როგორ გააცურა ევროსასამართლო საქართველოს მთავრობამ - კვირის პალიტრა

როგორ გააცურა ევროსასამართლო საქართველოს მთავრობამ

"ევროსასამართლო ქართული სამართლის სისტემას უკვე კარგად იცნობს, მაგრამ ეს ამბავი ნამდვილად გააოგნებს"

ძნელად მოიძებნება მსოფლიოში ჩვენისთანა ნოვატორი და გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებული მთავრობა. გაუგონარი კანონპროექტების მერე წესით, არაფერი არ უნდა გაგვკვირვებოდა, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების  ნიჭი აშკარად აჭარბებს მოლოდინს, - საქართველოს მთავრობა სტრასბურგის სასამართლოში საკუთარ მოქალაქეებთან პროცესს პროცესზე აგებს. რადგან სამართლებრივი ვითარების გამოსწორებას ქვეყანაში არავინ ჩქარობს, ხელისუფლებამ ევროსასამართლოში საქმეების "მოგების" ახალი სტრატეგია შეიმუშავა. ამბავს, რომელსაც ქვემოთ გიამბობთ, ევროსასამართლოს ყურამდე ჯერ არ მიუღწევია, თუმცა, საინტერესოა, რა მოხდება მას შემდეგ, რაც ევროსასამართლო შეიტყობს, როგორ გააცურა საქართველოს ხელისუფლებამ.

ოთარ დოლიძე, გამომგონებელი, მცირე მეწარმეთა ასოციაციის თანათავმჯდომარე: "წიდასთან" დაკავშირებული სკანდალი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. მე ამ საწარმოს შემქმნელი და ნაყარი წიდიდან ჯართის მიღების ტექნოლოგიის გამომგონებელი და პატენტის მფლობელი ვარ. მას შემდეგ, რაც ეს გამოვიგონე, "საქმოსნებს" ჩემი საწარმო თვალში მოუვიდათ და მისი წართმევა განიზრახეს. შევარდნაძის დროს, დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერაფერი მომიხერხეს, საწარმო ვერ წამართვეს. სამაგიეროდ, "ვარდოსნებმა" გაართვეს თავი წარმატებით და როგორც კი რევოლუციის სიომ დაჰბერა, გამომაძევეს ჩემი საწარმოდან. თავის დაცვა სტრასბურგის სასამართლოში გადავწყვიტე და გავგზავნე მასალები. სტრასბურგი ძალიან მალე გამომეხმაურა. მწერდნენ, საჩივარში დათვლილი არა გაქვთ, რა მოგების მიღება შეგეძლოთ, თქვენთვის ხელი რომ არ შეეშალათ, იანგარიშეთ და გამოგზავნეთო. როგორც კი სტრასბურგიდან ეს წერილი მივიღე, ცხადი გახდა, რომ ქვეყანა ამ საქმეს სტრასბურგის სასამართლოში წააგებდა და საწარმოს ჩემთვის დაბრუნებაც მოუწევდა. არადა, ჩემს ნაშრომზე უკვე მომსხდარი იყვნენ ხელისუფლების სათავეში ახალმოსული ვითომ რეფორმატორები. მაშინ ეკონომიკის მინისტრი კახა ბენდუქიძე იყო. ის მაქინაციების მამაა. კაპიკებად ჩაიგდო ხელში რუსთავის მეტალურგიული კომბინატი, რომელიც 100 მილიონ დოლარად იყო შეფასებული. ბენდუქიძემ 20 მილიონად შეიძინა. რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში შედიოდა ჩემთვის წართმეული და სინამდვილეში ჩემი საკუთრება წიდებიც, რომლის ღირებულებაც იმ დროისთვის, როცა მეტალურგიული კომბინატი ბენდუქიძემ იყიდა,  30 მილიონი იყო. წიდების ეს ღირებულება, სრულიად უკანონოდ, მეტალურგიული კომბინატის საწესდებო ფონდში შეიტანეს. ბენდუქიძეს ეს შენაძენი, რა თქმა უნდა, თავისი სახელით არ გაუკეთებია. ეკონომიკის მინისტრი იყო და ამას დიდი ამბავი მოჰყვებოდა, ამიტომ რუსთავის მეტალურგიული კომბინატი ძმაკაცის, მიშა კაკულიას სახელზე გააფორმა და შემდეგ ბადრი პატარკაციშვილს მიჰყიდა.

ეს რამდენჯერმე ვაცნობე პროკურატურას, საქართველოს პრემიერ-მინისტრს. დაინტერესდნენ, მაგრამ ნაცვლად იმისა, საქმე გამოეძიებინათ და სახელმწიფო დამნაშავენი პასუხისგებაში მიეცათ, სტრასბურგის სასამართლოს გაცურება გადაწყვიტეს და გრანდიოზული აფერა მოიგონეს. ჩემდა გასაკვირად, მთავრობამ პოზიცია შეიცვალა და სასამართლომ უეცრად გამოიტანა განჩინება, რომელშიც მითითებული იყო, რომ უფლება საწარმოზე აღმMიდგა და ნება მეძლეოდა, გამეგრძელებინა მუშაობა.

