"შაითან კაპიტანი" - კვირის პალიტრა

"შაითან კაპიტანი"

"ვიღაცამ კარზე დააკაკუნა.

"ენტრეზ"! გასძახა მამიდა არმადარმა.

ტანმორჩილი ჩოფურა მოხუცი შემოვიდა.

თარაშ ემხვარს გაუხარდა "შეითან კაპიტანის" მოსვლა.

"ეს კაცი ყოფილი გენერალია, მსოფლიო ომის დროს მან ერთი ბატალიონით თურქეთის მთელი კორპუსი შტაბიანად შეიპყრო", - ეუბნება თარაში კაროლინას ინგლისურად, ხმადაბლა, თანაც დასძინა: მან არც კი იცის, რომელიმე სენსაციური ამერიკული გაზეთი მილიონ დოლარს არ დაიშურებდა მის მემუარებისათვის".

კონსტანტინე გამსახურდია. "მთვარის მოტაცება"

ერთ-ერთი თურქული საექსკურსიო გზამკვლევი გვამცნობს: "პირველად მოგითხრობთ ყარსის შესახებ... თუ თქვენ შეხვალთ ყავახანაში, იქ მყოფი მოხუცი ყარსელი, მისთვის დამახასიათებელი თეატრალურობით, აუცილებლად მოგიყვებათ აჰმედ მუხთარ ფაშას გმირობის ან სარიყამიშთან ბრძოლისას თურქი ჯარისკაცების დაღუპვით გამოწვეული ტკივილის შესახებ".

მაშასადამე, სარიყამიშთან განცდილი მარცხისგან გამოწვეული ტკივილი დღემდე აწუხებთ აქაურებს, ჩადენილი გმირობით სიამაყით ივსებიან ქართველები და რუსები, გერმანელები ყველაფერს თურქთა უთავბოლობასა და შემთხვევითობას აბრალებენ.

ჩვენ არ შევუდგებით ამ ტრაგიკული დღეების ყველა პერიპეტიის აღწერას, მხოლოდ ქართველ სამხედროთა მამაცობაზე ვისაუბრებთ. ვფიქრობთ, მათი წვლილი მეტად მნიშვნელოვანია და ღირსია ცალკე განხილვისა.

1914 წლის ივლისში სარაევოში სერბი გავრილო პრინციპის გასროლას მსოფლიოში მანამდე არნახული მღელვარება მოჰყვა. ტახტის მემკვიდრის მოკვლით აღშფოთებულმა ავსტრია-უნგრეთის იმპერიამ 28 ივლისს ომი გამოუცხადა სერბეთს. მსოფლიო ისტორიაში ომის გამოცხადება პირველად მოხდა დეპეშით. 5 აგვისტოსთვის კი ომში ჩაება გერმანია, რუსეთი, საფრანგეთი და ინგლისი. საბრძოლო მოქმედებები ყველაზე ინტენსიურად ევროპაში მიმდინარეობდა. მთელი ზაფხულის განმავლობაში სამთა კავშირის წევრი ოსმალეთის იმპერია სიმშვიდეს ინარჩუნებდა. იმდენად მოჩვენებითი იყო თურქების მოქმედება, რომ რუსებმა კავკასიიდან ჯარის დიდი ნაწილი დასავლეთის ფრონტზე ავსტრია-უნგრეთის წინააღმდეგ გადაისროლეს. შემოდგომაზე მოკავშირეთა გეგმები შეიცვალა და გერმანელებმა ოსმალეთისგან კავკასიაში ფრონტის გახსნა მოითხოვეს სასწრაფოდ.

1914 წლის ოქტომბერში რუსეთის იმპერიასა და ოსმალეთს შორის მყიფე მშვიდობა დაირღვა და დაიწყო საბრძოლო მოქმედებები კავკასიის ფრონტზე. ძირითადი მოვლენები ამ მიმართულებით განვითარდა დეკემბერ-იანვარში.

