ოპერაცია "ყინწვისი" ანუ საფუძვლიანი ეჭვი "გონივრულ ეჭვს მიღმა" - კვირის პალიტრა

ოპერაცია "ყინწვისი" ანუ საფუძვლიანი ეჭვი "გონივრულ ეჭვს მიღმა"

"თურმე ნიკა გოგუაძე შეთქმულებას აწყობდა ჯგუფთან ერთად, რომელთა წევრებს არ იცნობდა!"

ცხინვალის რეგიონიდან   ქართულად მოლაპარაკე 2000 რუსი ჯარისკაცი შემოდიოდა(?!)

ალბათ, ყველას კარგად ახსოვს 26 მაისს მოწყობილი ყინწვისის სპეცოპერაცია, როცა სამართალდამცველთა მტკიცებით, სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების მონაწილენი დააპატიმრეს... დაპატიმრებული 23 კაციდან ერთი საპროცესო გარიგებით გაათავისუფლეს, 19-ს აღიარების სანაცვლოდ ბრალი საპროცესო გარიგებით შეუმსუბუქეს. ყველაზე მძიმე სასჯელი კი ერგო მათ, ვინც თავი დამნაშავედ არ ცნო.

ნიკოლოზ გოგუაძესა და ოლეგ კეშელავას, 20 პირთან ერთად, ბრალად ედებათ  შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად.

ბრალდება

2010 წლის სექტემბერში ნიკოლოზ გოგუაძემ, ოლეგ კეშელავამ, რამაზ ღვალაძემ,  ჯემალ გუნდიშვილმა და სხვებმა გადაწყვიტეს, შეექმნათ ორგანიზაცია "ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობა - უფლისა და სარწმუნოებისთვის". მისმა წევრებმა - ხელისუფლებაზე განაწყენებულმა პირებმა განიზრახეს შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ. დაუკავშირდნენ პირთა ჯგუფს და ერთობლივად შეიმუშავეს დანაშაულებრივი გეგმა ხელისუფლების დასამხობად, რაც გამოიხატებოდა შემდეგში: სახალხო კრების საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, მოძრაობის წევრთა რადიკალური მოქმედების გამო, ხელისუფლება დაშლიდა აქციას, რაც გამოიწვევდა ქაოსს, პარალელურად ცხინვალის რეგიონიდან შემოვიდოდა 2000 რუსი ქართულად მოლაპარაკე და შეიარაღებული ჯარისკაცი, შესაბამისი ტექნიკითურთ. დაიკავებდნენ რომელიმე დასახლებულ პუნქტს და მოითხოვდნენ ხელისუფლების შეცვლას. 2011 წლის 21 მაისს თბილისში დაწყებული საპროტესტო აქციების პარალელურად, ჯგუფის წევრებმა გადაწყვიტეს აქტიურ მოქმედებებზე გადასვლა. გაემართნენ ყინწვისის მონასტრისკენ, რათა ცხინვალიდან  შემოსულ შეიარაღებულ ფორმირებებს შეერთებოდნენ და ერთობლივად შეეცვალათ საქართველოს კონსტიტუციური წყობილება. მათი განზრახვა 27 მაისს დროულად აღკვეთა სამართალდამცველმა ორგანოებმა.

ნიკოლოზ გოგუაძისა და ოლეგ კეშელავას გარდა, ამ ბრალდებით დააპატიმრეს კიდევ 21 კაცი, ნიკოლოზ გოგუაძეს ასევე ბრალად დაედო ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება.

ბესარიონ ქარცივაძე, ადვოკატი: "თავიდანვე გასაგები იყო, რომ სასამართლოში სამართლის პოვნა შეუძლებელი იქნებოდა, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდებამ პროცესის დახურვა მოითხოვა. თურმე ვარაუდობდნენ, რომ საფრთხე შეექმნებოდა ბრალდებულთა, მათი ახლობლების, მოწმეთა და სხვა მოქალაქეთა პირად უსაფრთხოებას.  მოსამართლემ ისე დახურა პროცესი, რომ ცხადია, არ დაინტერესებულა, რა საფრთხეზე ლაპარაკობდა პროკურორი."

