იაპონჩიკის სიკვდილი - კრიმინალური ომის დასაწყისი
12-10-2009

9 ოქტომბერს მოსკოვის ერთ-ერთ კერძო კლინიკაში გარდაიცვალა გავლენიანი რუსი“კრიმინალური ავტორიტეტი”ვიაჩესლავ ივანკოვი, მეტსახელად იაპონჩიკი. ამიერიდან რუსეთის კრიმინალური სამყაროს ტახტისთვის ქართველები იბრძოლებენ(?!). კანონიერი ქურდების 3 ჯგუფი უკვე ემზადება ერთმანეთში სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლისთვის. ვის დარჩება გვირგვინი, ამას დრო გვიჩვენებს! მანამდე კი, როგორც ამბობენ, დიდი სისხლი დაიღვრება. მეტიც, პირველობისთვის დაწყებულმა ომმა შესაძლოა, კანონიერი ქურდების ინსტიტუტი მთლიანად შეიწიროს.

ვიაჩესლავ ივანკოვი 1940 წლის 2 იანვარს დაიბადა. ოჯახში არასახარბიელო სიტუაციის გამო მთელ დღეებს ქუჩასა და სპორტულ დარბაზში ატარებდა.
მისი კერპი 20-იანი წლების ოდესელი ბანდიტი მიშკა იაპონჩიკი გახლდათ. ვინ იცის, როგორ წარიმართებოდა ახალგაზრდა ჯიბგირის ცხოვრება, ერთ მშვენიერ დღეს იმ დროისთვის ლეგენდარულ "მონღოლს" რომ არ შეხვედროდა. 60-იან წლებში კანონიერი ქურდის, გენადი კორკოვის, მეტსახელად მონღოლის ბანდა მოსკოვში იუველირებსა და ანტიკვარიატის კოლექციონერებს თავზარს სცემდა. ამ ბანდის წევრი
იყო ზესტაფონელი ოთარ კვანტრიშვილი, რომელსაც მონღოლმა შერხანი შეარქვა. სწორედ ამ ბანდაში დამეგობრდნენ ივანკოვი და შერხანი. ეს”მეგობრობა კვანტრიშვილის სიკვდილამდე გაგრძელდა (საინტერესოა, რომ იაპონჩიკი ქართველ კანონიერ ქურდებს ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებდა, მათ ქურდებად არ ცნობდა, თუმცა მის ცხოვრებაში ქართველებს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეჭირათ. ამ ფაქტს კი ბედის ირონიად მიიჩნევდა. ქართველები ჩემი ბედისწერააო - იტყვის ერთხელ ივანკოვი!).
მალე მონღოლის”ბანდა აიყვანეს, მისი წევრები სხვადასხვა კოლონიაში გამოამწყვდიეს. ერთადერთი, ვინც ივანკოვს გარედან ამანათებს უგზავნიდა, თბილისელი დათო სანიკიძე იყო (მომავალში ქართული მაფიის მამად წოდებული და იაპონჩიკის მრჩეველი). კოლონიაში ივანკოვი მიხვდა, რომ ყაჩაღური ცხოვრების წესი აღარ გამოადგებოდა და უფრო სარფიანი იქნებოდა, თუ მეწარმეთა რეკეტს დაიწყებდა. ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანას რამდენიმე წელი მოანდომა. ივანკოვი ჯერ ისევ პატიმარი იყო, როცა თევზჭერის მრეწველობიდან, შორეული აღმოსავლეთის საბადოებიდან და რუსეთის ხეტყის ექსპორტიდან წილი მისდიოდა. მას უკვე იაპონჩიკად იცნობდნენ, თუმცა უგვირგვინო მეფის”ტიტულის გაყოფა მაინც ქართველთან უწევდა. ეს მისივე მეგობარი თემურ გაბუნია, მეტსახელად ვანსკი გახლდათ. გაბუნია პირველად ავტომანქანის ქურდობისთვის დააკავეს. მეორედ ციხეში 1974 წელს მოხვდა - მაშინ, როცა უკვე ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი იყო. თემურ გაბუნია იაპონჩიკის”საკანში იჯდა, მათთან ერთად კიდევ ერთი კანონიერი ქურდი, სერგეი ბოიცოვი იხდიდა სასჯელს. ამ სამმა ქურდმა შეუძლებელი შეძლო - საბჭოთა კავშირში სიმკაცრით ცნობილ კოლონიაში ქურდული წესრიგი”დაამყარა, რასაც კრიმინალთა ენაზე "ზონის გაშავება" ჰქვია. ივანკოვი, გაბუნია და ბოიცოვი დამნაშავეთა სამყარომ უგვირგვინო მეფეებად აღიარა. ციხიდან გათავისუფლებულმა იაპონჩიკმა დათო სანიკიძე მოძებნა და თავისი ბიზნესსალარო ჩააბარა. სანიკიძე იყო ერთადერთი, ვისაც იაპონჩიკის მილიონიან ჩეკებზე ხელის მოწერა შეეძლო.
