#1 საპატიმრო... არასაპატიო ადგილი ევროპაში - კვირის პალიტრა

#1 საპატიმრო... არასაპატიო ადგილი ევროპაში

"აღარ არის ლაპარაკი პოლიტიკურ მოთხოვნებზე, უკვე ერის გადარჩენა დგას დღის წესრიგში!"

საქართველო პატიმართა რაოდენობით ევროპაში პირველ, მსოფლიოში კი მეოთხე ადგილზეა

"კარი იკეტება? აბა, დატეულან და ეგ არის!"

რატომ ვერ მოახერხა გაერომ საქართველოში საერთაშორისო მონიტორინგის "წამების ატლასის" ჩატარება?!

გენიალური ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ქართული ფილმი-შედევრი ყველას გვაქვს ნანახი, სადაც ყვარყვარე მის მიერვე შეჭედილ და თოკებით საგანგებოდ შეკრულ ციხეში წიხლით ტენის "დამნაშავეებს" და აქვე დაუვიწყარ და დღეისათვის ასე აქტუალურ ფრაზას ამბობს - კარი იკეტება? აბა, დატეულან და ეგ არის! ეს მხატვრული გადახვევა იმიტომ დაგვჭირდა, რომ 2006 წელს გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობის შედეგს უკვე იმკის საზოგადოება. 2006 წლის თებერვლიდან დღემდე საპატიმროში დაღუპულთა რაოდენობამ ოფიციალურად 650 კაცს გადააჭარბა. საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, რომ ქვეყანაში შეცვლილიყო ნულოვანი ტოლერანტობის პრინციპი, ვითარება სულ უფრო მძიმდება და სისხლის სამართლის სისტემის ლიბერალიზაციაზე საუბარი საუბრადვე რჩება, - პატიმართა რაოდენობა კატასტროფულად იზრდება.

ბრიტანული ორგანიზაცია "International Center for Rison Studies"-ის მონაცემებით, საქართველო 100000 მოსახლეზე პატიმართა რაოდენობით ევროპაში პირველ, ხოლო მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა. ეს მაშინ, როცა ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი ამ სიაში 54-ე, სომხეთი კი 89 ადგილზეა. პატიმართა რაოდენობით ჩვენ ყველა "არადემოკრატიულ და ტოტალიტარულ" სახელმწიფოს გავუსწარით.

"ვარდების რევოლუციამდე", ანუ 2003 წელს, 100000 სულ მოსახლეზე 148 პატიმრით საქართველო 59-ე ადგილზე იყო 155 სახელმწიფოს შორის. 2011 წლისთვის კი მსოფლიოში 539 პატიმრით 100000 სულ მოსახლეზე საქართველო უკვე მეოთხე ადგილზეა 216 ქვეყანას შორის.

ამ საგანგაშო სტატისტიკას ხელისუფლება საზოგადოებას ძალზე საინტერესოდ აწვდის და ცდილობს, საგანგაშო რეალობა "ყველაზე უსაფრთხო ქვეყნის" სტატუსით შეფუთოს.

დიმიტრი ლორთქიფანიძე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე: "საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ლონდონის  ინტერნაციონალური ცენტრის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა სრულ სურათს არ ასახავს. რეიტინგი შედგენილია საქართველოს ოფიციალური სტრუქტურისგან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, იმ ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, რომლის მიხედვითაც საქართველოში 4 მილიონ 490 ათასი კაცი ცხოვრობს. საინტერესოა, საიდან მოიტანეს ეს ციფრი, მაშინ როცა მოსახლეობის ბოლო აღწერა 1989 წელს ჩატარდა (მოსახლეობის აღწერა 2002 წელსაც ჩატარდა, მაგრამ მაშინ საბოლოო ციფრი არ გამოქვეყნებულა. - ავტ.)? ხელისუფლება ფეხს ითრევს, ცდილობს არ ჩაატაროს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა და მიზეზად უსახსრობას ასახელებს, არადა, საყოველთაო-სახალხო აღწერის ჩატარების მსურველ ქვეყანას გაერო აფინანსებს.

ხელისუფლების გაჯიუტება უთუოდ არჩევნების გაყალბების განზრახვას უკავშირდება. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 3 მილიონ 653 ათასი ამომრჩეველია დაფიქსირებული. ეს ციფრი ყველა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ძალას აეჭვებს. ამიტომ ეჭვის გასაბათილებლად ხელისუფლებამ შექმნა თითქოსდა ოპოზიციით დაკომპლექტებული კომისია, რომელიც საარჩევნო სიების კორექტირებაზე მუშაობს. ერთი სიტყვით, მონაცემები, რომლებიც ოფიციალურად არის რეგისტრირებული სტატისტიკის დეპარტამენტში, რბილად რომ ვთქვათ, ძალზე საეჭვოა.

