Les Géorgiennes "ქართველი ქალები" - კვირის პალიტრა

Les Géorgiennes "ქართველი ქალები"

ჟაკ ოფენბახის დაკარგული ოპერა-ბუფას ახალი სიცოცხლე

Les Géorgiennes , ანუ "ქართველი ქალები". ასე ჰქვია სამმოქმედებიან ფრანგულ ოპერა-ბუფას (მუსიკალური კომედია საყოფაცხოვრებო თემაზე), რომელიც XIX საუკუნის ფრანგმა კომპოზიტორმა ჟაკ ოფენბახმა (1819-1880) შექმნა. ლიბრეტოს ავტორია ფრანგი მწერალი და დრამატურგი ჟიულ მუანო (1815-1895), რომლის დაწერაში დახმარება გაუწია მისმა მეგობარმა, დიდმა ფრანგმა მწერალმა ალექსანდრე დიუმამ. მოგეხსენებათ, 1858-1859 წლებში დიუმამ კავკასიაში იმოგზაურა და მცირე ხნით საქართველოშიც იმყოფებოდა. თბილისში მან ექვს კვირაზე მეტი დაყო, გოგირდის აბანოების ხშირი სტუმარი გახლდათ და თბილისური ცხოვრებაც კარგად შეისწავლა. ოპერეტის მეორე აქტის პირველ სცენაში არის ერთი საყურადღებო მომენტი: მტერთან ბრძოლაში დაჭრილ-დასახიჩრებულ და უკან მობრუნებულ ქმრებს ქალები აბანოში ცხელი წყლით მკურნალობას დაუწყებენ. წარწერაც კი ფიგურირებს: "აქ ჩვენ წყლით ვმკურნალობთ". სავარაუდოდ, ეს პასაჟი ნაწარმოებში დიუმას გავლენით შევიდა. ამასთანავე, მთავარ მოქმედ გმირებსაც საქართველოში გავრცელებული ან მათთვის მიმსგავსებული სახელები ჰქვიათ: ნანი, მელანო, მირზა, ფატიმე და სხვ. ჩანს, დიუმა ოფენბახის მუსიკალურ თხზულებას აქტიურად გულშემატკივრობდა.

"ქართველი ქალების" პრემიერა პარიზის "თეატრე დე ბუფე პარიზიენში", შუაზელის დარბაზში, 1864 წლის 16 მარტს გაიმართა და მას უზარმაზარი წარმატება ხვდა წილად. ორკესტრს ეჟენ პროსპერ პრევო დირიჟორობდა. პირველი წარმოდგენიდან ოთხი დღის შემდეგ, 20 მარტს, გაზეთში Revue et Gazette Musicale de Parisს გამოქვეყნებული რეცენზიის თანახმად, პრემიერას ალექსანდრე დიუმაც ესწრებოდა და მისი ტრიუმფი საკუთარი თვალით იხილა.

კომპოზიტორი ჟაკ ოფენბახი

...წლების განმავლობაში ოპერა-ბუფა დაკარგულად მიიჩნეოდა. თუმცა, 2019 წლის დეკემბერში, ასოციაცია "ლე გრუპ ლირიკმა" საზოგადოებას აუწყა, ხელნაწერის ორიგინალის მიხედვით ნაწარმოების ხელახლა დაბადების შესახებ, რომელსაც ბერნარდ ტომასის ორკესტრი, ლორან ზაიკის დირიჟორობით, პარიზის სენ-ჟერმენის დარბაზში შეასრულებდა. აფიშაზე პირდაპირ ეწერა სიტყვები Recréation mondiale (მსოფლიო პრემიერა). დამდგმელი რეჟისორი რენო ბუტენი იყო, ხოლო პროდიუსერი - ჟილბერ ლემასონი. საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, "ქართველი ქალების" თანამედროვე პრემიერა 2019 წლის 7 და 8 დეკემბერს გაიმართა. ამავე წელს შესრულდა ოფენბახის დაბადებიდან 200 წელიწადი და ნაწარმოების ხელახალი მსოფლიო პრემიერაც ამ ღირსშესანიშნავ საიუბილეო თარიღს უკავშირდებოდა.

