"მე შიშს ბრძოლა მოვუგე" - კვირის პალიტრა

"მე შიშს ბრძოლა მოვუგე"

"დღესაც მხოლოდ სამართლიან განაჩენს ვითხოვ!"

"მინდოდა გამძლეობის მაგალითი მიმეცა ჩემსავით უსამართლობის მსხვერპლთათვის"

"თქვენი სტატიები იყო ის ძალა, რამაც დამანახა ჩემი მიზანი"

მთელი ხუთი წელი ყურადღებით ვადევნებდით თვალს გვანცა ყუფარაძის საქმეს. ხანდახან ტელეფონითაც ვახერხებდი მასთან საუბარს. გვაკვირვებდა 14 წლის გოგონას პრინციპულობა და ცხოვრებისადმი დამოკიდებულება. გვანცას ხუთწლიანი ტუსაღობა გასრულდა, - ის 11 ნოემბერს გაათავისუფლეს. გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს გვანცა ყუფარაძესთან:

KvirisPalitra.Ge- ვიდრე საკუთარ თავზე არ გამოვცადე, მეგონა, ყველა, ვისაც პასუხისგებაში აძლევდნენ, ამის ღირსი იყო. როდესაც განყოფილებაში ჩემმა მშობლებმა თავად ჩამიყვანეს და ბორკილები დამადეს, მივხვდი, რომ ცუდად იყო საქმე, მაგრამ მტკიცედ მჯეროდა, მალე გამათავისუფლებდნენ, რადგან უდანაშაულო ვიყავი. არავის ვუცემივარ და არც გავულანძღივარ, სამაგიეროდ,

გამატარეს ისეთ ფსიქოლოგიურ წნეხში, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. ჩემს  მომავალზე ძალზე არასასიამოვნო სურათს მიხატავდნენ. მეუბნებოდნენ, თუ აღიარებით ჩვენებას არ მოაწერ ხელს, თავს დაიღუპავო. თითქოს თუ ხელს მოვაწერდი, მეორე დღეს არც კი მემახსოვრებოდა ეს ამბავი და ჩვეულებრივად გავაგრძელებდი ცხოვრებას.

ნაწილობრივ მიზანს მიაღწიეს, მაგრამ ერთ რამეში შეცდნენ, - ღირსება ვერ წამართვეს. ბრალი რომ წამიყენეს, წუთების თვლა დავიწყე, მეგონა, სასამართლო არ მომისჯიდა წინასწარ პატიმრობას, მაგრამ... მერე დღეებს ვითვლიდი, როდის დაიწყებოდა საქმის განხილვა. სასამართლო პროცესი დაკავებიდან ოთხ თვეში დანიშნეს. პირველად მოსამართლე რომ შემოვიდა დარბაზში, მეგონა, ჩემს გადასარჩენად მოდიოდა, საქმეც თავიდან  ჩემს სასარგებლოდ წარიმართა.

KvirisPalitra.Ge- როდის გაგიცრუვდა იმედი?

- მეოთხე სასამართლო პროცესზე, როცა მოსამართლე დალი მეტრეველმა მოულოდნელად აღიარებითი ჩვენების მიცემა და საპროცესო გარიგება მირჩია. იმ მომენტიდან შემერყა რწმენა, რომ გამამართლებდნენ, თუმცა ვერ ვხვდებოდი, რატომ? მხოლოდ მოგვიანებით მივხვდი, რომ ამას ბევრი მიზეზი ჰქონდა. სამართალდამცავები ერთმანეთს არ გასწირავდნენ. სააპელაციო სასამართლოში პირველივე დღეს მივხვდი, რომ Lსაქალაქო სასამართლოს განაჩენს ძალაში დატოვებდა. მოსამართლეს ისეთი ირონიული ღიმილი ეხატა სახეზე, რომ ჩანდა, საქმის გადახედვა გულშიაც არ გაუვლია. პიროვნულად არაფერი მაქვს საწინააღმდეგო იმ ადამიანებისა, ვინც უსამართლოდ განმსაჯეს, არც უნდა მძულდეს და არ მაქვს ეს გრძნობა, მე მათ თანავუგრძნობ.

- როგორია თავისუფლება?