ყველამ ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობა 4 მილიონ 490 ათასი არ არის. ეს ძალიან გაზვიადებული ციფრია. თუ ამას გავითვალისწინებთ, მაშინ დავრწმუნდებით, რომ 100000 სულ მოსახლეზე არა 539, არამედ გაცილებით მეტი პატიმარი გვყავს და შესაძლოა პატიმართა რაოდენობით მსოფლიოში მეოთხე ადგილზე კი არა, სწორედ რომ არასაპატიო პირველ ადგილზე ვართ.

მიუხედავად ამისა, ქვეყანაში ერთიმეორის მიყოლებით შენდება ციხეები. ხელისუფლება ოზურგეთის რაიონის სოფელ ლაითურში უდიდეს სასჯელაღსრულებით დაწესებულებას აშენებს. ის 4500 პატიმარზეა გათვლილი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლება უკან დახევას არ აპირებს და ძალაუფლების შენარჩუნების ინსტრუმენტს აძლიერებს. აშკარაა, რეპრესიებისთვის ემზადება.

ხელისუფლება თავს იწონებს, რომ პენიტენციარულ სისტემაში რეფორმა ევროსტანდარტების მიხედვით მიმდინარეობს, მაგრამ ეს სიცრუეა. ის მექანიზმი, რომლითაც აშენებულია ჩვენი საპყრობილეები, არანაირ სტანდარტებში არ ჯდება. დავიწყოთ იმით, რომ დარღვეულია სამშენებლო-ტექნიკური ნორმები. დღემდე ვერ მოხერხდა, რომ კანონით განისაზღვროს სტანდარტით დადგენილი პატიმრის პირადი სივრცის ნორმა, რომელიც  ევროკავშირში შეადგენს არა უმცირეს 4 კვადრატულ მეტრს, ჩვენში კი 2 კვადრატული მეტრის კიდევ უფრო შევიწროების ხარჯზე პატიმართა ლიმიტს უსასრულოდ ზრდიან. ამათ ციხესთან ყვარყვარეს ციხე მონაგონია! ისე გადაავსეს ციხე პატიმრებით, კარი მართლა აღარ იკეტება! ჯერ კიდევ ხუთი თვის წინ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა საერთო რაოდენობის დასაშვები ლიმიტი 23720 პატიმარს შეადგენდა, ახლა კი ლიმიტი 24250 პატიმრამდეა გაზრდილი. სიცოცხლისათვის შეუფერებელი პირობების გამო პატიმრები ავადდებიან მძიმე და უკურნებელი დაავადებებით, რასაც გამოუსწორებელ შედეგამდე მივყავართ. პატიმრის სიკვდილი და მისი სამუდამო ინვალიდობა არ არის კონკრეტული პატიმრის ან მისი ოჯახის ტრაგედია?! ამ ვითარებას დემოგრაფიულ პრობლემამდე მივყავართ. 2006 წლიდან ქართულ ციხეში პატიმართა სიკვდილიანობის სტატისტიკა გამაოგნებელია. 2006 წლის თებერვლიდან 2011 წლის ივნისამდე ქართულ ციხეში 590 პატიმარი გარდაიცვალა, ხოლო დღეს ამ ციფრმა 650 პატიმარს გადააჭარბა. მათ შორის 40%-ზე მეტი 21-დან 40 წლამდე ასაკის პატიმარია. ამ სტატისტიკაში ასახული არ არის ციხეში სამუდამოდ დაინვალიდებული და სიკვდილამდე ერთი ან ორი საათით ადრე გათავისუფლებული (ასეთები ძალიან ბევრნი არიან, მომაკვდავ პატიმრებს ციხიდან ათავისუფლებენ სწორედ იმ მოტივით, რომ მათი სიკვდილიანობის სტატისტიკა ციხეს არ მიეწეროს) პატიმრების რაოდენობა. ჩვენ უკვე ვართ საშინელი რეალობის წინაშე, ჩვენ რეალურად გენოფონდს ვკარგავთ!

ბუნებრივია, დამნაშავე ციხეში უნდა იჯდეს, მაგრამ საქართველოს საპყრობილეებში უდანაშაულო ან მსუბუქი დანაშაულის ჩამდენი პირები იხდიან არაადეკვატურ სასჯელებს.  რომელ რესოციალიზაციაზე ლაპარაკობს ხელისუფლება?