1864 წელს, "ქართველი ქალების" პარიზული პრემიერიდან რამდენიმე თვეში, მისი პირველი უცხოური პრემიერა ვენაში (ავსტრია), "კარლთეატერში" ამავე წლის 5 ოქტომბერს გაიმართა სახელწოდებით Dიე სცჰöნენ ჭეიბერ ვონ Gეორგიენ ("საქართველოს მშვენიერი ქალები"). ნაწარმოები იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ მისი ზოგიერთი ნომერი ვენის საცეკვაო სალონებმა თავიანთ რეპერტუარში შეიტანეს. აღსანიშნავია, რომ პრემიერას ესწრებოდა ვალსების მეფედ წოდებული სახელგანთქმული ავსტრიელი კომპოზიტორის, იოჰან შტრაუსი II-ის უმცროსი ძმა იოზეფ შტრაუსი. იგი იმდენად მოიხიბლა "ქართველი ქალების" მუსიკით, რომ ნაწარმოებით შთაგონებულმა საჩქაროდ დაამუშავა ერთ-ერთი ეპიზოდი - კადრილი, რომელიც პირველად 1864 წლის 9 ოქტომბერს შესრულდა "დიანაზაალში" (ვენა) გამართულ კონცერტზე და ამ დროიდან მოყოლებული, ეს კომპოზიცია შტრაუსის ორკესტრის რეპერტუარის განუყოფელი ნაწილია.

1865 წლის 14 თებერვალს, "ქართველი ქალების" უნგრულ ენაზე ადაპტირებული პრემიერა, სახელწოდებით A Georgiai Nök, ბუდაპეშტის თეატრ "ბუდაი ნეპსინჰაზის" (Budai Népszínház) სცენაზე გაიმართა, სადაც მთავარ მოქმედ გმირებს ლაურა იშტვანტი, შაროელტა კრეჩანი, ვიზვარი და ვიდორ კაშშაი ასახიერებდნენ. ამავე წლის 15 ივლისს კი თეატრმა "ბუდაი სინკორმა" (Budai Színkör) გერმანული ვერსიის პრემიერას უმასპინძლა.

1865 წლის თებერვლის ბოლოს, მისი პრემიერა ბერლინში გაიმართა.

1867 წლის 15 თებერვალს კი ოპერა-ბუფას პრემიერა რუსეთში, მოსკოვის დიდ თეატრში შედგა.

1867 წლის 16 ივნისს, ნაწარმოები სანქტ-პეტერბურგში უჩვენეს, ხოლო ამავე წლის აგვისტოში, პერიოდული გამოცემა Revue et Gazette Musicale de Parisს იუწყებოდა, რომ იგი საუცხოოდ მიიღეს გერმანიის ქალაქ ბრესლაუში.

1868 წელს, "ქართველი ქალების" პრემიერა ბრიუსელში, სენტ-იუბერის სამეფო გალერეათა თეატრის სცენაზე გაიმართა. პრესა სპექტაკლის ტრიუმფალურ წარმატებაზე წერდა. 1869 წლის 4 ოქტომბერს, ოპერა-ბუფა წარმოადგინეს მადრიდში.

