"მოაზროვნე" ინიციატორები და საკანონმდებლო "შედევრები" - კვირის პალიტრა

"მოაზროვნე" ინიციატორები და საკანონმდებლო "შედევრები"

დროა, კანონებს უკუქცევითი ძალა მივანიჭოთ(?!)

წესით, საახალწლოდ ოხუნჯობის ხასიათზე უნდა იყო კაცი, მაგრამ ჩანს, არა გვაქვს საქმე სასაცილოდ. კანონებს რომ ხელისუფლება ქურქივით ირგებს ტანზე, ეგ არაფერი, მივეჩვიეთ, ახლა კი საკანონმდებლო სივრცეში ახალი ეტაპი დადგა  და დროა, კანონებს უკუქცევითი ძალა მივანიჭოთ - კანონში ჩავწეროთ, რომ 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ან 100. 000-ლარიანი ჯარიმით დაისჯება ყველა, ვინც პრეზიდენტს ალმაცერად შეხედავს! არჩევნებიც სრულ იდილიაში ჩაივლის და საერთაშორისო საზოგადოებაც ვერაფერში მოგვდებს შარს, მსოფლიოშიც ვიტრაბახებთ, რომ ყველაზე მეტი პატიმარი გვყავს...

ჩვენს პრეზიდენტს ივანიშვილის საფრანგეთის მოქალაქეობა მაშინ გაახსენდა, როცა მან პოლიტიკაში მოსვლის სურვილი გამოთქვა. გვაპატიეთ და, ვინ ჭამს ამას, მაგრამ ძალით რომ გვაჭმევენ? მოგეხსენებათ, 2011 წლის 11 ოქტომბერს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეებს ბიძინა ივანიშვილსა და ეკატერინა ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა. ივანიშვილმა და ხვედელიძემ პრეზიდენტს სასამართლოში უჩივლეს. 27 დეკემბერს  სასამართლომ ბათილად ცნო პრეზიდენტის ბრძანებულების ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც მოქალაქეობა ჩამოერთვა ეკატერინა ხვედელიძეს, თუმცა ივანიშვილის საკითხში სასამართლომ პრეზიდენტის ბრძანებულებაში უკანონო ვერაფერი აღმოაჩინა. სასამართლომ ბრძანა, ივანიშვილისგან განსხვავებით, ეკატერინა ხვედელიძე საქართველოს მოქალაქეობის მიღებამდე უკვე რუსეთისა და საფრანგეთის მოქალაქე იყო და ამიტომაც მისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა არ შეესაბამება კანონმდებლობასო.“ეს გადაწყვეტილება სასამართლომ კი მიიღო, მაგრამ საკითხავია, შევა თუ არა ის ძალაში, ან სულაც ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ხომ არ შემოგვთავაზებს ხელისუფლება?

შეიძლება გამოვიდეს კობა ხაბაზი, პალიკო კუბლაშვილი ან სულაც ისეთი დეპუტატი, რომლის სახელი და გვარიც არ გაგვიგონია და განაცხადოს, რომ გამოდის საკანონმდებლო ინიციატივით, - კერძოდ, ყველა  იმ პირს, რომელსაც  აქამდე სათვალე ჰკეთებია, ჩამოერთვას საქართველოს მოქალაქეობა...

რაც მთავარია, ჩვენმა "სამართლიანმა" სასამართლომ "უპრეცედენტო" გადაწყვეტილება მიიღო და პრეზიდენტი არა მარტო გაამტყუნა, არამედ ასლარიანი ბაჟიც დააკისრა! ამის მერე ვინმე იტყვის, რომ ჩვენს სასამართლოში უსამართლო  გადაწყვეტილებებს იღებენ?! უბედავს ამას რომელიმე ქვეყნის მოსამართლე პრეზიდენტს, ან ამხელა სახდელს გაუძლებს პრეზიდენტი?! კანონით, თუ ივანიშვილი უარს იტყვის ყველა ქვეყნის მოქალაქეობაზე, სააკაშვილს სხვა გზა აღარ დარჩება, გარდა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისა, მაგრამ "მოაზროვნე" ინიციატორებსა და ახალ-ახალ  შედევრებს რა გამოლევს?!

