უდანაშაულო ძმა უფროსი ძმის ნაცვლად იხდის სასჯელს?! - კვირის პალიტრა

უდანაშაულო ძმა უფროსი ძმის ნაცვლად იხდის სასჯელს?!

"ერთიც შვილია და მეორეც, მაგრამ სამართალი უნდა აღსრულდეს!"

საქმე უპრეცედენტოა ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში. ერთმა ძმამ დანაშაული ჩაიდინა, რომლის ნაცვლად მეორე ძმა აგებს პასუხს. "მიუხედავად იმისა, რომ ორივე ჩემი შვილია, მოვითხოვ, სამართალი აღსრულდეს!" - ამბობს მამუკა კალანდაძის დედა. უკვე 7 წელია, რაც მამუკა პატიმარია. ის ძმის სიდედრის მკვლელობისთვის გაასამართლეს.

ნაწყვეტი საბრალდებო დასკვნიდან (სტილი დაცულია): "2002 წლის 3 ივლისს, დაახლოებით 23 საათზე და 50 წუთზე, მამუკა კალანდაძე, მისი ძმა არსენ კალანდაძე, მეგობარ მანუჩარ კერესელიძესთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, დაყაჩაღების მიზნით იმყოფებოდნენ არსენ კალანდაძის სიმამრის, დავით გერგედავას ბინაში, სადაც ასევე იმყოფებოდა დავით გერგედავას მეუღლე ლუიზა ყოლბაია... მამუკა და არსენ კალანდაძეებმა მანუჩარ კერესელიძესთან ერთად ძალადობითა და მუქარით, თოკითა და ე.წ. სკოჩით ხელ-ფეხი და პირი გადაუკრეს ცოლ-ქმარს და სკამის ფეხით აყენებდნენ დაზიანებებს. ლუიზა ყოლბაიას მიაყენეს ქალის ტვინის ღია ბლაგვი ტრავმა, რამაც ტვინის დაჟეჟილობა და სისხლჩაქცევები გამოიწვია. ეს უკანასკნელი ადგილზევე გარდაიცვალა".

ნაწყვეტი სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილი წერილიდან (სტილი დაცულია): "დაიკითხა დავით გერგედავა, რომელიც არის დანაშაულის ერთადერთი თვითმხილველი. ის პირველ ჩვენებაში ხელს ადებს სიძეს, არსენ კალანდაძეს, როგორც თავისი მეუღლის მკვლელს. ჩვენება მიცემულია 2002 წლის 6 ივლისს. იგი 2003 წლის 6 იანვარს მიცემულ ჩვენებაშიც იმავეს ამბობს. 2004 წლის 15 იანვარს კი, მესამედ დაიკითხა დაზარალებული (ისე, რომ საქმეში არ არსებობდა ხელახლა დაკითხვის აუცილებლობა). ჩვენებაში მან მამუკა კალანდაძე დაასახელა მკვლელად".

მედეა კალანდაძე, პატიმრის დედა: - შვილი შვილია, მაგრამ ჩემი უმცროსი ვაჟი მამუკა კალანდაძე უდანაშაულოა. უფრო მეტიც, ის დანაშაულის ადგილზე არც ყოფილა, რაც ასახულია კიდეც მოწმეთა ჩვენებებში. მოწმეები - მერაბ კუტალაძე და ზაზა მელქაძე აღიარებენ, რომ მამუკა იმ დროს მათთან იყო, ოჯახში, და ბანქოს თამაშობდნენ. რაც შეეხება უფროს ვაჟს, არსენ კალანდაძეს, მას მართლაც ჰქონდა ქურდული მენტალიტეტის პირებთან ურთიერთობა. მისი სიმამრი, დათიკო გერგედავა, აფხაზეთის ინვალიდთა ლიგის პრეზიდენტი, შეძლებული კაცი, ბიზნესმენი იყო. 2000 წლიდან დავით გერგედავას ბიზნესს პრობლემები შეექმნა, რომლის მოგვარებასაც არსენ კალანდაძე შეჰპირდა. არსენის ნაცნობმა ქურდული სამყაროს წარმომადგენლებმა გერგედავას მართლაც მოუგვარეს პრობლემები. როგორც ვიცი, 25 ათასი დოლარის დაკარგვისგან იხსნეს. სანაცვლოდ, არსენი სიმამრისგან მხოლოდ 1.000 დოლარს მოითხოვდა, რაც  ე. წ. ავტორიტეტების პატივსაცემად სჭირდებოდა. სწორედ ამ თანხის გადაუხდელობამ წარმოქმნა კონფლიქტი, რამაც ორივე ოჯახი დაგვაქცია. 2002 წლის 3 ივლისს არსენი სიმამრთან მანუჩარ კერესელიძესთან ერთად საქმის გასარჩევად მივიდა. ჯერ სუფრასთან დასხდნენ, ისაუბრეს, შემდეგ კი შელაპარაკება მოუვიდათ, რაც შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. ამ დროს სკამის ფეხი შემთხვევით მოხვდა ოჯახის დიასახლისს, ლუიზა ყოლბაიას, რომელიც კისრის ფუძის მოტეხილობით უმალ გარდაიცვალა. არსენმა და მანუჩარ კერესელიძემ კი მიმალვა მოახერხეს. ეს ამბავი 2002 წელს მოხდა, ჩემი უმცროსი ვაჟი კი 2004 წელს დააკავეს.