1871 წელს, "ქართველი ქალები" გასცდა ევროპის საზღვრებს და მისი ოკეანისგაღმა პრემიერა აშშ-ში, ნიუ-იორკის Gრანდ Opera House-ში მოეწყო. მთავარი მოქმედი გმირი ქალის, ფეროზას როლს, ცნობილი ფრანგი სოპრანო მარი ემე ასრულებდა. ოვაციები არ ცხრებოდა. ასეთივე წარმატებული იყო ნიუ-იორკის 1873 და 1874 წლების პრემიერებიც. ეს უკანასკნელი სპექტაკლი კი იმითაც არის გამორჩეული, რომ სცენაზე სპილო გამოიყვანეს. პრესაში მისი სახელიც არის მითითებული, "ნიუ იორკ ჰერალდი" წერს, რომ სპილოს "იუსეფი" (Yusef) ერქვა. ნაწარმოებს გაზეთი შემდეგი ეპითეტებით მოიხსენიებს: "ოფენბახის შედევრი", "ბრწყინვალე სცენარი", "პირველად აშშ-ში", "სრულიად ორიგინალური მუსიკა", "გამაოგნებელი სანახაობა", "დიდი სენსაცია". გაზეთი ასევე წერს, რომ სპექტაკლში მსოფლიოში აღიარებული ათი საუკეთესო პრიმა-ბალერინა მონაწილეობდა. მაყურებელი აღფრთოვანებული იყო. აშშ-ში ოპერა-ბუფა 100-ზე მეტჯერ დაიდგა და ყოველ ჯერზე იგი უზარმაზარი წარმატებით სარგებლობდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, იყო ასევე მოსაზრებაც, რომ ნაწარმოები არ არიდებდა თავს ბანალურ, პრიმიტიულ და ხანდახან ვულგარულ პასაჟებსაც.

alt

1875 წლის 2 ოქტომბერს "ქართველი ქალები" ინგლისს ეწვია. მისი პრემიერა ლონდონში, ისლინგტონის ფილარმონიული თეატრის სცენაზე გაიმართა. ეს იყო უილსონის (C J S Wilson) მიერ ოფენბახის ნაწარმოების ინგლისურ ენაზე ადაპტირებული ვერსია, სადაც მთავარ როლებს როუზ ბელი (ფეროზა), კარლოტა ზერბინი (ნანი) და რიჩარდ ტემპლი (როდოდენდრონი) ასრულებდნენ. წარმატებული სპექტაკლები ლონდონის თეატრში ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მსოფლიოს სცენებზე "ქართველი ქალების" უდიდესი წარმატებებისა და ტრიუმფალური პრემიერების შემდეგ, ბუნებრივია იბადება კითხვა, დაიდგა თუ არა ის თავად ამ ქალების სამშობლოში? რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, მისი პრემიერა საქართველოშიც შედგა. ოფენბახის "ქართველი ქალების" მუსიკა თბილისის საოპერო თეატრის 1877-1878 წლების სეზონზე გაჟღერდა. მოგეხსენებათ, ამ დროისთვის თბილისის ოპერის პირველი უნიკალური შენობა, რომელიც 1851 წელს გაიხსნა, დამწვარი იყო (11 ოქტომბერი, 1874) და წარმოდგენები ძირითადი შენობის აგებამდე (3 ნოემბერი, 1896) ალბერტ ზალცმანის დაპროექტებულ ე.წ. საზაფხულო თეატრში მიმდინარეობდა. ჩვენთვის საინტერესო ნაწარმოების პრემიერაც სწორედ აქ გაიმართა. ხმამაღალი ნათქვამი არ გამომივა თუ ვიტყვი, რომ თბილისის საოპერო თეატრის დიდი მემატიანე შალვა კაშმაძე თავის წიგნში წერს, რომ 1877-1878 წლების სეზონის განმავლობაში დაიდგა ფრანც ფონ ზუპესა და სხვა ავტორთა ოპერეტები, რომელთა შორის იყო ოფენბახის "მშვენიერი ქართველი ქალები" ანუ "ქალთა ამბოხებაც". ამ მსუბუქი ჟანრის ნაწარმოებთა დამდგმელი და დირიჟორი გახლდათ იმხანად თბილისში მომუშავე მუსიკოსი იოჰან დეკერ-შენკი, რომლის მეუღლეც, ოპერეტებში, მომღერალ კ.ი. ყორღანოვასთან ერთად მონაწილეობდა. ამრიგად, XIX საუკუნეშივე, თბილისის მაღალ საზოგადოებასაც წილად ხვდა პატივი, მშობლიურ გარემოში ეხილა და მოესმინა ოფენბახის "ქართველი ქალები", რომელსაც ევროპული და ამერიკული საზოგადოება უკვე კარგად იცნობდა.

