"მაია, ხალხი ელის სიმართლეს!.." - კვირის პალიტრა

"მაია, ხალხი ელის სიმართლეს!.."

"ნიკოლეიშვილს ადამიანურად გავუგებდი, ციხეში რომ არ იჯდეს მაია თოფურია, სამი შვილის დედა"

საზოგადოებას კარგად ახსოვს, 2006 წელს იგორ გიორგაძის  მომხრეების დაპატიმრება. უმრავლესობის საბრალდებო დასკვნაში მოგვიანებით ჩაიწერა: "სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით". 12 კაცისთვის წაყენებული ბრალდება გაამყარა მოძრაობა "ანტისოროსის" წარმომადგენლის, მაია ნიკოლეიშვილის ჩვენებამ, რომელმაც ამ აღიარების სანაცვლოდ თავისუფლება მოიპოვა.

KvirisPalitra.Geდაპატიმრებულთა შორის იყო პარტია "სამართლიანობის" ახალგაზრდული კავშირის თავმჯდომარე კოკა კვინიკაძე, რომელმაც ციხეში ოთხ-ნახევარი წელი გაატარა, რადგან არც საპროცესო შეთანხმებას დათანხმდა და არც შეთავაზებული შეწყალების თხოვნა დაწერა. დღეს კოკა კვინიკაძე არასამთავრობო ორგანიზაციაში ("სოლიდარობა უკანონო პატიმრებს") მუშაობს და პოლიტპატიმრებისა და უკანონო პატიმრების დახმარებას ცდილობს.

ბოლო დროს პრესაში მაია ნიკოლეიშვილის რამდენიმე ინტერვიუ დაიბეჭდა. როგორც კოკა კვინიკაძემ გვითხრა, ნიკოლეიშვილი საკუთარი თავის რეაბილიტაციას ცდილობს, მაგრამ, სანამ სიმართლეს არ იტყვის, არაფერი გამოუვა.

- როდესაც ხალხი გიცნობს, საზოგადოებაში ავტორიტეტით სარგებლობ და უცებ ყველასთვის მიუღებელი და გარიყული აღმოჩნდები, ძალიან ძნელია. მაია ნიკოლეიშვილმა თავის თავს უნდა დააბრალოს, რაც დაემართა. თუმცა, ეტყობა, ვერ ეგუება ამ მდგომარეობას და საკუთარი თავის რეაბილიტაციას ცდილობს...

- როგორც ვიცი, ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ ჯერ ყველაფრის თქმის დრო არ დამდგარა.

- რას ნიშნავს ყველაფრის თქმის დრო არ დამდგარა? დრო როდის მოვა? ყველა პატიმარი ბოლომდე რომ მოიხდის სასჯელს და ეს ხელისუფლება აღარ იქნება? მაშინ მის ნათქვამსაც აღარ ექნება ფასი. ნიკოლეიშვილის ნათქვამ სიმართლეს  ყველაზე მეტად ახლა აქვს ფასი, თორემ საზოგადოებამ ისედაც ყველაფერი იცის. ვფიქრობ, ამ საქმეში კითხვის ნიშნები აღარ არის.

- მაია ნიკოლეიშვილისგან მონანიებას ელით?

- თქვენი გაზეთით მინდა მაია ნიკოლეიშვილს მივმართო: მაია, თავი დაანებეთ ინტერვიუების მიცემას თქვენს საექსპერტო საქმიანობაზე. ეს არავის აინტერესებს. თქვენგან ხალხი ელის მხოლოდ ერთ ინტერვიუს, სადაც მოჰყვებით სიმართლეს, რის გამოც ამდენი უდანაშაულო ადამიანი გაუშვით ციხეში. ამის შანსი მანამდე გაქვთ, სანამ ეს ხელისუფლებაა.  დამიჯერეთ, მერე აზრი დაეკარგება თქვენს მონანიებას.

მაია ნიკოლეიშვილის ჩვენების საფუძველზე 12 კაცი გაგვამწესეს საპატიმროში. ოთხი: მაია თოფურია, თემურ ჟორჟოლიანი, რამაზ სამნიძე და კახა ქანთარია კვლავ სასჯელს იხდიან არარსებული დანაშაულის გამო. ჩვენ ბრალი დაგვედო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში. თითქოს 2006 წლის 4 მაისს გაიმართა თათბირი, სადაც სახელმწიფო გადატრიალება დაიგეგმა. მაია ნიკოლეიშვილმა დაადასტურა, რომ თათბირი მართლაც ჩატარდა, რაც სრული აბსურდია.

