"ყველაზე მეტად გია ბარამიძის ნათქვამმა გამაცოფა" - კვირის პალიტრა

"ყველაზე მეტად გია ბარამიძის ნათქვამმა გამაცოფა"

"ქვეყანაში რომ პოლიტიკური ტერორი გრძელდება, ოპოზიციის სიბეცისა და გადაჭარბებული ამბიციების ბრალია"

"ერთი კაცის გათავისუფლების სანაცვლოდ დაუთმო გაჩეჩილაძემ სააკაშვილს პრეზიდენტობა?!"

საქართველოს გოლფის ეროვნული ასოციაციის  პრეზიდენტი მერაბ რატიშვილი ერთ დროს ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი იყო და ძლიერთა ამა ქვეყნისა კეთილგანწყობითაც სარგებლობდა, მაგრამ  "სამეფო კარის" კეთილგანწყობა მუდმივი როდის ყოფილა. დღეს მერაბ რატიშვილი რუსთავის #6 საპატიმროში იხდის სასჯელს, რამდენიმე დღის წინ მას სასამართლომ 49-წლიანი იჯარით მფლობელობაში არსებული 50 ჰა მიწის ნაკვეთი ჩამოართვა. რამდენად კანონიერად, თავად განსაჯეთ.

ტარიელ ჩოჩიშვილი, მერაბ რატიშვილის ადვოკატი: "2004 წელს მერაბ რატიშვილსა და მცხეთა-მთიანეთის გამგეობას შორის საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა და მერაბ რატიშვილს 49 წლის ვადით გადაეცა მიწის ფართობი მცხეთაში, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქ იგი გოლფკლუბისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის აშენებას აპირებდა, მაგრამ 2008 წელს მცხეთა-მთიანეთის გამგეობამ გაუგებარი მიზეზების გამო მერაბ რატიშვილს შეუწყვიტა ხელშეკრულება, რაც სასამართლოში გავასაჩივრეთ. თბილისის ადმინისტრაციულ კოლეგიათა სასამართლომ ჩვენი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი გვითხრა ასეთი მოტივაციით: სანამ მერაბ რატიშვილს იჯარით გადაეცემოდა ეს ტერიტორია, მანამდე, კერძოდ,  1996 წელს ვიღაც მესამე პირთან გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება, რომელიც შეწყდა ამ პირის გარდაცვალების გამოო. გვეუბნებიან, რომ ამ პირთან გამგეობამ არასწორად შეწყვიტა ხელშეკრულება და ეს გახდა შემდგომ მერაბ რატიშვილთან ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი. სასამართლოზე წარვადგინეთ გარდაცვლილი პირის მემკვიდრეების ნოტარიულად დადასტურებული ხელშეკრულება, რომ ისინი არ აცხადებენ პრეტენზიას საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებაზე. მერაბ რატიშვილს არ ჰქონდა მიწის იჯარის საზღაურის დავალიანება, არ დაურღვევია ხელშეკრულებაში ჩადებული იჯარის პირობები, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი არ არსებობდა, ის შეწყდა მაშინ, როდესაც მერაბ რატიშვილი უკვე დაკავებული იყო".

თუ სახელმწიფო მანქანა რომელიმე პირის საწინააღმდეგოდ ამუშავდა, ის უმალ იქცევა კეთროვნად, რომელსაც ყველა უნდა მოერიდოს, განსაკუთრებით კი ხელისუფლებაში მოკალათებული მეგობრები. კარიერას ხომ გადარჩენა უნდა, სკამს კი - შენარჩუნება.