დღის წესრიგში დადგა შეტევის სარიყამიშის მიმართულებით განვითარების პერსპექტივა. ენვერ ფაშამ გერმანელ მრჩეველთა დახმარებით დაგეგმა მეტად გაბედული ოპერაცია: თურქული მე-3 არმიის სამ საარმიო კორპუსს რუსული ქვედანაყოფები უნდა შეებოჭა სარიყამიშთან (ადგილი ყარსსა და ბასიანის რეგიონს შორის. სარიყამიშის გადასასვლელზე გადიოდა ოდითგანვე ძველი სავაჭრო გზა, რომელიც აკავშირებდა ყარსსა და არზრუმს).

სარიყამიშის მიმართულება შემთხვევით არ შეურჩევიათ. ამ ამოცანის წარმატებით გადაჭრის შემთხვევაში იმედოვნებდნენ რუსეთის მიერ 1877-78 წლების ომის შემდეგ მიერთებული ტერიტორიების (ისტორიული ტაო-კლარჯეთი) დაბრუნებას, რეგიონში მცხოვრები მაჰმადიანი (ძირითადად აჭარლებისა და ქვემო ქართლის აზერბაიჯანელების) მოსახლეობის აჯანყებას, სამხრეთ კავკასიის გაწმენდასა და ბორჯომი-თბილისის მიმართულებით შეტევას.

ამ დროს დერბენტის პოლკის მე-14 ასეულის მეთაურის, კაპიტან ტარასი ვაშაკიძის გმირობამ მთლიანად შეცვალა ბრძოლის ბედი.

რუსეთის არმიის სანგრები სარიყამიშის ფრონტზე

ეს მოხდა 22 დეკემბერს. მოულოდნელობისგან ყველა (მტერიცა და მოყვარეც) განცვიფრებული დარჩა.

გენერალი იუდენიჩი იტყვის: "ეს ხომ შეუძლებელია!!!", ხოლო გენერალი ბერხმანი თავის მოხსენებაში დაწერს: "უსაზღვროდ მოხარული ვარ, ჩემს ხელქვეით მყოფი ყველა წოდების სამხედროს სახელით მივულოცო თქვენს მაღალკეთილშობილებას ესოდენ დიდი და სახელოვანი გამარჯვება".

საქმე ეხებოდა დარუბანდის 154-ე ქვეით კაზაკთა ათასეულის (მეთაური პოლკოვნიკი თავადი ნიჟარაძე) მე-14 ასეულის მებრძოლებისა და ასმეთაურ კაპიტან ტარასი ვაშაკიძის მიერ თურქეთის III არმიის IX კორპუსის მთელი ხელმძღვანელობის დატყვევების ამბავს, რის შემდეგაც ამ ოპერაციის ბედი პრაქტიკულად გადაწყდა - რუსულ არმიებს რამდენიმე დღე დასჭირდათ IX და X საარმიო კორპუსების დარჩენილი ნაწილების გასანადგურებლად.

რუსულ საისტორიო ლიტერატურაში ამ მოვლენას "რუსულ სასწაულს" უწოდებენ. სინამდვილეში კი უფრო "ქართული სასწაულია". შეიძლება ითქვას, რომ არა ტარასი ვაშაკიძის "ქართველობა", ეს ამბავი არც მოხდებოდა. საინტერესო ის არის, რომ როდესაც ენვერ ფაშას გერმანელი მრჩევლები ოპერაციას გეგმავდნენ, განსაკუთრებით უსვამდნენ ხაზს რუსული არმიების ხელმძღვანელობის არაოპერატიულობასა და მოუქნელობას. თურქული არმიების გაწვრთნისას სისწრაფესა და მანევრირებაზე ამახვილებდნენ ყურადღებას. დეკემბრის შუა რიცხვებამდე მოვლენები სწორედ დასახული სცენარით ვითარდებოდა. ტარასი ვაშაკიძის გმირობის შემდეგ კი ყველაფერი თავდაყირა დადგა - თურქული არმია ერთი ხელის მოსმით განადგურდა. ყოველივე ეს ისე სწრაფად მოხდა, რომ რუსმა გენერლებმა გეორგი ბერხმანმა და ნიკალაი იუდენიჩმა დიდების გვირგვინები ვერ გაინაწილეს: ერთს არ ჰქონდა სარდლობა გადაბარებული, მეორეს კი - მიღებული.

