უცნობი ოსა­მა ბენ ლა­დე­ნი... - კვირის პალიტრა

უცნობი ოსა­მა ბენ ლა­დე­ნი...

2 მაისს მთელი დედამიწა მოიარა ამბავმა, რომ მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი, ოსამა ბენ ლადენი ამერიკელ "ზღვის ლომების" სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულია პაკისტანის ქალაქ აბუტაბადში. ამის შესახებ მსოფლიოს თავადვე აცნობა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.

წლების განმავლობაში ოსამა ბენ ლადენს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში განხორციელებული ტერაქტების უმრავლესობა მიეწერებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრთან საერთოდ არ ჰქონია კავშირი. იმასაც ამბობდნენ, რომ ბენ ლადენი არარსებული პიროვნებაა, რომელიც ამერიკელებმა გამოიგონეს თავისი მიზნებისთვის. 2 მაისის სპეცოპერაციის შემდეგ, ვფიქრობთ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება მოვუთხროთ, ვინ იყო სინამდვილეში ოსამა ბენ ლადენი.

ოსამა ბინ მუჰამად ბინ ავად ბენ ლადენი საუდის არაბეთის დედაქალაქ არ-რიადში დაიბადა. 1998 წელს მიცემულ ინტერვიუში მან თავისი დაბადების თარიღად 1957 წლის 10 მარტი დაასახელა. მისი მამა, მოჰამედ ბინ ავად ბენ ლადენი მდიდარი ბიზნესმენი და საუდების სამეფო ოჯახთან დაახლოებული პირი იყო. ის 1930 წელს გადავიდა იემენიდან საუდის არაბეთში. მაშინ ბევრი არაფერი გააჩნდა, სულ მალე კი სამეფოში უმსხვილესი სამშენებლო კომპანიის მფლობელი გახდა. მისი კომპანია იმდენად ავტორიტეტული იყო, რომ 1969 წელს, ხანძრის შემდეგ ლეგენდარული ალ-აქსას მეჩეთის რეკონსტრუქცია ანდეს. დედა, ჰამიდა ალ-ატასი (ალია ხანემი), წარმოშობით სირიელი ქალი, მამამისის მეათე ცოლი იყო. მათი ოჯახი ოსამას დაბადებიდან მალევე დაინგრა და ჰამიდა მეორედ გათხოვდა, მოჰამედ ალ ატასზე. ოსამა მეშვიდე ვაჟი იყო მამის ორმოცდაათამდე შვილს შორის.

ბენ ლადენი, 1990-იანი წლების დასაწყისში

ოსამა ვაჰაბიტად იზრდებოდა. მიუხედავად ამისა, მან განათლება პრესტიჟულ სეკულარულ სკოლაში მიიღო, ხოლო შემდეგ მეფე აბდულაზიზის უნივერსიტეტში ეუფლებოდა ეკონომიკასა და ბიზნესის ადმინისტრირებას. ზოგიერთი ცნობით, უნივერსიტეტი სამოქალაქო ინჟინერიის განხრით დაასრულა, ზოგი კი ამტკიცებს, რომ 1981 წელს სახელმწიფო მართვაში დაიცვა ხარისხი. იმასაც ამბობენ, რომ ბენ ლადენმა სწავლა სულაც მესამე წელს მიატოვა.

უნივერსიტეტში დაინტერესებული იყო ყურანითა და ჯიჰადით. იტაცებდა პოეზია და სამხედრო საქმე. აიდეალებდა მარშალ მონტგომერისა და შარლ დე გოლს. უყვარდა ფეხბურთიც. თვითონაც თამაშობდა ცენტრალურ თავდამსხმელად და ლონდონის "არსენალს" გულშემატკივრობდა. მიუხედავად არაერთი ცნობისა, ბენ ლადენის ბავშვობისა და სტუდენტობის პერიოდი ბურუსითაა მოცული.

პირველად 17 წლისამ იქორწინა თავის ბიძაშვილზე, რომელიც მას 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ გაეყარა. ნაივა ხანემის გარდა მას კიდევ ხუთი ცოლი ჰყავდა, რომელთაგან ორი გაუჩინარდა და მათი ბედი დღემდე უცნობია. ასევე უცნობია მისი შვილების ზუსტი რაოდენობაც.