ეკა ჯიხვაშვილი, მერაბ რატიშვილის მეუღლე: - მერაბი 1997 წლიდან  1998 წლის ბოლომდე  დსთ-ის აღმასრულებელი მდივნის ბორის ბერეზოვსკის მოადგილე იყო. 1998 წლის დეკემბრიდან 2007 წლამდე კი "დსთ-ის ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობის" საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტი. შევარდნაძესთან დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებს. საქართველოსთვის მძიმე 90-იან წლებში ბათუმში მისი დახმარებით შემოვიდა ნავთობით დატვირთული გემები. ორგანიზება გაუკეთა საზღვარგარეთიდან 50000 ტონა შაქრის კრედიტით შემოტანას. 8000 ტონა იტალიური თამბაქო საჩუქრად გადასცა ბათუმის თამბაქოს ფაბრიკას. სიგუას მთავრობამ ბოლომდე არ გადაიხადა ნავთობის საფასური და ისევ მერაბს მოუხდა ამ პრობლემების დარეგულირება რუსეთის ნავთობკომპანიებთან. შედეგად, საქართველოს მთავრობას 1992 წლიდან მერაბ რატიშვილის 1,5 მილიონი დოლარი მართებს. 1994 წელს მერაბმა  ენერგოკრიზისის დასაძლევად შევარდნაძეს საქართველოსა და რუსეთს შორის საერთო ენერგეტიკული კომპანიების შექმნა შესთავაზა. შეიქმნა ""საქრუსენერგო "და"იტერა-საქართველო", მაგრამ იმ დროს ქვეყანაში არსებული კლანებისგან ისეთ დაბრკოლებას წააწყდა, რომ ამ საქმეზე ხელი აიღო.

რამდენადაც ვიცი, ედუარდ შევარდნაძემ გააცნო მერაბს ზურაბ ჟვანია. 2004 წელს მერაბი სწორედ ზურაბ ჟვანიას თხოვნით დაბრუნდა საქართველოში და გადაწყვიტა რამდენიმე პროექტი განეხორციელებინა. ერთ-ერთი გოლფის პროექტიც იყო. დააფუძნეს გოლფის კლუბი (მერაბთან ერთად კლუბის თანადამფუძნებლები არიან  გოჩა ძასოხოვი, ზურაბ ხონელიძე, პეტრე ჩხეიძე და თედო ჯაფარიძე).  პროექტს ხელისუფლებამ მწვანე შუქი აუნთო, მაგრამ ჟვანიას დაღუპვის შემდეგ პროექტი გაიყინა. მერაბმა საჭირო დოკუმენტაცია მოამზადა, მაგრამ ამ კატეგორიის მიწის (საძოვრის) ყიდვა იმდროინდელი კანონმდებლობით შეუძლებელი იყო, შესაბამისად, საძოვარზე მშენებლობას ვერ დაიწყებდა. 2007 წელს ახალი კანონი დამტკიცდა, რომლის თანახმადაც საძოვრის ყიდვა გახდა შესაძლებელი, მაგრამ ამასობაში მერაბი დააპატიმრეს. როდესაც სახლში ჩხრეკა ჩატარდა, დოკუმენტაცია, რომელიც ოფისიდან ამოიღეს, უკან განგებ აღარ დააბრუნეს. როდესაც სოდ-ის თანამშრომლები ჩვენთან მოვიდნენ, მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, რომ გაიგეს, ქიაჩელის ქუჩაზე ბინა ნაქირავები გვქონდა. ნაქირავები იყო ოფისიც. წასართმევი და ხელმოსაკიდი მაშინ ვერაფერი ნახეს. ამის შემდეგ მცხეთაში მდებარე მიწის ნაკვეთს მიადგნენ.

მიწის ჩამორთმევა  მცხეთა-მთიანეთის გამგეობის ინიციატივა არ ყოფილა. როდესაც პრივატიზაციისთვის შემქონდა დოკუმენტაცია, ერთმა გულისხმიერმა კაცმა მითხრა, - შვილო, იცოდე, ეს დოკუმენტაცია პირდაპირ გენერალურ პროკურატურაში გადაიგზავნება. გიღირს, სანამ შენი მეუღლე დაკავებულია, ეს საბუთები გენერალურ პროკურორს ჩაუვარდეს ხელშიო? მიუხედავად გაფრთხილებისა, მერაბმა გადაწყვიტა დოკუმენტაცია ჩაგვებარებინა. ეს მიწა გემრიელი ლუკმაა და მას აუქციონზე გაიტანს სახელმწიფო.