ციტატა განაჩენიდან: სასამართლომ დაასკვნა, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის გამოც ნიკოლოზ გოგუაძე და ოლეგ კეშელავა დამნაშავედ ვცანითო, მაგრამ საქმის მასალების შესწავლის შემდეგ უამრავი კითხვა გაჩნდა. მასალებიდან ირკვევა, რომ გოგუაძე შეთქმულებას აწყობდა ჯგუფთან ერთად, რომელთა წევრებს არ იცნობდა! ამავე საქმის მასალებიდან ირკვევა ისიც, რომ ყინწვისის მონასტერში ეს პირები ერთიმეორის მიპატიჟებით მოხვდნენ და ერთმანეთთან აკავშირებთ ნათესაობა ან ნათელმირონობა. მთავარი მტკიცებულება იმ "შეთქმულ მოწმეთა" ჩვენებებია, რომელთაც გამოძიებამ, ასეთი მძიმე ბრალდების მიუხედავად, საპროცესო გარიგება გაუფორმა. უცნაურია, რომ ეს მოწმეები დანაშაულს აღიარებდნენ, მაგრამ ვერ ხსნიდნენ, რას ნიშნავს შეთქმულება, რა როლი ჰქონდათ მათ ამ შეთქმულებაში. "შეთქმულთა" უმეტესობამ ასევე აღიარა, რომ ნიკოლოზ გოგუაძეს არ იცნობდნენ!

ბესარიონ ქარცივაძე: "ამ ხალხმა ბრალსა და სასჯელზე გარიგებით, მსჯავრი შეიმსუბუქეს ნიკოლოზ გოგუაძის მხილებით ისეთ დანაშაულში, რომელიც არც ნიკა გოგუაძეს და არც მათ არ ჩაუდენიათ. ყველა მათგანი აცხადებდა, რომ გოგუაძისგან რაიმე მითითება და დავალება, შეთქმულებასთან დაკავშირებით, არ მიუღიათ.

გარდა იმისა, რომ საქმეში სრულიად აბსურდული პასაჟებია (თურმე 2000 ქართულად მოლაპარაკე რუსი სამხედრო უნდა შემოსულიყო ცხინვალიდან და ა.შ.), ნიკა გოგუაძე უკანონო პატიმარიც არის. გოგუაძე სინამდვილეში ყინწვისში 2011 წლის 26 მაისს, დღის 11 საათზე, სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. არადა მიუთითეს, თითქოს გოგუაძე სპეცრაზმმა ყინწვისში 26 მაისს კი არ დააკავა, არამედ 27-ში, თუმცა დაკავების გარემოებებზე არაფერს ამბობენ. პროცესზე ფაქტის დასადასტურებლად მოვითხოვეთ შსს-ს თანამშრომლების, მოწმეების - უტიაშვილის და ბუხრაშვილის წარმოდგენა, მაგრამ ვერ "მოხერხდა" თითქოსდა მათი მივლინებაში ყოფნის გამო".

ნიკა გოგუაძისა და ოლეგ კეშელავას ბრალის დამადასტურებლად ბრალდებამ წარმოადგინა აუდიომასალა და ფარული მიყურადების კრეფსები. რისი მამტკიცებელი იყო ეს აუდიომასალა და კრეფსი, კაცი ვერ გაიგებს, რადგან არ დადგენილა, ვინ ვის, საიდან სად და როდის ელაპარაკება, არის თუ არა მათში კანონდასჯადი ქმედების შემადგენელი საუბრები, მოწოდებები. არ ჩატარებულა ფონოსკოპიური ექსპერტიზა, არ შესწავლილა ხმის ინტონაციები, ბგერათა სიხშირეები, რომელიც მტკიცებულების ნამდვილობას დაადასტურებდა ან გამორიცხავდა. არ ჩატარებულა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა, რომელიც დაადგენდა, გოგუაძეს ჰქონდა თუ არა შეხება იარაღთან. არ შესწავლილა ტანსაცმელი და ის მიკრონაწილაკები, რომელიც იარაღის ტარების შემთხვევაში უნდა დადასტურებულიყო. დაცვის მოთხოვნა, ყოველივე ამის ჩატარებაზე, არ დააკმაყოფილა სასამართლომ  იმ მოტივით, რომ გამოძიებამ ჩაატარა ბალისტიკური ექსპერტიზა (როცა ბალისტიკური ექსპერტიზის შედეგით დავინტერესდი, აქაც ანეკდოტურ სიტუაციას წავაწყდი, ამ ექსპერტიზაში მხოლოდ ის წერია, რომ, "ტეტე" მიეკუთვნება ცეცხლსასროლ, ხოლო ამოღებული ვაზნები საბრძოლო მასალათა კატეგორიას. - ავტ.). ეს იარაღი კი აღმოჩნდა ნიკა გოგუაძის დაცვის უფროსის მიხეილ ცილიკიშვილისა, რომელიც ასევე შეთქმულების ბრალდებით არის დაპატიმრებული. ბრალდების მტკიცებით, 2011 წელს ყინწვისში, ცილიკიშვილმა თან წაიღოO მის სახელზე რეგისტრირებული იარაღი "ტეტე" და გოგუაძის თხოვნით, მას გადასცა. არადა, ცილიკიშვილი სასამართლო პროცესზე ირწმუნებოდა, არ გადამიცია იარაღი გოგუაძისთვისო, მაგრამ ეს ჩვენება სასამართლომ არ გაითვალისწინა - ცილიკიშვილს საპროცესო გარიგება ჰქონდა გაფორმებული, სადაც ის სრულად აღიარებდა დანაშაულს, გასამართლდა შეთქმულებისა და იარაღის გასაღების ბრალდებით, და სასამართლოზე მიცემულ ჩვენებას ვერ გავითვალისწინებთო (გასაღებად ნიკა გოგუაძისთვის იარაღის გადაცემა ჩაუთვალეს).

