რატომ ამბობს სასამართლო უარს ფირის გახსნაზე - კვირის პალიტრა

რატომ ამბობს სასამართლო უარს ფირის გახსნაზე

საქმეში ერთადერთი მოწმე - 13 წლის გონებასუსტი არასრულწლოვანი ფიგურირებს

"ალბათ, პირველი პატიმარი არა ვარ,  რომელიც საკუთარ უდანაშაულობას ამტკიცებს. ბევრი ვიფიქრე, ვიდრე მოგწერდით, ბევრჯერ ვცადე სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში სიმართლე  მეპოვა, მაგრამ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ უდანაშაულო დამნაშავეთა ტრაგედია არაფრად უღირთ. ორი მცირეწლოვანი შვილის მამა ვარ, ოჯახის ერთადერთი მარჩენალი. მეუღლე უმუშევარია. ადვილი წარმოსადგენია, რა უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს ახლა ჩემი ოჯახი და  მხოლოდ იმიტომ, რომ გამოძიებამ და სასამართლომ არ ინება უტყუარი მტკიცებულების - ვიდეოფირის ნახვა. მე ახლა მკვლელობის ბრალდებით 13-წლიან სასჯელს ვიხდი.

მკვლელობის ბრალდებით 2008 წლის 25 იანვარს დამაკავეს. მკვლელობა მეტროსადგურ "ახმეტელის" მიმდებარე ტერიტორიაზე 2006 წელს მოხდა.  ბრალად მედება  გიორგი ვაზაგაშვილის მკვლელობა, რომელიც არ ჩამიდენია. პატიმრის სიტყვების ვის სჯერა. მაგრამ გამოძიებას ხელთა აქვს ჩემი უდანაშაულობის დამამტკიცებელი უტყუარი მტკიცებულება და მის გაანალიზებაზე უარს ამბობს. რატომ? ამაზე სამწუხაროდ არა მაქვს პასუხი. ეს მკვლელობა დაფიქსირებული აქვს  "პროკრედიტ ბანკის" ფილიალის სათვალთვალო კამერას.  ფირი, რომელიც ჩემს უდანაშაულობას, ანუ მკვლელობის ადგილზე ჩემს არყოფნას ადასტურებს, პროკურატურაში ინახება. ჩემმა ადვოკატმა მოითხოვა მისი გახსნა, მაგრამ პროკურატურამ უარი თქვა. იმედი მქონდა, ჩემს უდანაშაულობას სასამართლოში მაინც დავამტკიცებდი, და სასამართლო დარბაზიდან გამათავისუფლებდნენ,  მაგრამ პირველი ინსტანციის სასამართლოში 13 წელი მომისაჯეს.  სააპელაციო სასამართლოც არ დაინტერესებულა, რა იყო ფირზე აღბეჭდილი. მკვლელობაში დამადანაშაულეს მხოლოდ 13 წლის გონებასუსტი მოწმის ჩვენებით... ამასობაში ციხეში არსებული პირობების გამო დავავადდი ტუბერკულოზით და ჩ ჰეპატიტით. რადგან სასამართლოსა და პროკურატურის რწმენა დამეკარგა, გადავწყვიტე, მოგმართოთ. იქნებ ვინმემ ყურად იღოს ჩემი თხოვნა და აიძულოს გამოძიება, გახსნას ფირი.

მსჯავრდადებული მიხეილ ფარეშიშვილი"

გადავწყვიტეთ, შეგვესწავლა მიხეილ ფარეშიშვილის სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც წერია, რომ "2006 წლის 7 აპრილს, დაახლოებით 01.00 საათზე, გიორგი ვაზაგაშვილი დეიდაშვილთან, ოთარ დიღმელაშვილსა და მეგობარ ჯაბა წიტაიშვილთან ერთად მეტროსადგურ "ახმეტელთან", ინტერნეტკაფესთან იდგა. იმ დროს იქ მყოფმა მიხეილ ფარეშიშვილმა შელაპარაკების შემდეგ დანით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები. გიორგი ვაზაგაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა".

საქმის მასალებით ირკვევა, რომ საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა იმავე დღეს დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი,  დაჰკითხეს არაერთი თვითმხილველი, თუმცა დანაშაულის ჩამდენ პირზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვერ მოიპოვეს.