განჩინება აღმასრულებელთან მივიტანე, აღმასრულებელმაც კანონის შესაბამისად ყველა გააფრთხილა, რომ საწარმოში უნდა შევსულიყავი და მუშაობა გამეგრძელებინა. მართლაც დავიწყე მუშაობა, ამასობაში საქართველოს მთავრობამ წერილი აფრინა სტრასბურგში, ოთარ დოლიძეს უფლებები აღვუდგინეთ, მის საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემა აღარ არსებობსო და დამამტკიცებლად სასამართლოს განჩინებაც დაურთო. ეს მას შემდეგ შევიტყვე, რაც ევროსასამართლოდან მაცნობეს, რომ ჩემი საქმე განუხილველი დატოვეს, რადგან ყველა უფლება აღდგენილი მქონდა. არადა, ამ განჩინების გამოტანიდან ზუსტად ერთ კვირაში შემოცვივდნენ საწარმოში და ცემა-ტყეპით გამომაძევეს(?!).

თავიდან ვერ მივხვდი, რა ფოკუსი იყო ეს, მაგრამ ევროსასამართლოს წერილის შემდეგ ყველაფერი ნათელი შეიქნა, - ეს სპექტაკლი ევროსასამართლოს თვალის ასახვევად გაითამაშეს.

საწარმოდან რომ გამომაძევეს, სამართლებრივი პროცედურების თავიდან დაწყება მომიხდა. ისევ მივმართე ადგილობრივ სასამართლოებს, რომლებიც არაფრის დიდებით არ იხილავენ ამ საქმეებს, უკვე მერამდენე წელია საქმე შეჩერებულია, სასამართლო პროცესსაც არ ნიშნავენ. იძულებული ვარ, ახალი საჩივარი შევიტანო და ამ წარმოუდგენელი აფერის ამბავი ვაცნობო ევროსასამართლოს.

ეს ამბავი ამით არ დასრულებულა. რადგან განჩინება ხელში მეჭირა, დავიწყე პროკურატურაში ჩივილი, სასამართლოს განჩინება მაქვს, რითაც საწარმოთი სარგებლობის უფლება მომენიჭა, დასაჯეთ ის ხალხი, ვინც ხელს მიშლის, აღძარით სისხლის სამართლის საქმე-მეთქი. სამი წელიწადი ვითხოვდი დამნაშავეების დასჯას. გამომძიებელი მეუბნებოდა, აღვძრავ საქმეს, მაგრამ ჯერ დაკავებული ვარო. ბოლოს გამომიტყდა, რა ვქნა, ქალაქის პროკურორი არ მაძლევს უფლებასო. ძალიან რომ გაჭიანურდა საქმე და ქვეყანა შევძარი, პროკურატურიდან წერილი მივიღე, თურმე სისხლის სამართლის საქმე აღძრულიც ყოფილა და შეწყვეტილიც, ოღონდ ჩემზე! გადავირიე, სისხლის სამართლის საქმე თუ იყო ჩემზე აღძრული, ან რატომ არ დამკითხეს, ან დამიჭირეს-მეთქი? ამნისტია შეგეხოთო (ისე ჩაატარეს ეს პროცედურები მე არაფერი გამაგებინეს)!

ევროსასამართლო ქართული სამართლის სისტემას უკვე კარგად იცნობს, მაგრამ ეს ამბავი ნამდვილად გააოგნებს. წარმოიდგინეთ, რა მოხდება, რომ შეიტყობენ, როგორ გააცურა ევროსასამართლო საქართველოს მთავრობამ! რაღა დაგიმალოთ და, ამ ამბის ევროსასამართლოსთვის მიწერაზე კარგა ხანს ვიკავებდი თავს, ვფიქრობდი, ასე ჩალით დახურული როგორ იქნება ქვეყანა-მეთქი, მაგრამ დავრწმუნდი, რომ ჩვენს ხელისუფლებაში მოკალათებულ პირებს ეზიზღებათ ქვეყანა და მისი განადგურება უნდათ".

ლია მუხაშავრია: "ევროსამართლის ისტორია პრეცედენტებით არის სავსე, მაგრამ დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ მსგავს პრეცედენტს ევროსასამართლო არ იცნობს, ალბათ, ასეთი რამის ჩადენის ალბათობაც კი წარმოუდგენლად მიაჩნია. ეს არის გამაოგნებელი ამბავი, რომელიც შეიძლებოდა მხოლოდ საქართველოს მთავრობას მოსვლოდა აზრად. ეს პრეცედენტი ნამდვილად გახდება განსჯის საგანი!"