რა მოელის შალვას?! - კვირის პალიტრა

რა მოელის შალვას?!

სასამართლომ ნათელაშვილის წინააღმდეგ "პალიტრამედიის" სარჩელი სრულად დააკმაყოფილა

"თუ ნათელაშვილი ამ სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ ცნობს, საინტერესოა, თავადვე რატომ ჩივის ხოლმე იმავე სასამართლოში?"

"საზოგადოებაში ადამიანი იმით ფასობს, თუUრა წონა აქვს მის სიტყვას"

მართალია, ენას ძვალი არა აქვს და რაც გინდა, იმას ათქმევინებ, მაგრამ ოქროს წესია, - სანამ რამეს იტყვი, ხანდახან  ტვინსაც უნდა დაეკითხო, თორემ საკუთარი ენა მტრად მოგეკიდება. ჩვენი პოლიტიკური "ელიტის" ზოგიერთ წარმომადგენელს ცილისწამების საშიში ჩვევა დასჩემდა. ცილისმწამებლურ ფანტაზიებს განსაკუთრებით მას შემდეგ მიეცა გასაქანი, რაც სისხლის სამართლის კოდექსიდან ცილისწამების მუხლი ამოიღეს. ქართულ რეალობაში უპასუხისმგებლობის სენი ისე გავრცელდა, რომ ჩიხში მოქცეული ზოგიერთი პოლიტიკოსი ცილისმწამებლურ ფანტაზიას მეტ უპირატესობას ანიჭებს, ვიდრე სიმართლეს და ეს ხერხი პოლიტიკური მიზნის მიღწევის ერთადერთ საშუალებად გაუხდია. ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ შალვა ნათელაშვილის წინააღმდეგ "პალიტრამედიის" სარჩელი სრულად დააკმაყოფილა. ალბათ, მკითხველს ახსოვს, რომ "პალიტრამედიამ" საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცრუცნობების გავრცელებისთვის ლეიბორისტული პარტიის" ლიდერს 2011 წლის დეკემბერში სასამართლოში უჩივლა. ნათელაშვილი "პალიტრამედიას" ყოველგვარ "უკეთურ საქმეში ამხელდა".

სხვადასხვა დროს გავრცელებული შალვა ნათელაშვილის "მარგალიტები": "ინტერპრესნიუსი" და "კვირის პალიტრა" ჯერ კიდევ წლების წინ ბიძინა ივანიშვილს უყიდია და თურმე აფინანსებს ქეშადაც და გადარიცხვითაც. "ქართუ ბანკის" გადარიცხვები ამოსწიეთ, მთელი "ჰოლდინგი" ნაყიდი აქვთ", - აცხადებდა პირველი ლეიბორისტი. მოგვიანებით ნათელაშვილმა გაზეთ "ქრონიკაში" გადაინაცვლა და მის ფურცლებზე გააგრძელა ჩვენი "მხილება". თურმე ნუ იტყვით და: "კვირის პალიტრა" საბურთალოს ქუჩაზე მდებარე სკოლაში შევარდა და შენობა დაითრია. იქ ბავშვები სწავლობდნენ, მისი ყიდვა როგორ შეიძლებოდა, მაგრამ გააკეთეს. ვფიქრობდი, საიდან, საიდან და თურმე ეს ზეზვა არ აფინანსებდა ამათაც, ჭორვილელი დათვი? თურმე ეს არის მაგათი დირიჟორი".

იმავე ინტერვიუში შალვა ნათელაშვილი ამტკიცებდა, რომ "ქართუ ბანკიდან" 10 წლის განმავლობაში ჩვენი ჰოლდინგის ანგარიშებზე  მილიონებია გადარიცხული და ამის დოკუმენტები არსებობს.

"პალიტრამედიამ" მთავარი ლეიბორისტის აბსურდული განცხადებები არაინფორმირებულობას მიაწერა და გადაწყვიტა, მედიასახლში მოეწვია და მისთვის ყველა საინტერესო დოკუმენტი გაეცნო, მაგრამ მან უარი თქვა. ამის შემდეგ "პალიტრამედიამ" საპასუხო განცხადება გაავრცელა და ნათელაშვილს მოყვანილი ფაქტების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა ან ერთ კვირაში საკუთარი განცხადებების საჯაროდ უარყოფა მოსთხოვა, მაგრამ ბატონ შალვას არც დოკუმენტები წარმოუდგენია და არც ცილისმწამებლური განცხადებები უარუყვია. ამიტომაც "პალიტრამედიამ" სასამართლოში იჩივლა.

