რამდენი წლის იყო ყველაზე უფროსი კამეჩი(?!) - კვირის პალიტრა

რამდენი წლის იყო ყველაზე უფროსი კამეჩი(?!)

"ჰეი, თქვენ, მანდ, გვყავს ვინმე პატრონი? გვიპასუხეთ!"

"გაბედოს ერთი რომელიმემ, ხმა მოგვეციო, თუ სახრით თავი არ გავუხეთქო!"

"ძვირფასო რედაქციავ! ამ წერილს გწერთ სასოწარკვეთილი ხალხი, რომელსაც ყველაფრის იმედი გადაეწურა, მაგრამ მაინც გწერთ, იქნებ ვინმემ შეისმინოს სენაკის რაიონის სოფლების გასაჭირი. სოფელი ამოვარდა, დაიქცა და საშველი და სახიდებელი არ ჩანს. უკვე წელიწადზე მეტია, სენაკის რაიონის სოფლებში საქონლის მასობრივი ქურდობაა. ზოგიერთ ჩინოვნიკს გაეცინება, ალბათ, დიდი ამბავი, ძროხისა და ღორის ქურდობა რა მოსატანია, როცა ქვეყნის წინაშე ამხელა საფრთხეებიაო. არ არის სასაცილო და აბუჩად ასაგდები ეს ამბავი. ისედაც გაჭირვებული სოფლისთვის საქონლის დაკარგვა რაა, თუ იციან ნეტავ? ჩვენი სოფლიდან ერთ წელიწადში 50 სული კამეჩი, ძროხა თუ ცხენი გარეკეს. ვის აღარ მივმართეთ, ხან პოლიციის უფროსს, ხან უბნის რწმუნებულს, ბოლოს თბილისშიც კი ჩავედით პრეზიდენტის კანცელარიაში, არაა ჩვენი საშველი და რა ვქნათ? იქნებ გაიზიაროთ ჩვენი გულისტკივილი. მოგვხედეთ, ხალხო!"

ამ პატარა წერილში გამოთქმულმა სატკივარმა სენაკის რაიონში ჩასვლა გადაგვაწყვეტინა. სოფელი ზემო სორტა და კოტიანეთი რაიონულ ცენტრს დაახლოებით ათი კილომეტრითაა დაშორებული. მართალია, ხალხი ღარიბულად ცხოვრობს, მაგრამ ყველა ეზოს მაინც ეტყობა მზრუნველი ხელი.

70 წელს გადაცილებულ ლუიზა ლეჟავას ეზოში სიმინდი გაუშლია და გულმოდგინედ არჩევს. ცდილობს, ჭიშკარში შემომეგებოს, მაგრამ ხელჯოხებით სიარული უჭირს და ამის გამო მებოდიშება. ჩემს დანახვაზე ცრემლი ერევა და თავის გასაჭირზე მესაუბრება: "გაჭირვებითა და უბედურებით ვის გააკვირვებ ამ ქვეყანაში, შვილო, მაგრამ არსებობის საშუალებასაც რომ აღარ გვაძლევენ? ორი კამეჩი გვყავდა. ისინი იყვნენ ჩვენი მარჩენალი. ორი მაკე კამეჩის მოპარვა ოჯახის დაქცევას ნიშნავს. ჩემმა მეუღლემ, 75 წლის ინვალიდმა კაცმა მთაში ეძება, მაგრამ მათ გზა-Kკვალს ვერ მიაგნო. პოლიციაში წავედით, მაგრამ ვინაა ჩვენი გამკითხავი? მეტი არაფერი მაბადია, შვილო. ახალდაბადებული ჩვილი გვყავს სახლში და იმას რომ ვაჭამოთ, მთელი ოჯახი ვშიმშილობთ. წელიწადი ისე არ გავა, ძროხა, კამეჩი ან ხარი არ მოგვპარონ. დღემდე ხელჯოხებით დავდივარ პოლიციაში ეს ინვალიდი ქალი. პოლიცია  მეუბნება, ქურდობაში შემჩნეული ხალხი დაჭერილი გვყავს, ახლა შენ მანახვე, ვინ არის ქურდიო. გაგიგიათ, ხალხო, ამისთანა ამბავი? მე რომ ვიცოდე, ვინ არის ქურდი, რად მინდა პოლიცია?"