დათიკო გერგედავამ ჩვენება შურისძიების მიზნით შეცვალა. იმასაც ფიქრობდა, გაქცეული არსენ კალანდაძე ძმის დადანაშაულების შემდეგ დაბრუნდებოდა და სიმართლეს აღიარებდა. ჩემი უმცროსი ვაჟი ლამის გაგიჟდა, ყვიროდა, ხელები მოჭრილი ხომ არა მაქვს, თითის ანაბეჭდები ამიღეთ და მკვლელობის იარაღზე არსებულს შეადარეთო. სუფრიდან აღებულ ჭიქებს, მკვლელობის იარაღს - სკამის ფეხს უნდა ჩატარებოდა ექსპერტიზა. პროკურატურის წარმომადგენელმა კი განაცხადა, ნივთმტკიცებები არასწორი შეფუთვის გამო განადგურებულიაო. ამგვარად, მოსამართლემ გადაწყვეტილება მხოლოდ დაზარალებულის მესამე ჩვენების საფუძველზე მიიღო. ამ საქმეში არის პროცესუალური დარღვევებიც. ეს საქმე სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა შეისწავლა. მივიღე მისი წერილი, სადაც ნათქვამია, რომ საქმეში არსებული პროცესუალური  დარღვევების გამო (რაც შესაძლოა მიჩნეულ იქნეს ახალ გარემოებად) მან მიმართა პროკურატურას საქმის ხელახალი განხილვის მოთხოვნით.

- ამ ხნის განმავლობაში არ გქონიათ უფროს ვაჟთან ურთიერთობა?

- მხოლოდ ერთხელ მივიღე წერილი. მწერდა, რომ სიმამრის სახლში ის უბედურება შემთხვევით დატრიალდა. ამბობს, დათო გერგედავას მოკვლა რომ მნდომოდა, მოვკლავდი კიდეც. ალბათ, ასე უნდა მოვქცეულიყავი და ჩემი ძმა ახლა ციხეში არ იქნებოდაო. ახლა სად არის არსენი, არ ვიცი.

- თუ საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო, შესაძლოა მკვლელობისთვის არა უმცროსი, არამედ თქვენი უფროსი ვაჟი გასამართლდეს.

- რასაკვირველია, ეს დედისთვის ტრაგედიაა, მაგრამ სამართალი უნდა აღსრულდეს და უდანაშაულო მამუკა ციხიდან გამოვიდეს.

სხვათა შორის, ლუიზა ყოლბაია მანუჩარ კერესელიძეს შემთხვევით შემოაკვდა. რა თქმა უნდა, არ მაქვს იმედი, რომ ამას დავით გერგედავა აღიარებს.

ამ ამბავმა ჩემი მეუღლე გადაიყოლა. ერთი შვილი გაქცეულია და არც კი ვიცი, როდის ვნახავ, მეორე ციხეშია, შვილიშვილს (არსენ კალანდაძის შვილს) დათიკო გერგედავა ახლოსაც არ მაკარებს. ჩემს მდგომარეობაში ყოფნას მტერს არ ვუსურვებ. ერთადერთი, რაზეც გამუდმებით ვფიქრობ, მამუკა კალანდაძის გათავისუფლებაა, რომელმაც მისჯილი 17 წლიდან 7  უკვე მოიხადა. როგორც ადვოკატები და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები მეუბნებიან, მამუკა კალანდაძეს აქვს შანსი, შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდეს.

P.S. როგორც ჩანს, ძმები კალანდაძეების სკანდალურ საქმეზე კიდევ არაერთი ინფორმაცია გახმაურდება. მე კი ამ საქმემ შორეულ მალაიზიაში მომხდარი ერთი უპრეცედენტო შემთხვევა გამახსენა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ამ ქვეყანაში ნარკოტიკებით მოვაჭრეებს სასტიკად სჯიან, მათ ცენტრალურ მოედანზე დახვრეტა ან ჩამოხრჩობა ემუქრებათ, განაჩენის სისრულეში მოყვანამდე კი ოცწლიან პატიმრობაში, გაუსაძლის პირობებში არიან. ამ დროს ციხეში ტუსაღის გაროზგვა ჩვეულებრივი ამბავია. მალაიზიაში ასეთების შეწყალება ან მსუბუქად დასჯა თითქმის გამორიცხულია. თუმცა, იყო ერთი უპრეცედენტო შემთხვევაც, როცა  ამ დანაშაულისთვის ადამიანი არ დასაჯეს. მიზეზი ის გახდა, რომ სასამართლომ ვერ გაარკვია  ტყუპი ძმიდან რომელი იყო დამნაშავე და ორივე გაათავისუფლა შემდეგი არგუმენტით, - უდანაშაულო ადამიანის დასჯას ვერ დავუშვებთ და ვაითუ, შევცდეთო(!).