ყოფილი პატიმრის დღიურიდან - კვირის პალიტრა

ყოფილი პატიმრის დღიურიდან

"გისოსებს მიღმა ჯოჯოხეთია!"

ციხის კარი "ვარდების რევოლუციის" შემდგომ უცხო თვალისთვის ჩაირაზა. იყო დრო, ჟურნალისტებს ციხე-კოლონიებში შესვლისა და მონიტორინგის საშუალება გვეძლეოდა ხოლმე, თუმცა ციხეში არსებული მდგომარეობის სრულყოფილად შესწავლას მაინც ვერ ვახერხებდით.

"კვირის პალიტრა" ექსკლუზიურად იწყებს ყოფილი პატიმრის, ჟურნალისტ ნანა სულავას დღიურების გამოქვეყნებას. გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" ჟურნალისტი ნანა სულავა 2007 წელს თაღლითობის ბრალდებით რედაქციაშივე აიყვანეს, გაასამართლეს და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ნანა სულავა არ ცნობს თავს დამნაშავედ და სამართლიან განაჩენს ელოდება (მისი საქმე საკმაოდ სკანდალური და საინტერესოა და მკითხველს უახლოეს ნომრებში შევთავაზებთ). მას საქმე სტრასბურგის სასამართლოში აქვს გასაჩივრებული.

"თავდაპირველად, მოუთმენლად ველოდებოდი იმ დღეს, როდესაც თავს დავაღწევდი ამ ჯოჯოხეთს, თვეების გასვლის შემდეგ კი მივხვდი, რომ ამ ცხრაკლიტულიდან თავის დაღწევა შეუძლებელი იყო; მივხვდი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში სამართლიანობისთვის ბრძოლას არავითარი აზრი არ ჰქონდა. ამ აზრმა სასოწარკვეთაში ჩამაგდო. სიკვდილზე დავიწყე ფიქრი, მეგონა, მხოლოდ სიკვდილი ამყრიდა ბორკილებს. სიცოცხლის პატივისცემა დავკარგე. იმ გრძნობისა და გულში დაგროვილი სევდის აღწერა შეუძლებელია. ამ სასოწარკვეთაში როგორღაც შევძელი თვითგადარჩენის ძალა მეპოვა, მაგრამ ყველას როდი შესწევს უნარი, სასოწარკვეთას გაართვას თავი".

ლიკა

"ლიკა ნატრიაშვილი 19 წლის იყო, ციხეში რომ მოხვდა. მან თავიდანვე მიიპყრო ჩემი ყურადღება, აშკარა იყო, ლიკა ზონას ვერ ეგუებოდა. დიდი, ცისფერი, მაგრამ ჩამქრალი თვალები ჰქონდა. იჯდა სევდიანი და ერთ წერტილს მიშტერებოდა. ერთხელაც ვკითხე, რა გაწუხებს-მეთქი.

ეს ამბავი ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში მოხდა. როგორც ამ საბრალომ მიამბო, მის ოჯახში სტუმრად მისულა მათი შორეული ნათესავი, პოლიციელი. ლიკა ნატრიაშვილი პატიოსანი, მშრომელი გლეხების ოჯახის შვილი იყო. მისი მშობლები ნათესავის სტუმრობისას სამუშაოდ იყვნენ წასული.

ერთი სიტყვით, იმ პოლიციელს მისი უფროსი დის გაუპატიურება უცდია. დის დასაცავად  ლიკას ერთადერთი გამოსავალი უპოვია, პურის საჭრელი დანა აუღია და მოძალადისთვის  ჩაურტყამს. ჭრილობა მსუბუქი ყოფილა, მოძალადე თავისი ფეხით წასულა მათი სახლიდან. არც მოგვიანებით გართულებია ჯანმრთელობა, მაგრამ ლიკას დამუქრებია, ციხეში ამოგალპობო.

მალე ლიკა ნატრიაშვილი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით გაასამართლეს. პატიმრობის პირველი დღიდანვე ვერ აიტანა  ციხის მძიმე ცხოვრება. მან ხომ შრომის მეტი არაფერი იცოდა. თბილისი პირველად  სატუსაღოს ჭუჭრუტანიდან ნახა. ციხეში მოხვედრა მისთვის ცხოვრების დასასრულს ნიშნავდა. ერთხელ მითხრა, ამას ვერ გადავიტანო. მძიმე დეპრესია დაემართა და ფსიქოთროპული წამლებით დაუწყეს "მკურნალობა".

