში ფინლანდიის რესპუბლიკის წარმომადგენლისადმი მიცემული, რომელშიც აღნიშნული იყო: "გაუწყებთ რა ზემოთ ხსენებულზედ, გთხოვთ მიიღოთ ჯეროვანი ზომები, რათა დარჩენილი ქონება ავგუსტ ზეზემანის სიკვდილის შემდეგ არავისგან იყოს მითვისებული და გაფლანგული და აგრეთვე ეს ქონება არ იყოს დაქვემდებარებული რეკვიზიციის რიგისა... სახელმწიფოს მთავრობა, რომლის ტერიტორიაზეც გარდაიცვალა უცხო სახელმწიფოს ქვეშმდგომი და დარჩა ქონება, ვალდებულია კანონის ძალით ქონება დაიცვას და შეინახოს ვიდრე კანონიერი მემკვიდრეები გამოცხადდებიან დარჩენილი ქონების მისაღებად".

მოსამართლეს წერილი გორის მაზრის რევკომისთვის გადაუგზავნია შემდგომი რეაგირებისათვის, რომელსაც ადევს რევკომის თავმჯდომარის რეზოლუცია: "შეგატყობინებთ, რომ რეკვიზიცია და კონფისკაცია ზეზმანისთვის არავის მოუხდენია, რაც შეეხება მისი ქონების დაცვას, მასზედ თვით ზეზმანმა იზრუნოს". რა თქმა უნდა, ხელისუფლება ცრუობდა. მისთვის ყოველი კაპიტალისტი კლასობრივი და იდეური მტერი იყო, ეროვნების მიუხედავად.

იმავე 1921 წელს "ნარკომის" (სახალხო კომისარიატი. - ი. ა.) მიერ შექმნილ სპეციალურ კომისიას და "ამორჩეულ კაცებს" გორბუშკინის, ძამოევის, ზერეკიძის, ცხაკაიას და სხვათა შემადგენლობით აუზომავთ ზეზემანისა და ორბელიანების საკუთრებაში არსებული მამულები და გამოუტანიათ გადაწყვეტილება: "სახნავი მიწა ზომით 2 დესეტინა (ურწყავი) ყოფილი ორბელიანების საკუთრება დამუშავებულია ვასო, იაკოფი და მიხა ვალიშვილებისაგან, ხოლო 2 ნაკვეთი წრეულობით არ მოუხნავთ და მოცდენილია. სხვა 2 დესეტინა სივრცით და მდებარეობით უვარგისია საზოგადოდ და სახელმწიფო დამუშავებისათვის. 2 ნაკვეთი დანაწილებულია ნაკვეთებად და კიდეც დასახლებულია, არ შეიძლება მოხმარებული იქნეს სხვა რაიმე მიზნისათვის. მესამე ნაკვეთი ნაკლებათ გამოსადეგია დასახლებისათვის და შეიძლება გამოიმიჯნოს... დანარჩენი მამული ყოფილი მემამულე ორბელიანისა ზომით 41/2 დესეტინა გადაეცეთ მცხოვრებთ დასახლებისათვის პლანზედ და ხელმძღვანელობა გაეწიოს მთავარ მმართველობას მიწისძვრისაგან დაზარალებულთა დამხმარე კომიტეტის თვალყურის დევნებით.

...ნაკვეთები ყოფილი მემამულე ზეზმანისა, რომელიც იყო დაჭრილი ზომით 260 ტ... (არ იკითხება - ი. ა.) დაიჭრას ნაკვეთებად და გადაეცეს მოსახლეობას. ამასთანავე უნდა დაცული იყოს ინტერესები გლეხკაცებისა, ახალი გადამიჯვნა და დარიგება ნაჭრებისა უნდა მოხდეს ისე, რომ არ უნდა დაინგრეს და არც გადაიტანონ უკვე აშენებული შენობები. ...ორბელიანის და ზეზმანის მამულები განაწილებული უნდა იქმნას სოფლის ამორჩეული რევკომის და მთავარი ინჟინრის წარმომადგენლის მიერ. პირველ შემთხვევაში მიეცეს ნაკვეთები უფრო ღარიბთ და მიწისძვრით დაზარალებულებს და შემდეგ უფრო ნაკლებად დაზარალებულებს".

უნდა აღინიშნოს, რომ ატენელი გლეხები მიწას სახელმწიფოსგან საჩუქრად არ იღებდნენ. მიწის მიმღებთ წინასწარ უარი უნდა განეცხადებინათ "ძველი სახლ-კარის ადგილზედ" ადგილკომის სასარგებლოდ. თუ სასახლკარე მიწის მიმღები ერთი წლის განმავლობაში შენობას არ ააშენებდა, კუთვნილ ნაკვეთზე უფლებას კარგავდა.

