"საიდუმლოდ გაიცა ბრძანება, რომ ქართული გვარის მქონე რუსეთის მოქალაქეებს გასაქანი არ მიეცეს" - კვირის პალიტრა

"საიდუმლოდ გაიცა ბრძანება, რომ ქართული გვარის მქონე რუსეთის მოქალაქეებს გასაქანი არ მიეცეს"

"მილიციამ ანტიფაშისტების სია ფაშისტებს მიჰყიდა(!)"

საერთაშორისო ასპარეზზე  რუსეთის პრესტიჟის შელახვასა და ეკონომიკური ვითარების გაუარესებასთან ერთად  ნაციონალურ ნიადაგზე მკვლელობების რიცხვი უფრო და უფრო იზრდება. რამდენიმე თვის წინ  ნაცისტებმა მოსკოვში კიდევ ერთი ქართველი მოკლეს.

დონარა ჯაფარიძე: - 25 წელია მოსკოვში ვცხოვრობთ. ჩემი შვილი ილია მოსკოვში დაიბადა. ჩვენს ეზოში ორი სომხური და ერთი აზერბაიჯანული ოჯახი ცხოვრობდა. ჩვენი შვილები მეგობრობდნენ. სკოლაშიც  ერთად წავიდნენ. ამ სამიდან ილია განსაკუთრებით აზერბაიჯანელ ემილ ალიევთან მეგობრობდა. ხუთი წლის წინ მეცხრეკლასელი ემილი სკინჰედებმა მოკლეს. წარმოგიდგენიათ რა ხდება რუსეთში? აქ ხალხს მხოლოდ იმიტომ კლავენ, რომ ის რუსი არ არის. ემილის მკვლელი მანამ არ დაიჭირეს, სანამ ის გარეწარი სინაგოგაში არ შევარდა და  ებრაელები არ დაცხრილა.

ჩვენი სახლი მოსკოვში სკოლის წინ დგას. კლასელები იმ დღეს მუზეუმში ექსკურსიაზე იყვნენ. მეტროდან რომ ამოვიდნენ, ვიღაც ემილს მიუახლოვდა, რამდენი ხანია არ მინახავხარ, თუ მიცანიო. ბავშვებს ეგონათ, ბიჭს დიდი ხნის უნახავი ნაცნობი შეხვდა და გზა გააგრძელეს. ემილი რომ აღარ გამოჩნდა, კლასელებმა მოიკითხეს, მაგრამ უკვე გვიანი იყო, ქუჩაში დაგდებული სისხლში ცურავდა. დანით იყო დაჩეხილი. ამ ამბავმა ჩემი შვილი შეძრა და გადაწყვიტა, რადაც უნდა დასჯდომოდა, წინ აღდგომოდა ამ ძალადობას. ბევრი არ უფიქრია, ადგა და ანტიფაშისტურ ორგანიზაციაში გაწევრდა. ანტიფაშისტურ ორგანიზაციაში თითქმის ყველა ეროვნების ადამიანი იყო გაწევრებული, მათ შორის რუსებიც. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი რუსი, გვარად ფილატოვი გახლდათ.

- ანტიფაშისტური ორგანიზაციები როგორ, რა მეთოდებით ებრძოდნენ სკინჰედებსა და ნაცისტებს?

- საკმაოდ ბევრს მუშაობდნენ. სკინჰედები და ფაშისტები, ძირითადად, იმ ახალგაზრდებს ითრევენ, რომლებიც მატერიალურ სიდუხჭირეში არიან გაზრდილი. ზოგიერთს ოჯახიც არასოდეს ჰქონია. სწავლა-განათლებაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. ანტიფაშისტები ახალგაზრდა ფაშისტებთან აგიტაცია-პროპაგანდას ეწეოდნენ. ბევრი ფაშისტი ანტიფაშისტი გახადეს, ბევრმაც მიატოვა  ფაშისტებისა და სკინჰედების რიგები. ამიტომ ანტიფაშისტების საქმიანობა, ცხადია, დიდი საფრთხე იყო ამ ორგანიზაციებისთვის, რომელთაც დარწმუნებული ვარ, ხელს უწყობს ხელისუფლებაც. წინააღმMდეგ შემთხვევაში, მათი ყოველდღიური უამრავი სასტიკი დანაშაული უყურადღებოდ არ დარჩებოდა. ფაშისტურ ორგანიზაციებს უმეტესად ხანში შესული მეთაურები ჰყავთ, რომლებიც პოლიციასთან არიან შეკრული...

საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ  ნაციონალურ ნიადაგზე ჩადენილ მკვლელობებს აღარც ტელევიზიები აშუქებენ. ნაციონალურ ნიადაგზე მკვლელობების გახმაურება სასტიკად აეკრძალა პრესასაც.