იჯდა სკამზე ჩაფერფლილი და თავისთვის ბუტბუტებდა, ღვთის გულისათვის ნუ მასმევთ ასეთ წამლებს, ცუდად ვარო. დახმარების ნაცვლად კარცერში მიჰყავდათ,  ზეწრებით კოჭავდნენ, სცემდნენ, მერე კი ფსიქოთროპული ინიექციისაგან გათიშულს ბეტონის იატაკზე შიშველს აგდებდნენ.

ხან მთავარ ექიმთან დავრბოდი, ხან ციხის უფროსთან, რატომ კლავთ ამ საცოდავს, რა დაგიშავათ-მეთქი, მაგრამ იქ დანდობა არ იციან... ლიკამ სამი წელი კარცერში გაატარა, ცივ ბეტონზე გდებისაგან დაავადმყოფდა. გოგონას ყველა ქალური ორგანო ამოაჭრეს. ბევრი ველაპარაკეთ უფროსმა ქალებმა, ვუთხარით, რომ ციხეზე საშინელი რამეებიც არსებობდა, მაგრამ ვერაფერს გავხდით. მითხრა, ამ ტვირთით (ნაციხარის სახელს გულისხმობდა) ვერ ვიცხოვრებო. ეს იყო ერთადერთი გოგონა, რომლისაგანაც ერთ უხამს სიტყვას ვერ გაიგონებდით. ვერც მაშინ, როცა ტკივილით იკრუნჩხებოდა და ექიმებს ემუდარებოდა, კარცერში მაინც ნუ წამიყვანთო, ვერც მაშინ, როცა ლანძღავდნენ, აგინებდნენ და სცემდნენ. ნეტავ გენახათ, როგორი ზიზღით ამბობდნენ ექიმები, ეს კიდევ გათიშული გდიაო. მიუხედავად ამისა, ლიკას საყვედურიც არ დასცდენია. ერთ დღესაც უთხრეს, "სვაბოდაზე" გადიხარო და ვითომ შიზოფრენიის იძულებითი მკურნალობის მიზნით ქვიტირის ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ თვეში ლიკა ნატრიაშვილმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე".

სიკვდილი ციხეში

"ციხეში სიცოცხლეს ჩალის ფასი აქვს. პატიმრის მოკვლის ათასგვარი ხერხი აქვთ. ჩემ თვალწინ ურიკაზე დაგდებული რამდენი საღ-სალამათი ქალის ცხედარი გაუტანიათ, ვინ მოთვლის? არც ერთის საქმე არავის გამოუძიებია. ერთი კაციც არ დაუსჯიათ.

2009 წელს, თარიღი სამწუხაროდ აღარ მახსოვს, საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა ქუთაისელი 40 წლის ირინა გედენიძე. ირინა სანიტარიულ ნაწილში ექიმებს ეხმარებოდა. ქმარი არ ჰყავდა და თავისი ნაცოდვილარით ციხიდან არჩენდა ორ შვილს. რატომ, ვისთვის იყო საშიში, არ ვიცი. მისი ჯანსაღი და უნაკლო სხეული დიდხანს ესვენა მიწაზე. თქვეს, დენმა დაარტყაო. იმ დღეს მთელი ზონა დუმდა. ირინას სიკვდილით ყველამ საკუთარ სიკვდილს ჩავხედეთ თვალებში.

ნანა მითაგვარია თავაზიანი და განათლებული ქალი იყო. ფინანსურ-ეკონომიკური მუხლით იხდიდა სასჯელს. კუჭი აწუხებდა. ერთ დღესაც ცუდად შეიქნა, მაგრამ არაფრით არ გადაიყვანეს კლინიკაში. პატიმრებმა ხმაური ავტეხეთ, რომ როგორმე გადაგვერჩინა და როგორც იქნა, მისი კლინიკაში გადაყვანა გადაწყვიტეს, მაგრამ უკვე გარდაცვლილი გაიყვანეს ზონიდან. ორი დღით აპარატზე შეაერთეს, რომ პატრონს ეჭვი არ აეღო. ნანა ე.წ. ოპოზიციონერი" პატიმარი იყო, ერთხელ "უცნობთან" (გია გაჩეჩილაძე) დარეკა "მაესტროს" ეთერში. უთხრეს, ახლა "უცნობმა" გიშველოსო...

