"ყველაზე საპატიო პროფესიად ადამიანური ღირსება მიმაჩნია" - კვირის პალიტრა

"ყველაზე საპატიო პროფესიად ადამიანური ღირსება მიმაჩნია"

რატომ მოხვდა "კვირის პალიტრის" ჟურნალისტის ფანჯარას ტყვია?!

გასულ კვირას ჩემი სახლისთვის ნასროლმა ტყვიამ საზოგადოება ააფორიაქა. მართალია, დამნაშავე, რომელმაც აღიარა, რომ სანადირო თოფი შემთხვევით გაუვარდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმავე დღეს დააკავა, მაგრამ ამ ვერსიის ბევრს არ სჯერა. გადავწყვიტე, დამეწერა რა მოხდა სინამდვილეში. საკუთარ თავზე წერა ძნელი ყოფილა, მაგრამ შევეცდები, მაქსიმალურად ობიექტურად გადმოვცე, რაც მოხდა.

ორშაბათობით "კვირის პალიტრა" გამოდის და თავს დასვენების უფლებას ვაძლევ, მაგრამ იმ დღეს რესპონდენტთან მომიხდა შეხვედრა. სამი საათი იყო დაწყებული, რომ მეუღლემ შეშფოთებულმა დამირეკა, გვესროლესო. რა გვესროლეს-მეთქი? რა და ზარბაზანი, ჩქარა მოდიო, მიპასუხა. ტაქსიში ჩავჯექი და გულგახეთქილი სახლისკენ გავქანდი. შინ მისულს ფანჯრის ზედა ნაწილი ჩამსხვრეული დამხვდა, დაზიანებული იყო ჩარჩოც, მთელ ოთახში შუშის ნამსხვრევები და მოზრდილი საფანტი ეყარა, ქუჩაში კი სანადირო თოფის ცარიელი ჰილზა ეგდო.

მიუხედავად იმისა, რომ ვღელავდი, საღი აზრი არ დამიკარგავს და დავუშვი შემთხვევითობის ალბათობაც. სანამ პოლიციას გამოვიძახებდი, გავარკვიე, რომ ჩემს ფანჯარას თეთრი "პორშე კაიანის" ჯიპის (რომელიც უბანში უცხო მანქანა იყო) ღია ლიუკიდან ესროლეს. სხვა არაფერი დამრჩენოდა, გარდა იმისა, რომ პოლიცია გამომეძახებინა. პოლიციის თანამშრომლებს თავად ჩავაწერინე მანქანის მარკა და ნომერი. მიუხედავად იმისა, რომ მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ ვაცნობე რედაქციას, საღამოს 5 საათამდე თავს ვიკავებდით და არ ვავრცელებდით ინფორმაციას უსაფუძვლო სკანდალის თავიდან ასაცილებლად. თუმცა, ეჭვი, რომ ეს შეიძლებოდა სწორედ ჩემს საქმიანობასთან ყოფილიყო დაკავშირებული, ბუნებრივია, გამიჩნდა.

პოლიციამ გაარკვია მანქანის მფლობელის ვინაობა. ეს აღმოჩნდა 1982 წელს დაბადებული ლაშა შარაშიძე, მის ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას ამოიღეს სანადირო თოფის ტყვიები, რომლებიც ნასროლის იდენტური აღმოჩნდა. დაკავებულმა, რომელსაც თან ჰქონდა ორლულიანი თოფი, განმარტა, რომ სანადიროდ იყო, მერე კი თოფის შემოწმება მოინდომა და გაისროლა, ხოლო ტყვია ერთ-ერთ სახლს მოხვდა.

პოლიციაში განმიცხადეს,  გამიზნულ ქმედებასთან კი არა, საქმე შემთხვევითობასთან გვაქვსო. ამას ჩემთვის შვება არ მოუგვრია, რადგან თუ ეს შემთხვევითობა იყო, მას შეიძლებოდა დიდი უბედურება მოჰყოლოდა, რადგან იმ ფანჯარასთან ჩემი 11 წლის გოგონა მეცადინეობს ხოლმე, იმ დღეს კი სამხატვრო სკოლაში გაკვეთილი ჰქონდა და სულ ორი წუთის გასული იყო ოთახიდან.