ნიკა გოგუაძეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ბესარიონ ქარცივაძე: - საინტერესოა ისიც, რომ გოგუაძეს იარაღის ნაწილში ბრალი დაკავებიდან 50-ე დღეს შეერაცხა(?!). გაუგებარია, რატომ ჩამოერთვა გოგუაძეების ოჯახს მაღალი კლასის თანამედროვე  ავტომანქანა, რომელიც ნიკა გოგუაძისა არ იყო. სასამართლო არ დაინტერესებულა არც იმით, ვინ და რატომ სცემა გოგუაძე და რა წამების ფასად ტარდებოდა მასთან საგამოძიებო მოქმედებები. სასაცილოა, თითქოსდა გოგუაძე მისთვის უცნობ "შეთქმულებთან" ლაპარაკობდა ქართულ ენაზე მოსაუბრე 2000 რუსი ჯარისკაცის შემოსვლაზე საქართველოში. ან კი საინტერესოა, სად არის ეს ქართულად მოლაპარაკე 2000 რუსი ჯარისკაცი, რა დანაყოფია ასეთი? არსებობს ასეთი ბუნებაში? გაგიგიათ, შეთქმულება დასტურდებოდეს რეალობით, რომელიც ბუნებაში არ არსებობს და რომელსაც ადგილი არ ჰქონია?

ვახტანგ თალაკვაძე (ოლეგ კეშელავას ადვოკატი): - ოლეგ კეშელავა ყინწვისის მოვლენებიდან მესამე დღეს შინ დაიჭირეს. მას ბრალად შერაცხილი აქვს შეთქმულება, ხელისუფლებაში არაკონსტიტუციური გზით მოსვლის მცდელობა. არადა, ოლეგ კეშელავა იქ საერთოდ არ ყოფილა. წინასწარ გამოძიებაში დაკავებულები პირველი დაკითხვების მიხედვით კეშელავაზე არაფერს ამბობდნენ. მერე საიდანღაც გაჩნდა გასაიდუმლოებული ოპერატიული მონაცემები, რომ თურმე კეშელავა ამ პირებთან იყო რაღაცაზე გარიგებული. მტკიცებულებები კი არ ჩანს. საპროცესო შეთანხმების დადების საფუძველზე მოწმეებს დააწერინეს ჩვენებები, თითქოს კეშელავა ტელეფონით ესაუბრებოდა გოგუაძეს და ამით გაიგეს, რომ რაღაც შეთქმულება მზადდებოდა. ეს არის მტკიცებულება? რა შეთქმულებაში სდებს კეშელავას ბრალს ეს ხალხი, როცა "შეთქმულებაში" მონაწილეებს არც იცნობდა?

საქალაქო სასამართლოს განაჩენი კეშელავამ და გოგუაძემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. სააპელაციო სასამართლოში პროცესი ღია იყო, თუმცა მოწმეები არ დაკითხულან. ადვოკატების შეკითხვებზე, სად იყო მტკიცებულებები, რომელიც შეთქმულების ფაქტს დაადასტურებდა, პროკურორმა ბრძანა, - ეს "ფაქტები" დევს სხვა სისხლის სამართლის საქმეში, რომელზეც ძიება ახლა მიმდინარეობს და მასალები კონფიდენციალურიაო.

