"დღეს მამინაცვალი ცოცხალია, 19 წლის ბიჭი კი მიწაშია!" - კვირის პალიტრა

"დღეს მამინაცვალი ცოცხალია, 19 წლის ბიჭი კი მიწაშია!"

"ვინ ჰკითხავს განათლების მინისტრს ბავშვის უფლების შეზღუდვას?!"

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება მოსწავლის სტატუსის შეჩერების შესახებ მხოლოდ პოლიტიკოსების, განათლების სფეროს მუშაკებისა და ფსიქოლოგების აღშფოთების საგანი არ გამხდარა. დიმიტრი შაშკინის ინიციატივას შემაშფოთებელს უწოდებენ ისინიც, რომელთაც ე.წ. რთულ ბავშვებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ.

ხათუნა ჯაპავა, 2004-2007 წლებში ავჭალის არასრულწლოვანთა დაწესებულების უფროსი: - კოლონიაში, ძირითადად, ბავშვთა სახლების და სამტრედიის სპეცსკოლის მოზარდები დამხვდნენ, მაგრამ როგორც კი პრეზიდენტმა ნულოვანი ტოლერანტობა გამოაცხადა და ბრძანა, ყველანი ციხეშიო, კოლონია ყველა კატეგორიის ბავშვით გადაიტენა, უმეტესად, სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. დანაშაული კი თითქმის ყველანაირი ჰქონდათ ჩადენილი: ქურდობა, ყაჩაღობა, მკვლელობის მცდელობა, გაუპატიურება. იყვნენ მოზარდებიც, რომლებიც თითიდან გამოწოვილი ბრალდების გამო გაამწესეს კოლონიაში.

ასოციალური ოჯახებიდან (როდესაც მშობელი ლოთი ან ნარკომანია, ან კიდევ მშობლის უფლება აქვს შეზღუდული) გამოსული ბავშვები, იმის გამო, რომ მიუღებელი არიან თანატოლებისთვის, დათრგუნვილები და მორიდებულები არიან. ჭირს მათი ინტეგრაცია სკოლაში. Aამან კი შეიძლება ბევრი პრობლემა წარმოშვას.

მოსწავლის სტატუსის შეჩერების, თავისუფლების აღკვეთისა და სასჯელის რეჟიმის განსაზღვრის უფლება მხოლოდ სასამართლოს აქვს და არა განათლების სამინისტროს. პოლიციამაც რომ დააკავოს მოზარდი, მოსამართლე განსაზღვრავს, შეუზღუდონ უფლება თუ არა. 4 მიუსაფარ ბავშვს ვზრდი, მათ მშობლებსაც შეეზღუდათ მშობლის უფლება, მაგრამ შეუზღუდა სასამართლომ. ვინ ჰკითხავს განათლების მინისტრს ბავშვის უფლების შეზღუდვას?! რატომ არაფერს ამბობს, რა ტიპის სკოლა-პანსიონების შექმნას აპირებს და რა პირობებში იქნებიან იქ ბავშვები? ლომაიას მინისტრობის დროს გამოცხადდა, რომ უნდა შექმნილიყო სპეციალური სკოლები და შს სამინისტროს დაექვემდებარებოდა. ეს უდიდესი შეცდომა იქნებოდა, რადგან ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება, რა რეჟიმისაც უნდა იყოს, განათლების სამინისტროს უნდა ექვემდებარებოდეს.

უცნაურია, იდეის ხორცშესხმა, რომელზეც თავის დროზე უარი ითქვა, შაშკინმა გადაწყვიტა. მისი ბრძანებით, თუ მოზარდი დაარღვევს სკოლის შინაგანაწესს, სპეციალურ დაწესებულებაში გაამწესებენ.

მოსწავლის სტატუსის შეჩერების მიზეზი შეიძLლება გახდეს სისტემატური დაგვიანება, გაცდენა, თუ ცელქია ან დაბალი აკადემიური მოსწრება აქვს, ან სკოლაში მობილური ტელეფონი უპოვეს.

ვერ დამისახელებთ ევროპის ვერც ერთ ქვეყანას, სადაც ასე უდგებიან ბავშვის სასკოლო აღზრდას. გაეროს წევრი ყველა ქვეყანა ვალდებულია, უზრუნველყოს მოსწავლეთა თანაბარ პირობებში განათლება. ამ საკითხის მიმართ გაერო ძალიან პრინციპულია და მიკვირს, ახლა რატომ დუმს.

- გქონიათ შემთხვევა, როდესაც მოზარდი უდანაშაულო ყოფილა, გარემოებათა მსხვერპლად ქცეულა და ამიტომ მოხვედრილა თქვენთან?

- იყო რამდენიმე ასეთი შემთხვევაც: ერთმა ახალგაზრდამ, რომელიც ციხიდან ახალი გამოსული იყო, ეზოში თავისი ძმის მეგობრებს უთხრა, მანქანით გაგასეირნებთო. გახარებულები მანქანაში ჩაუსხდნენ. ის კი თურმე ვალის ასაღებად მიდიოდა. როდესაც მივიდნენ მოვალესთან, ჩხუბი ატყდა. ვიღაცამ პოლიციაში დარეკა. დააკავეს ყველა, - ვალის მომთხოვნიც და ისინიც, ვინც მანქანაში ისხდნენ. 8-8 წელი მიუსაჯეს და უდანაშაულო ბიჭები ციხეში მოხვდნენ. ხშირად სასჯელი დანაშაულის თანაზომადი არ არის. ბავშვისთვის კოლონიაში გატარებული ერთი წელიც ძალიან დიდი დროა. იზოლაციაში მოქცეული ბავშვის გამოსწორება კი ძალიან ძნელია.