გამოძიების ფედერალური ბიუროს მონაცემებით, ოსამა ბენ ლადენი 195-198 სმ სიმაღლისა იყო და 75 კილოგრამს იწონიდა. ეცვა უბრალოდ, ისე როგორც მის მებრძოლებს და არასოდეს იზიდავდა ფუფუნებაში ცხოვრება.

აბდულ რასულ საიაფი (მარცხნივ)

მსოფლიოს მოსახლეობის თვალში ბენ ლადენი ყოველთვის ავღანეთთან ასოცირდებოდა. საბჭოთა ინტერვენციიდან ორიოდე კვირაში ოსამა პაკისტანში ჩავიდა. მას ორი მიზანი ჰქონდა: ენახა ლტოლვილთა ბანაკები და ავღანური წინააღმდეგობის ლიდერებს შეხვედროდა. მათ შორის იყვნენ ბურჰანუდდინ რაბანი, ავღანური წინააღმდეგობის ლიდერი და მოგვიანებით ავღანეთის მეთერთმეტე პრეზიდენტი, ასევე უსტად აბდულ რაბ რასულ საიაფი. ისინი იყვნენ პირველი მოჯაჰედები, რომელთა დაჯგუფებებიც მნიშვნელოვან წინააღმდეგობას უქმნიდნენ საბჭოთა ჯარებს. ოსამა მალევე დაბრუნდა სამშობლოში, რათა ავღანური წინააღმდეგობისათვის ფინანსები მოეძიებინა. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ იყო პაკისტანში, ავღანეთის საზღვარი 1982 წლამდე არ გადაუკვეთავს. აქედან მოყოლებული, მონაწილეობდა საომარ ოპერაციებშიც, თუმცა არც ერთი ორგანიზებული დაჯგუფების წევრი არ ყოფილა. ცდილობდა, ავღანელთა დასახმარებლად რაც შეიძლება მეტი არაბი მოეზიდა. 80-იანი წლების დასაწყისში პალესტინელ აბდალა აზაზთან ("მუსლიმანური საძმოს" წევრი) შექმნა "მაკდალ-აკ-ჰადამატი" და დაკავებული იყო "ბოევიკების" გადაყვანითა და ფულის გადარიცხვით ავღანური წინააღმდეგობისათვის. ამ ბიურომ გადაბირების ცენტრები გახსნა 50 ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, ეგვიპტეში, საუდის არაბეთში, პაკისტანში, და ხალხს საბჭოთა კავშირთან ბრძოლისთვის აგზავნიდა. ჰქონდა "ბოევიკთა" მომზადების ბანაკები ავღანეთსა და პაკისტანში. რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, ამ პერიოდში ბენ ლადენი აშშ-ის სპეცსამსახურების დახმარებითაც სარგებლობდა. 1984 წელს ბენ ლადენმა ფეშავარში სასტუმრო გახსნა, რომელიც ავღანელთა დასახმარებლად წამოსულ არაბთა პირველ თავშესაფრად იქცა. ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლები ამ სასტუმროს ხშირი სტუმრები იყვნენ.

მოჯაჰედები ავღანეთში რუსული წარმოების იარაღით. 1987 წ.

1986 წელს ბენ ლადენმა ავღანეთში შვიდი ბანაკი მოაწყო და გადაწყვიტა, საკუთარი სამხედრო ფორმირება ჩამოეყალიბებინა. გადამდგარი ეგვიპტელი და სირიელი ოფიცრებისგან დაკომპლექტებული რაზმით გამართა ბენ ლადენმა თავისი პირველი ბრძოლა საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ ბაქტრიის ერთ-ერთ პატარა სოფელთან. 1989 წლამდე მისმა რაზმებმა ხუთი დიდი და ასობით მცირე ბრძოლა გადაიტანეს. 1984-86 წლებში ის უკვე ავღანეთში ცხოვრობდა. წელიწადში მხოლოდ 2-3 თვით ბრუნდებოდა საუდის არაბეთში, ისიც ფინანსების მოსაძიებლად. მისი ბანაკები ავღანეთის ტერიტორიაზე ყველაზე კარგად აღჭურვილი და კომფორტული იყო. თუმცა წლების განმავლობაში საუდის არაბეთში სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდებოდა მისი ოჯახის წევრების გაქრობით. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ბენ ლადენმა ორგანიზებული ქსელის შექმნა გადაწყვიტა. 1988 წლის 11 აგვისტოს შეიქმნა "ალ-ყაიდა" - რაც ქართულად ბანაკს, საფუძველს, პრინციპს ნიშნავს.