45 წლის მედეა ჩხიკვაძის სიკვდილი ხომ სუფთად ციხის ადმინისტრაციისა და იქაური ექიმების სინდისზეა. ეს ახალგაზრდა ქალი, რომელიც ასევე მსუბუქი ფინანსური დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს, გულის უკმარისობით გარდაიცვალა "მატროსოვზე". შველას ითხოვდა, მაგრამ სად იყო მშველელი?! უწამლობაში, გულგრილობასა და დახმარების თხოვნაში ამოხდა სული ახალგაზრდა ქალს.

რამდენი ერთი ჩამოვთვალო, რამდენ საშინელ ამბავს დაიტევს ფურცელი?

ჰო, პატიმრების გასაღების სხვადასხვა ხერხზე გამახსენდა. "მატროსოვზე" სასჯელს იხდიდა თამარ კვაჭანტირაძე (მეტსახელად ტომა). ციხის კოლორიტი იყო. 43 წლისას  ცხოვრების ნახევარი ციხეში ჰქონდა გატარებული. ქურდი იყო, გამოუსწორებელი დამნაშავე და ამას არც მალავდა. ჩემნაირები ყველა დროში ციხეში იყვნენ, მაგრამ ამ ოჯახის ქალებს რა უნდათ ციხეშიო, გაკვირვებით იტყოდა მრავლისმნახველი ტომა. პატიმრობის გასრულებამდე რამდენიმე დღე ჰქონდა დარჩენილი, აკრძალული ნივთის შეძენისათვის ახალი საქმე რომ გაუჩალიჩეს და სასჯელი დაუმატეს. აკრძალული ნივთი კი მობილური ტელეფონი იყო. ტომა მალე ნარკოტიკის ზედოზირებით გარდაიცვალა. თუU როგორ მოხვდა ნარკოტიკი მკაცრი კონტროლის ზონაში, ეს კითხვა გამომძიებლებს რატომღაც არ გასჩენიათ.

ტყუილია, რომ ამბობენ, ქალები ციხეში დასაქმებული არიანო. არც ერთი რესოციალიზაციის პროგრამა იქ არ მოქმედებს. გვეცინებოდა, როცა ხათუნა კალმახელიძე ბრიფინგებს აწყობდა და რესოციალიზაციის პროგრამაზე ლაპარაკობდა. მხოლოდ ერთი თვით გახსნეს თექის საამქრო და ისიც იმისთვის, რომ "ბიზნესკურიერში" ეჩვენებინათ. ერთი თვე თითქმის ყოველდღე აჩვენებდნენ, თუ როგორ საქმიანობდნენ ქალები ციხეში, სინამდვილეში, ეს ყველაფერი ტყუილი იყო".