კარგად ვიცნობ ერთ ცნობილ ჟურნალისტს. გვარს ვერ დავასახელებ მხოლოდ იმიტომ, რომ პრობლემა არ შევუქმნა. მან გაგვიმხილა, ნაბრძანები გვაქვს, ნაციონალურ ნიადაგზე მკვლელობები არავითარ შემთხვევაში არ გავახმაუროთო. ამ საკითხს რუსეთში ტაბუ აქვს დადებული. ისიც ვიცი, საიდუმლოდ გაიცა ბრძანება, რომ ქართული გვარის მქონე რუსეთის მოქალაქეებს გასაქანი არ მიეცეს, ქართული გვარის მქონე არ უნდა მოხვდეს სახელმწიფო სამსახურებში. ამ "შავ კანონს" ზედმიწევნით ასრულებენ.

ჩემი შვილი თავდადებით იბრძოდა და ამ ბრძოლას შეეწირა კიდეც. ჯგუფის ხელმძღვანელი ფილატოვი ფაშისტებმა შარშან, 27 ივნისს მოკლეს. ფილატოვის მკვლელობის შემდეგ ამ ჯგუფის თავკაცობა ჩემმა შვილმა იკისრა. იმ დღიდან დაიწყო საშინელი მუქარა, პირდაპირ ეუბნებოდნენ, მოგკლავთო. ინტერნეტსაიტებზე დაიწყეს ილიას მაკომპრომეტირებელი მასალების დადება. თითქოს ილიამ ვიღაც ფეხმძიმე ქალს სცემა, წერდნენ, ნახეთ, რას სჩადიან ქართველები, რუსებს როგორ უსწორდებიან, ორსულ ქალებსაც არ ინდობენო. ცხადია, ეს წინასწარგამიზნული პროვოკაცია იყო. ილიას მკვლელობა კი მაშინ გადაწყდა, როცა მისი თაოსნობით მოსკოვში ანტიფაშისტებმა ნაცისტების ყრილობა-კონცერტი ჩაშალეს, ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. არავინ დაზარალებულა, მაგრამ  ყრილობა და კონცერტი ჩაიშალა. მილიციამ იმ დღეს ძალიან "კარგად იმუშავა", - დარბაზში მყოფი თითქმის ყველა დააკავეს და გაშიფრეს, ვინ ვინ იყო. დაადგინეს ყრილობაზე მალულად მისული ანტიფაშისტების ვინაობა, სიებიც შეადგინეს და ფაშისტებს მიჰყიდეს. ამ დღიდან დაიწყო ტერორი. ჯერ ჯგუფის ხელმძღვანელი ფილატოვი მოკლეს, ზუსტად წლისთავზე, 2009 წლის 27 ივნისს კი ჩემი შვილი. დილით გამოცდაზე მიდიოდა, მეტროს შესასვლელთან დახვდნენ და აჩეხეს. როცა ხალხმა თავი მოიყარა, ჩემი შვილი ჯერ კიდევ გრძნობაზე იყო და მკვლელის ვინაობა დაასახელა. ეს იყო ფაშისტური ორგანიზაციის წევრი ალექსეი კასიჩი.

ფაშისტებს ძალზე გავლენიანი მფარველები ჰყავთ რუსეთში. დუმის რამდენიმე გავლენიანი წევრი და ქალაქ მოსკოვის ადმინისტრაციის საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირები ფაშისტური ორგანიზაციების საიდუმლო წევრები და მფარველები არიან. რადგან ჩემმა შვილმა მოასწრო და თქვა, მკვლელი ვინც იყო, იძულებული გახდნენ, კასიჩი და კიდევ ერთი ფაშისტი დაეკავებინათ, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს.

რამდენიმე ხნის წინ რუსმა ფაშისტებმა ორ ტაჯიკსა და სომეხს სასტიკად სცემეს. მოგვიანებით ის სომეხი და ტაჯიკები დახვდნენ ფაშისტებს და ისე სცემეს, ერთ-ერთი შემოაკვდათ. სამივენი დაიჭირეს. მეორე დღეს მილიციამ სომეხი ახალგაზრდა "სამხილების არარსებობის მოტივით" გაათავისუფლა და ამ "საჩუქრით" გაოგნებული სომეხი შინ მისვლამდე მოკლეს. ბუნებრივია, ის საგანგებოდ გაუშვეს, რომ ფაშისტებს მოეკლათ.

აი, ასეთი საშინელებები ხდება რუსეთში. ამიტომაც გადავწყვიტე  ოჯახით საქართველოში დავბრუნდე.

მამუკა არეშიძე: - ნაცისტურ ორგანიზაციებს გავლენიანი მფარველები ჰყავთ. როგორც ამბობენ, ერთ-ერთი დუმის დეპუტატი დიმიტრი როგოზინიც იყო. ნაცისტური ორგანიზაციები რუსული უშიშროების სამსახურმა და  მილიციამ ჩამოაყალიბა. ეს არის სქემა, უფრო სწორად კი  მეთოდოლოგია საზოგადოების დამორჩილებისათვის. ყველა უბედურება, რაც რუსეთის თავს ხდება, ობივატელის თვალში უნდა იყოს ჩეჩნების ომის ან ქართველების ნატო-ში შესვლის ბრალი.  რუსეთის ხელისუფლებამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას, რომ ის სიდუხჭირე, რაც დღევანდელ რუსეთს ადგას, ხელისუფლებას დაჰბრალდეს. ამიტომ, როცა საჭიროა, ხელისუფლება ამ ორგანიზაციებს იყენებს.