ორგანიზაციის საქმიანობა პირველ ეტაპზე საჯარო იყო. ორგანიზაციას დონორობას ბენ ლადენი თავად უწევდა. მისი ოჯახის ფინანსური შესაძლებლობები, რომელიც მამის დატოვებული დიდი სამშენებლო კომპანიისა და რამდენიმე შვილობილი კომპანიის შემოსავლისაგან შედგებოდა, სოლიდური იყო. ბენ ლადენის მიერ 1990-იან წლებში ალ-ყაიდასთვის გაღებული მისი პირადი დახმარება 300 მილიონ დოლარს აღემატებოდა. გარდა ამისა, იყო არაბ ბიზნესმენთა შემოწირულობებიც, რომელთა ნაწილმაც ალ-ყაიდასთვის ფინანსური დახმარება ბენ ლადენის მისი საუდების სამეფო ოჯახთან დაპირისპირების შემდეგ შეწყვიტა.

ავღანეთის ომის დასრულების შემდეგ ბენ ლადენი სამშობლოში დაბრუნდა, თუმცა პრობლემები შეექმნა სამეფო ოჯახის მხრიდან. ამის მიზეზი კი იყო მისი განზრახვა, გაეხსნა ჯიჰადის ფრონტი სამხრეთ იემენში. ამავე დროს ოსამა ხმამაღლა აკრიტიკებდა სადამ ჰუსეინს, კუვეიტში შეჭრის გამო. ამის გამოც ბენ ლადენს საჯარო გამოსვლები აუკრძალეს, ვინაიდან სამეფო ოჯახს ერაყის მაშინდელ მმართველთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ამ ეტაპზე ბენ ლადენის ქმედებები ჯერ კიდევ არ იყო საუდების საწინააღმდეგო. მან წერილიც კი მისწერა მეფეს და ჰუსეინის გეგმების შესახებ გააფრთხილა. ცოტა ხანში კუვეიტის ოპერაცია მართლაც დაიწყო და მანაც აქტიურად განაგრძო წერილების გაგზავნა სამეფო ოჯახის წევრებთან. სთავაზობდა სხვადასხვა გეგმასა და სამხედრო დახმარებასაც, მაგრამ მალე მოხდა ის, რამაც ოსამას ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. მისთვის შოკის მომგვრელი იყო ცნობა, რომ კუვეიტის გათავისუფლების ოპერაციას ამერიკელები წარმართავდნენ. სწორედ მაშინ დაიწყო იმ მეომართა შეკრება, ვინც მასთან ერთად ავღანეთში იბრძოდა, რამაც სამეფო ოჯახის უკმაყოფილება გამოიწვია. საუდები ცდილობდნენ ბენ ლადენი მიეხვედრებინათ, ხელი აეღო თავის განზრახვაზე. საუდის არაბეთის ეროვნულმა გვარდიამ მისი ფერმაც კი დაარბია, როცა ოსამა იქ არ იმყოფებოდა. ამის გამო მან საყვედურით სავსე წერილი გაუგზავნა პრინც აბდულას, რომელმაც ინციდენტისთვის ბოდიში მოუხადა.

ბენ ლადენმა კუვეიტის ოპერაციაში მონაწილეობა ვერ მოახერხა და ქვეყანა დატოვა. ის ჯერ პაკისტანში წავიდა, შემდეგ კი კვლავ ავღანეთში, ვინაიდან პაკისტანის ხელისუფლება და დაზვერვა მჭიდროდ უკავშირდებოდა საუდის არაბეთის მმართველ ოჯახს. ოსამას ქვეყნიდან გაქცევამ დიდი პრობლემები შეუქმნა მის ძმებს, რომელთაგან ერთი შინაგან საქმეთა, ხოლო მეორე თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო საუდის არაბეთში.

 ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტერაქტი ისტორიაში - 11 სექტემბერი, 2001 წ. ნიუ-იორკი. ბენ ლადენი ბოლო მომენტამდე ამტკიცებდა, რომ ეს საშინელება მას არ მოუწყვია

1991 წელს ოსამა სუდანში გადავიდა. ამ ნაბიჯს არაფერი ჰქონდა საერთო ტერორიზმთან ან ჯიჰადთან. მას სურდა დახმარებოდა სუდანს მაშინ, როდესაც ყველამ ზურგი აქცია. იქ მან წარმატებით განახორციელა რამდენიმე მსხვილი სამშენებლო პროექტი. ფინანსების მოზიდვას კი სხვადასხვა არხით კვლავ სამშობლოდან ცდილობდა, სადაც მის ძმებს ჯერ კიდევ გააჩნდათ მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები. სუდანში საუდების სამეფო ოჯახის დაკვეთით მისი მოკვლაც სცადეს. მის ლიკვიდაციას არაბული დაზვერვა პაკისტანსა და ავღანეთშიც შეეცადა.

სუდანში მის ყოფნას დაემთხვა რამდენიმე ანტიამერიკული ინცინდენტი სომალისა და იემენში, რომლებიც ავღანეთში გაწვრთნილმა მეომრებმა განახორციელეს, თუმცა ამ მოვლენებთან ბენ ლადენს კავშირი არ ჰქონია. მიუხედავად ამისა, საუდის არაბეთის მმართველობამ ეს სათავისოდ გამოიყენა და ბენ ლადენის ფინანსური აქტივები გაყინა. 1994 წელს კი მას ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვეს. ამის შემდეგ ისიც ღიად დაუპირისპირდა საუდის არაბეთს და განაცხადა, რომ მისი მოქალაქეობა არაფერში სჭირდებოდა. მან ყველანაირი კავშირი გაწყვიტა თავის ძმებთანაც. დაზვერვამ რამდენჯერმე კვლავ უშედეგოდ სცადა მისი ლიკვიდაცია.

სუდანიდან ისევ ავღანეთში დაბრუნდა. ამ დროიდან მოყოლებული, ის უკვე იქცა მსოფლიოში ყველაზე საშიშ ტერორისტად. ხშირად ვრცელდებოდა მისი ვიდეო და აუდიომიმართვები, ინტერვიუებს კი მხოლოდ ყატარის ტელევიზია "ალ-ჯაზირას" აძლევდა. ახლო ურთიერთობა ჰქონდა თალიბანის რეჟიმთან და მის ლიდერებთან, სულ მალე კი თალიბ მებრძოლთათვის წმინდანად იქცა.

დროთა განმავლობაში მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ხდებოდა ტერაქტები ბენ ლადენის ორგანიზებით. მათ შორის პირველი 1992 წლის 29 დეკემბერს, იემენის ქალაქ ადენში განხორციელდა, რომელსაც ორი კაცის სიცოცხლე შეეწირა. ტერაქტების გეოგრაფია ფართო იყო, ყველა ტერაქტის მიზანი ერთი - აშშ-ის პოზიციების შესუსტება და ისლამური ძალაუფლების დამყარება. ამ მიზნით თავდასხმები და აფეთქებები ეწყობოდა როგორც აშშ-ის, ისე ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებში, თვით საუდის არაბეთშიც კი. ოსამა ბენ ლადენის სახელს ასობით ფართომასშტაბიანი თუ მცირე ტერაქტი უკავშირდება, რომელთა უმრავლესობაზეც ის თავის პასუხისმგებლობას აღიარებდა. 1998 წლის თებერვალში ოსამა ბენ ლადენმა და აიმან ალ ზავაჰირმა მსოფლიოს ისლამური ფრონტის გახსნის შესახებ გამოაცხადეს. მათი მთავარი მიზანი იყო ისრაელებისა და "ჯვაროსნების" წინააღმდეგ ბრძოლა. მათი განცხადებით, მუსლიმები მოვალენი იყვნენ, გაეთავისუფლებინათ ალ-აქსას მეჩეთი იერუსალიმში და ქააბას წმინდა მეჩეთი მექაში ურჯულოებისაგან. ბენ ლადენმა საკმაოდ ხმამაღალი განცხადება გააკეთა, როცა ჟურნალისტებს მიმართა: "ამერიკელები და მათი მოკავშირეები ადვილი სამიზნეები არიან. ამის დასტურს თქვენ სულ ცოტა ხანში იხილავთ". ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო აფრთხილებდა პრეზიდენტ ბილ კლინტონს, რომ ალ-ყაიდას მებრძოლები ინტენსიურად ემზადებოდნენ და მომავალი საფრთხე სერიოზული იყო. 24 ივნისს ბენ ლადენმა და ალ ზავაჰირმა ალ-ყაიდას კონგრესი შეკრიბეს. როგორც ჩანს, ბევრი რამ სწორედ ამ კონგრესზე გადაწყდა.

