წლის კრიმინალი - კვირის პალიტრა

წლის კრიმინალი

როცა წლის შემაჯამებელი სტატიის მომზადებას ვიწყებ, გულდასმით ვათვალიერებ გასული წლის გაზეთის ყველა ნომერს და ვიხსენებ, რა მოხდა მთელი წლის განმავლობაში. წელს გახსენება არ დამჭირვებია. 2011 წელი იმდენი სკანდალით იყო გადატვირთული, რომ მათი დავიწყება უბრალოდ შეუძლებელია. ხოლო, როცა რომელიმე მოვლენა დაუვიწყარია, ეს მის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მიუთითებს.

გირგვლიანის საქმე, ანუ დასასრულის დასაწყისი

2011 წლის 26 აპრილს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო განჩინება საქმეზე "ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ". ევროსასამართლომ დარღვეულად ცნო ევროკონვენციის მე-2 მუხლის საპროცესო ასპექტი და კონვენციის 38-ე მუხლი. მათ უკან კი საშინელი რეალობაა.

ევროსასამართლო შეძრწუნებულია არა მარტო წამებით, არამედ იმ კვალიფიკაციით, რაც დანაშაულს მიეცა, რომ თითქოს ეს იყო ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება, რამაც გამოიწვია სიკვდილი, და არა განზრახ მკვლელობა, მაშინ, როცა სანდრო გირგვლიანს ყელის არეში 12 ჭრილობა ჰქონდა. ევროსასამართლომ თავისი არსებობის ისტორიაში პირველად გადაწყვეტილებაში ჩაწერა ისეთი სიტყვები, როგორიც არის "აღშფოთებული" და "შეძრწუნებული" და მიუთითა საქართველოს ხელისუფლებას, საქმის ხელახალი გამოძიება დაეწყო. საქართველოს ხელისუფლება კი ურცხვად ამტკიცებდა, გადაწყვეტილებაში არ წერია არც ერთი სიტყვა საქმის ხელახალი გამოძიების შესახებ. ჩვენ ხარვეზები გვქონდა და მხოლოდ ამის გამო გვევალება 50.000 ევროს გადახდაო. ევროპული სასამართლოს განჩინება 2011 წლის 26 ივლისს ძალაში შევიდა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა ძველებური რიხით ვეღარ ამბობს, რომ გირგვლიანის საქმეზე ხელახალ გამოძიებას არ დაიწყებს, ევროსასამართლოს მითითების შესრულებას არ ჩქარობს. გირგვლიანის საქმეზე ხელახალი გამოძიება ჯერჯერობით არ დაწყებულა.

რამდენიმე დღის წინ კი ევროსაბჭოს საიტზე გამოქვეყნდა გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებული ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის საგანგებო განცხადება. ევროსაბჭოს მინისტრთა კაბინეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ გირგვლიანის საქმე არასტანდარტული წესით აღსრულდება.

შალვა შავგულიძე, გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი: "რა სახით აღსრულდება და რას გულისხმობს მინისტრთა კომიტეტი, არ ვიცით. საქმის დეტალებში გასარკვევად უკვე მივწერეთ წერილი  ევროსაბჭოს მინისტერიალს და უახლოეს დღეებში გავიგებთ, რა წესით აღსრულდება გირგვლიანის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება.

სკანდალური ფირი

2011 წლის 6 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს ძმები ბაქარ და ლაშა ლუტიძეები. მათ ბრალად ედებოდათ წვრილმანი ხულიგნობა, საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება და სამართალდამცავი მუშაკისთვის ბოროტი დაუმორჩილებლობა. ბაქარ და ლაშა ლუტიძეები მეორე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასამართლეს, ბრალეულად ცნეს და 400-400-ლარიანი ადმინისტრაციული სახდელები დააკისრეს. ბაქარ და ლაშა ლუტიძეების მამას, ოლეგ ლუტიძეს ეჭვი ეპარებოდა შვილების ბრალეულობაში და საქმის დეტალების გასარკვევად "კვირის პალიტრას" მომართა. გაირკვა, რომ ბაქარ და ლაშა ლუტიძეების დაკავება ფირზე აღბეჭდა გოეთეს ინსტიტუტის სათვალთვალო კამერამ. ფირზე მკაფიოდ ჩანდა, რომ ორი ახალგაზრდა ნელი ნაბიჯით თავისთვის მიუყვებოდა ტროტუარს. მართალია, ფირი ხმოვანი არ იყო, მაგრამ მათი სიარულის მანერა აშკარად მიუთითებდა, რომ საზოგადოებრივ წესრიგს არ არღვევდნენ. მალე მათ წინ გაჩერდა ავტომანქანა, საიდანაც სამოქალაქოსამოსიანი 3 პირი გადმოვიდა.