ადამიანს, რომელსაც მსუბუქი დანაშაულისთვის გაუსაძლის პირობებში ხანგრძლივი დროით ახდევინებ არაადეკვატურ სასჯელს, აბოროტებ და ცხოველად აქცევ, შეუძლებელია, მოსთხოვო რესოციალიზაცია. საქართველოს არაერთი საერთაშორისო რეკომენდაცია აქვს მიღებული, რომ ნულოვანი ტოლერანტობის ეს ფორმა მიუღებელია, მაგრამ ამ რეკომენდაციებს არავინ არაფრად აგდებს. მეტიც,

პატიმრების წამებისა და საეჭვო დაღუპვის არც ერთი ფაქტი არ გამოუძიებიათ. დამნაშავეების დასჯაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი.

პატიმართა წამებისა და არაადამიანურად მოპყრობის ფაქტებზე მომუშავე გაეროს ცენტრალური კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ მანფრედ მელაკმა საქართველოში საერთაშორისო მონიტორინგის ჩატარება მოიწადინა. ეს უნდა ყოფილიყო სამწლიანი მონიტორინგი, სახელწოდებით "წამების ატლასი". მამფრედ მელაკს 2011 წლის ივნისში შევხვდი. მარწმუნებდა, რომ იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსნები მხარს უჭერდნენ ამ პროექტის განხორციელებაში, რასაც სკეპტიკურად შევხვდი და მართალიც აღმოვჩნდი. მელაკმა საქართველოდან წასვლიდან ორი კვირის შემდეგ თინა ბურჯალიანისგან მიიღო წერილი, რომლშიც ეწერა, რომ საქართველო უარს ამბობდა ამ პროექტზე იმ მოტივით, რომ ევროსაბჭოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს პირნათლად ასრულებდა(?!) და ეს მაშინ, როცა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ათეულობით რეკომენდაცია ციხეში დაღუპული პატიმრების საქმეების გამოძიებაზე დღემდე არ შესრულებულა.

აღარ არის ლაპარაკი პოლიტიკურ მოთხოვნებზე, უკვე ერის გადარჩენა დგას დღის წესრიგში!

გაეროს მონაცემებით, ამიერკავკასიის ხალხთა შორის ყველაზე დაბერებული ერი ვართ, ის ერი, რომელიც გენერაციასაც ვერ ახერხებს, მატებაზე არაფერს ვამბობ. გენოფონდის ის ნაწილი, რომელმაც ერის გამრავლებას უნდა შეუწყოს ხელი, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო საზღვარგარეთ არის გაქცეული, ნაწილი საპყრობილეებშია გამომწყვდეული, ნაწილი კი ჯანდაცვის ხელმიუწვდომლობის გამო იღუპება.  ჩვენ ვკარგავთ ეთნიკურ სახეს. თუ ასე გაგრძელდა, შორს არ არის ის დრო, როდესაც საქართველოში ქართველი ეთნიკურ უმცირესობაში აღმოჩნდება.

ეს არის ქართველი ერის შეფარული გენოციდი!"

გია ხუხაშვილი: "ოფიციალური მონაცემების შესწავლამ ცხადყო, რომ რეგიონში საქართველოს დემოგრაფიული და ეკონომიკური წილი კატასტროფულად მცირდება და ეს დინამიკა დღითი დღე დრამატული ხდება ჩვენთვის. მოსახლეობის რაოდენობა ჩვენს მეზობელ რესპუბლიკებთან, განსაკუთრებით აზერბაიჯანთან შედარებით, მკვეთრად მცირდება. პატიმართა დიდი ნაწილი რეპროდუქციული ასაკისაა. ხანგრძლივად გაუსაძლის პირობებში ციხეში მათი გამწესება ნამდვილად არის განგაშის საფუძველი. ასეთი პოლიტიკა ხომ უფრო ამძიმებს ქვეყნის ისედაც მძიმე დემოგრაფიულ სურათს. ჩვენ  პატიმართა რაოდენობით ევროპაში პირველ ადგილზე ვართ, ნეტავ თუ ესმით ჩვენ ხელისუფალთ, რას ნიშნავს ეს გადაშენების გზაზე მდგარი ერისთვის?! ჩვენს ისედაც დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე მდგარ ერს ასეთი გაუაზრებელი მსხვერპლის უფლება ნამდვილად არა აქვს".

"მხოლოდ შიში უბიძგებს მოძალადეს ძალადობისკენ"

ფრანსის ბეკონი