"თქვე ნაძირლებო, ვინც ეს ჩაიდინეთ, ვერ დამაშინებთ!" - კვირის პალიტრა

"თქვე ნაძირლებო, ვინც ეს ჩაიდინეთ, ვერ დამაშინებთ!"

"ეს თავდასხმა ჩემს დასაშინებლად დაიგეგმა"

"მანქანა ამიფეთქეს, ჩემი ახლობლები სამსახურიდან გააგდეს, თავს დამესხნენ და კინაღამ მომკლეს, ხუთჯერ მიტინგზე დამარბიეს, შვილი გამილახეს. ბარემ შემოდით სახლში და დაგვწყვიტეთ, რაღა დაგრჩათ მეტი, თქვე თახსირებო!"  - ასე მიმართა ხელისუფლებას საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილმა, რომლის  19 წლის ვაჟს გასულ კვირას უცნობი პირები სადარბაზოში დახვდნენ და სასტიკად სცემეს.

გიორგი ცაგარეიშვილი: - ღამის პირველის ნახევარზე ჩემს შვილს, ზურაბ ცაგარეიშვილს სადარბაზოში უცნობი პირები დახვდნენ. არაფერი უთქვამთ, მაშინვე უმოწყალოდ ცემა დაუწყეს. ჩვენს სადარბაზოს ორი რკინის კარი და დომოფონი აქვს. ჩემს შვილს სადარბაზოს კარი მე გავუხსენი. ბავშვმა ამოსვლა რომ დააგვიანა, მეუღლემ მითხრა, ბიჭი იგვიანებს და გადახედე, რამე უბედურება ხომ არ არის ჩვენს თავსო. ზუსტად ორ წუთში გავედი სადარბაზოში და დავინახე ჩემი შვილი კიბეზე ნაცემი მოლასლასებდა. არ ვიცი, რა მანქანებით აღმოჩნდა ის 4-5 კაცი ჩვენს სადარბაზოში. ორნი დენის გამანაწილებელ კარადასთან მდგარან, დანარჩენები - ეზოში გამავალ კართან. შვილი მეზობლებმა გადამირჩინეს, რადგან ხმაურზე გამოვიდნენ, თავდამსხმელები კი აბაშიძის ქუჩისკენ გაიქცნენ.

ჩემს შვილს ტვინის შერყევა და  სახის არეში მძიმე დაზიანებები აქვს. როგორც ვიცი, მომხდარზე საქმე აღძრულია. ჩემი სახლის გარშემო სხვადასხვა ორგანიზაციის 10 სათვალთვალო კამერა დგას, რომლებიც ჩემი სახლიდან 10-25 მეტრითაა დაშორებული და სხვადასხვა რაკურსით იღებს კავსაძისა და აბაშიძის ქუჩებს.

ბატონმა ივანე მერაბიშვილმა, რომელიც დამნაშავეთა სამყაროს ვითომ ასე შეურიგებლად ებრძვის, გახსნას ეს დანაშაული და დააკავოს დამნაშავეები. რაღაც კი არ შეთითხნონ და ვიღაც უბედურს კი არ სტაცონ ხელი, ნამდვილ დამნაშავეს აგებინონ პასუხი. ამ საქმის გახსნას დიდი ამბავი არ სჭირდება. ვფიქრობ, ეს იყო პოლიტიკური ანგარიშსწორება, ჭკუის სასწავლი ეგზეკუცია უპირველესად ჩემი შვილის წინააღმდეგ, მაგრამ ირიბად ეს მე მეხება.

თავდამსხმელებმა ჩემი შვილი მიზანში ამოიღეს და ეს უკავშირდება ჩემს გააქტიურებას უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში, რაც ბატონი ივანიშვილი გამოვიდა პოლიტიკურ ასპარეზზე და რაც "ქართული ოცნების" შექმნაზე დაიწყო ლაპარაკი. მე განცხადებები გავაკეთე იმ უკანონობებზე, რასაც ხელისუფლება ბატონი ივანიშვილის მიმართ სჩადის, ვილაპარაკე იმ კრიმინალურ სქემაზე, რითაც აპირებენ ბანკი "ქართუს" გაკოტრებას.

ეს საქმე შს სამინისტრომ და მთავარმა პროკურატურამ განსაკუთრებულ კონტროლზე უნდა აიყვანონ, რადგან ეხება საჯარო მოხელის, პოლიტიკური თანამდებობის პირის  და ოპოზიციონერის ოჯახს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მე ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ამიტომ ის წესები, რომელთაც მერაბიშვილი დამნაშავეებზე ავრცელებს, იმ ნაძირლებზე, თახსირებზეც უნდა გავრცელდეს, რომლებიც ჩემს შვილს ასე გაუსწორდნენ. დარწმუნებული ვარ, ასე არ იქნება, რადგან ეს ხელისუფლების, მერაბიშვილის უწყებაში დაგეგმილი ოპერაცია იყო. ეს თავდასხმა ჩემს დასაშინებლად დაიგეგმა. თქვე ნაძირლებო, ვინც ეს ჩაიდინეთ, ვერ დამაშინებთ! უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებ იმისათვის, რომ თქვენისთანა ბოროტმოქმედები ამ ქვეყანას მოშორდნენ. იქნებ ჩემი შვილის უბედურებით დაესვას წერტილი ამ ტრაგედიას, რასაც თქვენი ნაძირალა მეგობრები  და თანამეინახეები ატრიალებენ ქვეყანაში.

