წააკითხეთ წიგნები პატიმრებს!.. - კვირის პალიტრა

წააკითხეთ წიგნები პატიმრებს!..

გთხოვთ გვიპასუხოთ: რატომ არ დაადგა საშველი ციხეში საჩუქრად გამზადებული  წიგნების შეტანას!!!

ქალბატონ მინისტრს, როგორც ჩანს, ჩვენი პატიმრები არასრულფასოვან ადამიანებად მიაჩნია, ანუ რა საჭიროა წიგნი, როცა "კომბიჟირი" არსებობს

გამომცემლობა "პალიტრა L"-ი, რაც უნდა გასაოცარი იყოს, ქველმოქმედების უფლების მოსაპოვებლად იბრძვის, საქმე პატიმრების წიგნებით უზრუნველყოფას ეხება. "პალიტრა L"-ი მზადაა, ბოლო წლებში გამოცემული რჩეული წიგნები საჩუქრად გადასცეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, თუმცა ამ კეთილშობილურ საქმეში გაუგებარ წინააღმდეგობას აწყდება. არადა, უცნაური ის არის, რომ თავის დროზე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო სიხარულით შეხვდა ამ იდეას.

თიკო ასათიანი, გამომცემლობა "პალიტრა L"-ის დირექტორი: "ჯერ კიდევ 2011 წლის დასაწყისში გამოვთქვით ქველმოქმედების სურვილი, რასაც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს წარმომადგენლები მიესალმნენ და მოითხოვეს სასაჩუქრე წიგნების სია, რადგან ციხეებში ყველა სახის ლიტერატურის შეტანა აკრძალულია. ეს მოთხოვნა ჯერ კიდევ 2011 წლის მარტში შევასრულეთ. გვინდოდა პატიმრებს არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი ავტორების წიგნების წაკითხვის საშუალება მისცემოდათ და ამიტომ მრავალფეროვანი წიგნების სია შევადგინეთ. ალბათ, ადვილი წარმოსადგენია, რა შვებას მოჰგვრის მსჯავრდადებულებს აგატა კრისტის, კონან დოილის, ჯეფრი ჰადსონის, არტურ ჰეილისა და სხვათა ნაწარმოებების წაკითხვა.

როგორც აგვიხსნეს, ამას ხელი მაშინ სააღდგომო ღონისძიებებმა შეუშალა, შემდეგ ადმინისტრაციის მოუცლელობამ, მერე კი სხვადასხვა, ხშირად გაურკვეველი მიზეზითაც გადაიდო ეს საქმე.

ამასობაში პროზის საგანძურის გამოცემა დავასრულეთ (რომელიც 63 ტომისგან შედგება), სია სამინისტროს გადავუგზავნეთ და კვლავაც მზადყოფნა გამოვთქვით, ციხეების ბიბლიოთეკა დაახლოებით 500 საუკეთესო წიგნით გაგვემდიდრებინა. სამინისტროდან გვაცნობეს, თათბირზე თქვენი იდეა განვიხილეთ, რაც მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ ძალიან მოიწონა და გადაწყდა, ეს ღონისძიება სხვადასხვა მედიასაშუალებითაც გაშუქდესო. რასაკვირველია, არც ამის საწინააღმდეგო გვქონდა არაფერი. მოკლედ, საქველმოქმედო ღონისძიება 26 მაისისთვის დაიგეგმა, მაგრამ ამ დღეს განვითარებულმა მოვლენებმა შეუშალა ხელი ჩვენი იდეის ხორცშესხმას. მაშინ ციხეები ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდა. მოგვიანებით, მიუხედავად იმისა, რომ  ჩვენს მედიაჰოლდინგში შემოსავლების სამსახური შემოვიდა და ქველმოქმედებისთვის ნაკლებად გვეცალა, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადმინისტრაციას კვლავ მივწერეთ წერილი და საქველმოქმედო აქციისთვის მზადყოფნა გამოვთქვით. ისიც ვაცნობეთ, რომ ჩვენთვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა აქციის ტელევიზიებით გაპიარებას. მხოლოდ სიკეთე გვინდოდა გაგვეკეთებინა. უწყებიდან გვაცნობეს, 11 ან 12 ივნისს დაგირეკავთო, მაგრამ ამ პერიოდმაც უშედეგოდ ჩაიარა. ისევ დავუკავშირდით სამინისტროს, სადაც ხან ჩვენთვის საპასუხოდ აღარ ეცალათ, ხანაც გვპირდებოდნენ, ხვალ-ზეგ უთუოდ შეგეხმიანებითო. ასე გავიდა ერთი წელი. გვქონდა მიმოწერა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პრესსამსახურის წარმომადგენელთანაც, რომელიც ბოლო დროს წერილებზე აღარ გვპასუხობს. იმედია, 2012 წელს მაინც მიეცემათ პატიმრებს ახალი  წიგნების წაკითხვის საშუალება. თანაც ჩვენ ახალ-ახალი წიგნების ჩუქებას მომავალშიც ვაპირებდით".

