რა პირობით შეიწყალა პრეზიდენტმა ებრაელი ბიზნესმენები?!
05-12-2011
"ამ საკითხზე აკრძალული მაქვს ინფორმაციის გაცემა"

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ებრაელი ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი შეიწყალა.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ, სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება ისრაელის მთავრობისა და პირადად ისრაელის პრეზიდენტის თხოვნის საფუძველზე, ასევე ჰუმანური მოსაზრებებით მიიღო: "ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ასევე ჰუმანური მოსაზრებით, იმის გათვალისწინებით, თუ რა ასაკის არიან დაკავებულები და როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა".

პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადება ისრაელის მთავრობისა და ისრაელის პრეზიდენტის თხოვნაზე, განსაკუთრებით
ჰუმანურ მოსაზრებაზე, მას შემდეგ დადგა ეჭვქვეშ, რაც იუსტიციის სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ 2011 წლის 29 ნოემბერს მიაღწია ქვეყნისთვის ხელსაყრელ შეთანხმებას კომპანია "Tramex International Inc"-თან. კერძოდ, ოფიციალურმა თბილისმა დაასრულა მრავალწლიანი საარბიტრაჟო დავა, რომელიც 1992 წლის 3 მარტს საქართველოს მაშინდელი მთავრობის უკანონო
გადაწყვეტილებას შეეხებოდა (ეს სწორედ ის დავაა, რომელიც რონი ფუქსმა ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში საქართველოს მთავრობას მოუგო). იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, სახელმწიფო კომპანია "საქნავთობმა" გააფორმა კაბალური ხელშეკრულება კომპანია "Tramex International Inc-"ის წარმომადგენლებთან, რონი ფუქსსა და იოანის კარდასოპოლუსთან. ხელშეკრულების საფუძველზე ერთ კომპანიას, "Tramex International Inc"-ს ეძლეოდა ექსკლუზიური უფლება ქვეყანაში არსებულ გაზისა და ნავთობის ინფრასტრუქტურაზე. ერთ წელიწადში ამავე კომპანიამ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების უკანონო ქმედების წყალობით მოიპოვა 30-წლიანი ექსკლუზიური უფლება საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ და მომავალში გასაყვან ნავთობსადენებზე. ამის სანაცვლოდ კომპანიას საქართველოს სასარგებლოდ არც ერთი თეთრი არ გადაუხდია. უფრო მეტიც, არ შესრულებულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

1996 წლიდან, მას შემდეგ, რაც შეიქმნა "საქართველოს ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კორპორაცია", საქართველოში არსებული ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურის მართვის სრული უფლება სწორედ ამ კორპორაციამ მიიღო, რის შემდეგაც კომპანია "Tramex International Inc"-ის წარმომადგენლებმა დაიწყეს დავა გაფორმებული კონტრაქტების კანონიერების თაობაზე როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო არბიტრაჟში. საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, "Tramex International Inc"-ის წილის მფლობელების, რონი ფუქსისა და იოანის კარდასოპოლუსის სასარგებლოდ საქართველოს დაეკისრა 98 მილიონი დოლარის გადახდა, რომელიც მზარდი პროცენტის გამო 110 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა...

საქართველოს მთავრობამ მიაღწია შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც დასრულდა მრავალწლიანი დავა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, საქართველო გადაიხდის დაკისრებული თანხის მხოლოდ 1/3-ს, შესაბამისად, ბიუჯეტში დაიზოგა 70 მილიონი აშშ დოლარი.
თავის დროზე, ამ საკითხზე "მოლაპარაკება" საერთაშორისო სკანდალში გადაიზარდა. ებრაელი ბიზნესმენები პრემიერ-მინისტრის პირადი მოწვევით საქართველოში დაპატიჟეს და 2010 წლის ოქტომბერში საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის შეთავაზების ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ რონი ფუქსს - 6,5 წლით, ზეევ ფრენკელს კი 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ამან გაამწვავა ურთიერთობა საქართველოსა და ისრაელს შორის. სააკაშვილს მათი გათავისუფლების მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს ისრაელის პრეზიდენტმა და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაგრამ ამაოდ.

რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი არ მალავდნენ, რომ მათი დაპატიმრება წაგებულ 100 მილიონს უკავშირდებოდა. ხელისუფლება ვარაუდობდა, რომ ებრაელი ბიზნესმენების ციხეში გამწესების შემდეგ ებრაელები თავისუფლების სანაცვლოდ 100 მილიონს დათმობდნენ, მაგრამ 11 თვე ისე გავიდა, რომ მოგებულ მილიონებზე უარის თქმას არ აპირებდნენ.

არჩილ კბილაშვილი,
ადვოკატი: "ებრაელი ბიზნესმენები თავს დამნაშავედ არ ცნობდნენ და ჩანს, მათ გასატეხად გადაწყვიტეს, ეჩვენებინათ, როგორია ქართული ციხე".
რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი ერთად იხდიდნენ სასჯელს. ზეწოლა იმით დაიწყო, რომ დიაბეტითა და გულით ავადმყოფი ფრენკელი ქსნის დაწესებულებიდან გეგუთის ციხეში გადაიყვანეს და წამლები მანამდე არ მიაწოდეს, ვიდრე ინფარქტი არ განუვითარდა. უკეთეს დღეში არც რონი ფუქსი ჩააგდეს. თუ მას ციხის თანამშრომლები 11 თვის განმავლობაში კარგად ეპყრობოდნენ, ერთ მშვენიერ დღეს დამოკიდებულება რადიკალურად შეცვალეს, რონი ფუქსს კოკაინის ჩადებითა და ოცწლიანი სასჯელის დამატებით დაემუქრნენ.