ისიც კარგად ჩანს, რომ მათ მოთხოვნაზე ძმები გაჩერდნენ. შემდეგ სამივე მიუახლოვდა შეჩერებულთ, ერთ-ერთმა ჯერ მუჯლუგუნი უთავაზა ლაშა ლუტიძეს, სახეში გაარტყა, შემდეგ კი თმაში სწვდა, თან ზერელედ გაჩხრიკა. შემდეგ ბიჭები მანქანაში ჩაყარეს და მძღოლის გვერდით მჯდომმა პირმა ორივეს გაარტყა. სკანდალური ფირი "პალიტრა TV"-ისა და "ინტერპრესნიუსის" საიტებზე გამოქვეყნდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული შეიქნა, რეაგირება მოეხდინა. სამი პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ერთს კი საყვედური გამოუცხადეს. ბაქარ და ლაშა ლუტიძეები სააპელაციო სასამართლომ გაამართლა. სკანდალის მიწყნარების შემდეგ გავარკვიეთ, რომ პოლიციელები, რომლებიც წესით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცათ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ცრუჩვენების მიცემისთვის (სწორედ მათი ჩვენების საფუძველზე მისცა პასუხისგებაში პირველი ინსტანციის  სასამართლომ ძმები) "დასაჯეს", თუმცა, მალევე დააბრუნეს სამართალდამცავ სტრუქტურებში.

ყუფარაძის საქმე, ანუ თავისუფლება გისოსებს მიღმა

ხუთწლიანი პატიმრობის შემდეგ, 2011 წლის 11 ნოემბერს, ციხიდან გაათავისუფლეს გვანცა ყუფარაძე, რომელიც 2006 წლის 11 ნოემბერს დააპატიმრეს. მას ბრალად ედებოდა "უმიზეზოდ, დანით, "ხულიგნური ქვენაგრძნობითა და განსაკუთრებული სისასტიკით" თანაკლასელ თორნიკე ტყემალაძისთვის 33 ჭრილობის მიყენება. გვანცას 10 წელი მიუსაჯეს (5 წელი ციხე და 5 წელი პირობითი სასჯელი).

გვანცა ყუფარაძის საქმე საზოგადოების ყურადღების ცენტრში "კვირის პალიტრის"  ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ მოექცა.

თორნიკე ტყემალაძეს 33 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, თუმცა, როგორც საქმისა და  ექსპერტთა დასკვნების შესწავლის შემდეგ გაირკვა, განაჩენი, რომლითაც სასამართლომ 14 წლის გვანცა ყუფარაძე ბრალეულად ცნო, სარწმუნო არ იყო. ამ საქმეზე "კვირის პალიტრის" ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ გვანცა ყუფარაძის საქმემ უდიდესი რეზონანსი შეიძინა. სამართალდამცავთა დიდი მონდომების მიუხედავად, 14 წლის გოგონამ არ აღიარა დანაშაული, უფრო მეტიც, ის ციხიდან გამოსვლამდე იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.

ციხიდან გამოსულ გვანცასთან ექსკლუზიური ინტერვიუ "კვირის პალიტრამ" ჩაწერა:

- გათავისუფლებით გამოწვეულ განსაკუთრებულ ეიფორიას ვერ ვგრძნობ, რადგან ჩემთვის თავისუფლება მხოლოდ ფიზიკური თავისუფლება არ არის. მე ციხეშიც თავისუფალი ვიყავი. ჩემი სულიერი თავისუფლების დღე და მომენტიც მახსოვს. ეს ის დღე იყო, როცა უზენაესმა სასამართლომ ჩემი საქმე არ მიიღო, საინტერესო არ არის სასამართლო პრაქტიკის განვითარებისთვისო. იმ დღეს მივხვდი, რომ საქართველოში ამოიწურა რესურსი, რომელიც ჩემი უდანაშაულობის დამტკიცებაში დამეხმარებოდა. მაშინ  დამჭირდა გამოსავლის პოვნა და ის სულიერ თავისუფლებაში ვიპოვე. როცა შენს სიმართლეში დარწმუნებული ხარ, მერე შიშის დაძლევის ეტაპი დგება. გავაცნობიერე, რომ არ არსებობს საღად მოაზროვნე ადამიანი, რომელსაც არ ეშინია, მაგრამ შიშის დათრგუნვა უნდა შეგეძლოს. მე შიშს ბრძოლა მოვუგე და როგორც კი ეს მოვახერხე, მივხვდი, რომ ჩემთვის მნიშვნელობა დაკარგა საკანმა, გისოსმა, ციხემ, მძიმე რკინის კარმა, მე გავთავისუფლდი.