აღსანიშნავია, რომ 1877 წლის 18 ნოემბერს, ვენის თეატრში "ქართველი ქალების" გერმანული ვერსიის მხოლოდ ორი წარმოდგენა გაიმართა. შეიძლება ითქვას, ეს მისი უკანასკნელი ტრიუმფი იყო დიდ ევროპულ სცენაზე. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ნაწარმოებს მეტად წარმატებული მსვლელობა ჰქონდა, ოფენბახის რეპერტუარში ყველაზე სასურველ მუსიკალურ თხზულებათა შორის მაინც ვერ დამკვიდრდა.

მუსიკისა და თეატრის კრიტიკოსი, ფრანგი ჟურნალისტი ბენუა ჟუვენი (1810-1886) ოფენბახის მუსიკას დიდ შეფასებას აძლევდა. იგი გაზეთ Le Figaro-ში წერდა:

ეჟენ პროსპერ პრევოს კომპოზიცია Galop-ი

"ნაწარმოები "ქართველი ქალები" ჟაკ ოფენბახმა დაწერა. მისი შექმნით კომპოზიტორმა დიდად დაისვენა იმ უსაზღვრო გადაღლილობისგან, რომელიც ქალაქ ვენაში მოპოვებული თავბრუდამხვევი წარმატებით იყო გამოწვეული. ამ საოპერო წარმოდგენაში უამრავი მუსიკა ჟღერს, რომელიც ფეხებს აგიცეკვებს, თავს გაგაქნევინებს და მოწონების ნიშნად სახეზე მოგვრილი ღიმილი თითქოს ასრულებს ბედნიერად დაწყებულ მელოდიას. ეს ოფენბახის ტრიუმფია. ეს არის მისი ორიგინალურობა და ამაში მას ბადალი არ ჰყავს. სპექტაკლი "ქართველი ქალები" გამოირჩევა უაღრესად მდიდრული დეკორაციებით, კოსტიუმებითა და სცენოგრაფიით. თეატრმა არაფერი დაიშურა დიდი წარმატების მოსაპოვებლად. მოიპოვა კი?! ჩვენ, მე და თქვენ, ეს მეოცე წარმოდგენის შემდეგ გვეცოდინება. ამასობაში, ისე გაზარდეს ორკესტრი, გააორმაგეს გუნდები და დააჯგუფეს შემცვლელი მსახიობები, რომ შექმნან ილუზია, რასაც ვრცელი და თვალუწვდენელი სცენები იძლევა".

"ქართველი ქალების" მოკლე შინაარსი

"ქართველი ქალების" ლიბრეტო, რომელიც 1864 წელს ფრანგმა რედაქტორმა და გამომცემელმა ალფონს ლემერმა (1838-1912) გამოსცა, სამი მოქმედებისა და ოცდაათი მიზანსცენისგან შედგება. პირველ აქტში 11 მიზანსცენაა, მეორეში - 14, ხოლო მესამე აქტი 5 მიზანსცენას მოიცავს. თუმცა, გამომცემლობა Boosey & Hawkes-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ოპერა-ბუფას ახალ გერმანულ ვერსიაში სულ 6 სცენაა და მისი ხანგრძლივობა 120 წუთს არ აღემატება. სიუჟეტში მოქმედების დროდ კი 1700 წელია მითითებული.

