ყოფილი პატიმრის დღიურიდან - კვირის პალიტრა

ყოფილი პატიმრის დღიურიდან

(დასაწყისი "კვირის პალიტრა" #2)

ვაგრძელებთ წერილების ციკლს პატიმარყოფილ ნანა სულავას დღიურიდან.

ბუნტი ციხეში

"ბუნტი არ ყოფილა. ეს იყო წვეთ-წვეთად დაგროვებული უსამართლობის, ღირსების შელახვის, მასხრად აგდების, სიცრუის გამო ამოხეთქილი პროტესტი, რასაც ადმინისტრაციამ შეგნებულად შეუწყო ხელი.

ვწევარ ახლა რუსთავის "კრიტის" ბაღლინჯოებით, ბუზებით გატენილ დახუთულ საკანში და ბუნტის დეტალებს ვიხსენებ. ჰო, მართლა, ახლაღა გამახსენდა, რომ ბუნტამდე ორი დღით ადრე ჩემთან რამდენიმე პატიმარი მოვიდა. მკითხეს, ციხის თანამშრომლები გვეკითხებიან, ქალებო, ციხის კარი რომ გაგიღონ, თუ გახვალთო? გამიკვირდა, რა კითხვაა, კარი როგორ უნდა გააღონ, თუ ვინმე აქედან გავა ან ამნისტია უნდა შეეხოს, ან შეწყალება-მეთქი. მაშინ ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, პატიმრების ბჟუტურად ჩავთვალე...

აღდგომას შეწყალების აქტი მზადდებოდა. პატიმრებს, მით უმეტეს, ქალებს, სასწაულის სჯერათ. რაც უნდა დიდი სასჯელი ჰქონდეთ, ჰგონიათ, რომ ციხის კარი მალე გაიღება. მით უმეტეს - აღდგომას! როგორც იქნა, გამოცხადდა შეწყალებულთა სია. ადმინისტრაცია წინა დღეებში რამდენიმე პატიმარს დაჰპირდა, რომ სიაში აუცილებლად იქნებოდნენ. მათ ბარგიც ჩალაგებული ჰქონდათ. წარმოიდგინეთ მათი გაოგნება, როცა შეწყალებულთა შორის არ აღმოჩნდნენ! კიდევ ერთხელ მოტყუებულებმა თავი ვეღარ გააკონტროლეს და უმართავი გახდნენ. ასეთი სულ 3-4 მსჯავრდადებული იყო. სწორედ მათ ჩალეწეს სამორიგეოს ფანჯრების მინები, მაგრამ ციხის თანამშრომლებს მათი შეჩერება რატომღაც არც უცდიათ. მხოლოდ უფროსი მორიგე, გვარად ოქრუაშვილი, გაიძახოდა, რატომ არ მიგვყავს ეს ხალხი კარცერშიო, მაგრამ მისი იმ დღეს არავის ესმოდა. ფანჯრების ლეწვა იმდენად ჩვეულებრივი ამბავი იყო, ყურადღების ღირსადაც არ ჩავთვალე, სააღდგომო სამზადისი მქონდა.

ცოტა ხანში ციხის კარი გაიღო და მთელი დეპარტამენტი შემოლაგდა: მინისტრი შაშკინი, დეპარტამენტის უფროსი ჭაკუა, შაშკინის მოადგილე ლევან ზარანდია და წვრილ-წვრილი ჩინოვნიკობა. ქალები სტუმრებს მიესივნენ, ყველა თავისას უბერავდა. ერთი ჯგუფი დავით ჭაკუას ელაპარაკებოდა, ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონი როდის შეიცვლებაო, იქით შაშკინს შემოეხვივნენ ხნიერი პატიმრები, ჩვენი გასვლა როგორ მოხერხდებაო. მხოლოდ ლევან ზარანდია იმუქრებოდა, ყველას ციხეში ჩაგალპობთო. ამ ყველაფერს შორიდან ვადევნებდი თვალს, ამასობაში ვიღაცამ ამბავი მოიტანა, შაშკინს რომელიღაც ნასამართლევმა ადვოკატმა პიჯაკზე მოქაჩა, ხოლო ერთმა აბეზარმა 20 წლის პატიმარმა გოგონამ სადგისი უჩხვლიტა უკანალშიო.