ტარასი ვაშაკიძე დაიბადა 1873 წლის 8 ივნისს დავით და ირინე ვაშაკიძეების ოჯახში ქუთაისის გუბერნიაში, ხონის უბნის სოფელ დიდ გუბში. მოგვიანებით მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ქუთაისში. ტარასიმ 1891 წელს დაამთავრა საქალაქო სასწავლებელი, ხოლო 1892 წელს თბილისის იუნკერთა სასწავლებელში ჩაირიცხა, რომელიც 1895 წლის 18 აგვისტოს დაასრულა და ამ დროიდან მისი ცხოვრების უმთავრეს ასპარეზად სამხედრო სამსახური იქცა.

სასწავლებლის დასრულების შემდეგ დარუბანდის 154-ე ათასეულის მე-14 ასეულში გაამწესეს. სწორედ ამ ასეულში 1895-1913 წლებში განვლო მან გრძელი გზა პოდპრაპორშჩიკობიდან კაპიტნობამდე.

მეორე რიგში, მარცხნიდან მესამე კაპიტანი ტარასი ვაშაკიძე. ყარსი, 1914

...22 დეკემბერს მოვლენები ამგვარად განვითარდა: თურქთა IX კორპუსის ხელმძღვანელობის დატყვევებისას ტარასი ვაშაკიძე, მიუხედავად იმისა, რომ პოლკის უფროსმა სასტიკად აუკრძალა დამოუკიდებელი მანევრირება, საკუთარი ინიციატივით მოქმედებდა. დერბენტის 154-ე პოლკის მეთაურის, პოლკოვნიკ ნიჟარაძის მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ "წინა საღამოს, 11-12 საათის შუალედში კაპიტანი ვაშაკიძე, საკუთარი ინიციატივით... პრაპორშჩიკ ლებედევისა და პოდპრაპორშჩიკ სოროკინის თანხლებით დაზვერვაზე იმყოფებოდა. დილის 5 საათამდე დაზვერა და გამოიკვლია ტერიტორია მოწინააღმდეგის კოცონებისა და ხმაურის მიხედვით".

22 დეკემბერს დანიშნული იყო რუსების ერთიანი შეტევა, რომელიც გეგმის მიხედვით დაიწყო კიდეც დღის პირველ საათზე. კაპიტანმა ვაშაკიძემ, რომელიც შეტევის ოპერატიულ გეგმას უნდა დამორჩილებოდა, ვითარებაში სწრაფი ორიენტირების უნარი გამოამჟღავნა. მოცემულ მომენტში მისი მოქმედება ეწინააღმდეგებოდა კიდეც საერთო გეგმას, მაგრამ მიღებულმა შედეგმა რისკი სრულად გაამართლა.

იერიშის დროს ვაშაკიძემ ასეული წინა ღამით ჩატარებული დაზვერვის მიმართულებით წაიყვანა. მან და მისმა მებრძოლებმა ტყიან ზოლში ხელთ იგდეს თურქთა ოთხი ზარბაზანი და არტილერისტები. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ამ უკანასკნელთ IX კორპუსის მთავარი შტაბის მისადგომების დაცვა ევალებოდათ. ამის შემდეგ ვაშაკიძემ განკარგულება მიიღო, ადგილზე დარჩენილიყო და აღარ განეგრძო მოძრაობა მოწინააღმდეგის პოზიციების მიმართულებით, მაგრამ იგი ბრძანებას არ დაემორჩილა.