- რამდენადაც ვიცი, თქვენს მეუღლეს შესთავაზეს, რომ მიწას შეუნარჩუნებდნენ და გოლფის მოედანსაც მოუწყობდნენ, თუკი ზოგიერთ მოთხოვნას შეასრულებდა.

- მერაბს უთხრეს, ამდენი ხანია წვალობ და გოლფის კლუბის გაკეთებას თავი ვერ მოაბი, დაადე ამა და ამ ოპოზიციონერს ხელი, რომ რუსეთის ჯაშუშია და ერთ წელიწადში გოლფის კლუბი გექნებაო. სთავაზობდნენ თანამდებობასაც ხელისუფლებაში, მაგრამ მერაბმა უარი თქვა. ბავშვი თუ დაიჯერებდა ამ წინადადების გულწრფელობას. მერაბის ოფისის სეიფიდან ამოიღეს ყალბი პირადობის მოწმობები, თითქოს  მერაბი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოსა და ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის საპატიო კონსული და წარმომადგენელი იყო საქართველოში. არადა, ამ ქვეყნების საზღვარი არასოდეს გადაუკვეთია. თანამდებობის, გოლფის კლუბის, კარგი ცხოვრებისა და უდანაშაულო მეგობრების ციხეში გაშვების სანაცვლოდ მერაბი თუ იტყოდა, აგენტი ვარო, ალბათ, ეს ყალბი დოკუმენტაცია მაშინ დასჭირდებოდათ.

- რამდენადაც ვიცი, მერაბ რატიშვილს ხელისუფლებაში მეგობრები ჰყავდა.

- დავრწმუნდი, რომ პოლიტიკაში მეგობრები არ არსებობენ (გამონაკლისია გოგა ხაინდრავა). მერაბი ძალიან ახლოს იყო გია ბარამიძესთან. ბარამიძეს მოსკოვში ყოველთვის მერაბის ოჯახი მასპინძლობდა. მერაბს გია უმცროს ძმად მიაჩნდა. 2007 წლის ოქტომბრის ბოლოს დააკავეს მერაბი და სწორედ იმ წლის ზაფხულში ლიკანში ოჯახებით ერთად დავისვენეთ. ლიკანში დასვენების პერიოდს გიას დაბადების დღე დაემთხვა და სტუმრად ინგლისის მაშინდელი ელჩი დონალდ მაკლარენი ჩამოვიდა ცოლ-შვილთან ერთად.

მერაბის დაპატიმრების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, გია ბარამიძეს ერთხელაც არ დაურეკავს. როდესაც გლდანის ციხეში ჰყავდათ, მერაბს ჰიპერტონიული კრიზი დაემართა, დაეცა და თავი გაიტეხა. მაშინ დავურეკე ბარამიძეს და ძალიან მკაცრად ველაპარაკე, - გია, შენს სინდისზე იქნება მერაბის სიცოცხლე, რადგან კარგად იცი, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი არ არის და ამის გამო არ უნდა იხდიდეს სასჯელს-მეთქი. ყველაზე მეტად გიას ნათქვამმა გამაცოფა, გამოძიება დაადგენს ყველაფერსო. რა უნდა დაადგინოს, რომ მერაბ რატიშვილი ნარკომანი არ არის? მერაბი 260-ე მუხლით არის გასამართლებული, - ნარკოტიკების შეძენა, შენახვა, მოხმარება ბრალდება.