გარეთ რომ გამოვიხედე, აღარც მინისტრი და აღარც მისი ამალა აღარ იყვნენ. ვხედავ, ზედამხედველებმა როგორ წამოუსვეს ჩანთებს ხელი და  ტერიტორია დატოვეს. ზონა და 700 ქალი სრულიად უკონტროლოდ დარჩა. ერთი კაციც არ იყო, რომ "ბაკლოსანით" გაჭყეპილი ქალები დაეშოშმინებინა. გამახსენდა, რომ სწორედ ბუნტის წინადღეს "ბაკლოსანი" შემოყარეს. ერთი ქალი იყო, ვინც ციხეშიც ნარკოტიკებით ვაჭრობდა. ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად იქ ნარკოტიკი ვერ მოხვდებოდა ("ბაკლოსანი" ფსიქოთროპული წამალია). არადა, მოგვიანებით "კვირის პალიტრაში" წავიკითხე, რომ შაშკინი ამბობდა, პატიმრებმა სანნაწილი გატეხეს და სპირტი გამოიტანეს, მთელი ზონა სპირტით იყო მთვრალიო. გამეცინა.  სანნაწილს ფსიქოთროპული პრეპარატებიდან მხოლოდ "აზალეპტინი" და "ამიტრიპტილინი" ჰქონდა (ორივეს საძილე ეფექტი აქვს და არა აღმგზნები) და ისინი მთავარი ექიმის კაბინეტში, სეიფში ინახებოდა. მეეჭვება, სპირტი ჰქონოდათ, ნემსის გაკეთებისას იოდს ხმარობდნენ. ვთქვათ, ორივე ჰქონდათ, მაშინ აფთიაქსა და მთავარი ექიმის ოთახში იქნებოდა, ორივეში მოხვედრა კი მხოლოდ ზონის გარე ტერიტორიიდანაა შესაძლებელი. 700 პატიმარზე თვეში 50 ფირფიტა ""ანალგინი"" მოჰქონდათ და რაღა მაშინ მოიტანეს 700 ბოთლი სპირტი?..

ზონის გამავალი კარი რომ ჩაკეტეს, ქალებმა კარს პატარა ჯიხური მიადგეს. ზედ რამდენიმე პატიმარი აძვრა. ციხის გარეთ უკვე პოლიტიკოსები იდგნენ, იცოდნენ, რომ ციხეში ბუნტი ატყდა. 12 საათის განმავლობაში სრულიად უკონტროლოდ მიგვატოვეს, მაგრამ არც "ბაკლოსანით" გაბრუებულ ქალებს ჩაუდენიათ განსაკუთრებული დანაშაული, მხოლოდ უგზო-უკვლოდ დაბორიალებდნენ, მოკლედ, "კარგად" იყვნენ.

ჯიხურზე ამძვრალ ქალებს ვეხვეწებოდი, ჩამოდით, წადით თქვენ-თქვენს ბარაკებში, ამაღამ სასწაულს გვიმზადებენ-მეთქი, მაგრამ ვის ესმოდა. ქალების ნაწილი ჭიშკართან იდგა, "მიშა, წადის" გაჰყვიროდნენ. ციოდა და ცეცხლი დაანთეს. მერე ჯიხურზე მორიგეობით ადიოდნენ და ხან ჯონდი ბაღათურიას ესროდნენ პლასტმასის ბოთლებს და ხან სოზარ სუბარს. ცოტა ხანში ციხის კარი გააღეს. ცხადი გახდა, ეს პროვოკაცია იყო. კიდევ კარგი, პატიმრებს გონიერება ეყოთ და არც ერთს ფეხი არ გადაუდგამს ზღურბლს იქით. ჩემ გვერდით ერთი მეგრელი ქალი წევს, ფინანსური დანაშაულისთვის იხდის სასჯელს. მეგრული კილოთი მეუბნება, დავიღუპებით ამაღამო და ლოგინში ჩექმებიანად წვება.