თემურ გაბუნიამ საკუთარი ნიშის მოძებნა პოლიტიკასა და ბიზნესში სცადა. მისი მზარდი გავლენა რუსეთის საქმიან და პოლიტიკურ წრეებში მოგვიანებით რუსეთის პრემიერ-მინისტრ სტეპაშინთან დაპირისპირებამ შეაჩერა. ამ უკანასკნელს პრეზიდენტ პუტინის დავალებით, რუსეთის პოლიტიკა კრიმინალური მინარევებისგან უნდა გაეწმინდა. განსაკუთრებული აქცენტი ქართველებზე კეთდებოდა. როდესაც გაბუნიას სახლში ავტომატი და რამდენიმე ყუმბარა აღმოაჩინეს, ვანსკიმ განაცხადა, ჩემი არ არის, “ჩამიდესო!” მაგრამ როცა მიხვდა, რომ ამით არაფერი შეიცვლებოდა, სამართალდამცველებს არხეინად უთხრა, - ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, სად ვიქნები, გარეთ თუ ციხეში, ციხე ჩვენი სახლია და საქმეებს იქიდანაც გავაკეთებო! იაპონჩიკის პოზიციები კი სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა. ამ ქალაქში МУР-ი (Московский уголовный розыск) კი არა, მე ვარ უფროსიო, - იტყვის იაპონჩიკი მოსკოვზე. თუმცა 1992 წლის ერთმა დღემ მის ცხოვრებას განსაკუთრებული დაღი დაასვა. იმ დღეს კანონიერი ქურდი ივან ნიკიფოროვი, მეტსახელად კალინა მოკლეს. ეს უკანასკნელი იაპონჩიკის შვილი იყო, რომელიც მას სოხუმელი ქალისგან ჰყავდა (როგორც ივანკოვის ახლობლები ამბობენ, ის ქალი ივანკოვს დიდხანს უყვარდა). როგორც გაირკვა, იაპონჩიკის შვილის მკვლელობაში ასევე კანონიერი ქურდის, სერგეი ტიმოფეევის, მეტსახელად სილვესტრის ხელი ერია. ვენდეტამაც არ დაახანა. სილვესტრი საკუთარ "მერსედესში" ააფეთქეს. მალე იაპონჩიკმა დატოვა რუსეთი და ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა. იაპონჩიკმა რუსეთს სახელი ამერიკულ კრიმინალურ სამყაროშიც გაუთქვა. იგი წლების განმავლობაში რუსულ დანაშაულებრივ დაჯგუფებებს აკონტროლებდა ნიუ-იორკში. მიუხედავად იმისა, რომ რუსული მაფიის მამა (ასე მოიხსენიებდნენ ამერიკული სპეცსამსახურები რაპორტებში ივანკოვს) ბევრ მძიმე დანაშაულში იყო ეჭვმიტანილი, მისი დაკავება მტკიცებულებათა არქონის გამო ვერ ხერხდებოდა. ამასობაში კი იაპონჩიკმა წარმატებით მოირგო მომრიგებლის მანტია და დაპირისპირებულ კრიმინალურ დაჯგუფებათა საქმეების გარჩევაში სოლიდურ ფულს შოულობდა. 1995 წელს კი, როდესაც ივანკოვი ერთ-ერთი თავისი კლიენტისთვის მოვალისგან ვალის დაბრუნებას ითხოვდა (ლაპარაკი იყო რამდენიმე მილიონზე), იგი დააკავეს გამოძალვის მუხლით. ამერიკულმა სასამართლომ ივანკოვს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომდე ივანკოვი გაქცევაზეც ფიქრობდა. დათო სანიკიძემ ციხის თანამშრომლებს ადვოკატის მეშვეობით მილიონი დოლარი შესთავაზა, თუ მის მეგობარს გაქცევაში დაეხმარებოდნენ. სასამართლო პროცესებზე იაპონჩიკი ელეგანტურობით გამოირჩეოდა. მის ჩაცმულობაზე მსოფლიოს ცნობილი სამოდელო სახლები ზრუნავდნენ. უკვე ციხეში მყოფი ივანკოვისთვის ახალი დარტყმა დათო სანიკიძის მკვლელობა იყო. ეს უკანასკნელი, 1996 წელს ვენაში, ყოფილი მეგობრის შვილმა, აკაკი ჯავახაძემ მოკლა შურისძიების მიზნით, თუმცა სანიკიძის სიკვდილი, ერთ-ერთი ვერსით, ქართველ კანონიერ ქურდს, ტარიელ ონიანსაც აძლევდა ხელს. ლაპარაკი იყო რამდენიმე მილიონ დოლარზე, რომლის გამოც სანიკიძე დაუპირისპირდა ონიანს (იაპონჩიკი მოგვიანებით ონიანს ამას გაუხსენებს).