- სასჯელის ვადის გასვლამდე ერთი კვირით ან თუნდაც ერთი დღით ადრე არ მიგრძნია დიდი სიხარული, არც ახლა ვარ ეიფორიაში, რადგან ჩემთვის თავისუფლება მხოლოდ ფიზიკური თავისუფლება არ არის. თავისუფალი ჯერ კიდევ სამი წლის წინ გავხდი, მაშინ, როცა ვიგრძენი სულიერი თავისუფლების ძალა.

მე ციხეშიც თავისუფალი ვიყავი. თუ ვინმეს ჰგონია, გარეთ სიფრთხილე არ არის საჭირო, ძალიან ცდება. ადამიანებთან ურთიერთობაში სიფრთხილე, სუბორდინაცია, სათანადო პატივისცემა, ქცევის გაკონტროლება უფრო საჭიროა, ვიდრე ციხეში, იქ შესაძლოა ეს გაპატიონ, აქ კი არა.

ჩემი სულიერი თავისუფლების დღე და მომენტიც მახსოვს. ეს ის დღე იყო, როცა უზენაესმა სასამართლომ ჩემი საქმე არ მიიღო, საინტერესო არ არის სასამართლო პრაქტიკის განვითარებისთვისო. იმ დღეს მივხვდი, რომ საქართველოში ამოიწურა რესურსი, რომელიც ჩემი უდანაშაულობის დამტკიცებაში დამეხმარებოდა. მაშინ  დამჭირდა გამოსავლის პოვნა და ის სულიერ თავისუფლებაში ვიპოვე. როცა შენს სიმართლეში დარწმუნებული ხარ, მერე შიშის დაძლევის ეტაპი დგება. უცბად გავაცნობიერე, რომ არ არსებობს საღად მოაზროვნე ადამიანი, რომელსაც არ ეშინია, მაგრამ შიშის დათრგუნვა უნდა შეგეძლოს.

მე შიშს ბრძოლა მოვუგე და როგორც კი ეს მოვახერხე, მივხვდი, რომ ჩემთვის მნიშვნელობა დაკარგა საკანმა, გისოსმა, ციხემ, მძიმე რკინის კარმა - მე გავთავისუფლდი.

KvirisPalitra.Ge- შენი აზრით, რატომ მისცა საწინააღმდეგო ჩვენება თორნიკე ტყემალაძემ?

- როცა თორნიკე ტყემალაძეს ჰკითხეს, რა დაგემართაო, მეორე სართულიდან გადმოვხტი,   ქვემოთ მინის ნამსხვრევები ეყარა და ამიტომ დავშავდიო. ექიმებისთვის ძნელი არ იყო მისი სიცრუის გამოაშკარავება. როცა მე დამკითხეს, ის ვთქვი, რაც ვნახე. დაკითხვა ჯვარედინი იყო. როცა მანამდეც რასაც ვამბობდი, იგივე გავიმეორე, ამის შემდეგ დაჰკითხეს ტყემალაძე და იკითხეს, მაშინ ამ საქმის ერთადერთი მოწმე რატომ იძლევა განსხვავებულ ჩვენებასო? ამის შემდეგ მოიმიზეზა ტყემალაძემ ცუდად ყოფნა. როგორც ვიცი, ისტერიკა დაემართა. ორი დღის შემდეგ კი ჩვენება მისცა, - განაცხადა, გვანცა ყუფარაძემ დამჭრაო. კითხვებზე: რატომ, რა ვითარებაში, როგორ? პასუხობდა, არ მახსოვსო. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტმა დაადასტურა, თორნიკე ტყემალაძეს ჰქონდა საშუალება გონის დაკარგვამდე ნებისმიერი დეტალი დაემახსოვრებინა, გამოძიებამ და სასამართლომ მას მისცა საშუალება, ყველაფერი "დაევიწყებინა".

ყველაზე მძიმე უსამართლობით გამოწვეული აგრესიის დაძლევა იყო. დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთ მომენტში, ვინ გიდგას გვერდით, ვინ გიჭერს მხარს  და რას გეუბნება. ეს იყო უპირველესად ჩემი ოჯახი, მერე "კვირის პალიტრა", იყვნენ სხვებიც.