ღამის 4 საათზე შემოცვივდა სპეცრაზმი. ამ დროისთვის 700 ქალიდან 40-50 "მეამბოხე" იყო დარჩენილი. სპეცრაზმის ციხეში შემოსვლისას ზოგს ეძინა, ზოგი კი აღდგომას ხვდებოდა, ეკლესიაში ლოცულობდა. ასეთი სისასტიკე ძნელად წარმომედგინა. საწოლთან ფარდა მქონდა ჩამოფარებული. ჩაფხუტიანმა კაცმა შემოყო თავი. არ ვიცი, რა თვალით შემომხედა, მაგრამ ძალზე ზრდილობიანად მომექცა. ქალბატონო, აბრძანდით, ვწუხვარ, მაგრამ უნდა წამობრძანდეთო. გამიკვირდა, გვერდით ისეთი ცემა-ტყეპა და ლანძღვა-გინება იყო, ბართლომეს ღამე გეგონებოდა. გარეთ გაგვიყვანეს, იქაურობა სავსე იყო იარაღიანი ხალხით. მედიკო ალანია ქალებს ახარისხებდა, შენ დარჩი, შენ წადიო. 600-მდე მსჯავრდადებულ ქალს, ცოდვილს თუ უცოდველს, ებრაელი ტყვეებივით სადღაც მიგვერეკებოდნენ. შიშმა ამიტანა. მე, სრულიად უუფლებო და ღირსებაწართმეული, ალალბედზე, ღამის წყვდიადში მივიკვლევდი გზას და მხოლოდ უბადრუკი სიცოცხლის შენარჩუნებაზე ვფიქრობდი. ნახევრად ტიტველ და ფეხშიშველ ქალებს ლანძღვა-გინებითა და ცემით მოუსავლეთისაკენ ერეკებოდნენ. ამ უკუნეთში მხოლოდ განწირულთა კვნესა-გოდება მესმოდა. კარგა ხანს გვატარეს ორ-ორად დაწყობილი. როგორც კი ვინმე წაიქცეოდა, მაშინვე ავტომატის კონდახს მიაშველებდნენ და ასე მივაღწიეთ მანქანებამდე. მაშიIნვე შეგვყარეს დახურულ მანქანებში და რუსთავის "კრიტში" გადაგვიყვანეს.

რუსთავის "კრიტის" თანამშრომლები ადამიანურად მოგვექცნენ. არ დამავიწყდება ერთი ასაკოვანი ბადრაგის ცრემლიანი თვალები. გულზე იჭერდა ხელს, ამას რას მოვესწარი, ქართველ ქალებს ასეთ მდგომარეობაში ვერ ვუყურებო. მეორე დღეს დატოვა სამსახური.

ჩვენი ევროსტანდარტული ციხის საკანი ნამდვილი საწამებელია. ისეა შელესილი, კედელს ვერ გაეკარები, ბასრი და წვეტიანი "ლოლუებით" არის გავსებული.

"კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ მინისტრ შაშკინთან ინტერვიუს ვკითხულობ. თუUრმე, 12 მილიონის ზარალი მიუყენებიათ პატიმრებს სახელმწიფოსთვის. რამდენიმე ფანჯარა, მეოთხე ბარაკის კარი და ერთი ჯიხური ღირდა 12 მილიონი? როიალიო? თვალით არ გვინახავს. არადა, ოფიციალურ ბრალად წაუყენეს ბუნტისთავებს. საბრალდებო დასკვნაში წერია, პიანინო და არა როიალი, ასევე დიქტები, რბილი ავეჯი, 2 სარეცხი მანქანა, ტელევიზორი, მაცივარი, ლეიბები. თუკი ეს მართლა "გაპრავებას" არ საჭიროებდა, საიდან ეს ჩამონათვალი? დიქტიც არ გვინახავს თვალით, იმის გამო, რომ ნარებს დიქტები არ ჰქონდა, მუყაოს ვაფენდით. ყველაფერი ჩვენი ოჯახებიდან მოტანილი იყო, გარდა კედლებისა და საწოლებისა. ჩვენ კი მართლაც დავკარგეთ ძვირფასი ნივთები. "მატროსოვში" ერთი სამორიგეო ოთახი, ათიოდე მინა და ერთი ჯიხური განადგურდა. თუ ეს 12 მილიონი ღირდა, რამდენი მილიონი იყო ჩვენი კუთვნილი ტექნიკა და უამრავი სხვა ნივთი?