პოლკოვნიკი ნიჟარაძე განაგრძობს: "კაპიტანმა ვაშაკიძემ რამდენჯერმე დააპირა შეტევაზე გადასვლა, მაგრამ იგი ბატალიონის მეთაურმა შეაჩერა... საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებულმა კაპიტანმა ვაშაკიძემ საერთო წყობა დატოვა და ფორსირებული იერიშით გაიჭრა წინ, სადაც მტრის ძირითადი ძალები ეგულებოდა".

ვაშაკიძის მანევრი სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა მოწინააღმდეგისთვის.

თურქული არმიის სამხედრო ნაწილი მარშით მსვლელობისას

1915 წლის 22 ივლისს დარუბანდის 154-ე ათასეულის მე-14 ასეულის მეთაური, კაპიტანი ტარასი ვაშაკიძე პოლკოვნიკ სპირიდონ ესაძეს წერდა: "1914 წლის 22 დეკემბერს ასეული ათეულებად დავყავი და თურქების ბანაკისკენ დავძარი, ვუბრძანე, სროლა არ აეტეხათ, რათა თურქები ცეცხლის მიხედვით ჩვენს რიცხობრივ სიმცირეს არ მიმხვდარიყვნენ. მე კი მარტო გავემართე მტრის პოზიციებისკენ. როდესაც მათგან ორასიოდე ნაბიჯიღა მაშორებდა, დამტვრეული თურქულით შევძახე: "დაგვნებდით, დაყარეთ იარაღი, თორემ ყველას ამოგხოცავთ". ცოტა ხნის შემდეგ ჩემთან თურქი ოფიცერი მოვიდა და დამტვრეული რუსულით მითხრა: "ბატონო ოფიცერო, ყველაფერი გადაწყვეტილია. კორპუსის მეთაური გთხოვთ, რომ სისხლი არ დაიღვაროს, გნებდებით".

ვხედავთ, ისინი ძალზე ბევრნი არიან, ყველა შეირაღებულია, მარტო ოფიცერი 100-ზე მეტი იქნება. საჭიროა მათი განიარაღება, მე კი საკმარისი რაოდენობის ხალხი არ მყავს. მიხვდებიან, ცოტანი რომ ვართ. გამოსავალს ეშმაკობაში ვხედავ, ვუახლოვდები გენერალს (როგორც შემდგომ გამოირკვა, კორპუსის სარდალს ისხან ფაშას) და ხმამაღლა ვეუბნები: - ბატონო ოფიცერო, იარაღი შეგიძლიათ დაიტოვოთ.

გენერალი (მოგვიანებით ისხან ფაშას ისტორიკოსები თურქ კორნილოვს დაარქმევენ. - ავტ.) ფრანგულად მეკითხება. ვპასუხობ, რომ ვარ რუსეთის არმიის კაპიტანი, რომელსაც მათი დატყვევება აქვს დავალებული და რუსეთის არმიის ნაწილები პასუხს დაუყოვნებლივ ელიან.

- რა ძალები გყავთ? - მეკითხება გენერალი.

- აქეთ დივიზია დგას, იქით მზვერავთა ბრიგადა, აქვე კი ორი ბატალიონია ჩასაფრებული.

ამის შემდეგ მკითხა, - საიდან ბრძანდებიო.

მეც ვუპასუხე: - ქართველი ვარ, ქუთაისიდან.

- ვიცი, ვიცი ქუთაისიო, - და ისევ მკითხა:

- სად არიან თქვენი ოფიცრები?

- გორაკს მიღმა! - გულში კი ვფიქრობ, რომ ასეულში სულ ორი პრაპორშჩიკი მყავს.

ამით ჩვენი მოლაპარაკება დასრულდა. ყველას ცხენებზე შესხდომა შევთავაზე. მე კი ფეხით გავეშურე. თურქებს ეს გარემოება მხედველობიდან არ გამოჰპარვიათ და გენერალმა თავისი სამარქაფო ცხენი შემომთავაზა. გზაში სულ ვფიქრობდი, ეშმაკობა არ შემიტყონ, თორემ სულ ჯოხებით გაგვრეკავენ-მეთქი.