გოგა ხაინდრავამ სთხოვა ერთხელ  ინგა გრიგოლიას, შენი გადაცემის სტუმარ გია ბარამიძეს ჰკითხე, მერაბ რატიშვილი ნარკომანია თუ არაო. გია ბარამიძემ კი, - მერაბ რატიშვილი პოლიტიკოსი არ ყოფილა და შესაბამისად, ვერც პოლიტპატიმარი იქნება, ხოლო რაც შეეხება წაყენებულ ბრალდებებს, მათ საფუძვლიანობას გამოძიება დაადგენსო. ამას რომ ამბობდა, ძალიან ღელავდა.როგორ არ ეყო ვაჟკაცობა, ის მაინც ეთქვა, მერაბ რატიშვილი ამ მუხლით არ უნდა გაესამართლებინათო?!

დაპატიმრებამდე მერაბმა პოლიტიკური დისკუსიის კლუბი ჩამოაყალიბა და როგორც ჩანს, მას შემდეგ უთვალთვალებდნენ. აღნუსხული ჰქონდათ, ვის ხვდებოდა და რატომ. მერაბი მიხვდა, რომ უთვალთვალებდნენ და უსმენდნენ. ამიტომაც რამდენიმე კაცს სთხოვა, ვანო მერაბიშვილთან შეეხვედრებინათ. უნდოდა, გაერკვია რატომ უთვალთვალებდნენ და რა პრეტენზია ჰქონდათ მასთან, მაგრამ ამის ნაცვლად დააპატიმრეს. ჩვენ მერაბ რატიშვილთან გასაუბრება მოვახერხეთ.

მერაბ რატიშვილი: -  მთელი ქვეყანა სიცრუესა და სიყალბეშია ჩაფლული. ყალბია კონსტიტუცია, ხელისუფლება, პარლამენტი, მათი კანონები, ბიუჯეტი და ქვეყანაში და ქვეყნის გარშემო მიმდინარე პროცესებზე კომენტარებიც კი. ყალბია სტატისტიკა.  ცრუობს,  პრაქტიკულად, ყველა,  დაწყებული ე.წ. პრეზიდენტით და სოფლის პოლიტიკოსით დამთავრებული, ტელევიზიები, ჟურნალისტები.  ცრუობს ხელისუფალიც და მისი მამხილებელიც. ყალბია ოპოზიციაც, რომელსაც  სიცრუე და სიყალბე ძვალ-რბილში აქვს გამჯდარი.

პოლიტპატიმრების თემა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის სავაჭროდ იქცა. ორივე ერთად კი დასავლეთთან ვაჭრობს. თავის მხრივ, დასავლეთიც თამაშობს ამ თემით და რეალურ მოთხოვნებს არ უყენებს ხელისუფლებას.

პოლიტპატიმრების ახალი ეპოქა საქართველოში 2004 წელს იწყება (მირცხულავასა და სულხან მოლაშვილის დაპატიმრება). პოლიტიკური მოტივით დაპატიმრების ყოველი ახალი ტალღა კონკრეტულ პოლიტიკურ სეზონს უკავშირდებოდა. ყველა დაპატიმრება იყო სპექტაკლი და ემსახურებოდა რუსეთის კვალის შექმნას ქართულ პოლიტიკაში, ოპოზიციის დაკნინებას, ხალხის გაბითურებასა და დაშინებას.

2006 წლის ზაფხულში ახალი პოლიტიკური სეზონის პირველი მსხვერპლი გახდნენ ნორა კვიციანი და ირაკლი ბათიაშვილი. ისინი 6 სექტემბერს დააპატიმრეს გადატრიალებისა და შეთქმულების ბრალდებით. ყველანი ზანგებივით გაასამართლეს. რუსული კვალი საბოლოოდ გაფორმდა 27 სექტემბერს, როდესაც დააკავეს საქართველოში აკრედიტებული რუსი სამხედრო მოსამსახურეები და ამით პირველი წრე შეკრეს. ამის შემდეგ უპრობლემოდ ჩაატარეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და დაბნეული ოპოზიცია ერთი წლით გათიშეს აქტიური ქმედებისგან.