სანამ იაპონჩიკი აშშ-ის ციხეში ლექსებსა და ავტობიოგრაფიულ წიგნს წერდა სათაურით - "ქარის საწინააღმდეგოდ", რუსეთის კრიმინალურ სამყაროში ახალი მოთამაშე გამოჩნდა და სახიფათო თამაშები წამოიწყო. ეს ქართველი კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი გახლდათ. ევროპაში ბიზნესპოზიციების შესუსტებისა და სამართალდამცველების მიერ მუდმივი დევნის გამო ონიანი იძულებული გახდა, რუსეთში დაბრუნებულიყო. ტარიელ ონიანმა თვალი სათამაშო ბიზნესს დაადგა, რომელსაც დედჰასანისა (თბილისელი ასლან უსოიანი, კანონიერი ქურდი, იაპონჩიკის მეგობარი) და ლაშა შუშანაშვილის (ლაშა რუსთავსკი) ტანდემი აკონტროლებდა. მალე "წვრილმანი გაუგებრობები" შუშანაშვილი-ონიანის ღია კონფლიქტში გადაიზარდა. 2004 წელს ივანკოვი გათავისუფლდა ამერიკის ციხიდან, თუმცა მეორე დღეს რუსეთის გენპროკურატურის თხოვნით ექსტრადირებული იყო მოსკოვში. მას ბრალად ედებოდა 1992 წელს მოსკოვის ერთ-ერთ კაფეში ორი თურქი ბიზნესმენის მკვლელობა.“იაპონჩიკის მოსკოვში ჩამოსვლისთვის კრიმინალური სამყარო (და არა მხოლოდ!) საგულდაგულოდ ემზადებოდა. რუსეთში ივანკოვის სასამართლო პროცესს მთელი საზოგადოება ყურადღებით ადევნებდა თვალს. მას იცავდნენ ქვეყნის საუკეთესო ადვოკატები. იგი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. რუსული კრიმინალური სამყარო თავის მეტრს”სასოებით შესცქეროდა, მხოლოდ მას ხელეწიფებოდა ქართველთა ინტერვენციის შეჩერება რუსულ კრიმინალურ სამყაროში. თუმცა…ივანკოვს კიდევ ბევრჯერ გაახსენდება ახალგაზრდობაში თავისივე ნათქვამი -“ქართველები ჩემი ბედისწერაა!
ივანკოვმა რუსეთი ისევ დატოვა და საცხოვრებლად საზღვარგარეთ გადავიდა. სოჭის მომავალმა ოლიმპიადამ კრიმინალურ სამყაროში მიძინებული კონფლიქტები გააღვივა. გავლენის სფეროებისთვის ბრძოლა ახალი ძალით დაიწყო. კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის საჯილდაო ქვა სოჭი გახდა. ვინაიდან სოჭს დედჰასანი და შუშანაშვილი აკონტროლებდნენ, ტარიელ ონიანის და მის მხარდამჭერთა სამიზნე ისევ შუშანაშვილის გუნდი გახდა.
2009 წლის 23 ივლისს იაპონჩიკი რუსეთში ჩავიდა, რათა ამბიციური ქართველები ჭკუაზე მოეყვანა. ეს ერთი ვერსიით ტარიელ ონიანს ეხებოდა. 23 ივლისს ივანკოვს რესტორან "ტაისკი სლონთან" ესროლეს. ერთადერთი ტყვია მისთვის საბედისწერო გამოდგა, ისევე როგორც ქართველები მის ცხოვრებაში. სავარაუდოდ, მისი სიკვდილი კრიმინალური ომის დასაწყისი გახდება, რომლის მსგავსი მასშტაბიც არ ახსოვს კანონიერი ქურდების ინსტიტუტს. თუმცა რუსეთის კრიმინალური სამყაროს მეფის ტიტული ქართველებს დიდი სისხლის ფასადაც უღირთ (ესეც ბედის ირონიაა ალბათ).
პ.ს. ივანკოვზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ლაშა შუშანაშვილმა ბარსელონაში სასწრაფოდ მოიწვია შეკრება, სადაც სავარაუდოდ, იაპონჩიკზე თავდასხმაში ტარიელ ონიანის შესაძლო კავშირზე იყო ლაპარაკი. როგორც ამბობენ, "ბრალმდებელმა" მხარემ საჭირო მტკიცებულებანიც წარმოადგინა. მოსკოვის ერთ-ერთ საპატიმროში (სადაც ონიანი ზის) გაგზავნილ წერილს, რომელშიც ქურდული სამყარო ონიანის სიკვდილით დასჯას ითხოვდა, ხელს აწერდა 36 ე. წ. კანონიერი ქურდი, მათ შორის ქართველებიც.



რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?