2006 წლის 30 მაისს ფოტოსურათებით ამოცნობა ჩაატარეს. სხვა ფოტოსურათებთან ერთად, მიხეილ ფარეშიშვილის ფოტო შემთხვევის თვითმხილველ პირებს აჩვენეს, კერძოდ, გიორგი ვაზაგაშვილის დეიდაშვილს ოთარ დიღმელაშვილსა და ჯაბა წიტაიშვილს, რომლებიც ყველაზე მეტად იყვნენ დაინტერესებული დანაშაულის გახსნით, მაგრამ მათ მიუთითეს, რომ ფოტოსურათებზე გამოსახული პირებიდან არც ერთი არ იყო ის ბოროტმოქმედი, რომელმაც გიორგი ვაზაგაშვილი მოკლა, უფრო მეტიც, მოცემულ პირთაგან არც ერთი არ ყოფილა შემთხვევის ადგილას.

2007 წლის 30 იანვარს თბილისის შს მთავარი სამმართველოს უფროსს განცხადებით მიმართა გარდაცვლილის დედამ, რომელიც დამნაშავის პოვნას მოითხოვდა.

მაკა მელაძე ადვოკატი: "საქმე გაუხსნელი იყო,  ვერ ხერხდებოდა დამნაშავე პირის დადგენა. გამოძიებამ რატომღაც 2007 წლის 23 ივნისს გაიხსენა ვაზაგაშვილის დედა ჟუჟუნა სოსიაშვილი, რომელიც უკვე დაკითხული ჰყავდათ, მაგრამ ისევ დაჰკითხა. ამჯერად მან თქვა, რომ შვილის დასაფლავებამდე ვინმე ბესო მუკბანიანი ელაპარაკა. თურმე ამ უკანასკნელისთვის მაწანწალა ბავშვს, ვინმე "კუროს" უთქვამს, ვაზაგაშვილი "ჩორნამ" მოკლაო. ვაზაგაშვილის დედის თქმით, ამ საუბარს ოჯახის სხვა წევრებიც ესწრებოდნენ. მოგვიანებით მათაც ანალოგიური ჩვენება მისცეს.

თუ ოჯახმა თავიდანვე იცოდა, რომ მკვლელობა ვინმე "ჩორნამ" ჩაიდინა, რატომ არ თქვეს ეს პირველი დაკითხვისას, რატომ გააცხადა ეს სოსიაშვილმა შვილის მკვლელობიდან მხოლოდ ერთი წლის შემდეგ? იმავე დღეს გამოძიებამ გასაოცარი ოპერატიულობა გამოიჩინა და დაადგინა, რომ "კურო" იგივე ლევან ავდალიანია. რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, გამომძიებელმა 2007 წლის 27 ივნისს მიიღოO შეტყობინება "კუროს" შესახებ, იმავე დღეს მიმართა "ბავშვთა სოციალური ადაპტაციის ცენტრს" იმის გასარკვევად, ირიცხებოდა თუ არა მათთან ავდალიანი, იმავე დღეს მიიღო პასუხი და იმავე დღეს თბილისიდან დაახლოებით 300 კილომეტრის მოშორებით, სამტრედიაში, კანონის დარღვევით დაჰკითხა ლევან ავდალიანი".

ავდალიანი ერთადერთი მოწმეა საქმეში, სწორედ ის ამტკიცებს, რომ მკვლელობა მიხეილ ფარეშიშვილმა ჩაიდინა. ლევან ავდალიანი რომ გონებასუსტია, საქმეში დასკვნაც დევს. მას განუვითარებელი მეტყველება, გაფანტული ყურადღება აქვს, უჭირს წერა, კითხვა, ანგარიში, გონებრივი განვითარება შეფერხებული აქვს. სამედიცინო კომისიის დასკვნით, "საჭიროებს სწავლების გაგრძელებას ფსიქიკური განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა საკორექციო კლასში". ფსიქოლოგის დასკვნით, ავდალიანს ჩამოყალიბებული აქვს ქცევის აგრესიული მეთოდი, მიზნის მისაღწევად ინტერპერსონალური ურთიერთობების გამწვავებასაც კი არ ერიდება, მარტივ სააზროვნო ოპერაციებს ვერ ფლობს, ის ადვილად და ხშირად იტყუება, ხშირად აქვს კონფლიქტები, მიდრეკილია ქურდობისკენ. ბავშვთა სოციალური ადაპტაციის ცენტრის წერილიდან ირკვევა, რომ მის აღზრდაზე ვერ იღებს პასუხისმგებლობას ვერც დედა, რადგან სახლიდან იპარავს ფულს და შემდეგ დიდხანს იკარგება. საქმის მასალებში ასევე არის ცნობა, რომ ავდალიანმა 2007 წლის 6 ივნისს პურის საცხობი გაძარცვა, რის გამოც დააკავეს, მაგრამ შემდგომ გაათავისუფლეს.