ბევრი დანაშაულის საფუძველი სოციალური გარემოა. აფხაზეთის ომის შემდეგ დევნილთა მასა რომ მოაწყდა თბილისს, მახსოვს, მშობლები ამბობდნენ, ჩემი შვილი დევნილ ბავშვთან ერთად კლასში რატომ უნდა იჯდესო. როგორ ფიქრობთ, ასეთი მშობელი ნასამართლევი ბავშვის გვერდით დასვამს შვილს? ჩემთან 17 წლის ბიჭი იხდიდა სასჯელს. როდესაც გათავისუფლების დრო მოუვიდა, ვუთხარი, სკოლაში პრობლემა რომ არ შეგექმნას, წამოგყვები-მეთქი. მითხრა, მშობელს წავიყვან და ყველაფერს მოვაგვარებთო, მაგრამ მერე მომაკითხა, დირექტორმა საჯაროდ გამომლანძღა, ძლივს მოგიშორე, შენ კი ისევ აქ მოხვედიო და სკოლიდან გამომაგდოო. ის ბავშვი ცოტა ხანში ისევ ციხეში მოხვდა...

ზოგიერთი მშობლისაგან ისიც გამიგია, რატომ უნდა იჯდეს ჩემი შვილი ისეთი ბავშვის გვერდით, რომელსაც 6-ლარიანი კედები აცვია, როდესაც ჩემს შვილს 500-ლარიან ფეხსაცმელს ვაცმევ და სკოლაში "ჯიპით" მიმყავსო. ერთმა პატიმარმა მიამბო, ჩემს კლასელს ლამაზი წინდები ეცვა, დედას ვთხოვე, ჩემთვისაც ეყიდა, მაგრამ რომ ვერ მიყიდა, მოვიპარეო.

თუ ბავშვი ცელქია, არ ნიშნავს, რომ დამნაშავეა. დაკვირვებული ვარ, ცელქი ბავშვი სხარტად აზროვნებს. ასეთ ბავშვებთან მუშაობა ძალიან საინტერესოა. არც მინისტრი და არც არავინ უნდა უყურებდეს ბავშვს როგორც პოტენციურ დამნაშავეს.

ერთი ბიჭი კი 5 წლისა იყო, დედამისი მეორედ რომ გათხოვდა. მისი 12 წლის ძმა მეზობელმა შეიფარა, ეს ბიჭი კი ბავშვთა სახლში გაამწესეს. იქაურობას ვერ ეგუებოდა, გარბოდა და უკან აბრუნებდნენ. 13 წლისა რომ გახდა, ქურდობაზე დაიჭირეს და 3 წელი მიუსაჯეს. სასჯელი რომ მოიხადა, მშობელმა არ მიიღო და ისევ ბავშვთა სახლში მოხვდა. ისევ გაიქცა, ისევ ქურდობაზე დაიჭირეს. მეორედ რომ იხდიდა სასჯელს, მაშინ დამნიშნეს კოლონიის უფროსად. უცნაური და რთული მეჩვენა, მაგრამ რომ დაველაპარაკე, მეტად გულღია აღმოჩნდა. ვცადე, ოჯახთან დამეახლოებინა, დედამისს დავურეკე და გამლანძღა. რომ გათავისუფლდა, ვუთხარი, სახლში წამოგყვები-მეთქი, იუარა. თუ რამე მოხდა, შემოგეხმიანებითო. მერე გავიგე, მამინაცვალს სახლიდან გამოუგდია. უსახლკაროდ დარჩენილი, ინტერნეტკაფეს სარდაფში აფარებდა თავს, და ტუბერკულოზით დაავადდა. გაუსაძლის მდგომარეობაში იყო, ციხეში დაბრუნებაზე ოცნებობდა. ერთხელაც პატრულის მანქანა რომ დაუნახავს, იქვე მდგარი ავტომობილის მინა ჩაუმსხვრევია, ვითომდა მაგნიტოფონის ამოსაღებად. რა თქმა, უნდა, დაიჭირეს. ეს რომ გავიგე, კოლონიაში დავრეკე. ტუბდისპანსერში გადაუყვანიათ და იქ მივაკითხე. საბრალო მოგვიანებით გარდაიცვალა. გამანადგურა ამ ამბავმა. ვიკითხე, ვინ მოაკითხა, ვინ გაასვენა-მეთქი. არავინ, სამი დღეა აქ ასვენიაო. გამოსვენების უფლება მე არ მომცეს. დედას საცხოვრებელი შეეცვალა, მივაგენი და მითხრა, ჩემი შვილი 15 წლის წინ დავმარხეო... უფროსმა ძმამ დაასაფლავა საბრალო... ამ ბიჭის მეზობელმა კი გამაოგნებელი რამ მითხრა, ეგ ბავშვი პირველად უდანაშაულოდ დაიჭირეს,  სინამდვილეში მისმა ნარკომანმა მამინაცვალმა იქურდა, მაგრამ ბიჭს დააბრალაო. დღეს მამინაცვალი ცოცხალია და 19 წლის ბიჭი კი მიწაშია!

მოზარდს ფაქიზი დამოკიდებულება სჭირდება. ამ რთული და ძნელად აღსაზრდელი ბავშვებისგან მადლობის, სიყვარულისა და სითბოს მეტი არაფერი მიმიღია, მიუხედავად იმისა, რომ ძილის წინ იავნანას არ ვუმღეროდი, დღემდე მომდის მათი სიყვარულით სავსე წერილები.

(გაგრძელება იქნება)