ზვიად კორძაძე, "პალიტრამედიის" ადვოკატი: "შალვა ნათელაშვილისთვის რომ გეკითხათ, შენობა, სადაც ახლა მედიაჰოლდინგია განთავსებული "კვირის პალიტრამ" ბავშვებს წაართვა. არადა, ეს შენობა არასოდეს ყოფილა სკოლის. ის 1984 წელს აშენდა და საპროექტო იყო, თანაც "კვირის პალიტრას" ამ შენობის არც პრივატიზება მოუხდენია და არც სახელმწიფოსაგან მიუღია სხვა ფორმით. შენობა "კვირის პალიტრამ" კერძო პირებისგან შეიძინა "TBC ბანკის" კრედიტით. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილისგან მილიონობით თუ ასიათასობით დაფინანსებას, "პალიტრამედიაში" ივანიშვილისგან გადმორიცხული მილიონები არავის უნახავს და შალვა ნათელაშვილი თუ გვაჩვენებს რომელიმე დოკუმენტს, მადლობელი ვიქნებით...

როგორც მოსამართლემ განმარტა, ნათელაშვილს ჩაჰბარდა სარჩელი და შესაგებლის წარმოსადგენად ვადაც მისცეს, მაგრამ ამაოდ. სასამართლომ დამატებით დანიშნა მოსამზადებელი სხდომა, მაგრამ ნათელაშვილი არც იმჯერად გამოცხადდა (ეტყობა არაფერი ჰქონდა სათქმელი. - ავტ.). აქედან გამომდინარე, სასამართლომ დაუსწრებლად გამოიტანა გადაწყვეტილება და სრულად დააკმაყოფილა ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა. ნათელაშვილს მის მიერ გავრცელებული ცნობების უარყოფა იმავე საშუალებებით დაეკისრა, რომლებითაც გაავრცელა.

- სასამართლომ კი დააკისრა, მაგრამ ნათელაშვილმა (მისივე "არაორდინარულობიდან" გამომდინარე) შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებაზე უარი თქვას.

- მთავარია, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდეს, ნათელაშვილს მისი გასაჩივრების უფლება აქვს. თუ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას არ აღასრულებს, ეს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, - ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან  2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

როგორც ვვარაუდობდით, ნათელაშვილმა უარი თქვა სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებაზე, რაზეც მისი "ალიაში" გაკეთებული კომენტარიც მეტყველებს:

"სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ვემორჩილები არც ერთ შემთხვევაში, იმიტომ, რომ რაც ჩვენ ვთქვით "პალიტრამედიაზე", აბსოლუტური ჭეშმარიტებაა. ამ ჯგუფს მრავალი წელი აფინანსებდა ოლიგარქი ივანიშვილი... მიუხედავად ამისა, ჩვენ არ ვაპირებთ მასმედიის წინააღმდეგ სააკაშვილის სასამართლოში წანწალს. ასევე არ ვაპირებთ ბოდიშის მოხდას და სხვა სისულელეებს... მე არ ვცნობ სააკაშვილის სასამართლო ხელისუფლებას. კუბლაშვილების, სააკაშვილებისა და ივანიშვილების რეფორმირებულ სასამართლოს არ ვცნობ. მე ამ სასამართლოების გადაწყვეტილებებს არ ვასრულებ... რაც უნდათ, ის გააკეთონ, ჩემგან ეგენი ბოდიშს ვერ ეღირსებიან!"

პასუხი სწორედ ისეთია, როგორიც ბატონ შალვა ნათელაშვილს ეკადრება(!). ისე, სასამართლო გადაწყვეტილებისა და კანონის გარდა ამქვეყნად სხვა უფრო ღირებული რამაც არსებობს, - საზოგადოებაში ადამიანი იმით ფასობს, თუ რა წონა აქვს მის სიტყვას. ბატონი შალვას სიტყვას ოდესმე ოქროს ფასი ჰქონდა-მეთქი რომ ვთქვა, ნამდვილად ვიცრუებ, მაგრამ ამ პერიპეტიების შემდეგ თქვენს ნათქვამ სიტყვას რაღა ფასი აქვს, ბატონო შალვა?!

ისე, თუ ნათელაშვილი ამ სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ ცნობს, საინტერესოა, თავადვე რატომ ჩივის ხოლმე იმავე სასამართლოში?

ბატონო შალვა, თქვენთვის ბოდიში არავის მოუთხოვია, თქვენ სასამართლომ თქვენი ცილისმწამებლური ცნობების უარყოფა დაგავალათ.

P.S. კიდევ კარგი, საქართველოში სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება მხოლოდ შალვა ნათელაშვილის ნებაზე არ არის დამოკიდებული.