სიყვარულის თუ პოლიტიკის მსხვერპლი?! - კვირის პალიტრა

სიყვარულის თუ პოლიტიკის მსხვერპლი?!

"ეს საქმე თავიდან ბოლომდე შეთითხნილია"

გიორგი სიბაშვილი: "ვცდილობდი, იარაღის წართმევას, მაგრამ არ მაძლევდა და მეუბნებოდა, ჩემი ხელით უნდა მოკვდეო..."

სოფო ნიკოლაიშვილი: "აღარ ვაპირებ ვინმესთვის ხელის დაფარებას, დავიღალე!"

"ჟურნალისტი სოფიკო ნიკოლაიშვილი ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ ფოტოები გადაუღეს და აშანტაჟებდნენ"

20 წლის სოფიკო ნიკოლაიშვილს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარებასა და 26 წლის გიორგი სიბაშვილის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ. მას 35-დღიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდეს. სამართალდამცავების ინფორმაციით, სოფო ნიკოლაიშვილმა მამის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღით სცადა, ესროლა გიორგი სიბაშვილისთვის, მაგრამ ამ უკანასკნელმა იარაღი წაართვა და პოლიციას გოგონა თავად მიჰგვარა. ამ ამბავში მთავარი მოწმე, დაზარალებული და დამპატიმრებელი გიორგი სიბაშვილია, რომელიც თავად არის შინაგან საქმეთა სამხარეო პოლიციის თანამშრომელი, სოფიკო ნიკოლაიშვილი კი ჟურნალისტია. სოფიკოს მამა ოპოზიციის აქტივისტია ("ქართული ოცნების" მხარდამჭერი), სიბაშვილის მამა კი გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილე, ბიძა - კახეთის გუბერნატორის მოადგილე.

გიორგი სიბაშვილი მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს. სამაგიეროდ, ჩვენება კახეთის საინფორმაციო ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა (სტილი დაცულია): "2012 წლის 31 იანვარს დილის საათებში ვნახე (მობილურ ტელეფონზე) სოფოს  მოწერილი წერილი, "დღეს მინდა გნახო და მიიღო ის, რასაც ელოდებოდი აქამდე".

ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა და დავურეკე... მითხრა, შემხვდი გურჯაანში, კულტურის სახლთანო. დაახლოებით 16.30 საათზე კულტურის სახლთან თემურ უტიაშვილის "ნივით" მარტო მივედი. ეზოში იდგა სოფო, რომელსაც ხელში ასფალტისფერი ტყავის ჩანთა ეკავა. მანქანის უკანა სავარძელზე დაჯდა, მითხრა, სასწრაფოდ წავიდეთ აქედანო. მანქანა რომ დავძარი, მითხრა, ზემოთ ზიარისკენ იარე, არ მინდა, ვინმემ დამინახოსო... ე. წ. ქსელებთან რომ მივედი, დავაპირე მანქანის გაჩერება. მითხრა, ცოტა მოფარებულში გააჩერე, გამვლელმა არ დამინახოს, მანქანაში ბიჭს რომ ვუზივარო. მეც ქსელების ზემოთ ჩიხში შევიყვანე ავტომობილი. მანქანა რომ გავაჩერე, მომთხოვა, გადავსულიყავი და გვერდით დავმჯდარიყავი. გადავედი. შემდეგ სიცილით მითხრა, ვიგუნდაოთო. უარი ვუთხარი იმ მიზეზით, რომ მეჩქარებოდა. სოფოს ხელთათმანები ეკეთა, რომელიც გაიხადა და მითხრა, ხელზე რაღაც მისვია, დაბლა ჩავალ და გავიწმენდო.