ყველასთვის თავზარდამცემი მაინც 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედია აღმოჩნდა. ნიუ-იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე განხორციელებულმა გრანდიოზულმა თავდასხმამ მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო, ოსამა ბენ ლადენის მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტობა კი ამის შემდეგ ეჭვქვეშ აღარავის დაუყენებია. თუმცა განსხვავებული იყო ბენ ლადენის ოფიციალური პოზიცია. - მე ამ საქმესთან არაფერ შუაში ვარ. ბედნიერი ვიქნებოდი, ეს მე გამეკეთებინა, მაგრამ სამწუხაროდ, არ გამიკეთებია, - განაცხადა მან. მეტიც - 11 სექტემბრის ტრაგედიის ორგანიზატორად აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში დაასახელა.

ბენ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ მოზეიმე ამერიკელები

ტერაქტის პასუხად აშშ-მა დაუყოვნებლივ დაიწყო სამხედრო ოპერაცია ავღანეთში. თალიბებმა ქვეყნის უდიდეს ნაწილზე კონტროლი დაკარგეს და მთებში გაიხიზნენ, მაგრამ ამერიკელებმა მთავარ სამიზნეს ვერ მიაკვლიეს. ოსამა ბენ ლადენმა აშშ-ის წინააღმდეგ საღვთო ომი - ჯიჰადი გამოაცხადა. ჯიჰადმა მოიცვა არა მხოლოდ აშშ, არამედ მისი მოკავშირეებიც. ბენ ლადენისადმი ინტერესი არც ობამას ადმინისტრაციის დროს განელებულა. ობამამ შეძლო ის, რაც ბუშმა ვერ მოახერხა. 2011 წლის 2 მაისის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში მსოფლიო საინფორმაციო საშუალებებისთვის მთავარი მოვლენა სწორედ ბენ ლადენის ლიკვიდაცია იყო. სპეცოპერაცია ისლამაბადის სიახლოვეს, პატარა ქალაქ აბუტაბადში მოეწყო. ბენ ლადენის გარდა მას კიდევ რამდენიმე ადამიანის, მათ შორის მისი ერთ-ერთი ვაჟისა და ერთი ქალის სიცოცხლე შეეწირა, რომლის ვინაობაც დღემდე უცნობია. არსებობს მოსაზრება, რომ იგი ბენ ლადენის ერთ-ერთი ცოლი იყო.

ოფიციალური ინფორმაციით, ოსამა ბენ ლადენის ცხედარი აბუტაბადიდან ისლამაბადში გადაასვენეს. ისლამური ტრადიციით აუგეს წესი და ზღვაში ჩაძირეს. დაკრძალვისგან თავი იმ მიზეზით შეიკავეს, რომ საფლავი შესაძლოა ექსტრემისტთა თაყვანისცემის ადგილი გამხდარიყო.

როგორც ჩანს, მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი მართლაც ლიკვიდირებულია, მაგრამ ეს, სამწუხაროდ, ტერორიზმის საბოლოო დამარცხებას არ ნიშნავს. იმედია ახალ ოსამა ბენ ლადენს მსოფლიო აღარ იხილავს.

თუმცა ალ-ყაიდას ახალ ლიდერად უკვე გამოცხადდა ეგვიპტელი ექსტრემისტი საიფ ალ-ადელი. ის სახელდებოდა აფრიკული ტერაქტების ერთ-ერთ ორგანიზატორად და იყო ეგვიპტური ჯიჰადის მეთაური...

ბენ ლადენის მიერ ორგანიზებული ტერაქტების  "სერიალი"

1992 წლის დეკემბერი. აფეთქება ქალაქ ადენის (იემენი) სასტუმროში, მიმართული იქ განთავსებულ ამერიკელ ჯარისკაცთა წინააღმდეგ. დაიღუპა ორი ავსტრალიელი ტურისტი.

1993 წლის თებერვალი, ნიუ-იორკი. მსოფლიო სავაჭრო ცენტრში მომხდარ აფეთქებას 6 კაცი შეეწირა, ასობით ადამიანი დაშავდა.