როენა

წინასწარი დაკავების იზოლატორში მხოლოდ საზარელი ხმები მახსოვს, იმდენი პატიმარი მოჰყავდათ, იქაურები მიღებას ვერ აუდიოდნენ. რომ მიხვდნენ, "დანაშაულს" არ ვაღიარებდი, წინასწარი ორთვიანი პატიმრობა მომისაჯეს და ქალთა კოლონიის საპყრობილეში გადამიყვანეს. როგორც კი რკინის კარი გაიღო, კარმუშკებიდან ქალებმა გამოყვეს თავები. შეშლილი სახეები ჰქონდათ. "კიდევ მოჰყავთ! ქალბატონო, თქვენ რაღა დააშავეთ, რა მუხლით მობრძანდით?" - დიდხანს ისმოდა გაუთავებელი შეკითხვები. ისე შემძრა ამ საბრალო ქალების სახეებმა, რომ საკუთარი უბედურება დამავიწყდა. "შეყავით თავები", - სამჯერ გაიმეორა ციხის ზედამხედველმა. ციხის უფროსი ერთი დინჯი კახელი კაცი აღმოჩნდა. ჩემს დამშვიდებას შეეცადა და დამპირდა, რომ ნორმალურ საკანში, ოჯახის ქალებთან დამაბინავებდა. მე-16 საკანში ოთხი ტუსაღი დამხვდა. ერთი ადვოკატი იყო, მეორე - სოციალური აგენტი, მესამე  - სამოცდაათ წელს მიტანებული სომხის ქალი, რომელსაც ციხეში ნარკოტიკის შეტანას ედავებოდნენ. მეოთხე? ჰო, გამახსენდა, აი, ისიც, ცნობილი "მამაშა" - როენა ხუცურაული. პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებელი ბინის გადაცემის მუხლით იყო დაპატიმრებული. როენა ყოველი წინადადების ბოლოს "გაიგე, ხო აზრზე ხარ" აყოლებდა. "აქედან რო გავალ, მაინც გავაჯაზებ, რა უნდათ ამ ჩემისებს, რას გადამეკიდნენ, იცი, რა ვუთხარი მოსამართლეებსა და პროკურორებს? - მეუბნება როენა, - ჩემთან რო დადიოდით, მაშინ ხო კარგი როენა ვიყავი-მეთქი?!" - დაპატიმრების შემდეგ პირველად მაშინ გამეღიმა.

ერთი აბანო მქონდა, ყველანი იქ დადიოდნენ. ამისთანა "აბანოების" მეტი რა არი ქალაქში, მაგრამ მაინცდამაინც მე დამადეს ხელი. თანამშრომლობას მთხოვენ, არ ვითანამშრომლებ მე მაგათთან... არადა, რომ დამიჭირეს, უმძიმესი ოპერაცია ახალი გაკეთებული მქონდა, საავადმყოფოში ვიწექი, ჩემი ერთადერთი ქალიშვილიც იმ პერიოდში საავადმყოფოში იწვა, თავის ტვინის მძიმე დაზიანება ჰქონდა მიღებული. ავარია ერთმა ცნობილმა მაღალჩინოსანმა მოახდინა. რა არ შემომთავაზა, ეს ამბავი რომ არ გახმაურებულიყო, მეც გავჩუმდი, შიშით ხმა არ ამოვიღე. ვფიქრობ, ჩემს დაჭერაში მისი ხელი ურევია.

როენამ ყველაფერი გამომკითხა და ამიხსნა, რომ აქ ყველანი თანაბარი ვართ და ზედმეტად ვერ "გავაჯაზებდი", არადა, თვითონ როგორ აჯაზებდა. ფეხს ცხვირწინ უცერემონიოდ დაუდებდა თანასაკნელებს და უბრძანებდა, წინდები ჩამაცვითო. ისინიც უხმოდ, მორჩილად ემსახურებოდნენ როენას. ამან შემძრა. პირველი კონფლიქტი თანასაკნელებთან სწორედ ამ ამაზრზენი სიტუაციის გამო მომიხდა. ხმაურის ამბავი, რა თქმა უნდა, არ გამოჰპარვია ციხის ადმინისტრაციას. დამიბარეს და სიტუაციის ახსნა მომთხოვეს. ვუთხარი, საკანში კი არა, ერთ ოჯახში არა აქვს ყველას ერთი აზრი, ქალები ერთმანეთში რაღაცას ვკამათობთ, ეს რა გასაკვირია-მეთქი?

მოკლედ, ჩემ შემდეგ როენა დაიბარეს. როენა კმაყოფილი დაბრუნდა უკან, ჯიგარო, ქალი ყოფილხარო და დავმეგობრდით. დანარჩენი სამი თანასაკნელი ისევ ემსახურებოდა როენას. ციხეში ეს ჩვეულებრივი ამბავია. არიან ქალები, რომლებსაც ასე დაბეჩავებული ჰყავთ დანარჩენები. როენას სამი ქალი ჰყავდა მოსამსახურედ, იყვნენ ქალები, ვისაც "დაქვემდებარებაში" 10, 20 ქალი  ჰყავდათ. ზონაში გადასვლის შემდეგ როენამ საკნის "პალაჟენიის დაყენება" მოინდომა, მაგრამ სხვები მასზე მაგრები აღმოჩნდნენ.