ვიდრე ეს საქმე "კვირის პალიტრის" წყალობით რეზონანსული გახდებოდა, მხოლოდ ის მქონდა გაცნობიერებული, რომ უნდა გამეძლო, სანამ სტრასბურგის სასამართლო საბოლოო სიტყვას იტყოდა. დაკავების დღიდანვე მჯეროდა, რომ საქმეს მოვიგებდი და მოვიგებ კიდეც. იურისპრუდენციაში ისე გარკვეული ვარ, რომ კარგად ვაანალიზებ, ვისი არგუმენტები უფრო წონიანია. ჩემი საქმით ბევრი ჟურნალისტი დაინტერესდა, მაგრამ  არ მქონდა იმის გარანტია, რომ საქმეს ობიექტურად გამოიძიებდნენ, რადგან უკვე არსებობდა სამი ინსტანციის განაჩენი. "კვირის პალიტრის" მკითხველი ვიყავი და ყურადღებით ვეცნობოდი სამართალსა და ადამიანის უფლებებზე მომზადებულ სტატიებს.

თქვენი გაზეთი შემთხვევით არ ამირჩევია. როცა წერილი მოგწერეთ, ვიცოდი, რომ ფაქტებს შეისწავლიდით, გააანალიზებდით და ძალიან გასაგებ ენაზე მიაწვდიდით საზოგადოებას.

თქვენ მკითხველს აცნობთ ორივე მხარის არგუმენტებს, უჩვენებთ სწორ გზას, რომ გამოიტანოს სწორი დასკვნა. ჩემი არჩევანი, რომ ეს საქმე გაშუქებულიყო თქვენს გაზეთში, ჩემი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო. თქვენი სტატიები იყო ის ძალა, რამაც დამანახა ჩემი მიზანი.

- რა იყო მიზანი?

- იმ დღიდან ჩემი მიზანი გახდა ბრძოლა სიმართლისათვის და არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის. მინდოდა გამძლეობის მაგალითი მიმეცა ჩემსავით უსამართლობის მსხვერპლთათვის.

- რა ისწავლე ამ ხუთი წლის განმავლობაში ციხეში?

- ის, რომ არავის არ უნდა ვენდო, საკუთარ თავსაც კი. არსებობს ცხოვრებაში მომენტები, რომლებიც ადამიანის მომავალ არჩევანს განაპირობებენ.

ჩემი არჩევანი, გავხდე მოსამართლე, პირდაპირ არის დაკავშირებული ჩემს საქმესთან. ეს აზრი პირველად მაშინ მომივიდა თავში, როცა მოსამართლე განაჩენს თავდახრილი აცხადებდა. ისე შემოვიდა დარბაზში, ისე წაიკითხა განაჩენი  და გავიდა დარბაზიდან, რომ თავი არ აუწევია.

იმ წუთს მინდოდა მის ადგილზე ვყოფილიყავი და შემძლებოდა მსჯავრდადებულისთვის თვალი გამესწორებინა. გავხდები თუ არა ამის ღირსი მომავალში, დრო გვიჩვენებს.

- როგორ ფიქრობ, შეუძლია ერთ მოსამართლეს შეეწინააღმდეგოს სისტემას?

- რა თქმა უნდა, არა. ვიცი, რომ თუ ასეთ სისტემაში მუშაობ, იძულებულს გხდიან, აჰყვე თამაშის წესებს, თუ წინააღმდეგობა გაუწიე, განწირული ხარ. თუმცა, ისიც ხომ ცხადია, როდესაც რაღაცას არ ეთანხმები და მიუღებელია შენთვის, მასში მონაწილეობა არ უნდა მიიღო.

- ციხეში როგორ ცხოვრობდი?

- ციხე არის ურთიერთობები, რომელიც უნდა ისწავლო. ეს საკმაოდ ძნელია. იქ სხვადასხვა კატეგორიის ადამიანი შეგხვდებათ, უამრავი  და განსხვავებული პრობლემით. ეს არის გარემო, სადაც ყველა საკუთარი თავის გადასარჩენად ზრუნავს. ციხეში მხოლოდ ანგელოზები არ სხედან. ბევრი დამნაშავე ზის, მაგრამ უდანაშაულონიც ბლომად არიან. ხუთწლიანი ციხე მოზარდისათვის უკვალოდ ვერ ჩაივლის, ჩემზეც იქონია გავლენა. ბევრი რამ დამაკლდა, მაგრამ ბევრიც შემძინა. მიუხედავად იმისა, რომ არ ჩამოვრჩენილვარ პროგრამას, ჩვეულ რიტმში უკეთესი განათლების მიღებას შევძლებდი, მაგრამ არ მექნებოდა ამბიცია, რომელიც ციხემ შემძინა. ვფიქრობ, ეს ხუთი წელი ამად  ღირდა!

