"ქართუ ჯგუფის" ტვირთები საბაჟოზე მიზანმიმართულად ზიანდება?! - კვირის პალიტრა

"ქართუ ჯგუფის" ტვირთები საბაჟოზე მიზანმიმართულად ზიანდება?!

"როგორ გგონიათ, ასიდან ასივე შემთხვევაში ჩვენი ტექნიკა საფრთხეს უქმნიდა სახელმწიფოს უშიშროებას?"

"ყველას მოუწევს პასუხისგება, ვინც ამ საქმეში პირდაპირ თუ ირიბად მონაწილეობდა!"

რამდენიმე დღის წინ "ქართუ ჯგუფმა" კიდევ ერთი განცხადება გააკეთა. როგორც დავადგინეთ, საბაჟო ტერმინალში "ქართუ ჯგუფის" სახელზე შემოსული სხვადასხვა ბრენდის წარმოებული აპარატურა სისტემატურად და მიზანმიმართულად ზიანდება, ხოლო ტვირთებს "ქართუ ჯგუფის" წარმომადგენლების დაუსწრებლად ხსნიან და ამოწმებენ. ტვირთების უმეტესობას გრანტის სტატუსი აქვს და სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტისთვის (ოპერისა და ბალეტის თეატრის, საჩხერის რაიონის სკოლების, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის, მუსიკალური ცენტრისა და  ა.შ.) არის განკუთვნილი.

ნოდარ ჯავახიშვილი, "ქართუ ჯგუფის" გენერალური დირექტორი: "ქართუ ჯგუფის" ტვირთების განბაჟება ფერხდება. ზედმეტი ლაპარაკი არ უნდა, რომ ეს პოლიტიკური მოტივით კეთდება. "ქართუ ჯგუფისა" და "ქართუ ბანკის" მიმართ ასეთი დამოკიდებულება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური განცხადების შემდეგ გაჩნდა. მანამდე პრობლემა არ გვქონია. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები ვალდებული არიან, თავად შეგვატყობინონ, თუკი რაიმე პრეტენზია აქვთ, რათა დროულად გამოვასწოროთ, მაგრამ ჩვენს შეკითხვაზეც კი კვირების განმავლობაში არ გვაძლევენ პასუხს. მე ახლახან შევხვდი ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს და ვუთხარი, რომ მათგან ველით თანადგომასა და დახმარებას ჩვენს კანონიერ ბრძოლაში".

გიორგი ლილუაშვილი, "ქართუ ჯგუფის" შესყიდვებისა და ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი: - ბოლო დროს "ქართუ ჯგუფში" შემავალი ორგანიზაციების ტვირთებს საბაჟო განსაკუთრებული რეჟიმით ათვალიერებს და მეტიც, აზიანებს. სანამ ბატონი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ განცხადებას გააკეთებდა, ჩვენი ორგანიზაციების სახელზე შემოსული ტვირთების მხოლოდ 5-10% ხვდებოდა წითელ დერეფანში, ანუ მაღალი რისკის ტვირთების ნუსხაში. ახლა კი ტვირთების 100% წითელ დერეფანში, განსაკუთრებული შემოწმების რეჟიმშია. საქმე ის არის, რომ ძვირად ღირებული აპარატურა ზიანდება. განსაკუთრებით ერჩიან აუდიო- და ვიდეოტექნიკას, დინამიკებს, ხმის გამაძლიერებლებს, ვიდეოკამერებს. ეს ტექნიკა საქველმოქმედო პროექტებისთვის (55 მიმდინარე საქველმოქმედო პროექტი გვაქვს) არის განკუთვნილი. მათთვის სულერთია, შედგენილი აქვთ ე. წ. შავი სია, სადაც შეტანილია "ქართუ ჯგუფში" შემავალი 13 ორგანიზაცია.

ზიანდება ისეთი ტექნიკა, რომელსაც მსოფლიოში აღიარებული და უძლიერესი ბრენდები აწარმოებენ. როგორ წარმოგიდგენიათ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყველა კომპანიამ გადამწვარი და გაფუჭებული საქონელი გამოგვიგზავნა?

- ტვირთის რა რაოდენობაა დაზიანებული?

- აბსოლუტურად ყველაფერი დაზიანებულია. "პანასონიკის" ადგილობრივი წარმომადგენლებიც ჩავრთეთ ტვირთების შემოწმებაში. ჩვენც გვყავს აუდიო და ვიდეოინჟინრები და მათ ერთობლივად დაათვალიერეს ტვირთები. შედეგი განსაცვიფრებელია, -

KvirisPalitra.Geსაქონელი მაღალპროფესიულად არის დაზიანებული, თვალისთვის შეუმჩნევლად, მაგრამ როდესაც აპარატურას ააწყობენ, არ იმუშავებს. მიკროსქემები დამწვარია. სავარაუდოდ, დაზიანებები გამოწვეულია ხელოვნური მოკლე ჩართვით ან აპარატურაში მაღალი ძაბვის შეშვებით.