აღიარება

შეშინებულ ადამიანს ყველაფერზე დაითანხმებ, მით უმეტეს, პატიმარს, რომელსაც ურჩობისთვის სასჯელის დამძიმებას, აღიარებისთვის კი შეღავათებს და "სვაბოდას" ჰპირდებიან. მედეამ მატროსოვზე დარჩენილი პატიმრების უმეტესობას ყველაფერზე მოაწერინა ხელი. ასამდე ქალმა არარსებული ბუნტის მონაწილეთა წინააღმდეგ მისცა ჩვენება. მალე ზოგიერთი ისევ დაგვაბრუნეს მატროსოვში. პატიმრები, რომელთაც ყალბი ჩვენებები მიაცემინეს, რკინის კედლით ჰყავდათ "დაცული", მაგრამ რკინის კედელი ემოციას ვერ აკავებდა - იყო ლანძღვა-გინება... შევიტყვეთ, რომ ქალების რუსთავში გადაყვანის შემდეგ, ადმინისტრაციამ გამოიტანა ძველი ლეიბები ზონის ეზოში და ცეცხლი წაუკიდა, ხოლო პატიმრების ქონება გაინაწილა. ქალებს ყველაფერი ჰქონდათ ციხეში: ფრანგული სუნამოები, ტელევიზორები, ტელეფონები... ყველა დანაკლისი და მამაძაღლობა იმ ცეცხლს გაატანეს.

ფეთხო

ფეთხო სასჯელს ორსული შვილის მკვლელობისთვის იხდიდა. აჭარის მაღალმთიანი სოფლიდან იყო. საზარელი დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, მაგრამ არ ნანობდა. ოჯახს შერცხვენა შვილის სისხლით ჩამოწმინდა ფეთხომ. რომ გაუგია, გაუთხოვარი გოგო ფეხმძიმედ იყო, არც უფიქრია, ისე გამოასალმა სიცოცხლეს. ამ სასტიკ დანაშაულში მონაწილეობდა მისი ვაჟიც, ისიც  იხდიდა საჯელს. ფეთხოს 12 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, ციხეში ბიზნესი ააწყო. ფული ციხეში არ შემოდიოდა, მხოლოდ ბარათებზე ირიცხებოდა, ამიტომ ბარათებით, სიგარეტის ბლოკებით თუ ნივთებით ვაჭრობდნენ. ვინც სახლიდან სტაბილურად ვერ იღებდა ფულს და ამანათს, პროცენტიანი ვალებით ყიდულობდნენ სასურველ ნივთს. მაგალითად, თუ  ხუთლარიანი ტელეფონის ბარათი გინდოდა, მისი პატრონისთვის 3-4 დღეში უკან 10-ლარიანი უნდა დაგებრუნებინა, ერთ კვირაში 20-ლარიანი და ასე...  ზოგი პროცენტებს ვერ იხდიდა და ძვირფას ნივთს უტოვებდა. მოკლედ, ეს დახურული სივრცე პატარა ქვეყანას ჰგავდა, თავისი ავ-კარგით. იმ ბუნტის შემდეგ არც ციხის "ბიზნესმენებს" გაუმართლათ. რაც ფეთხომ აგროვა ადმინისტრაციის ხელშეწყობით, იმ ღამეს დაკარგა. ყველაფერი წაართვეს და ბუნტში მონაწილეობისთვის 3 წელიც დაუმატეს.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)