თინა ბჟალავა: "ხუთი კამეჩი გვყავდა. ორი მაისში მოგვპარეს. პოლიციას მივმართეთ, მაგრამ რად გინდა? ოთხ თვეში დანარჩენი სამიც მიაყოლეს იმ ორს. საქონლის გაზრდა ასე ადვილია? კამეჩის გაზრდას 6 წლის წვალება უნდა. ქურდებს ყანებიდან გაჰყავთ საქონელი, თითო-ოროლა კი არ მიჰყავთ, მთელი სოფლის ჯოგს მიერეკებიან. წინათაც დაგვეკარგა ძროხა და ცხენი, მაგრამ პოლიციაში არ მივსულვარ, აზრი არა აქვს... სოფელი ამოაგდეს. გაჭირვებულ ხალხს კიდევ ეს უნდა? სამუშაო ამ ქვეყანაში არ არის, გლეხკაცი შრომობს და სახელმწიფო კი მის დაცვასაც ვერ ახერხებს. დაცვის მაგივრად დაგვცინიან. პოლიციიდან დაკითხვაზე მოვიდნენ და კამეჩების წლოვანებით დაინტერესდნენ. რამდენი წლის იყო ყველაზე უფროსი კამეჩიო. 15-ის-მეთქი. აუჰ, ეგ მკვდარი არ იყოს სადმეო. რა სჭირდა იმ კამეჩს სასიკვდილო, ტანკს ჰგავდა. ვუთხარი, საშაყიროდ რომ გცალიათ, იმიტომაც არის ჩვენი საქმე კარგად-მეთქი. კაი ბატონო, ჩემი მოკვდა, სხვების სად წავიდა? 6 კამეჩი გაქრა იმ დღეს სოფლიდან და დავიჯერო, ყველას ერთად შეუსრულდა 300 წელი?"

თამაზ ბჟალავა: "ზუგდიდის პოლიციის უფროსთან მივედით მე და ცხონებული ლონია ხუხია. სხვათა შორის, ამ ამბავზე ნერვიულობას გადაჰყვა ის უბედური. სოფელში საქონლის დაკარგვა  სიკვდილის ტოლფასი რომაა, თუU ხვდებიან ნეტავ? მოკლედ, იქ რომ ვერაფერს გავხდით, განცხადება პრეზიდენტის კანცელარიაში შევიტანეთ, იქიდან ზუგდიდის სამხარეოს გადმოუგზავნეს, ზუგდიდმა სენაკს დააწერა, სენაკის პოლიციიდან მოვიდნენ და გვითხრეს, თქვენ არ იდარდოთ, ხელი არ ახლოთ არავის და არაფერს. მალე დიდ ჯგუფს დავიჭერთ, გურიიდან მოვყვებით და ყველას დედას ვუტირებთო. ამის  თქმა იყო და იმ ღამეს აქეთ გვიტირეს დედა - 32 კამეჩი ერთად გარეკეს სოფლიდან. პოლიცია ღამის ორ საათზე შემოივლის სოფელში, მიანათებენ ფარანს აქეთ-იქით და ეგ არის. მე თვითონ ყოფილი პოლიციელი ვარ და როდის იყო, ფარნის მინათებით იჭერდნენ ქურდებს. ერთი პატარა სოფლიდან ერთ დღეში რომ 32 სულ საქონელს მოიპარავენ, იმ სოფელს რამე ეშველება? ჯერ არ მახსოვს, საქონლის ქურდები დაეჭიროთ, ვერ ვპოულობთ და რა ვქნათო? ეს არის სახელმწიფოსა და პოლიციის პასუხი?"

ნანი ბჟალავა: "არჩევნები ხომ მოვა, როცა იქნება? საარჩევნო ყუთთან ჟურნალისტები, დამკვირვებლები ხომ იქნებიან? არც ერთ კაცს ყუთთან არ მივუშვებ და ვიყვირებ, რომ ჩვენ არც მთავრობა გვყავს და არც პატრონი. დასჭირდებათ ხალხი. პოლიციის უფროსსაც ეს ვუთხარი, დასჭირდება პოლიციას ხალხი-მეთქი... რაში დასჭირდებაო? ხალხი ყველას სჭირდება, ეგენი არ არიან, არჩევნებზე წინ და უკან რომ დარბიან, ხმა მოგვეცითო? გაბედოს ერთი რომელიმემ, ხმა მოგვეციო, თუ სახრით თავი არ გავუხეთქო, ქალი არ ვიყო! სოფელი გაცალეს, ამ ზარალს სოფელი 15-20 წელი ვერ აინაზღაურებს. არ მასაქმებ, წესიერ პენსიას არ მაძლევ, დამიცავი მაინც. სახელმწიფო თუ არა გვაქვს, გვითხრან!"