- რა ამბიცია გაგიჩნდა?

- წინასწარ ძნელია იმის თქმა, რას შევძლებ, მაგრამ იმის ამბიცია და სურვილი ნამდვილად მაქვს, რომ ბევრი რამ შევცვალო.

- რომ გცოდნოდა, ციხეში ხუთი წლის გატარება მოგიწევდა, აღიარებდი დანაშაულს?

- ყველაფერი რომ თავიდან მქონდეს დასაწყები, არაფერს შევცვლიდი.

- თორნიკე ტყემალაძეს აპატიე?

- ბოდიში რომ მომიხადოს, რა თქმა უნდა, ვაპატიებ, მაგრამ მისი მენტალიტეტი ჩემთვის ყოველთვის მიუღებელი იქნება. მთელი სიცოცხლე ამ მენტალიტეტს უნდა ვებრძოლო. თორნიკე, როგორც ადამიანი, არ მძულს, ჩემთვის მიუღებელი და უპატიებელი მისი აზროვნებაა.

ყველაზე მთავარი ის არის, რომ როდესაც პრეზიდენტსა და პარლამენტის საგამოძიებო კომიტეტს მივმართე წერილებით, გათავისუფლებას ან სასჯელის შემსუბუქებას სულაც არ ვითხოვდი. მხოლოდ საქმის ხელახალი  და ობიექტური გამოძიება მინდოდა. დღესაც მხოლოდ სამართლიან განაჩენს ვითხოვ!

ისინი, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინეს, უნდა დაისაჯონ. მიზანს მხოლოდ მაშინ მივაღწევ, როცა სტრასბურგის სასამართლოში საქმეს მოვიგებ და ჩემი საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყება.

KvirisPalitra.Geგვანცა ყუფარაძის საქმე...

2006 წლის 9 ნოემბერს თბილისის მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლემ, 14 წლის გვანცა ყუფარაძემ დანით, უმიზეზოდ, როგორც დასკვნაშია ნათქვამი, "ხულიგნური ქვენაგრძნობითა და განსაკუთრებული სისასტიკით" 33 ჭრილობა მიაყენა თანაკლასელ თორნიკე ტყემალაძეს. გვანცას 10 წელი მიუსაჯეს (5 წელი ციხე და 5 წელი პირობითი სასჯელი)

გვანცა ყუფარაძის საქმე საზოგადოების ყურადღების ცენტრში "კვირის პალიტრის" მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ მოექცა. ჩვენი ყურადღება თავიდანვე იმან მიიქცია, რომ სისხლის სამართლის საქმეში, რომელსაც 14 წლის მოზარდის ბრალეულობა უნდა დაემტკიცებინა, არ იკვეთებოდა დანაშაულის ჩადენის მოტივი; ძალზე საეჭვო იყო 14 წლის გოგონასაგან ორი სხვადასხვა ზომის მჭრელი საგნით 33 ჭრილობის მიყენებაც. დაზარალებული თორნიკე ტყემალაძის ჩვენებები ეწინააღმდეგებოდა ერთმანეთს. წერილის გამოქვეყნების შემდეგ ველოდით, რომ დაზარალებული პროტესტს გამოთქვამდა, მაგრამ არავინ შეგვხმიანებია.

გვანცა ყუფარაძე დანაშაულს უარყოფდა და აცხადებდა, რომ თორნიკე ტყემალაძე მისთვის უცნობმა ოთხმა პირმა დაჭრა, რომელთაც ტყემალაძე კარგად იცნობდა. მთავარი კითხვა: რატომ, რა მიზეზით უნდა მიეყენებინა 14 წლის გოგონას თანაკლასელისთვის 33 ჭრილობა, დღესაც პასუხგაუცემელია. გამოძიებამ ვერც დანაშაულის იარაღი იპოვა.

"ერთი პირის მიმართ დაშვებული უსამართლობა სახიფათოა ყველასთვის"

მონტესკიე