ბატონო შალვა, თქვენ გელით... მხილება! - კვირის პალიტრა

ბატონო შალვა, თქვენ გელით... მხილება!

"რაც მეტად ცდილობენ ჩრდილი მოგვაყენონ, მით მეტად ახდენენ თვითლუსტრაციას"

ალბათ, დაკვირვებული მკითხველი შეამჩნევდა, რომ ბოლო დროს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ დამოუკიდებელ მედიაჰოლდინგ "პალიტრამედიაზე" თავდასხმები გახშირდა. თავდასხმების რეჟიმი იმდენად ინტენსიურია, რომ შევეჩვიეთ კიდეც. ხან დაუსაბუთებელ საგადასახადო შემოწმებას, ხან "კოლეგების" შემოტევებს ვიტანთ და ვიგერიებთ. ამ ბოლო დროს ფანტაზიას აშკარა გასაქანი მისცეს ხელისუფლების კონტროლისა და გავლენის ქვეშ ამა თუ იმ ფორმით მყოფმა გამოცემების წარმომადგენლებმა. რას აღარ გვაბრალებენ... თუმცა რაც მეტად ცდილობენ ჩრდილი მოგვაყენონ, მით მეტად ახდენენ თვითლუსტრაციას. ამ თავდასხმების კასკადს რატომღაც(!) შალვა ნათელაშვილმაც აუბა მხარი. ბატონი შალვა ყველაზე შორს წავიდა და "პალიტრამედია" რამდენიმე "უკეთურ საქმეში" "ამხილა".

ცრუბრალდებების კასკადი შალვა ნათელაშვილმა ტელეკომპანია "მაესტროს" პირდაპირ ეთერში დაიწყო და განაცხადა:

ციტატა "მაესტროს" ეთერში გამოთქმული ბრალდებებიდან:

"როგორ გვექნება რეიტინგი, - ამერიკელები ჩვენ გვებრძვიან, "მაესტრო" ჩვენ გვებრძვის, "კავკასია" ჩვენ გვებრძვის, "პირველი არხი" ჩვენ გვებრძვის, "იმედი" ჩვენ გვებრძვის, "რუსთავი 2" ჩვენ გვებრძვის. ყველა საინფორმაციო საშუალება ჩვენ გვებრძვის. "ინტერპრესნიუსი" და "კვირის პალიტრა" თურმე ნაყიდი ჰქონია ბიძინას მრავალი წელია... აფინანსებს ქეშადაც და გადარიცხვითაც... "ქართუ ბანკის" გადარიცხვები ამოსწიეთ, მთელი "ჰოლდინგი" ნაყიდი აქვთ... 7 ნოემბერს ხუთასი კაცი იყო მიტინგზე და "ინტერპრესნიუსმა" 150 კაცი დაწერა".

შემდეგ ნათელაშვილმა გაზეთ "ქრონიკის" ფურცლებზე გადაინაცვლა და იქიდან გააგრძელა ჩვენი "მხილება".

ციტატა შალვა ნათელაშვილის ინტერვიუდან: "კვირის პალიტრა" საბურთალოს ქუჩაზე სკოლაში შევარდა და დაითრია. ბავშვები სწავლობდნენ იქ, მისი ყიდვა როგორ შეიძლებოდა, მაგრამ გააკეთეს. ვფიქრობდი საიდან, საიდან და თურმე ეს ზეზვა არ აფინანსებდა ამათაც, ჭორვილელი დათვი? თურმე ეს არის მაგათი დირიჟორი".

იმავე ინტერვიუში შალვა ნათელაშვილი ამტკიცებდა, რომ "ქართუ ბანკიდან" 10 წლის განმავლობაში ჩვენი ჰოლდინგის ანგარიშებზე  მილიონებია გადარიცხული და ამის დოკუმენტები არსებობს.

"პალიტრამედიამ" საპასუხო განცხადება გაავრცელა და შალვა ნათელაშვილს მის მიერ მოყვანილი ფაქტების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა, ან ერთ კვირაში საკუთარი სიტყვების საჯაროდ უარყოფა მოსთხოვა. თუმცა, როგორც ჩანს, ბატონ შალვას სხვისი ცილისწამება უფრო საშური საქმე ჰგონია, ვიდრე ცილისმწამებლური განცხადებების ღირსეულად უკან წაღება.