დაპატიმრების შემდეგი ტალღა უკავშირდება ოპოზიციის გააქტიურებასა და საპროტესტო აქციების დაწყებას 2007 წლის ოქტომბერ-ნოემბერში. ეს ტალღაც  ჯაშუშების გამოვლენასა და რუსული კვალის გამყარებას უკავშირდება. დააკავეს როგორც ოქრუაშვილის მომხრები, ასევე ცალკეული ოპოზიციური ლიდერების ახლობლები, მეგობრები და თანამოაზრეები. ამ ტალღაში მოვყევი მეც. შემდეგი ტალღა უკავშირდება საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდს დეკემბერ-იანვარში. ამ ტალღასაც თან სდევს რუსული კვალის გამტკიცება სკანდალური აუდიოჩანაწერებითა და გადატრიალების შეთქმულებით, რასაც მოჰყვა უამრავი უდანაშაულო ადამიანის დარბევა-დაჭერა. ამ რეპრესიების დროს ოპოზიციამ და მისი ლიდერების უმრავლესობამ თავი შეირცხვინეს თავანთი კოლეგების, მეგობრებისა და მომხრეების წინაშე! ამ სირცხვილს, რომელიც ღალატის ტოლფასია, ვერც ერთი მათგანი ვერ ჩამოირეცხავს თავისი პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში.

ერთი თვის წინ საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი 2008 წლის იანვარში სააკაშვილისა და ლევან გაჩეჩილაძის საიდუმლო შეხვედრის შესახებ რესტორან "პურის სახლში". აქ შედგა ერთგვარი შეთანხმება-გარიგება და სააკაშვილმა რესტორნიდანვე გასცა ბრძანება ირაკლი ბათიაშვილის გათავისუფლების შესახებ. ირაკლის გათავისუფლებამ ყველა პატიმრისა და მათი ახლობლების გულწრფელი სიხარული გამოიწვია. ყველას მიეცა იმედი, რომ ქვეყანა ბრუნდება კონსტიტუციისა და კანონიერების ფარგლებში, მაგრამ ამაოდ, ყველაფერი ერთი კაცის გათავისუფლებით დამთავრდა. გამოდის, ამ ერთი კაცის გათავისუფლების სანაცვლოდ დაუთმო გაჩეჩილაძემ სააკაშვილს პრეზიდენტობა?!

2008 წლის იანვრისთვის ქვეყნის მასშტაბით პოლიტიკური ნიშნით დაახლოებით 200 კაცი ვიყავით დაკავებული. დღეს თუ ვინმეს უნდა ვუმადლოდეთ პოლიტიკური და უკანონო პატიმრები, რომ ამდენ ხანს ვრჩებით ციხეში, ეს პოლიტიკური ოპოზიციაა. ჩვენ რომ ციხეში ვრჩებით და ქვეყანაში პოლიტიკური ტერორი გრძელდება, ოპოზიციის უუნარობის, გადაჭარბებული და უსაფუძვლო ამბიციების, პოლიტიკური სიბეცისა და ღალატის ბრალია. ხელისუფლებას ჩემი დაპატიმრება იმისთვის სჭირდებოდა, რომ მეღიარებინა ჯაშუშობა რუსეთის სასარგებლოდ და მერე მიმეცა ჩვენება ჩემს მეგობრებსა და "ეროვნული საბჭოს" ლიდერებზე, რაც გაამყარებდა ჯაშუშების კამპანიას. ვისჯები იმისთვის, რომ მათ ბინძურ თამაშს არ ავყევი და სცენარი ჩავუშალე. ვინც სააკაშვილის უგუნურ პოლიტიკას არ იზიარებს, ის "ქვეყნის "მტერია"! ოპოზიციაზე კი ვიტყვი: მისმა ლიდერებმა ამ წლების განმავლობაში ბევრი რამ ისწავლეს სააკაშვილისგან, - საკუთარი თავის გაპიარება, ტყუილი და ხალხის "დაბოლება", მაგრამ ვერ ისწავლეს წერტილის დასმა და ესაა სწორედ მათი მთავარი პრობლემა და მარცხის მიზეზი.