ხშირად ამბობდა, რაღაცები მეშლებაო. რა ვქნა, ერთი ტრაქტორისტის შვილი ვარ, სწავლით რომ თავი მომეკლა, ფულს ვერ ვიშოვიდი, თქვენ რო ისწავლეთ და წიგნებს თავი ურახუნეთ, რა, ვერ ზიხართ ჩემ გვერდითო. თანაც შენ ხო აზრზეც არა ხარ, რისთვის ზიხარო. მიუხედავად ამისა, როენა ხუცურაული სხვებზე ბევრად ღირსეული  ადამიანი აღმოჩნდა.

ერთხელ მითხრა, რა უნდათ, ფულს ვიხდი, რამდენიც უნდათ, რა, ჩემს ფულს ნომერი არა აქვს? მე კიდე არავის ჩამშვები არა ვარ, ბევრი რამ ვიცი, მაგრამ სხვის უბედურებაში მონაწილეობას ვერ მივიღებ, გაიგე, ხო აზრზე ხარ? რა კარგი იყო ძველი დრო, დამიჭერდნენ, გადავიხდიდი, მიშვებდნენ. ახლა კიდე ისეთი ნაგლები არიან, ფულიც ბლომად უნდათ და თანაც ჩემი ხელით სხვების დაჭერა. ვიჯდები, რამდენსაც მომისჯიან, სხვის უბედურებაზე ხელს ვერ მოვაწერო!

როენამ მართლაც არ მოაწერა სხვის უბედურებას ხელი, ამიტომ ბოლომდე მოახდევინეს სასჯელი, მან ციხე "ზვანოკით" დატოვა".

"მედეას სამოთხე"

"შვიდი თვე ვიყავი საპყრობილეში. ზონაში სასამართლო პროცესების შემდეგ გადამიყვანეს. სამართლიანი სასამართლო თუ სადმე იმართება საქართველოში, ეს ზონაა. ყველა ქალის წარსული, ვინა ხარ, რას წარმოადგენ, რა გიკეთებია, ზედმიწევნით იცის ზონამ. მაშინ "მატროსოვის" ციხის უფროსი მედეა ალანია იყო, ამიტომ ქალთა კოლონიას "მედეას სამოთხე" დავარქვი. იმან გამაოცა, რომ ციხის ადმინისტრაციისგან წახალისებული იყვნენ ეგრეთ წოდებული გამრჩევი, ფსევდოგანაბი ქალები. ამაზე იყო დამოკიდებული მთელი კოლონია.  მრავალგზის ნასამართლევი, მართლაცდა ბოროტმოქმედი ქალები მართავდნენ ინტელიგენტ ქალებს. ასეთები დღევანდელ ციხეში ცოტანი არ არიან. ამ მომპარავ, ფსევდოგანაბ ქალებთან პატიმრებს საჩუქრები მიჰქონდათ, რომ ვიღაცას თავში არ წაეთაქებინა. ძღვენს იღებდნენ იმაში, რომ კრიტიკულ მომენტში დაეცვათ ინტელიგენტი ქალები.

საღამოს "ძველი ქალები" ადმინისტრაციის, უსაფრთხოებისა და რეჟიმის თანამშრომლებს პატაკს აბარებდნენ, თან ქურდულ ტრადიციებს აწვებოდნენ და თან ადმინისტრაციასთან თანამშრომლობდნენ. ზონის "მმართველები" ცალკე ოთახში ცხოვრობდნენ. ალბათ, გარეთაც არ ყოფილან ასეთ ფუფუნებაში. "მატროსოვში" ნარკოტიკიც შემოდიოდა, საიდუმლო შეხვედრებიც იყო. ყველაფერი ხდებოდა ქალთა კოლონიაში, რაც შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს, და ყველაფერი ადმინისტრაციის თვალწინ. აბსურდია აღდგომას ბუნტი ქალთა კოლონიაში. ეს სპეციალურად იყო პროვოცირებული სწორედ იმიტომ, რომ შეჭმული 12 მილიონი გაეპრავებინათ".

სიცრუე და ძალა უმეცართა ხელში - აი, ეს არის ბოროტების იარაღი დანტე ალიგიერი