ყუფარაძის საქმე გასაჩივრებულია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. გვანცა სამართლიან გადაწყვეტილებას ელოდება.

ებრაელ ბიზნესმენთა საქმე

წლის ბოლოს ებრაელთა სკანდალური საქმე "ჰეფი ენდით" დასრულდა. ქართულ ციხეში სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი ებრაელი ბიზნესმენები პრეზიდენტმა შეიწყალა, - როგორც მისი პრესსპიკერი გვიმტკიცებდა, "ჰუმანური" მოსაზრებით. პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადება ისრაელის მთავრობისა და ისრაელის პრეზიდენტის თხოვნაზე, განსაკუთრებით ჰუმანურ მოსაზრებაზე, მას შემდეგ დადგა ეჭვქვეშ, რაც იუსტიციის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ Tramex International Inc"-ისთან ქვეყნისთვის ხელსაყრელ შეთანხმებას მიაღწია. საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, Tramex International Inc-ის წილის მფლობელების, რონი ფუქსისა და იოანის კარდასოპოლუსის სასარგებლოდ საქართველოს დაეკისრა 98 მილიონი დოლარის გადახდა, რომელიც მზარდი პროცენტის გამო 110 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. საქართველოს მთავრობამ მიაღწია შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც დასრულდა მრავალწლიანი დავა, საქართველო გადაიხდის დაკისრებული თანხის მხოლოდ 1/3-ს, შესაბამისად, ბიუჯეტში დაიზოგა 70 მილიონი აშშ დოლარი.

თავის დროზე, ებრაელი ბიზნესმენები პრემიერ-მინისტრის პირადი მოწვევით საქართველოში დაპატიჟეს და 2010 წლის ოქტომბერში საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის შეთავაზების ბრალდებით დააკავეს. ამან გაამწვავა ურთიერთობა საქართველოსა და ისრაელს შორის.

ხელისუფლება ვარაუდობდა, რომ ებრაელი ბიზნესმენები ციხეში გამწესების შემდეგ თავისუფლების სანაცვლოდ 100 მილიონს დათმობდნენ, მაგრამ შეცდნენ. 11 თვე ისე გავიდა, რომ მოგებულ მილიონებზე უარის თქმას არ აპირებდნენ. ამ პრინციპულობამ საქართველოს ხელისუფლება გააღიზიანა და ებრაელი ბიზნესმენებისათვის ციხეში შეიცვალა პირობები, - თავაზიანობა და ღიმილი მალე შეცვალა სასტიკმა მოპყრობამ, რის გამოც ფრენკელს ინფარქტი დაემართა და ძლივს გადაარჩინეს, ხოლო ფუქსს კამერაში კოკაინი შეუტანეს და დაჰპირდნენ, რომ ურჩობა ნარკოტიკის ჩადებით და ოცწლიანი პატიმრობით დასრულდებოდა.

უცნობია, რა პირობით შეიწყალა პრეზიდენტმა ებრაელი ბიზნესმენები. მართლა დათმეს თუU არა მათ 70 მილიონი, რადგან რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის ადვოკატ არჩილ კბილაშვილს ლონდონის ოფისიდან ამ საკითხზე საუბარი აუკრძალეს(!).

ხელისუფლება ვს "ქართული ოცნება"

მას შემდეგ, რაც მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა, სასწრაფოდ ამუშავდა რეპრესიული მანქანა. ჯერ იყო და, ივანიშვილსა და მის მეუღლეს მოქალაქეობა შეუწყვიტეს, მერე ივანიშვილის საინკასაციო მანქანა ფულის გათეთრების საბაბით "დააყაჩაღეს", მოგვიანებით კი პარლამენტმა ბანკ "ქართუს" გასაკოტრებლად სპეციალური კანონიც მიიღო, რომლის თანახმად, სახელმწიფოს უფლება ეძლეოდა, საგადასახადო დავალიანების შემთხვევაში, ბანკის სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული ქონება აუქციონზე გაეყიდა, ახალი მყიდველი კი ბანკის სესხის დაფარვის ვალდებულებისაგან გაათავისუფლა. "ქართუს" განკულაკების "სპეცოპერაცია" კანონის მიღებიდან ორ კვირაში დაიწყო და ახლაც მიმდინარეობს. ამ მოტივით "ქართუს" მსესხებლებს დაუყადაღეს 100 მილიონზე მეტი ღირებულების ქონება, რითაც არაუზრუნველყოფილი დატოვეს "ბანკ "ქართუს" 73 მილიონი ლარის საკრედიტო ვალდებულებები.