როგორც ჩანს, ატენელ გლეხებს ორბელიანებისა და ზეზემანის მამულებზე "მადა გაეხსნათ" და ერისთავის მიწების გადაცემაც მოითხოვეს. 1921 წლის ივნისში ატენის ადგილობრივი რევკომის თავმჯდომარე (გვარი ხელმოწერაში არ იკითხება. ჩანს მხოლოდ სახელის პირველი და გვარის ოთხი ასო - გ. ბითრ... - შესაძლოა, ბითაროვი. - ი. ა.) გორის სამაზრო რევკომის საადგილმამულო განყოფილებას მიმართავს საჩივრით: "გაცნობებთ, რომ ატენის მცხოვრებლებისათვის იყო გადაწყვეტილი სახალხო კრებაზედ ზეზმანის და ორბელიანის ზვრები. ამ ჟამად დარიგდა აღნიშნული ზვრები და ბევრი დარჩა უკმაყოფილო ორმოცდაათ კომლამდე. ამისათვის გთხოვთ მომცეთ ნება ერისთავის ზვრის დაყოფაზე, ვინაიდან ხალხი დარჩენილია უკმაყოფილოდ დიდ გაჭირვებას განვიცდით და დააკმაყოფილოთ გაჭირვებული ხალხი (სტილი დაცულია. - ი. ა.)".

1922 წელს ორბელიანებისა და ზეზემანის ოჯახებს ატენში ჩამოართვეს საცხოვრებელი სახლი (17 ოთახით) და ბაღიც. ორბელიანისეულ სასახლეში გახსნეს შრომის სკოლა. შენობის რემონტის ხარჯები უნდა გაეღო ახლომდებარე უბნების მოსახლეობას თვითდაბეგვრის წესით, ხოლო ზეზემანის ქვრივს წინადადება მისცეს, ერთი თვის განმავლობაში დაეტოვებინა ატენის რაიონი, ვინაიდან "მთელი მშრომელი გლეხკაცობა ამხედრებული იყო მის წინააღმდეგ, როგორც ყოფილი ექსპლუატატორისა მშრომელი ხალხისადმი".

იმავე წლის 29 დეკემბერს გორის სამაზრო კომიტეტი იღებს გადაწყვეტილებას, ატენში ზეზემანის ყოფილი ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის აყრისა და მისი ცხინვალის მშენებარე რკინიგზაზე გამოყენების შესახებ. ატენის მოსახლეობა თანახმა ყოფილა აეშალა რკინიგზა და სახერხ ქარხანასთან ჩამოეტანა ხეობაში დარჩენილ ერთ ორთქლმავალთან ერთად, იმ პირობით, რომ რკინიგზისგან გათავისუფლებულ ტერიტორიას საურმე გზის მოსაწყობად დაუთმობდნენ.

1923 წელს, ხელისუფლებამ ზეზემანისეულ სახლში დაწყებითი სკოლა და ატენის სახალხო თეატრი გახსნა.

გიორგი ქართველიშვილი (1830-1901) - პირველი გილდიის ვაჭარი და მსხვილი კომპანიონი, დიდი მეცენატი. მისი დაფინანსებით გამოიცა 1888 წელს "ვეფხისტყაოსანი", 1885 წელს - ვახუშტი ბატონიშვილის "საქართველოს ისტორია", 1889 წელს მოსე ჯანაშვილის "საქართველოს ისტორია, 1888 წელს ცნობილი ფოტოგრაფის დიმიტრი ერმაკოვის "საქართველოს ისტორიის ალბომი" და სხვ. გიორგი ქართველიშვილის ფინანსური დახმარებით აიგო და შეკეთდა არაერთი ეკლესია, მათ შორის, 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის მიერ დანგრეული დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესია.

იყო თბილისის ობოლთა მზრუნველობის თავმჯდომარე, "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დამფუძნებელი წევრი, 1882-1887 წლებში გამგეობის წევრი და ხაზინადარი. 1883-85 წლებში გაზეთ "დროების" გამომცემელი და სხვ.

გიორგი ქართველიშვილი

ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანი (1802-1869) — ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, პუბლიცისტი, ისტორიკოსი, ქართველ რომანტიკოსთა უფროსი თაობის წარმომადგენელი. ერეკლე მეფის შვილიშვილი, თეკლე ბატონიშვილის ვაჟი.

1828 წელს აირჩიეს თბილისის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლად. ალექსანდრე მონაწილეობდა სპარსეთისა და ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლებში. 1832 წლის შეთქმულების ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ორგანიზატორი, რისთვისაც დააპატიმრეს და გადაასახლეს ორენბურგში. სამშობლოში დაბრუნებისთანავე ჩაება საზოგადოებრივ ცხოვრებაში: მონაწილეობდა ჟურნალ "ცისკრის" აღდგენაში (რომელშიც აქვეყნებდა თავის თხზულებებს), ზრუნავდა ქართული თეატრის აღორძინების, ჟურნალ-გაზეთების დაარსების, სკოლების გახსნისთვის.

ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანი

ალექსანდრე ორბელიანი ავტორია ლექსების, მოთხრობების, დრამების, მემუარებისა და პუბლიცისტური წერილებისა. იყო ურითმო ლექსის ერთ-ერთი პირველი ავტორი ახალ ქართულ პოეზიაში. მისი ისტორიული ხასიათის ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია: "1829 წლის არეულობა საქართველოში", "საქართველოს მეფის ირაკლის ძე ლევან", "დაღესტნიდან ლეკების გადმოსვლა საქართველოში", "შეთქმა მეფის ირაკლის მეორეზე საქართველოში", "მოგონებანი", "აღა-მაჰმად-ხანის შემოსვლა ქ. ტფილისში" და სხვ., რომელშიც, აღწერილია იმდროინდელი პოლიტიკური ვითარება აღმოსავლეთ საქართველოში.

იოსებ ალიმბარაშვილი ჟურნალი "ისტორიანი".#121