"საქართველოს ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ძვირად დაუჯდება" - კვირის პალიტრა

"საქართველოს ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ძვირად დაუჯდება"

"ვინც ქმარი მომიკლა, პასუხი უნდა აგოს!"

"საინტერესოა, სულთმობრძავმა კაცმა, რომელსაც დაუხმარებლად სიარულიც კი არ შეეძლო, როგორ დაგეგმა ბუნტი?"

სტრასბურგის სასამართლომ ბოლო ორი წლის განმავლობაში უკვე მეოთხედ დაადანაშაულა ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება ადამიანების სიცოცხლის უფლების ხელყოფაში.

ამჯერად სტრასბურგის სასამართლომ  საქართველოს ხელისუფლება დამნაშავედ ცნო  პატიმარ ნიკოლოზ მახარაძის სიკვდილში. გადაწყვეტილება საქმეზე - "მახარაძე და სიხარულიძე საქართველოს წინააღმდეგ" 2011 წლის 22 ნოემბერს გამოქვეყნდა და 2012 წლის თებერვალში შევა  ძალაში. ევროსასამართლომ დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი - ხელყო ნიკო მახარაძის სიცოცხლის უფლება.

ნიკო მახარაძე 2006 წლის 14 მარტს სპეციალურმა ოპერატიულმა დეპარტამენტმა აბასთუმანში დააკავა. ნიკო მახარაძეს ბრალად დასდეს ნარკოტიკების შეძენა-შენახვა და ქურდული სამყაროს წევრობა - კანონიერი ქურდობა.

ბესო ქარცივაძე, ნიკოლოზ მახარაძის ყოფილი ადვოკატი: - ნიკო მახარაძე მეორე ჯგუფის ინვალიდი იყო, პენსიონერი და აბსოლუტურად სმენადაქვეითებული. ჰქონდა სხვადასხვა დაავადება, მათ შორის - ტუბერკულოზის ბოლო სტადია. ასე მძიმედ დაავადებული ადამიანი ჯერ მეშვიდე საპყრობილეში სრულ იზოლაციაში ამყოფეს, შეგნებულად არ მისცეს მედიკამენტები და სპეციფიკური საკვები, რითაც იგი სულდგმულობდა. ციხის საავადმყოფოში მხოლოდ მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. დაუნიშნეს მკურნალობა, გადასხმები, ძლიერმოქმედი ანტიბიოტიკები და საძილე საშუალებები. მახარაძე რუმბივით იყო დასივებული და სიკვდილს ებრძოდა, როცა 2007 წლის 27 მარტს, ციხეში ბუნტის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ისევ მეშვიდე საპყრობილეში დააბრუნეს და მოგვიანებით ციხის ბუნტის ორგანიზებაში დასდეს ბრალი(?!). ნიკო მახარაძემ თურმე შეარჩია დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, შეიმუშავა გეგმა, ადმინისტრაციას წინააღმდეგობა გაუწია და ამასთან, ამ პროცესში ჩართო სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი პატიმრებიც.

საინტერესოა, სულთმობრძავმა კაცმა, რომელსაც დაუხმარებლად სიარულიც კი არ შეეძლო, როგორ დაგეგმა ბუნტი ან როგორ გაუწია წინააღმდეგობა ციხის ადმინისტრაციას? პროტესტის ნიშნად მახარაძემ შიმშილობა გამოაცხადა.

ბუნტიდან მესამე დღეს ექიმთა კონსილიუმმა მახარაძის სამკურნალო დაწესებულებაში დაუყოვნებლივ გადაყვანის თხოვნით მიმართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს. ასეთივე მოთხოვნა ჰქონდა მაშინდელ სახალხო დამცველ სოზარ სუბარს.

ევროპის სასამართლოში პირველი სარჩელი ნიკო მახარაძემ გაგზავნა, მთავარი მოთხოვნით - სიცოცხლე შეენარჩუნებინათ. სასამართლომ საჩივარი განიხილა და 2008 წლის ნოემბერში საქართველოს დაავალა, მახარაძე სპეციალიზებულ კლინიკაში გადაეყვანათ, მაგრამ ეს გადაწყვეტილება არ შეასრულეს.

ნიკო მახარაძე სამ თვეში გარდაიცვალა".