მოგვიანებით დაყადაღებული ქონება აუქციონზე გაიტანეს ნომინალურ ფასებად. ვაჭრობაში ბანკი "ქართუც" მონაწილეობდა, მაგრამ ვაჭრობას ჩამოაშორეს. აუქციონზე გატანილი ქონების დიდი ნაწილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეიძინა ნომინალურ ფასად.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ აუქციონზე ნაყიდი ქონება შეიძლება სასურველ პირს გადასცეს. ამის აპრობირებული სქემაც არსებობს. პრეზიდენტს აქვს უფლება, სახელმწიფო ქონება ერთ ლარად გადასცეს ნებისმიერ პირს, ინვესტიციების განხორციელების პირობით.

სისხლიანი 26 მაისი

2011 წლის 26 მაისის დრამატული მოვლენები სამართლებრივად დღემდე არ შეფასებულა. სისხლიანი დარბევა, რომელსაც ადამიანები ემსხვერპლნენ, დღემდე გამოუძიებელი და საიდუმლოთია მოცული. 26 მაისის მოვლენებიდან ორ დღეში თავისუფლების მოედანზე, მაღაზიის სახურავზე, პოლიციამ ორი გვამი იპოვა. ნიკა კვინტრაძისა და სულიკო ასათიანის გარდაცვალება უბედურ შემთხვევას მიეწერა და საქმე დაიხურა, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილი ეჭვობს, რომ კვინტრაძე და ასათიანი მაღაზიის სახურავზე მას შემდეგ დააგდეს, რაც სპეცრაზმელებს პიონერთა სასახლის ეზოში ცემაში შემოაკვდათ. ეს ეჭვი მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ნიკა კვინტრაძის მეგობარმა, რომელიც მასთან ერთად იყო აქციაზე, განაცხადა, რომ კვინტრაძე 25 მაისის ღამეს პოლიციელებმა დააკავეს და ის აქციის დაშლის დროს გადაღებულ ფოტოებზეც ამოიცნო. მეგობარი აცხადებდა, რომ შეუძლებელი იყო, კვინტრაძე მაღაზიის სახურავზე ასულიყო, რადგან უკვე ხელბორკილი ედო. შს სამინისტრომ ეს ვერსია მაშინვე უარყო და განაცხადა, რომ კვინტრაძე არავის დაუკავებია და ექსპერტთა დასკვნით კვინტრაძისა და ასათიანის გარდაცვალების მიზეზი დენის დარტყმა გახდა. სკანდალი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 26 მაისს მომხდარ მოვლენებზე დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება გადაწყვიტა და სპეციალური მასალა ექსპერტიზისათვის დიდ ბრიტანეთში გაგზავნა. ექსპერტიზა ბრიტანეთის პროფესიონალ ფოტოგრაფთა ინსტიტუტში ჩატარდა, ექსპერტი კი ბაკალავრის, მეცნიერებათა მაგისტრისა და ბრიტანეთის პროფესიონალ ფოტოგრაფთა ინსტიტუტის მეცნიერი კენ ლინჯი იყო. ბრიტანელმა ექსპერტმა სკანდალური დასკვნა წარმოადგინა. მან დაადგინა, რომ ნიკა კვინტრაძის პასპორტის, გარდაცვალების შემდგომ გადაღებულ ფოტოებსა და "რუსთავი 2"-ის ეთერში გასულ ვიდეოფირზე აღბეჭდილია ერთი და იგივე პიროვნება - ექსპერტმა გამოსახულებებს შორის მსგავსების 7 ნიშანი აღმოაჩინა(!).

სკანდალური კვლევის შედეგს სულაც არ შეუშფოთებია ხელისუფლება. პირიქით, საია (ბრიტანელებს ჯერჯერობით ვერ გაუბედეს) პოლიტიკური ინტრიგების ხლართვაში დაადანაშაულა! ბრიტანელი ექსპერტის დასკვნა კი ისე გააბიაბრუეს, თითქოს ექსპერტიზა გამოცდილ ექსპერტებს კი არა, ფოცხოეწრის ლაბორატორიას ჩაეტარებინოს.

შს სამინისტრომ გაავრცელა ვიდეომასალა, რომლითაც ამტკიცებს, რომ ფოტოზე, რომელზეც საია-ს მტკიცებით გარდაცვლილი კვინტრაძეა აღბეჭდილი, სულ სხვა პირი, კერძოდ, ქარელელი გიორგი ბაქრაძეა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა მისი ჩვენებაც, სადაც იგი ამტკიცებდა, რომ ფოტოებზე აღბეჭდილი პირი თავად არის.

საია შსს-სგან მტკიცებულებებს ითხოვდა და განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარებასაც გეგმავდა, მაგრამ ამ ინიციატივას შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აღუფრთოვანებია, - შოთა უტიაშვილმა განაცხადა, საია-მ რაც უნდა ის ქნას, შსს ხელახალ გამოძიებას არ აპირებსო.