დაბლა რომ ჩავიდა, ამ დროს მძღოლის სავარძლის უკან ვიჯექი, გაიწმინდა ხელები, გახსნა მარჯვენა კარი, სავარძლიდან აიღო თავისი ხელჩანთა, დაუწყო რაღაცას ძებნა, ჯერ გასაღები ამოიღო, შემდეგ ისევ ჩადო ჩანთაში. შევამჩნიე, რომ სახეზე ფერი ჰქონდა დაკარგული, თანაც ძალიან ცუდად მიყურებდა, ისე, რომ ჩანთაში არც იხედებოდა, თვალს არ მაცილებდა. მისმა ამ მოქმედებამ დამაეჭვა, ჩანთის კიდეზე ხელი მოვკიდე და ვუთხარი, ჩამჯდარიყო, ჩანთიდან ხელი გამაშვებინა და ამ დროს უცბად ამოიღო შავი პისტოლეტი, ჩანთა დააგდო და ორივე ხელით მომიშვირა იარაღი. მივხვდი, რომ იარაღი დატენილი იყო, ჩახმახი უკან ჰქონდა გადაწეული. ყვირილით მითხრა, გეგონა, გაპატიებდი ყველაფერს, ახლა უნდა მოგკლაო. შემეშინდა, არ ესროლა და დავუწყე დამშვიდება, მაგრამ აგრესიულად მიყვირა, შენი იარაღი არ ამოიღოო და თვითონ პისტოლეტი სახესთან ახლოს მომიტანა, დავინახე, სასხლეტზე თითი გამოდებული ჰქონდა. წყნარად ველაპარაკებოდი, რომ როგორმე მომედუნებინა და იარაღი წამერთმია. ამ დროს მარჯვენა ხელი ვტაცე ლულას და მარჯვნივ გავწიე. იმავდროულად მანქანიდან ისე გადავხტი, რომ არც მას და არც მე იარაღისთვის ხელი არ გაგვიშვია. ეს მოხდა წამებში, გადმოხტომის დროს სოფომ უცბად  ჰაერში გაისროლა. ორივე მიწაზე დავეცით, ვცდილობდი, იარაღის წართმევას, მაგრამ არ მაძლევდა და მეუბნებოდა, ჩემი ხელით  უნდა მოკვდეო... როგორც იქნა, წავართვი იარაღი და განვმუხტე. ამის შემდეგ სოფო წამოვაყენე, ჩავსვი მანქანაში და წამოვიყვანე პოლიციაში".

სოფიკო ნიკოლაიშვილის ადვოკატი მამუკა ნოზაძე ამ ამბავს სხვაგვარად აღწერს და შინაგან საქმეთა სამხარეო სამმართველოს თანამშრომელს ძალადობაში  ადანაშაულებს.

მამუკა ნოზაძე: - სოფიკომ ჩვენებაში დეტალურად აღწერა, რომ 2011 წლის 2 ნოემბერს გიორგი სიბაშვილმა გააუპატიურა გაუკუღმართებული ფორმით. გონდაკარგულ გოგონას ფოტოები გადაუღეს, რის შემდეგაც პოლიცია მუდმივად აშანტაჟებდა, "ვერბოვკას" უკეთებდა. ემუქრებოდნენ, ამ ფოტოებს გამოვაქვეყნებთო. რადგან სოფოს მამა დავით ნიკოლაიშვილი ოპოზიციის აქტივისტია, მის საქმიანობაზე ინფორმაციას სთხოვდნენ. იმის შიშით, რომ ფოტოები ოჯახს არ ენახა, გოგონა გიორგი სიბაშვილს  ყველა მოთხოვნას უსრულებდა. სწორედ მან გამოატანინა სოფოს მამის სეიფიდან იარაღი. ეს იყო დანაშაულის პროვოცირება. რასაც ე. წ. დაზარალებული თავის ჩვენებაში ჰყვება, ყველაფერი შეთხზულია.

20 წლის ჟურნალისტი გოგონა კახეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომელს რომ მოკვლას უპირებდა, აბსურდია. გიორგი სიბაშვილი ჩვენებაში იმასაც ამბობს, რომ სოფო ნიკოლაიშვილთან სექსუალური ურთიერთობა არ ჰქონია. ამის დადასტურება ძალიან ადვილია. უკვე დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და მალე გვექნება დასკვნა. მე ვეყრდნობი სოფოს მონათხრობს, ის ვერ შეთხზავს ისეთ რამეს, რაც მის თავმოყვარეობასა და ღირსებას შელახავს. უახლოეს დღებში პროკურატურას მივმართავთ. სოფო ნიკოლაიშვილისთვის 35-დღიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდება შეცდომაა. ამ მიკერძოებული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ\ქართული სასამართლო სანოტარო ბიუროდ არის გადაქცეული.