ბედმა გამიღიმა. როგორც კი ხეობიდან გამოვედით, რუსეთის არმიის ჩამორჩენილი ნაწილები დავინახე.

როდესაც ჩვენს შტაბს მივუახლოვდით, ისხან ფაშასთან მივედი და ვუთხარი:

- გენერალო, მე თქვენი კორპუსი ერთი ასეულით დავატყვევე.

ისხან ფაშა შეცბა, გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა (მისი სახე არასოდეს დამავიწყდება), ხელი შუბლზე მიირტყა და წამოიძახა: - შაითან კაპიტან, შაითან კაპიტან!

ამ სიტყვების მნიშვნელობას ვერ მივხვდი და იქვე მდგომ სომეხს ვკითხე, - რას ამბობს-მეთქი და მანაც მითარგმნა: - "შაითანი" ეშმაკს ნიშნავსო.

ამ ოპერაციის შედეგად ტარასი ვაშაკიძის ასეულმა დაატყვევა თურქეთის არმიის IX კორპუსის სარდალი ისხან ფაშა, სამი დივიზიის მეთაური, ორი დივიზიის მეთაურის თანაშემწე შტაბებითურთ, 107 ოფიცერი და 1306 ჯარისკაცი; ხელთ იგდო 8 ზარბაზანი, 24 ტყვიამფრქვევი, დიდი რაოდენობით ცხენები, ტყვია-წამალი და სხვა სახის ნადავლი.

პირველი მსოფლიო ომის მკვლევარი, გენერალ-მაიორი ნ. კორსუნი აღნიშნულის შესახებ აცხადებს, რომ "შაითან კაპიტნის" მოქმედებათა შემდეგ სამხედრო სტრატეგიის სახელმძღვანელოებში შევიდა პუნქტი, რომ შტაბების მოწყობა დაუშვებელია მთიან ადგილებსა და უსაფრთხოების განსაკუთრებული პირობების გარეშე.

ამ გმირობის გარდა, ტარასი ვაშაკიძის სახელს უკავშირდება 1914 წლის 19 დეკემბერს ("შაითნობამდე" სამი დღით ადრე) მტრის ერთი პოლკოვნიკის, ორი პოდპოლკოვნიკის, სამი კაპიტნის, ოთხი უმცროსი ოფიცრისა და 182 ჯარისკაცის დატყვევებაც.

ყოველივე ამის გამო პოლკოვნიკმა ნიჟარაძემ ფრონტის სარდლობის წინაშე აღძრა შუამდგომლობა ვაჟკაცობითა და მოხერხებულობით გამორჩეული კაპიტან ვაშაკიძის წმინდა გიორგის მეოთხე ხარისხის ორდენით დაჯილდოების შესახებ;

1915 წლის 31 ივლისს კი ტარასი ვაშაკიძეს კავკასიის მეფის ნაცვალი ვორონცოვ-დაშკოვი ატყობინებდა, რომ ანტანტის წევრი ქვეყნის, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის - რაიმონ პუანკარეს ბრძანებით მას მიენიჭა საფრანგეთის სამხედრო მედალი მედაილლე მილიტაირე (ჯილდოს მნიშვნელობაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ამ მედლის კავალერი თვით იმპერატორი ნიკოლოზ II იყო).

გარდა ამისა, პირველი მსოფლიო ომის დროს სხვა ოპერაციებისას გამოჩენილი გმირობისთვის ტარასი ვაშაკიძე დაჯილდოვდა წმინდა სტანისლავის მეორე ხარისხის ორდენით, ხმლითა და ბაფთით; წმინდა სტანისლავის მესამე ხარისხის ორდენით; წმინდა ანას მესამე ხარისხის ორდენით, ხმლითა და ბაფთით.