ეტიენ პრადო - ფაშა როდო-დენდრონი

ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი მოქმედი გმირია ფაშა როდოდენდრონი. ოსმალეთის უძლეველი სულთანი გადაწყვეტს, თავისი ჰარამხანა ლამაზი ქალებით შეავსოს. ქართველი ქალები კი სილამაზითა და მშვენიერებით არიან განთქმული. ამიტომაც ფაშა 32 სპილოსა და ამდენივე თავზეხელაღებულ მეომართან ერთად საქართველოში, ქალაქ ჯეგანისკენ გაემართება. ამ დროს, ქართველებს რთველი აქვთ გაჩაღებული. სიმღერ-სიმღერით კრეფენ და ხოტბას ასხამენ ყურძნის ბარაქიან მოსავალს, როცა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ შეიტყობენ. მტერთან საომრად 150 მამაკაცი გაეშურება. გზად კი შიში დაეუფლებათ. თუმცა, მათი მოწინააღმდეგენიც შიშით არიან შეპყრობილი. როდოდენდრონი ამბობს, ეს პატარა ქალაქი იმიტომ ამოარჩია, რომ ის საქვეყნოდ განთქმულია ყველაზე ლამაზი ქალებით, რომელთაც სულელი კაცები ჰყავთ და ამის გამო, მშვენიერი ქალების ადვილად მოპოვების იმედი აქვს. ქართველი მამაკაცები მტერთან შებრძოლებას თავს აარიდებენ. ამასობაში, ერთ-ერთ მათგანს ჭურვი აუფეთქდება ბანაკში და დასახიჩრებულები უკან დაბრუნდებიან. ვიდრე ციხესიმაგრემდე მიაღწევენ, გზაში საკუთარი თავის ქება-დიდებასა და ტრაბახს მოჰყვებიან. ცდილობენ თავი ისე წარმოაჩინონ, თითქოს ბრძოლა გამოიარეს და ყველანი სასტიკ შეტაკებაში დაშავდნენ. ქართველ ქალებს დახეიბრებული ქმრების შორიდან დანახვაზე გული აუჩუყდებათ, ალაყაფის კარს გაუღებენ და შიგნით შემოუშვებენ. ძალაუფლებას თავიანთ თავზე აიღებენ. ქალთა მთავრობას ჩამოაყალიბებენ და მთავარსარდლად ფეროზას აირჩევენ. აბჯარს ჩაიცვამენ და ხელში იარაღს მოიმარჯვებენ. მამაკაცებს კი ლაზარეთში გაამწესებენ და აბანოში ცხელი წყლის აბაზანებითა და ბალახეული ჩაით მკურნალობას დაუწყებენ. კაცები ჭირვეულობენ, ჩაის სმას ღვინო ურჩევნიათ, მაგრამ ხმას ვერ იღებენ განრისხებული, კბილებამდე შეიარაღებული ქალების შიშით. ფეროზას ქმარი, ჯოლიდინი ამბობს, - კურდღლებივით დაგვხოცავენო. ამასობაში, ფაშა როდოდენდრონი ჭკუას იხმარს. თავის რაზმს გადამალავს, მებარაბნის ტანსაცმელს გადაიცვამს და ასე შეიპარება ქალაქში. უცაბედად, საქართველოში გადმოხვეწილ ორ თანამემამულეს, საჭურის ბობოლსა და მის ხელქვეითს გადაეყრება. ეტყვის: ერთი ქართველი გუშაგის მოსყიდვა მინდოდა სამ რუპიად, მაგრამ იმ უვარგისმა თავისი ერთგულება არ გაყიდაო. ბობოლი მიუგებს: ამ ქვეყანაში ყველა კაცი რკინისაა. თუმცა, სინდისი ბრინჯაოსი აქვთ.