ზაზა ხატიაშვილი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე: - ნიკო მახარაძე  უკვე ციხის სამკურნალო დაწესებულებაში  იყო, როცა ამ საქმეში ჩავერთე. მიუხედავად იმისა, რომ იყო ექსპერტის დასკვნა მისი მძიმე მდგომარეობის შესახებ, მას არ გადაუვადეს პატიმრობა. არც წამლებს აძლევდნენ და არც მკურნალობდნენ. ამის გამო ნიკოლოზ მახარაძემ შიმშილობა გამოაცხადა. ციხის საავადმყოფოს უფროს მუხაძეს და მთავარ ექიმ ასათიანს ოფიციალური წერილითაც კი მივმართე, რომ თუ მახარაძეს სპეციალურ სამკურნალო დაწესებულებაში არ გადაიყვანდნენ, უთუოდ მოკვდებოდა. ნიკო მახარაძე ცოცხალი იყო, როცა ევროსასამართლომ ხელისუფლებას მისი სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა დაავალა.

ვინ წარმოიდგენდა, რომ ხელისუფლება ევროსასამართლოს მითითებას არ შეასრულებდა.  მისი გარდაცვალების შემდეგ მისი მეუღლის სახელით შევიტანე განცხადება სტრასბურგის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლოში. საჩივარში მივუთითე, რომ ნიკოლოზ მახარაძე საქართველოს ხელისუფლებამ წინასწარი განზრახვით მოკლა და  საქართველომ საქმე წააგო. სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტულია და იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა ყველა ანალოგიურ საქმეს წააგებს! 15 ათასი ევროს გადახდის გარდა, ევროსასამართლომ ამ საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარება მოითხოვა. 2012 წლის თებერვალს, როცა გადაწყვეტილება ძალაში შევა, მოუთმენლად ველოდები, რადგან ოფიციალურად მოვითხოვ სასამართლოს დადგენილების შესრულებას და ყველა იმ პირის პასუხისგებაში მიცემას, ვინც ვალდებული იყო შეესრულებინა ევროსასამართლოს მითითება.

- რა გარანტია გაქვთ, რომ ხელისუფლება ამჯერად შეასრულებს მითითებას?

- ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ძვირად დაუჯდებათ ხელისუფლებასა და მიხეილ სააკაშვილს. ამის პირობას საჯაროდ ვიძლევი! თუ ხელისუფლება კვლავ გააგრძელებს ურჩობას, ევროსაბჭო და ევროკავშირი ამ საქმეზე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას გამოიტანენ.

თუ პროკურატურა არ ასრულებს ევროსასამართლოს მითითებებს, წერილობით უნდა აცნობოს ევროსაბჭოს, რომ მისი მითითებები არ სრულდება. ფულის გადახდა დაზარალებული მხარისთვის არ ნიშნავს გადაწყვეტილების შესრულებას. მთელ საქართველოს ვაჩვენებ, რა მოხდება, თუ ამ საქმეზე დამნაშავეები არ დაისჯებიან, - ევროსასამართლოში მიხეილ სააკაშვილს ვუჩივლებ, რადგან სწორედ პრეზიდენტია ქვეყანაში კონსტიტუციის დაცვის გარანტი.

სააკაშვილი მუხაძისა და ასათიანის გამო თავს არ დაისჯის. არ შეასრულებენ ევროსასამართლოს მითითებებს? მაშინ ევროსაბჭოს წევრი ქვეყნის ყველა მინისტრს მივწერ, რომ საქართველოს მთავრობა არ ასრულებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებს. ასეთი ქვეყნის პრეზიდენტს კი დიდი შანსი აქვს, ევროკავშირმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს, ისევე როგორც ლუკაშენკო. სხვათა შორის, სააკაშვილს ქვეყნის წინაშე ათჯერ მეტი დანაშაული აქვს ჩადენილი. დემოკრატიული მმართველის სახელი უკვე შერყეული აქვს. არადა, სულ რამდენიმე წლის წინ დასავლეთში დემოკრატიის შუქურას ეძახდნენ.

დალი სიხარულიძე, ნიკო მახარაძის მეუღლე: - სიმართლის დასადგენად და დამნაშავეების დასასჯელად ვიბრძოლებ. ვინც ქმარი მომიკლა, პასუხი უნდა აგოს!"

P.S.  ჩვენმა ქვეყანამ სიკვდილით დასჯა 90-იან წლებში გააუქმა, თუმცა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები მიუთითებს, რომ ქვეყანაში სიკვდილით დასჯა არაოფიციალურად მოქმედებს! სტრასბურგმა უკვე მერამდენედ მიუთითა, რომ საქართველოში ირღვევა კაცობრიობის ფუნდამენტური პრინციპი - სიცოცხლის უფლება.