ბესარიონ ქარცივაძე: "როცა პროკურორი პირველი ინსტანციის სასამართლოშიც ამ არგუმენტებს იშველიებდა, ვუთხარით, პროცესი ისედაც დახურულია, მოიტანეთ ეგ მტკიცებულებებიო, მაგრამ უარი მივიღეთ. შეიძლება მოსამართლე ენდობოდეს პროკურორის მხოლოდ სიტყვიერ განაცხადს, რომ საქმეზე მტკიცებულებები სადღაც, რომელიღაც სხვა საქმეშია, რომელსაც ვერც მოსამართლეს გააცნობს და ვერც მსჯავრდადებულებს?

პროცესის დასასრულს პროკურორმა ომახიანად განაცხადა, რომ საქმეში არსებობდა საკმარისზე მეტი მტკიცებულება პირველი ინსტანციის განაჩენის ძალაში დასატოვებლად. მოწმე ღვალაძემ მისცა ჩვენება, რომ ის და გოგუაძე აპრილში გაფრინდნენ მოსკოვში, სადაც პაატა მოდებაძემ ხომერიკის ოფისში შეახვედრა თემურ ხაჩიშვილს, ვალერი გელბახიანს, რომან დუმბაძესა და თავად ხომერიკს. შეხვედრისას ისაუბრეს ხელისუფლების ძალადობით ხელში ჩაგდების სცენარზე. ღვალაძემ თქვა, რომ ასევე შეხვდნენ ვინმე "ვიაჩესლავს", რომელიც პოლიტიკურ დახმარებას დაგვპირდა. როგორც შევიტყვეთ, ის იყო რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანაშემწე. მან გვითხრა, რომ პუტინს წლის ბოლომდე უნდა მოეგვარებინა საქართველოს პრობლემა. მასთანაც იყო საუბარი ხელისუფლების დამხობის სცენარზე. მოწმე მიუთითებს, როგორ შეესწრო გოგუაძისა და ხაჩიშვილის დაშიფრულ საუბარს, ხომერიკს რამდენჯერმე დაუკავშირდა იგორ გიორგაძე. ხომერიკი მას ფეხზე მდგარი ესაუბრებოდაო. ეს მტკიცებულება საქმეში დევს და უტყუარად ამტკიცებს ამ პირთა ბრალეულობასო. პროკურორს ადვოკატები დაჟინებით, მაგრამ ამაოდ სთხოვდნენ, მიეთითებინა ის ტომი და გვერდი, სადაც ეს მტკიცებულება იყო წარმოდგენილი.

ღვალაძე რუსეთში ვიზიტის დეტალებზე ჩვენებისას გოგუაძეს არ ახსენებს, რადგან გოგუაძე მსგავს შეხვედრებს არ დასწრებია. საერთოდ, საკითხავია, მოხდა თუ არა ეს შეხვედრები. ამის მიუხედავად, ღვალაძის ჩვენება განაჩენში ისე მიუთითეს, თითქოს ის და ნიკა გოგუაძე ერთად ხვდებოდნენ ამ ხალხს. განაჩენი მტკიცებულებათა საზომი და მათი ერთობლიობაა, ხოლო მტკიცებულების უტყუარობა მასში დაფიქსირებული ფაქტების სხვა მტკიცებულებებით რეალურად დადასტურებაა. ამ შემთხვევაში, რომ აღარაფერი ვთქვათ მტკიცებულებათა ერთობლიობაზე, თავად მტკიცებულება (ღვალაძის ჩვენება) გაყალბებულია".

P.S. სამწუხაროდ, სასამართლო პროცესებზე ვიდეოგადაღებების აკრძალვამ გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ქართულ მართლმსაჯულებას. იმის გამო, რომ მოსამართლეებს მოხსნილი აქვთ როგორც სამართლებრივი, ასევე საზოგადოებრივი კონტროლი, მოსამართლეებს სრულიად უბოდიშოდ გამოაქვთ მსგავს საქმეზე დაუსაბუთებელი განაჩენი.

ბოროტების წინააღმდეგობის გარეშე მიმღები მისი ხელშემწყობია

მარტინ ლუთერ კინგი