ნოდარ ბესელია: "დაგვაფსო და ამოგვაგდო ამ ხალხმა. რვა კამეჩი, ერთი ცხენი და ერთი ხარი მარტო ჩემი ოჯახიდან წაიყვანეს. სიმწრით დავზარდე ის კამეჩები და ახლა ამხელა კაცს პაპიროსის ფულიც აღარ მაქვს".

თამაზ ჭუბაბრია: "ჩემისთანა კაცი, უბრალო გლეხი ამისთანა რამეს გააკეთებს? ჯოგის გადენას ვინ გაბედავს მფარველების გარეშე? ვიღაც დიდი კაცის დახმარების ამბავია აქ! თუ გინდათ ექსპერიმენტი ჩავატაროთ, ორი კაცი ცოტას დავლევთ და სოფლის შარას გავუყვებით ოდნავ ხმამაღალი საუბრით. აქედან ძველი სენაკი 4 კილომეტრშია. სანამ ჩვენ სენაკში ჩავალთ, თუ პოლიციის ხუთმა მანქანამ არ გაგვაჩეროს, კისერს მოვიჭრი. დავიჯეროთ ახლა,  ქურდები ჯოგს მიერეკებიან და ვერავინ ვერაფერს ამჩნევს? მაშინ რად გვინდა ეგეთი პოლიცია, რაში უხდის სახელმწიფო ამ ხალხს ფულს? ყაჩაღობა აღარ არისო, გვამადლიან. კი მარა, ყაჩაღი რომ მოვიდეს ჩემთან, რა უნდა წაიღოს? არაფერი მაბადია და მე თუ წამიყვანს ან ჩემს მოხუც დედას, არ ვიცი? მთელ საქონელს რომ მოპარავ  სოფელს, ყაჩაღობაზე  მეტი არ არის? გვესროლონ ბარემ თოფი სუყველას და გაგვათავონ!"

ნანი ბჟალავა: "დაუჩემებიათ, გვითხარით, ვინ გყავთ ეჭვმიტანილიო. კაი და, შევცდი და გითხარი, ესა და ეს კაცია ეჭვმიტანილი-მეთქი? რომ დაიჭირონ და არ დაუმტკიცდეს ბრალდება, მე რას მიზამენ მერე? აქეთ დამიჭერენ ხომ ქურდის მაგივრად? არ ქნეს ამისთანა ამბავი კახეთში თუ? ქურდის მაგივრად მამა-შვილი რომ დაამწყვდიეს ციხეში".

მეტი რაღა უნდა გითხრათ, შვილო? თქვენი თვალით ხომ ხედავთ, რომ განადგურებულია სოფელი... ჰეი, თქვენ, მანდ, გვყავს ვინმე პატრონი? გვიპასუხეთ! მარტო არჩევნებზე რომ გახსენდებათ ხალხი".

სოფელმა გული მოიოხა, გვითხრა, რაც სათქმელი ჰქონდა. გამგონს აქამდეც უნდა გაეგონა, მაგრამ იქნებ ახლა მაინც შეისმინონ, გულთან მიიტანონ სოფლის სატკივარი.

ჩვენ სენაკის პოლიციის განყოფილებას მივაკითხეთ, პოლიციის უფროსთან გვინდოდა გასაუბრება, მაგრამ როცა მორიგემ ტელეფონით შეატყობინა უფროსს ჩვენი ვიზიტის მიზეზი, ასეთი პასუხი მივიღეთ: თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური დაგვავალებს, მაშინ მოგცემთ კომენტარსაც და ინტერვიუსაცო! კომენტარი, რომ იტყვიან, მართლაც ზედმეტია და არც არის საჭირო... ფაქტები თავად მეტყველებს ყველაფერზე. მაგრამ ჰეი, თქვენ, მანდ! იქნებ გამოხვიდეთ კაბინეტებიდან და ბოლოს და ბოლოს შეასრულოთ თქვენი მოვალეობა.