1915 წლის 18 ნოემბერს ტარასი ვაშაკიძე გიორგობის დღესასწაულში მონაწილეობის მისაღებად ქალაქ მოგილიოვში გაგზავნეს, სადაც ნიკოლოზ მეორეც იმყოფებოდა. 26 ნოემბერს ამ უკანასკნელმა ქართველი კაპიტანი პირადად მიიღო და გამოჩენილი მამაცობისთვის პოდპოლკოვნიკის ჩინი უბოძა.

1917 წლის თებერვალში რუსეთში რევოლუცია მოხდა, ნიკოლოზ II ტახტიდან გადააგდეს, ხელისუფლებაში დროებითი მთავრობა მოვიდა... რუსეთის არმია კი ბრძოლას კვლავ განაგრძობდა. მარჯვნიდან მარცხნივ: გენერალი თ. ართმელაძე, ქუთაისის მოურავი დ. კალანდარიშვილი, კ. დათეშიძე, გენერალი კრეს ფონ კრესენშტაინი, გენერალი ტ. ვაშაკიძე, კრესენშტაინის ადიუტანტი ბარონი ჰამი და მწერალი დ. კლდიაშვილი (ი. კვიცარიძის ჟურნალ-გაზეთების კანტორა იმერეთში. ქუთაისი, 1919 წლის იანვარი)

იმავე წლის მარტში ტარასი ვაშაკიძე დერბენტის 154-ე პოლკის მეთაურად დაინიშნა, მალე პირველი ქართული მსროლელთა პოლკი შეიქმნა და ტარასი უკვე მისი მეთაურის რანგში გვევლინება. 1917 წლის ნოემბრამდე იგი კავკასიის ფრონტზე იმყოფებოდა. ამის შემდეგ რუსეთის ჯარმა დაშლა დაიწყო. ჯარისკაცთა უმეტესობა რუსეთში დაბრუნდა.

ამჯერად უკვე ამიერკავკასიის კომისარიატი განაგრძობდა თურქებთან ომს.

1918 წლის პირველ აპრილს ოსმალებმა ბათუმი აიღეს. მათ ბევრი სამხედრო პირი, მათ შორის პოლკოვნიკი ვაშაკიძეც დაატყვევეს. რამდენიმე დღის შემდეგ თურქებმა ტყვეები ხოფას მიმართულებით წაიყვანეს.

კინი გეგეჭკორის "მოგონებებიდან": "ტარასი ვაშაკიძე იცნო ერთ-ერთმა მებადრაგემ. ხმლის ქარქაში ზურგში ჩაჰკრა და შეუძახა ისხან ფაშას სიტყვები: "შაითან კაპიტან". გავიარეთ 5-6 კილომეტრი. ცხენოსანი მდევარი დაგვედევნა და უცბად უკან დაგვაბრუნეს. ბათუმში რომ ჩავედით, კომენდანტმა ყველა გაგვათავისუფლა".

ოსმალთა ტყვეობიდან ტარასი ვაშაკიძე 24 აპრილს გათავისუფლდა, 8 მაისს კი მას გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების შემდეგ, 1918 წლის აგვისტოში, ტარასი პირველი ქართული დივიზიის მეთაურის თანაშემწედ დაინიშნა. ქართულ ჯარში იგი ბოლშევიკების მიერ საქართველოს დაპყრობამდე მსახურობდა. მეთაურობდა შენაერთებს აფხაზეთსა და სოჭის რეგიონში; ერთხანს იყო ტუაფსეს გენერალ-გუბერნატორი. საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ (1921 წ.) ვაშაკიძე გადადგა სამხედრო სამსახურიდან, თუმცა ქვეყანა არ დაუტოვებია და მუშაობდა ფინანსთა სახალხო კომისარიატში (1922-1932 წწ.). გარდაიცვალა 1937 წელს. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.

გიორგი ჟუჟუნაშვილი

ჟურნალი "ისტორიანი".#105