არ არსებობს მტკიცებულებები, რომ სოფო ნიკოლაიშვილმა პოლიციელის მოკვლა სცადა. ე.წ. დაზარალებული გიორგი სიბაშვილი, მთავარი მოწმე და დამპატიმრებელი კახეთის სამხარეო პოლიციის გამომძიებელია და აღმკვეთი ღონისძიების განხილვისას ამ ფაქტს  უნდა მისცემოდა ადეკვატური შეფასება. სოფიკომ დანაშაული არც ერთ ნაწილში არ აღიარა".

დავით ნიკოლაიშვილი, სოფიკოს მამა: -  ეს საქმე თავიდან ბოლომდე შეთითხნილია. დამარტყეს იქ, სადაც სუსტი წერტილი მიპოვეს. ამჟამინდელი (გიორგის ბიძა) ვიცე-გუბერნატორი გიორგი სიბაშვილი თავის დროზე კენჭს იყრიდა გურჯაანის რაიონში მაჟორიტარ დეპუტატად და არჩევნები წააგო. გაიმარჯვა მისმა კონკურენტმა ("ომეგას" ყოფილმა ხელმძღვანელმა) ნიკოლოზ კვეზერელმა, რომლის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი მე ვიყავი. თავის დროზე, ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელიც გახლდით, ახლა "ქართული ოცნების"  საინიციატივო  ჯგუფს ვხელმძღვანელობ. ჩემთვის ანგარიშის გასწორება დიდი ხანია უნდოდათ და ასე გამისწორდნენ, - ჩემი 20 წლის გოგონა გააუბედურეს".

გელა მთივლიშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი: "სოფოს სამი წელია ვიცნობ, ის "კახეთის ხმაში" მუშაობდა. მასზე ცუდი არაფერი მსმენია. მიმაჩნია, რომ გამოძიება ტენდენციურად მიმდინარეობს".

სხვადასხვა მედიასაშუალების მტკიცებით, სოფო ნიკოლაიშვილი დაკავებამდე ერთ-ერთ სოციალურ ქსელში წერდა: "ამ ამბავს ბედნიერი დასასრული არ ექნება!" (10.01.2012), "როცა ეგონებათ, რომ ყველაზე ბედნიერები არიან და მათ მშვიდ ცხოვრებას ხელს ვერავინ შეუშლის, აი, მაშინ მიიღებს ყველა თავის მისაღებს და ის სიხარული კოშმარულ სიზმრად გადაექცევათ" (09.01.2012).

ბოლო გზავნილი კი ასეთია: "აღარ ვაპირებ ვინმეს ხელი დავაფარო, დავიღალეეე!" (24.01.2012.)

"კვირის პალიტრა" კახეთის გუბერნატორის მოადგილეს, ე. წ. დაზარალებული გიორგი სიბაშვილის სეხნიასა და ბიძას, გიორგი სიბაშვილს დაუკავშირდა: - ყველაფერი შურისძიების ნიადაგზე მოხდა, გოგონამ ვერ დაითანხმა გიორგი ცოლად  შერთვაზე. სავარაუდოდ, ეს იყო შურისძიება, რომელიც შესაძლოა ფატალური შედეგით დამთავრებულიყო. გიორგი სიბაშვილი ჩემი ძმისშვილია. ეს გოგონა კი ერთ-ერთ მედიაორგანიზაციაში მუშაობდა. ამ ამბის პოლიტიკასთან დაკავშირება აბსურდია. სოფო ნიკოლაიშვილის მამა ისეთი პოლიტიკური ფიგურა არ არის, რომ ვინმეს მისი გოგონას შანტაჟირების იდეა მოსვლოდა. ეს ამბავი სიყვარულის გამო მოხდა, ერთმანეთი უყვარდათ და მერე რაღაც მოხდა.

გიორგი ამბობს, სოფოს არასოდეს დავპირებივარ ცოლად მოყვანასო. სწორად გამიგეთ, იმის გამო, რომ ბიჭის ბიძა გუბერნატორის მოადგილეა, გოგოს მამა კი ოპოზიციის აქტივისტი, არ შეიძლება ამ ამბავს პოლიტიკური სარჩული მიეცეს. ამ შემთხვევაში გოგონას ბედი უფრო მაწუხებს, ვიდრე ბიჭის, თუმცა შესაძლოა ყველაფერი  უფრო ცუდად დასრულებულიყო.