მაკა მელაძე: "ამ ეგრეთ წოდებული მოწმის გამოყენებით, რომელსაც არათუ მოვლენების სრულყოფილი გადმოცემა, არამედ 13 წლის ასაკში საკუთარი სახელის და გვარის უშეცდომოდ წერაც არ შეუძლია, შეთხზეს ვერსია ვაზაგაშვილის მკვლელის შესახებ.

2007 წლის 30 ივლისს შემთხვევის თვითმხილველ მოწმე  წიტაიშვილს განმეორებით აჩვენეს  ფოტოსურათები. ამ უკანასკნელმა პირველად ჩატარებული ამოცნობისას გარკვევით მიუთითა, რომ  ფოტოსურათებზე გამოსახული პირებიდან არც ერთი არ იყო ვაზაგაშვილის მკვლელი. მეორედაც  რომ დაუდეს ფარეშიშვილის ფოტოსურათი,  წიტაიშვილმა, როგორც ჩანს,  ვერ გაიმეტა უსამართლოდ ადამიანი და  განაცხადა, რომ ფარეშიშვილი მხოლოდ ჰგავს მკვლელსო.

სასამართლომ ოთარ დიღმელაშვილისა და ჯაბა წიტაიშვილის ჩვენებები საერთოდ უგულებელყო (არ დაგავიწყდეთ, რომ დიღმელაშვილი ვაზაგაშვილის დეიდაშვილი და შემთხვევის უშუალო მონაწილეა). მათ სასამართლოზე მიუთითეს, რომ განსასჯელს, ანუ მიხეილ ფარეშიშვილს, პირველად ხედავენ,   იგი არ ყოფილა შემთხვევის ადგილას და არც ვაზაგაშვილი მოუკლავს. ასევე არაფრად ჩააგდო სასამართლომL ინტერნეტკაფეს დაცვის თანამშრომლის, მოწმე ონისე შუკაკიძის ჩვენება. შემთხვევის დროს იგი და მისი თანამშრომელი ბიძინა რევაზიშვილი მეტროსადგურ "ახმეტელის" მიმდებარე ტერიტორიაზე, მარკეტ "მარიამთან" იყვნენ. შუკაკიძემ დაინახა, როგორ გარბოდა ვიღაც ახალგაზრდა მიწისქვეშა გადასასვლელიდან მარკეტ "მარიამისკენ", მაგრამ ის მიხეილ ფარეშიშვილი არ იყო. ასევე დაინახა, რომ მოპირდაპირე მხარეს ბიჭებს მიჰყავდათ დაჭრილი ახალგაზრდა, შემდეგ ჩასვეს ტაქსიში და წავიდნენ. არც სასამართლომ და არც გამოძიებამ არ დაჰკითხეს ბიძინა რევაზიშვილი, რომელმაც დაინახა დამნაშავე. რატომღაც დეტალურად არ დაუკითხავთ არც შემთხვევის შემსწრე სხვა პირები. გამოძიებას არ დაუდგენია რეალურ მოწმეთა წრე. რაც მთავარია, არ დაინტერესებულა "პროკრედიტ ბანკის" შენობასთან განთავსებული ვიდეოკამერის ჩანაწერის გაშიფვრით. ამით ხომ უტყუარად დადგინდება ბოროტმოქმედის ვინაობა".

ეკა ლომიძე, მიხეილ ფარეშიშვილის დედა: "ჩემი შვილი 2008 წელს დააპატიმრეს. მკვლელობა 2006 წელს მოხდა. როგორც გამოძიების მასალებშია მითითებული, გამოძიებამ თურმე 2007 წელს უკვე იცოდა, რომ მკვლელობა ჩემმა შვილმა ჩაიდინა, მაგრამ  2008 წლამდე არავის მოუკითხავს. ახლა ირწმუნებიან, თითქოს ჩემი შვილი 2007 წლიდან იძებნებოდა. ესეც მტკნარი სიცრუეა, რადგან მიხეილს ამ პერიოდში პირობითი სასჯელი ჰქონდა და პრობაციის ბიუროში კვირაში ორჯერ დადიოდა ხელის მოსაწერად. საინტერესოა, სად ან როდის ეძებდნენ?  ვერ გამიგია, ვის სჭირდება უდანაშაულო ადამიანის ციხეში ამოლპობა?"

P.S. 2010 წელს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ერთი "საინტერესო" ცვლილება შეიტანეს, - თუ მანამდე ადვოკატებს ვიდეოფირის ამოღების მოთხოვნის უფლება მაინც ჰქონდათ (სხვა საქმე იყო, დააკმაყოფილებდა თუU არა მოსამართლე მათ შუამდგომლობას), 2010 წლიდან ამის უფლებაც მოუსპეს(!).