როდესაც ნაძირალა ხელისუფლება ოპონენტების შვილების ცემასა და წამებაზე გადადის, უკვე ყველაფერს გადასმული აქვს ხაზი. უნდათ ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება გამოიწვიონ. უნდათ ახლა მე ვიფიქრო სააკაშვილისა და მერაბიშვილის შვილების ანგარიშსწორებაზე, მაგრამ ამას არ გავაკეთებ, რადგან მათსავით მკვლელი არა ვარ და ხელები სისხლში არა მაქვს გასვრილი. მათ პასუხს გასცემს სამართლიანი სასამართლო, რომელიც ძალიან მალე ჩატარდება. მარტო ზურაბ ცაგარეიშვილის ცემისთვის კი არ დაისჯებიან, არამედ იმისთვისაც, რაც გირგვლიანს, ვაზაგაშვილს, რობაქიძესა და ასობით ქართულ ოჯახს გაუკეთეს.

თუ მე მერჩით, მე გამისწორდით, არც იარაღი მაქვს და არც დაცვით მივლია არასოდეს, ბავშვისგან რა გინდათ?! ახლა ჩვენს საუბარსაც ისმენენ. იქნებ კარგად გადასცენ ბატონ ივანეს და ბარემ მომკლან.

ხალხი უნდათ დააშინონ. როდესაც ვიღაც დაინახავს, ფრაქციის თავმჯდომარის შვილს სცემესო, იფიქრებს, ჩემს შვილს რაღას უზამენო.

ამით ხელისუფლებამ თქვა, როგორც ცაგარეიშვილის შვილს ვცემეთ, ისე ვცემთ ყველას, ვინც დაუდგება გვერდით ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ალასანიას, დათო უსუფაშვილსა და სხვებსო. ამით ჩვენს დაშინებას ვერ მოესწრებიან. ვერ შეაჩერებენ ტალღას, რომელიც აზვირთდება და ამ ნაძირლებს წალეკავს. ესენი განსასჯელის სკამზე მოხვდებიან. ქართული სასამართლო მათ ხანგრძლივ თავისუფლების აღკვეთას შეუფარდებს არა მარტო ამ, არამედ უამრავი საშინელი დანაშაულისთვის, რაც ქართველი ერის წინააღმდეგ ჩაიდინეს.

- ხელისუფლება ამბობს, რომ ძლიერია და რეიტინგიც მაღალი აქვს. თქვენს ბრალდებაზეც იტყვიან, ალბათ, რად გვინდა ოპოზიციონერების შვილების დევნაო.

- გამოქვეყნებული რეიტინგებიდან ყველამ დაინახა, რომ ყალიბდება ორი ძლიერი პოლიტიკური ცენტრი - ხელისუფლება და "ქართული ოცნება". სხვა ალტერნატივა არ არსებობს. დასრულებულია გუნდრუკის მკმეველი ბიჭებისა და გოგონების საქმე, რომლებიც თვალებში შესციცინებენ მიხეილ სააკაშვილს. მირჩევნია, მოწინააღმდეგე აშკარად დამიპირისპირდეს, ვიდრე ძმობას მეფიცებოდეს და მერე მერაბიშვილის კაბინეტში იჯდეს. უდიდესი ძალა ყალიბდება, რომელიც დაამარცხებს საქართველოს ხელისუფლებას. ეს არის აგონიაში მყოფი ხელისუფლება, რომელიც ხალხის განადგურებასა და ლიკვიდაციაზეც წავა, მაგრამ რაც უფრო მაგრად ჩაგვარტყამენ თავში, მით დიდი ტალღა აზვირთდება, რომელსაც ვეღარ შეაჩერებენ.

P.S. მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ შს სამინისტრომ ზურაბ ცაგარეიშვილის სხეულის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით ეჭვმიტანილები დააკავა. მათი ინფორმაციით, ზურაბ ცაგარეიშვილს რესტორანში შელაპარაკება მოუვიდა ოთხ პირთან, რომლებიც რესტორნიდან გამოსულ ცაგარეიშვილს ავტომანქანით უკან გაჰყვნენ და სადარბაზოში მიაყენეს სხეულის დაზიანება.

გიორგი ცაგარეიშვილი ამბობს: "შს სამინისტროს განცხადებაში ბევრი უზუსტობაა. ჩემს შვილს რესტორანში არავისთან მოსვლია შელაპარაკება და თავდამსხმელები უკან კი არ გაჰყვნენ, სადარბაზოში დახვდნენ. მათ უნდათ ზურა ხულიგნად გამოიყვანონ, მაგრამ არ გამოუვათ".