"კვირის პალიტრამაც" სცადა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსთან, თეა სუხიშვილთან დაკავშირება, მაგრამ მან არც ჩვენს სატელეფონო ზარებს და არც მესიჯებს არ უპასუხა, ელექტრონულ მისამართზეც გავუგზავნეთ შეკითხვები, მაგრამ უშედეგოდ. არადა, არცთუ დიდი ხნის წინ თეა სუხიშვილი "პალიტრა L"-ის დირექტორს სწერდა: "ნამდვილად მივიღე წიგნების განახლებული სია, მიმდინარე კვირას ვერ შევძლებთ, რადგან შაბათის ჩათვლით ღონისძიებები გვაქვს, რაც შეეხება შემდეგ კვირას, ისიც ასევე დატვირთულია, თუმცა პარასკევის ღონისძიება შეიძლება გადავდოთ. თქვენი ღონისძიება კალენდარში შემდეგ შაბათს ან კვირას მოვნიშნეთ" და ა.შ.

არ გვინდა ვიფიქროთ, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ქველმოქმედების საშუალებას "უშაბათო კვირაში" გეგმავს ან ამ საკითხს გულგრილად უდგება.

სხვათა შორის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტისთვის წიგნების საჩუქრად გადაცემა ბოლო დროს გაიშვიათდა (მაგალითად, 2006 წელს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რუსთავის მე-6 საპყრობილეს ბიბლიოთეკას დაახლოებით 400 წიგნი გადასცა, რაც ფართოდ გაშუქდა, მაგრამ შემდგომ მსგავსი აღარაფერი მომხდარა). "კვირის პალიტრას" ერთმა ყოფილმა პატიმარმა (რომელმაც სასჯელი ახლახან მოიხადა) უთხრა: "ციხის ბიბლიოთეკა ძალიან ღარიბია, მხოლოდ უინტერესო ან ძველი წიგნებია. დაავადების გადადების შიშით ამ წიგნებს ხელს აღარავინ ჰკიდებს. ბოლო დროს ციხეებში ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნაზეც იყო ლაპარაკი, რისი გაპიარებაც მინისტრს ძალიან უნდა და შესაძლოა, ბიბლიოთეკების წიგნებით გამდიდრება ამანაც (ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნაზე ყურადღების გადატანამ) შეაფერხა". ეს არგუმენტი ულოგიკო არ არის. მაგრამ, როდის შეიქმნება ელექტრონული ბიბლიოთეკა ციხეებში? სამწუხაროდ, თეა სუხიშვილისგან პასუხი ვერც ამ შეკითხვაზე მივიღეთ. ჩანს, ბოლო პერიოდში ჩვენი ხელისუფლება წიგნებით საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებულ ციხეებს უფრო ამდიდრებს. მაგალითად, ინტერნეტსივრცეში ერთ ასეთ საინტერესო ინფორმაციას წავაწყდი: "2010 წლის 19 აგვისტოს ვარშავასთან ახლოს მდებარე ბიალოლენკას ციხეში საქართველოს ელჩს კონსტანტინე ქავთარაძესა და ციხის დირექტორ ცეზარ შმიეტანოვსკის შორის შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ელჩმა ბიალოლენკას ციხის ბიბლიოთეკას 115 ქართულენოვანი წიგნი გადასცა". ნუთუ პოლონელებს ციხეში ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნა გაუჭირდათ(?!).

პატიმრების ოჯახის წევრებსაც უძნელდებათ ციხეებში წიგნების შეგზავნა. ამისთვის საქართველოს ფოსტას უნდა მიმართონ. თბილისის ციხე-კოლონიებში 1 კგ წიგნის შეგზავნა 10 ლარი ღირს, დედაქალაქის გარეთ - უფრო ძვირი. ამასთან, ფულის გადახდა იმას არ ნიშნავს, რომ წიგნი ადრესატამდე (პატიმრამდე) აუცილებლად მივა, გადაწყვეტილებას ამის თაობაზე ციხის ადმინისტრაცია იღებს.

P. S. ცხადია, რჩეული  ლიტერატურა პატიმრებს არა მხოლოდ ერთფეროვანი დღეების გადატანაში, არამედ ცოდნის გაღრმავებაშიც დაეხმარებოდა. ამასთან, საინტერესოა, რამდენი კომპიუტერით უნდა აღიჭურვოს ციხეები, რომ პატიმრებს სასურველი წიგნის წასაკითხად რიგში დგომამ არ მოუწიოთ. არადა, ოთხ კედელში გამომწყვდეულ პატიმრებს ჰაერივით სჭირდებათ წიგნი, როგორც სულიერი საზრდო. ცივილიზებული სამყაროს საზრუნავიც ხომ ის არის, ციხეებიდან ადამიანები საზოგადოებას სრულფასოვან წევრებად დაუბრუნდნენ. ქალბატონ მინისტრს კი, როგორც ჩანს, პატიმრები არასრულფასოვან ადამიანებად მიაჩნია! ეტყობა, ჩვენს სასჯელაღსრულებით სისტემაში "კომბიჟირზე" დამზადებული საკვები და საწოლებზე რიგრიგობით ძილი ევროსტანდარტი ჰგონიათ, წიგნის კითხვა კი პატიმრისთვის ზედმეტ ფუფუნებად მიაჩნიათ. ამ შემთხვევაში ისღა დაგვრჩენია მოვუწოდოთ, - წააკითხეთ წიგნები პატიმრებს!