უცნობია, რა პირობით შეიწყალა პრეზიდენტმა ებრაელი ბიზნესმენები. მართლა დათმეს თუU არა მათ 70 მილიონი, რადგან რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის ადვოკატ არჩილ კბილაშვილს ლონდონის ოფისიდან ამ საკითხზე საუბარი აუკრძალეს.

არჩილ კბილაშვილი: - რა წინა პირობების გამო გადადგა საქართველოს პრეზიდენტმა ეს ნაბიჯი, არ ვიცი, რადგან ამ მოლაპარაკებაში მონაწილეობა არ მიმიღია. შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რომ ამ დღეებში ლონდონში საარბიტრაჟო დავა უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ჩვენი იურიდიული გუნდის ლონდონის ოფისიდან მივიღე თხოვნა, არ გამეკეთებინა საჯარო განცხადება ლონდონში მიმდინარე პროცესზე.

- იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ თანხის 1/3-ს გადაიხდის, ამით კი ქვეყანამ 70 მილიონი დაზოგაო. გამოდის, ებრაელებმა 70 მილიონი დათმეს?
- სწორედ ამ საკითხზე მაქვს აკრძალული ინფორმაციის გაცემა. ამიტომ ვერც დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფ. ვერც იმას გეტყვით, იუსტიციის სამინისტროს კომენტარი სიმართლეს შეეფერება თუ არა.

- ებრაელმა ბიზნესმენებმა შეწყალების მოთხოვნით მიმართეს პრეზიდენტს?

- ადრე მიმართეს და მაშინ პრეზიდენტმა მათი თხოვნა არ დააკმაყოფილა. ახალ თხოვნაზე კი არაფერი ვიცი. მათ არც ბრალი უღიარებიათ. შეწყალების პროცედურა ითვალისწინებს ორ რეჟიმს: პირველი, როცა პირს მოხდილი აქვს სასჯელის ნახევარი და ინანიებს დანაშაულს, და მეორე, როცა პრეზიდენტი იყენებს თავის დისკრეციულ უფლებას და აღიარების გარეშე შეიწყალებს ადამიანს. ამ შემთხვევაში პრეზიდენტმა თავისი დისკრეციული უფლება გამოიყენა.

- გაკეთდა კომენტარი, რომ ეს პრეზიდენტმა ჰუმანური მოსაზრებებით გააკეთა.

- რა ქვეტექსტებიც უნდა იყოს, შეწყალება თავისთავად ჰუმანური აქტია. კარგი იქნებოდა, ლონდონის ოფისისგან აკრძალული არ მქონოდა ინფორმაციის გაცემა.

მე მთავარი პროკურატურიდან დამიკავშირდნენ, მთხოვეს, მივსულიყავი ციხეში რონი ფუქსთან და მის გათავისუფლებას დავსწრებოდი. ჩემთან ერთად ისრაელის ელჩიც იყო. ამასობაში ისრაელიდან ჩამოფრინდა კერძო თვითMმფრინავი, რომელიც რონი ფუქსს მეგობარმა გამოუგზავნა. ბორტზე იყო ექიმიც. დაახლოებით დღის 4 საათისთვის დამთავრდა ქსანში ყველა პროცედურა. ციხიდან პირდაპირ წავედით აეროპორტში. ამასობაში ფრენკელიც გაათავისუფლეს, ის გლდანიდან ციხის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოიყვანეს ზუსტად 5 საათზე. ჩასხდნენ ორივენი თვითMმფრინავში და გაფრინდნენ.

მათ ემოციას ვერ აღვწერ, განსაკუთრებით ფუქსის. თითქოს მეორედ დაიბადა, ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა, ერთი სული ჰქონდა, თვითმფრინავის ბორტზე როდის შედგამდა ფეხს.
avetika
22 დეკემბერი 2011 23:04
სომხები ესეტ კონტრაქრს არ დავდებდიტ ერტი ცენტიც არ დაუხარჯავს და ას მილიონს იტხოვს რა ბნელა? ციხე კი არ ****** უნდა დაეკიდატ ებრაელებიც და ვინც ეს ქონტრაქტი გააპორმა ცჰემმა მზემ აბა სომხები ესეტ რამეს ვიზამდიტ?
beso
09 დეკემბერი 2011 11:58
ნებისმიერ ქვეყანაში არის ანტიმონონპოლიური სამსახური, კონტრაქტი კი სტარტეგიული მნიშვნელობის დარგში მონოპოლიას უცხო კომპანიას ანიჭებდა ეს იყო უანგაროდო არ მითხართ, მით უმეტეს იმ დროს, ნუ ვიქნებით სიარქლემები
sesili
08 დეკემბერი 2011 22:52
რატომ არ დაისაჯა ქართული მხარე ?
იმ ქაეთველებისგან აიგეს ალბათ ქრთამი სიჩუმის სანაცვლოდ და ვინც არ გადაუხადა პასუხი იმათ მოსთხოვეს

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?