1995 წლის ნოემბრისა და 1996 წლის ივნისის ორი ტერაქტი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადსა და ქალაქ დახრანში, ქვეყანაში განთავსებული ამერიკული სამხედრო კონტინგენტის წინააღმდეგ. ბენ ლადენის თქმით, ამით მან სათავე დაუდო ისლამური სამყაროს წმინდა ომს ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ. დაიღუპა დაახლოებით 30 კაცი, მათ შორის 22 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე.

1996 წელი. საუდის არაბეთში ავტომანქანაში დამონტაჟებული ბომბის მძლავრი აფეთქების შედეგად დაინგრა ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეთა საცხოვრებელი კომპლექსი.

1998 წლის 7 აგვისტო. ტანზანიის დედაქალაქ დარ-ეს-სალამში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მახლობლად აფეთქდა ავტომანქანაში დამონტაჟებული ბომბი. სავარაუდოდ, ამ ტერაქტის მონაწილე ორი ტერორისტი განეკუთვნებოდა ბენ ლადენის დაჯგუფებას. დაიღუპა 10 და დაშავდა 77 კაცი.

1998 წლის 7 აგვისტო. ტერაქტში კენიის დედაქალაქ ნაირობიში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან. ჩამოინგრა ხუთსართულიანი შენობა. ტერაქტის მონაწილე შვიდი ტერორისტი ბენ ლადენის დაჯგუფების წევრი იყო. ვარაუდობენ, რომ ორივე ტერაქტი დაგეგმილი იყო იმამ აზ-ზავაქირის მიერ. დაიღუპა 254 და დაშავდა დაახლოებით 5000 კაცი.

2000 წლის 12 ოქტომბერი. იემენის ქალაქ ადენში, ამერიკულ სამხედრო ხომალდ "კოულზე" მოხდა ტერორისტული აქტი. ასაფეთქებელი ნივთიერებით აღჭურვილი პატარა ნავი, "კოულის" კორპუსს დიდი სიჩქარით შეეჯახა. ამ ტერაქტზე პასუხისმგებლობა არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია, თუმცა ამერიკულ სპეცსამსახურებს აქვთ მონაცემები, რომ ეს აქცია დაგეგმილი და დაფინანსებული იყო ალ-ყაიდას მიერ. მათი განცხადებით, შეტევა გასაოცარი სიზუსტით იყო მომზადებული. დაიღუპა 15 და დაშავდა 33 მეზღვაური.

2001 წლის 9 სექტემბერი. ავღანეთის ქალაქ ტახარში მოკლეს საველე მეთაური ახმად შახ მასუდი.

2001 წლის 11 სექტემბერი. ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტერორისტთა მიერ გატაცებული ორი "ბოინგი" შეეჯახა მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს ნიუ-იორკში, ხოლო ერთი "ბოინგი" - ვაშინგტონში, პენტაგონის შენობის ფრთას. შედეგად დაიღუპა 2974 კაცი (მათ შორის 19 ტერორისტი), 24 უკვალოდ დაიკარგა.

2003 წლის 15 ნოემბერი. თურქეთის ქალაქ სტამბოლში ორი სინაგოგის სიახლოვეს აფეთქდა დანაღმული ავტომობილები, რომელთაც მართავდნენ თვითმკვლელები. დაიღუპა 25 და დაშავდა 300-ზე მეტი კაცი.

2004 წლის 11 მარტი. ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ააფეთქეს ოთხი სამგზავრო მატარებელი. დაიღუპა 191 და დაშავდა დაახლოებით 2000 კაცი.

2005 წლის 7 ივლისი. დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონის მეტროში განხორციელდა ტერორისტული აქტების სერია. დაიღუპა 56 და დაშავდა დაახლოებით 700 კაცი.

2005 წლის 5 ნოემბერი. იორდანიის დედაქალაქ ამანში განხორციელებულ აფეთქებათა სერიის შედეგად დაიღუპა 67 და დაშავდა 295 კაცი.

2007 წლის 27 დეკემბერი. პაკისტანის ქალაქ რავალპინდში მოკლეს ბენაზირ ბხუტო. ტერაქტის შედეგად მასთან ერთად დაიღუპა 25 და დაშავდა 90 კაცი. 2011 წლის 4 მაისი. ერაყის დედაქალაქ ბაღდადში დანაღმული ავტომობილი შევარდა ხალხმრავალ კაფეში, ფეხბურთის მატჩის რეპორტაჟის დროს. დაიღუპა 16 და დაშავდა 37 კაცი.

დავით ბრაგვაძე ჟურნალი "ისტორიანი".#105