alt ისინი არასოდეს ღალატობენ თავიანთ მოვალეობებს იქამდე, ვიდრე ხუთ რუპიას არ შესთავაზებენო. როდოდენდრონი საკუთარ ზრახვებს გაუმხელს მათ და დაითანხმებს, რომ გეგმის განხორციელებაში დაეხმარონ. აუკრძალავს თავისი სახელისა და რეგალიების ხსენებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ვინაობის გამხელით დაემუქრება - რომ ოდესღაც ჰარამხანის მცველებად ემსახურებოდნენ მას. ბობოლის მეშვეობით ფაშა მოახერხებს ფეროზასთან შეხვედრას, რომელსაც ორი დამხმარე ქალი ჰყავს - ნანი და ზაიდა. აუდიენციისას ცბიერი ოსმალო ვერ დამალავს უსაზღვრო აღფრთოვანებას მთავარსარდალი ქალის მომნუსხველი სილამაზით. თავს სულთნის მოღალატედ გაასაღებს. ენაწყლიანი, ცრუ საუბრით ცდილობს, ფეროზა შეცდომაში შეიყვანოს და ქალაქიდან გაიტყუოს, მაგრამ ქალს ეჭვი შეეპარება და არ დაუჯერებს.

სენ-ურბენი - ფეროზას როლის პირველი შემსრუ-ლებელი

როდოდენდრონს თავისუფლად წასვლის საშუალებას აღარ მისცემენ და ქალთა არმიაში ტამბურ-მაჟორად (მთავარი მებარაბნე) გაამწესებენ. საჭურის ბობოლსა და მის ლაქიას კი თავიანთი ქმრების მოვლას დაავალებენ. ქალები მტერთან საბრძოლველად ემზადებიან. ამ დროს ფაშას ძველი ტანსაცმლის ჯიბეში ქალაქის რუკას იპოვიან და მიხვდებიან, სინამდვილეში ვინც არის. ფეროზა ნადიმს გამართავს, ფაშას ღვინით დაათრობს და სიმთვრალეში მზაკვრული ზრახვის შესახებ უნებლიეთ წამოაცდენინებს. ამაში ქალს თავისი იშვიათი სილამაზეც დაეხმარება. მთავარსარდალი სამხედრო საბჭოს შეკრებს და ფაშას სიკვდილით დასჯის განაჩენს გამოუტანენ. მალე ქალები იმასაც შეიტყობენ, რომ თავიანთ ქმრებს მტერთან არ უბრძოლიათ და უკლებლივ ყველას ქალაქიდან გაყრიან. თუმცა, ასე დიდხანს არ გასტანს. ბოშების ტანსაცმელში გადაცმული მამაკაცები კვლავ მოახერხებენ უკან შემოსვლას. ამასობაში, როდოდენდრონის გადამალული ჯარისკაცებიც შემოაღწევენ ქალაქში. ფაშა ბობოლის მოსყიდვას ცდილობს და ისიც ჰპირდება ხელშეწყობას, მაგრამ უთანხმოება მოუვათ ნანის სიყვარულის გამო. განაწყენებული ბობოლი უღალატებს როდოდენდრონს და ქართველების მხარეს გადავა, დაეხმარება იარაღის ხელში ჩაგდებაში. შეიარაღებულები გადამწყვეტ ბრძოლას გააჩაღებენ და გამარჯვებული ქართველი მამაკაცები მტერს უკუაქცევენ. ამგვარი საქციელით ქმრები თავიანთი ცოლების გულებს მოიგებენ და მათ თვალში ძველებურ რეპუტაციას დაიბრუნებენ. თავის მხრივ, ქართველი ქალებიც უკან მიიღებენ ქმრებს და მთელ ძალაუფლებას კვლავ მამაკაცებს გადაულოცავენ.

alt

ოპერა-ბუფა ფეროზას ოპტიმისტური სიმღერით მთავრდება, რომელიც მომავალ მტერზეც გამარჯვების პათოსითაა განმსჭვალული.

ლაშა გასვიანი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი

ჟურნალი "ისტორიანი".#121