ეგრეთ წოდებულ "სახელმწიფო გადატრიალების" საქმეებს როგორ თითხნიან, ჩვენმა საზოგადოებამ თავად ნახა შემდგომ წლებში, თუმცა, მაშინ ბევრმა დაიჯერა ჩვენი "დანაშაული". ამ საქმეს დამაჯერებლობას სწორედ ნიკოლეიშვილის ჩვენება მატებდა. ასე რომ, ეს ქალბატონი ამ საქმეში არ ყოფილა ერთი ჩვეულებრივი მოწმეთაგანი. სხვათა შორის, მოწმეების ჩვენებები ჩვენ ამერიკაში, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში გავგზავნეთ და დასკვნა ასეთი იყო: მოწმეების ჩვენებები 99%-ის სიზუსტით ემთხვეოდა ერთმანეთს და ყველა ჩვენება ერთი პირის მიერ იყო დაწერილი. აი, ასეთი მოწმეების ჩვენების საფუძველზე გაგვასამართლეს დახურულ სასამართლო სხდომაზე.

- თქვენი აზრით, მაია ნიკოლეიშვილზე ზეწოლა იყო, თუ ის თავიდანვე "გარკვეული მისიით" იყო ამ მოძრაობაში?

- არ ვფიქრობ, რომ რაღაც მისიით ან განხეთქილებისთვის იყო ამ მოძრაობაში. ასეც რომ ყოფილიყო, არ შეიძლებოდა, არ სცოდნოდა, რა როლი უნდა ეთამაშა ფინალში. თავისი საქციელით იგი განადგურდა როგორც ექსპერტი, როგორც პოლიტიკოსი და როგორც ადამიანი.

არ დამავიწყდება სასამართლო პროცესი, რომელზეც ნიკოლეიშვილი მოიყვანეს. ის პროკურორის გვერდით დაჯდა სკამზე, თავდახრილს სახეზე ხელი ჰქონდა აფარებული და მკვდრისფერი ედო. როდესაც ჩვენ კითხვის დასმა ვცადეთ, გვიპასუხა, ძალიან ცუდად ვარ, ყველას დიდ პატივს გცემთ. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ ვაკეთებ ამას და გთხოვთ, ნუ დამისვამთ კითხვებსო."

ამის შემდეგ პროკურორმა მისი გათავისუფლება ითხოვა. მოსამართლემ ნიკოლეიშვილს ჰკითხა, გამოძიებისთვის მიცემული თქვენი ჩვენება ჩავთვალოთო? ნიკოლეიშვილმა უპასუხა, "დიახ" და ის გაუშვეს...

- ვარაუდიც არა გაქვთ, რამ აიძულა ეს გაეკეთებინა?

- მაია ნიკოლეიშვილის მეუღლე პროკურორია. როგორც ჩანს, მან აუხსნა, რამდენი წელი მოუწევდა ციხეში ყოფნა და ამან იმოქმედა. ნიკოლეიშვილს ადამიანურად გავუგებდი, ციხეში რომ არ იჯდეს მაია თოფურია, სამი შვილის დედა. სხვათა შორის, ნიკოლეიშვილი მასთან ერთად იჯდა საკანში და მეგობრობდა კიდეც მასთან. თუ მაია თოფურია იტანს ამ განსაცდელს და ამ ქალბატონს კი ახლაც არ უნდა სიმართლის თქმა, რაზე შეიძლება აქ ლაპარაკი?

მაია ნიკოლეიშვილი არ იყო ჩვენი მოძრაობის წარმმართველი, თუმც თავისი როლი ჰქონდა. 2006 წელს დღევანდელი ოპოზიციის დიდი ნაწილი ემხრობოდა ხელისუფლების როგორც საშინაო, ისე საგარეო კურსს და ჩვენი პოლიტიკური ელიტის ძირითადი ნაწილი 2008 წლამდე ვერ ხვდებოდა, რომ რუსეთთან აგრესიული პოლიტიკა ქვეყანას გარდაუვალ მარცხამდე მიიყვანდა. სამწუხაროდ, ჩვენ ეს უკვე ვნახეთ.  საჭირო იყო მოძრაობის შექმნა, რომელიც ყველას დაანახვებდა, თუ სადამდე შეიძლებოდა მივსულიყავით ხელისუფლების გაუაზრებელი პოლიტიკით. არ შეიძლებოდა ქვეყანა რუსეთ-ამერიკის საჯილდაო ქვად ქცეულიყო. სამწუხაროდ, ჩვენი პოზიცია მაშინ მტრულად მოინათლა და მაშინდელი ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ჩვენს დაპატიმრებაზე მწვანე შუქი აუნთო ხელისუფლებას, დღეს კი იგივენი სიტყვასიტყვით იმეორებენ იმავეს, რასაც ჩვენ  მაშინ ვამბობდით.