ეს ტვირთი სენსიტიურია და რადგან გვინდა მალე და ხარისხიანად მივიღოთ, ავიაგზით არის შემოსული ტერმინალ "ლასარეში" და სწორედ აქ დაზიანდა. დაზიანდა ტერმინალ "კარიბჭეში" არსებული ტვირთიც. ორივე ტერმინალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზეა და საგადასახადო სამსახური აკონტროლებს. ჩვენ არაოფიციალურად მოვიპოვეთ ინფორმაცია იქ მომუშავე პირებისაგან, რომ სამუშაო დღის შემდგომ (როდესაც ტერმინალში მხოლოდ რამდენიმე ზედამხედველი რჩება და ყურადღება მოდუნებულია) ჩვენი ტვირთები ცალკე საკანში შეიტანეს საბაჟოს თანამშრომლებმა, მაგრამ კიდევ ვინ შევიდა და ვინ დააზიანა, არ ვიცით. ეჭვი მეპარება, რომ საბაჟოს ჩვეულებრივმა მოხელემ ისე დააზიანოს ასეთი აპარატურა, რომ ვიზუალურად შეუმჩნეველი დარჩეს. ტვირთი გახსნილი გვხვდება, მაგრამ არ ერთვის დათვალიერების აქტი და ხელმოწერილი დოკუმენტი, რომ ტვირთი შემოწმდა და ვინ მონაწილეობდა ამაში.

- რა შემთხვევაში შეეძლოთ უთქვენოდ ტვირთის გახსნა-დათვალიერება?

- ინსტრუქციით განსაზღვრულია, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს საბაჟოზე ტვირთის მფლობელის დაუსწრებლად გახსნას ტვირთი და დაათვალიეროს, ოღონდ მაშინ, როდესაც მესაკუთრეს შეტყობინება მიუვა და არ გამოცხადდება; როდესაც ტვირთის მფლობელს ვერ პოულობენ და ვერ ატყობინებენ ტვირთის ჩამოსვლის შესახებ; როდესაც საქონლის მფლობელი დაუდგენელია, როდესაც საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას და სახელმწიფო უშიშროებას. როგორ გგონიათ, ასიდან ასივე შემთხვევაში ჩვენი ტექნიკა საფრთხეს უქმნიდა სახელმწიფოს უშიშროებას?

რამდენიმე დღის წინ "ქართუ ჯგუფის" წარმომადგენლები საბაჟოში მივედით და ვნახეთ, რომ ჩვენი ექსპრესფოსტით ჩამოტანილი ტვირთი სპეციალურად გამოყოფილ ოთახში შეუტანიათ. უფლება არ მოგვცეს, დაგვეთვალიერებინა საქონელი და საბაჟოდან გამოგვაძევეს.

საქართველოში "სონისა" და "პანასონიკის" ოფიციალურმა დილერმა შპს Indent-მა ჩვენთვის შემოიტანა 240 ათას ევროდ ღირებული საქონელი და რომ გაიგეს, ეს ტვირთი ჩვენი იყო, მათაც დაუზიანეს. ეს ხალხი ახლა თავში ხელებს ირტყამს ზარალის გამო, თანხა მისაღები აქვთ, მაგრამ ტექნიკა გაფუჭებულია.

ჩვენ ვესაუბრეთ ტექნიკის გამომგზავნ ფირმებს და როგორც გვეუბნებიან, წარმოუდგენელია, ჩამოსული ტექნიკის 100% დაზიანებული იყოს. მათ წარმომადგენლებთან ერთად რომ დავათვალიერეთ საქონელი, გაოგნდნენ. ისინიც ამბობენ, რომ საქონელი ხელოვნურად არის დაზიანებული. გარანტიით მისი შეცვლის ან ანაზღაურების საკითხი არც დგას, რადგან გარანტია საქარხნო წუნის მქონე საქონელზე ვრცელდება. როდესაც ყველა ლუქი დაზიანებულია და მიკროსქემები გაშიშვლებული, რომელ საგარანტიო პირობებზე შეიძლება ლაპარაკი?! ჩვენმა კომპანიებმა დიდი ზარალი განიცადეს, მიუხედავად ამისა, არ ვაპირებთ საქველმოქმედო პროექტების შეჩერებას, აუცილებლად მივმართავთ სასამართლოს. უნდა გამოაშკარავდეს, რომ მიზანმიმართულად აბრკოლებენ ჩვენი კომპანიის მუშაობას.

"ამ პატარ-პატარა კბენით ჩვენს კომპანიებს ფინანსურად ვერ შეარყევენ. მე იმათი მდგომარეობა მაფიქრებს, რომელთაც პრობლემები ექმნებათ არასწორი დავალების შესრულების გამო და სინდისი ქენჯნით. ვთხოვ მათ, ხმა აიმაღლონ.

ეს ამბავი თავს არ დამალავს, ჩვენ ქონებრივ დავას უსათუოდ დავიწყებთ და ყველას მოუწევს პასუხისგება, ვინც ამ საქმეში პირდაპირ თუ ირიბად მონაწილეობდა. ვთხოვთ, გამოიჩინონ გონიერება და ნუ შეასრულებენ კრიმინალურ დავალებებს!

მოგეხსენებათ, "ქართუ ბანკში" ეროვნული ბანკის სამი წარმომადგენელი ზის, ნებისმიერ გადარიცხვას ამოწმებენ. რომელიმე კომპანიას რომ თანხა გადავურიცხოთ, იმ კომპანიასაც მკაცრად შეამოწმებს საბაჟო. თანხის გადარიცხვიდან ტვირთის ჩამოსვლამდე მთელი პროცესი უმკაცრესად კონტროლდება. იყო შემთხვევები, როდესაც პარტნიორებმა ხელშეკრულებები გააუქმეს ჩვენთან, რადგან დაავალეს. ერთ-ერთი საქველმოქმედო პროექტით, ასფალტი იყო დასაგები და პარტნიორებმა ხელშეკრულების გაუქმება გვთხოვეს, რა თქმა უნდა, ზეწოლის გამო".

"როცა ველურებს ნაყოფის მოპოვება მოუნდებათ, ხეს ჭრიან, ასეთია დესპოტური ძალაუფლებაც"

მონტესკიე