პოლიციაშივე გავარკვიე, რომ ლაშა შარაშიძე დაკავებისას გვარიანად ნასვამი იყო. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში დაზარალებულად ვარ ცნობილი, საქმის მასალებს არ ვიცნობ. ასეთია გამოძიების ნება. საინტერესოა, სად და ვისთან ერთად ინადირა ლაშა შარაშიძემ. ის შეძლებული ოჯახის შვილია, თავად ფინანსური პოლიციის ყოფილი თანამშრომელია, ძალოვან სტრუქტურებში დიდი საძმაკაცო ჰყავს და ჩემი ინფორმაციით, იმ დღეს სანადიროდ კი არა, საქეიფოდ ბრძანდებოდა. მთვრალმა კი თავს უფლება მისცა არა მარტო სანადირო თოფის შენახვისა და გადატანის წესები დაერღვია, არამედ სანადირო თოფი მჭიდროდ დასახლებულ პუნქტშიც მოესინჯა.

ჯანსუღ ბოჭორიშვილი, მონადირე: "სანადირო თოფი აუცილებლად უნდა დაიშალოს სანადირო სავარგულიდან გამოსვლისას და სპეციალურ შალითაში მოთავსდეს. ამ წესის დაცვა მით უმეტეს აუცილებელია ქალაქის ტერიტორიაზე. ქალაქში აწყობილი, ვაზნებიანი თოფით სიარული კატეგორიულად დაუშვებელია. საინტერესოა ისიც, ორლულიანი თოფის ცარიელი ვაზნა როგორ აღმოჩნდა ქუჩაში? სავარაუდოდ, 5-ტყვიიანი თოფია ნასროლი, თუ ასეა და თოფი მანქანის სალონში ჰქონდა და მისი გასინჯვა უნდოდა, მაშინ ლულას ვერ გასინჯავდა, რადგან ხუთტყვიიანი თოფი იოლად არ იშლება. თოფი ფანჯრიდან მთელი კორპუსით უნდა გადმოეყო და ისე გაესროლა. ლულის შემოწმების სხვა ვერსია გამორიცხულია. თუ ორლულიანი თოფი გაისროლა, გამოდის, მერე გადახსნა თოფი, ჰილზა ამოიღო და გადააგდო. თვითმხილველები ამბობენ, რომ ლიუკიდან ისროლეს, არა? ვფიქრობ, მანქანაში ორი ადამიანი იჯდა, რადგან ის, ვინც საჭესთან იქნებოდა, ლიუკიდან გასროლას ვერ მოახერხებდა, ე.ი. თოფი სხვამ ისროლა. ის, რომ ტყვიამ სახლის ფანჯრის შუშა გაანგრია, კონტეინერი ოთახში შემოვარდა და შემდეგ კი საფანტი ოთახში გაიშალა, ნიშნავს, რომ ძალიან ახლო მანძილიდან ისროლეს. ღმერთმა დაგიფარათ თქვენც და ამ სისულელის ჩამდენიც, რომ ვინმეს არ მოხვდა ტყვია".

ლაშა შარაშიძის დაკავების შემდეგ მისმა ოჯახმა ჩემთვის პატივსაცემი უამრავი პიროვნება მომიგზავნა თხოვნით, არ დამეღუპა ახალგაზრდა და არ დამეკავშირებინა ეს შემთხვევა ჩემს ჟურნალისტურ საქმიანობასთან.

გამოძიების დასრულებამდე დაბეჯითებით არაფრის თქმა არ შემიძლია, თუმცა ჩემი მოკვლევით დავადგინე, რომ ლაშა შარაშიძემ ჩემს მეზობელთან სტუმარი მიიყვანა. აქვე დავძენ იმასაც, რომ ჩემი კარიერის მანძილზე არასოდეს მიკადრებია უკადრებელი, თუნდაც პოპულარობისთვის. ყველაზე საპატიო პროფესიად ადამიანური ღირსება მიმაჩნია და არ ვაპირებ იმ ოთახში კატის ძებნას, სადაც ის არ არის.

დღის ორ საათზე სანადირო თოფის გასინჯვა მჭიდროდ დასახლებულ პუნქტში იმას ნიშნავს, რომ პოტენციური მკვლელი ხარ, ხოლო მას შემდეგ, რაც სხვის ოჯახში ტყვია ისროლე, რაღას გარბიხარ, ამბავი მაინც იკითხე, ვინმე ხომ არ დაშავდა, ან ბოდიშს რა უდგას წინ?

დეტალების მოკვლევის შემდეგ, ვფიქრობ, რომ ეს იყო უპასუხისმგებლობა, რომელიც ლაშა შარაშიძისთვის სამწუხაროდ "ჰეფი ენდით" არ დასრულდა. მიუხედავად ყველაფრისა, ქართულ ციხეში მოხვედრას მტერსაც არ ვუსურვებ. ლაშა შარაშიძეს სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა უკვე შეუფარდა.