საკანონმდებლო "შედევრების" რიცხვში თავისუფლად შეიძლება ჩაიწეროს კანონი, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს ძალაში შეუსვლელი გადაწყვეტილების აღსრულება! ამისთანა საკანონმდებლო აბსურდი პირდაპირ უკავშირდებოდა ქიბარ ხალვაშის საქმეს. ქიბარ ხალვაშის  ქონების გაყიდვა ვერ ხერხდებოდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ხალვაშის ქონების აუქციონზე გასაყიდად სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იყო საჭირო, რაც სამივე ინსტანციაში საქმის განხილვას მოითხოვდა... სწორედ მაშინ "გაუბრწყინდათ" გონება ჩვენს პარლამენტარებს და ამისთანა საკანონმდებლო "შედევრი" აჩუქეს ქვეყანას!. როცა ვერც ამ ცვლილებამ გამოიღო სასურველი შედეგი (ხალვაშის აუქციონზე გამოტანილი ქონება არავინ იყიდა), ჩვენმა კანონმდებლებმა მორიგი საგანგებო ცვლილება შეიტანეს - თუ ჩამორთმეული ქონება აუქციონზე სამჯერ გატანის შემდეგაც არ გაიყიდებოდა, ეს ქონება სახელმწიფო საკუთრებაში გადადიოდა. მე შენ გეტყვი და საკონსტიტუციო სასამართლოში იჩივლებ და ის სამართალს აღადგენს?! პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს ათეულ და ასეულ ათასებად ღირებული ქონება ტყუილად ჩამოურიგა თითო ლარად?!

ერთ-ერთი "იშვიათი" შედევრთაგანი სახელმწიფო დავალიანების გამო აუქციონზე ბანკში დაგირავებული ქონების გაყიდვაა. ყველამ ვიცით, რომ ეს კანონი კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის დასასჯელად და ბანკი "ქართუს" გასაკოტრებლად მოიგონეს, რადგან სხვა ბანკებზე ეს კანონი ჯერ არ გავრცელებულა. ჟურნალისტები კი ზედმეტ კითხვებს სვამენ, მაგალიათად: "რაღა მაინცდამაინც "ქართუს" კლიენტებს დაუგროვდათ ეს საგადასახადო დავალიანება?"

ამიტომ გამოვდივარ ინიციატივით, ზედმეტი კითხვებით რომ არ გადაიტვირთონ ჟურნალისტები, ყველა ასეთ კანონს მიეწეროს -  კანონის ესა და ეს მუხლი ვრცელდება მხოლოდ ამა და ამ ბიზნესმენზე! ეგ არის, ამისთანა მინაწერით შეიძლება ამერიკის საელჩო, ევროსაბჭო ან ვენეციის კომისია შეშფოთდეს! მერე რა, მაგისთანა შეშფოთება აგვიტანია?! კანონი ჩვენია, მაგათ მხოლოდ რეკომენდაციების უფლება აქვთ და იმ რეკომენდაციას რას ვუზამთ, ეგეც არავის საქმე არ არის! ისიც მახსოვს, 2008 წელს, არჩევნების წინ, კანონში როგორ შეიტანეს ცვლილება და მთლიანად გააუქმეს ამონაწერები სამეწარმეო რეესტრიდან. ეს იმიტომ გააკეთეს, რომ 2008 წლის არჩევნების წინ მოსახლეობას და  ჟურნალისტებს ვერ გაეგოთ, ვინ ვის აფინანსებდა... არჩევნები მორჩა თუ არა, ისევ შეიტანეს კანონში ცვლილებები და კანონი ძველ პოზიციაზე დააბრუნეს.

მოკლედ, ამისთანა საკანონმდებლო "შედევრები" იმდენია, ამის ჩამოთვლას "კვირის პალიტრის" ეს ნომერი ნამდვილად არ ეყოფა. ჩვენს საკანონმდებლო ბაზას ერთი კარგი ქრესტომათია შეშვენის! ისე, დროა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და ახალი ლექსიკონიც შედგეს. კანონის განმარტება ასე უნდა ჩამოყალიბდეს: კანონი - საშიში იარაღი ხელისუფლებაში მოკალათებული პირების ხელში!