გვაინტერესებდა, მთავარი ლეიბორისტის  აბსურდული განცხადებები არაინფორმირებულობის ბრალი იყო თუ წინასწარ განზრახული ტყუილი, სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესორგანიზაციის ინტერესები და ფინანსური  ოპერაციების შესახებ  ინფორმაცია კონფიდენციალურია, "პალიტრამედიამ" გადაწყვიტა, მიეწვია შალვა ნათელაშვილი მედიასახლში, სადაც მას მიეცემოდა საშუალება პირადად გასცნობოდა ნებისმიერ საფინანსო დოკუმენტს. რა თქმა უნდა, იმ პირობით, რომ ბიზნესინფორმაციის დეტალები არ გახმაურდებოდა. ამის თაობაზე "პალიტრამედიამ" სპეციალური განცხადება გააკეთა, მაგრამ, როგორც ჩანს, შალვა ნათელაშვილს სიმართლე სულ არ აინტერესებს და აქ შეცდომა ან არაინფორმირებულობა არაფერ შუაშია.

სწორედ მას შემდეგ, რაც შალვა ნათელაშვილმა მედიაჰოლდინგიდან მოწვევა და ფინანსური დოკუმენტაციის გაცნობის შეთავაზება მიიღო, მან გაზეთ "ალიაში" კიდევ ერთი ინტერვიუ გააშანშალა და განაცხადა: "მე საჯარო პოლიტიკოსი ვარ და როდის იყო, საიდუმლოდ ინახავდნენ სკოლის მითვისებისა და ოლიგარქისაგან გადარიცხულ დოკუმენტებს საჯარო პოლიტიკოსები. ეს არც ერთ ქვეყანაში არ ხდება, ამიტომ, ბუნებრივია, უარი განვაცხადე დოკუმენტების გაცნობაზე". არადა,  დოკუმენტაციის გაცნობაზე უარი რომ არ ეთქვა ბატონ შალვას, ხომ გაარკვევდა, რომ "პალიტრამედიას" 17-წლიანი არსებობის მანძილზე დაფინანსება არათუ ბიძინა ივანიშვილისგან, არამედ არავისაგან არ მიუღია (თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მცირებიუჯეტიან მიზნობრივ გრანტს IREX-დან, USAID-დან, ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოდან", საქართველოში ამერიკის საელჩოდან, ახალი მედიატექნოლოგიების განვითარებისთვის) და იქით აფინანსებს სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტებს. იმასაც ხომ გაარკვევდა, რომ შენობა, სადაც ახლა "პალიტრამედიაა" განთავსებული, სკოლა არასოდეს ყოფილა.

რადგან ჩვენი დოკუმენტების გაცნობაზე უარს ამბობთ, ბატონო შალვა, მაშინ სასამართლოში დაპირებული "მტკიცებულებების" წარმოდგენა მოგიწევთ. "პალიტრამედიამ"  პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელებისთვის სასამართლოში გიჩივლათ!

ზვიად კორძაძე, "პალიტრამედიის" ადვოკატი: "ჩვენ უკვე შევიტანეთ სარჩელი სასამართლოში შალვა ნათელაშვილის წინააღმდეგ. შალვა ნათელაშვილს საკუთარი სიტყვების უკან წაღება ან მის მიერ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის დამტკიცება მოუწევს. "პალიტრამედიას" საერთოდ არა აქვს ვალდებულება, თავი იმართლოს შალვა ნათელაშვილის განცხადებებზე, მაგრამ ორიოდ სიტყვით ვიტყვი, რომ შენობა, რომელიც შალვა ნათელაშვილის მტკიცებით "კვირის პალიტრამ" ბავშვებს წაართვა, არასოდეს  ყოფილა სკოლის. ეს შენობა 1984 წელს არის აშენებული და საპროექტო იყო, თანაც "კვირის პალიტრას" ამ შენობის არც პრივატიზება მოუხდენია და არც სახელმწიფოსაგან მიუღია რომელიმე სხვა ფორმით. ეს შენობა "კვირის პალიტრამ" კერძო პირებისაგან შეიძინა  "თიბისი" ბანკის კრედიტით. თანაც "პალიტრამედიას" საბურთალოს ქუჩაზე საერთოდ არ გააჩნია არანაირი ოფისი. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილისაგან მილიონობით თუ ასიათასობით მიღებულ დაფინანსებას, ესეც შალვა ნათელაშვილის სამტკიცებელი ტვირთია. "პალიტრამედიაში" ივანიშვილისაგან გადმორიცხული მილიონები არავის უნახავს და შალვა ნათელაშვილს თუ აქვს რამე დოკუმენტი, გვაჩვენოს. ახლა ბატონი შალვას პრეროგატივაა, დაამტკიცოს ის, რაც მედიასაშუალებებით ბრძანა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარი განცხადებების იმავე მედიასაშუალებებით უარყოფა მოუწევს, რომლითაც გაავრცელა".