"ხულიგანი" სტიქაროსანი?! - კვირის პალიტრა

"ხულიგანი" სტიქაროსანი?!

ვინ არის მიკა ალექსიძე და რატომ შერაცხა პრეზიდენტმა ხულიგნად?

"ბოდიშის მოხდა ტარას შავშიშვილს მოუწევს!"

53-ე სკოლიდან გარიცხული 15 წლის მიხეილ (მიკა) ალექსიძის ამბავმა საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო, - მიზეზი პრეზიდენტის პარლამენტში გაკეთებული განცხადება შეიქნა. სააკაშვილმა მოზარდი ხულიგნად შერაცხა და ბრძანა, რომ არ დაუშვებს სკოლის ტერორიზებას. არადა, მიკა ალექსიძეს დადებითად ახასიათებენ როგორც ყოფილი მასწავლებლები, ასევე ტარას შავშიშვილის წინამორბედი დირექტორი გიორგი კაშიაც. "მიხეილი ანალიზური აზროვნებითა და სამართლიანობით გამოირჩევა. იგი სრულიად ექვემდებარება აღზრდას. შეუძლია თანადგომა გაუწიოს როგორც თანატოლებს, ასევე მასწავლებლებსაც, ამხანაგებში სამართლიანად სარგებლობს პატივისცემითა და სიყვარულით. მისთვის სრულიად უცხოა და მიუღებელი ე. წ. ქურდული მენტალიტეტი", - ამბობს კაშია.

ვინ არის მიკა ალექსიძე და რატომ  შერაცხა პრეზიდენტმა ის ხულიგნად? მისი დედა ლალი ლეკიშვილი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტს არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს და დეზინფორმაციის გავრცელებაში განათლების სამინისტროსაც ადანაშაულებს.

ლალი ლეკიშვილი: - განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს ჩემი შვილი 77-ე სკოლაში ყოფილა რეგისტრირებული. არადა, ის 2011 წლის ოქტომბრიდან გარიცხეს 53-ე სკოლიდან. მე კი ამ ხნის განმავლობაში მივმართავდი სამინისტროს, სკოლებს, სახალხო დამცველის აპარატს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, პრეზიდენტის კანცელარიას, რათა მიკასთვის განათლების უფლება აღედგინათ. სხვათა შორის, პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს 27თებერვალს მივმართე, წინადღეს, ვიდრე პრეზიდენტი მიკას შესახებ პარლამენტში განცხადებას გააკეთებდა. ხელთ მაქვს კანცელარიაში დატოვებული განცხადებების ასლები და ნომრები. ამ პრობლემაზე ვესაუბრე იუნისეფის წარმომადგენელს, ბატონ როლანდ მონაშსაც. 2 საათის განმავლობაში ყურადღებით მისმინა და აღარ იცოდა, რა ექნა. აშშ-ის ელჩსაც გავაცანი საქმის ვითარება, თუ როგორ დაირღვა ბავშვის უფლებები, რომელზეც თავის დასკვნაში სახალხო დამცველი დაწვრილებით ლაპარაკობს. გამოდის, სრულ ჭკუაზე ვერ ვყოფილვარ,  ბავშვი 77-ე სკოლაში ჩარიცხული იყო, მე კი აღდგენას ვითხოვდი.

- რა ზეგავლენა იქონია თქვენზე და თავად 15 წლის მიკაზე პრეზიდენტის სიტყვებმა?

- ეს უდიდესი შეურაცხყოფა, დარტყმა, კიდევ ერთხელ ტრავმირება იყო. დარწმუნებული ვარ, მას წარმოდგენაც არ ჰქონდა მიკას საქმეზე, შავშიშვილის ცრუბრალდება პრეზიდენტს, ალბათ, შაშკინმა მოახსენა. ის და 53-ე სკოლის დირექტორი უახლოესი მეგობრები არიან.

მიკა ისეთ დეპრესიაშია, მეც კი არ მელაპარაკება. მიხეილი მოცეკვავე, მგალობელი, პატრიარქის სტიქაროსანია. ძალიან უყვარს კლასიკა, კარგად უკრავს გიტარაზეც. ევროვიზიის კონკურსშიც მონაწილეობდა უმცროს ძმასთან ერთად. ორივე თმახუჭუჭაა, მიკა წითურია, ეტყობა, ამიტომაც აირჩიეს ძმები საბავშვო ფილმისთვის "საშლელი". მიკა სიცოცხლით სავსე, ენერგიული ბავშვი იყო. ახლა მიკას ვეღარ ვცნობ, ვაჟკაცური, მეგობრული, ხალისიანი და ცელქი ბავშვი უიმედო, დეპრესიულ ადამიანად იქცა. ოთხ კედელშია გამოკეტილი, არავისთან ურთიერთობა აღარ სურს. ღამითაც ცუდად სძინავს, რის გამოც ვმკურნალობთ. ახლა სულ  წითელი დიპლომი რომ მისცეს სკოლამ და სამინისტრომ, ესეც ვერ გამახარებს. მთავარ მიზნად მექცა, მისთვის ბინძური ბრალდების მოხსნა. სწორედ ამიტომ მივმართე სასამართლოს და მოვითხოვე მიკა ალექსიძის გარიცხვის ბრალდების გაუქმება. ამისთვის საკმარისი მტკიცებულებები მაქვს. ბავშვთა უფლებები საერთაშორისო კონვენციითაა აღიარებული, ჩემს შვილს კი ათმაგად შეულახეს. ახლა  განათლების და მეცნიერების სამინისტრო სახალხო დამცველს ეუბნება, რომ თურმე ეს უფლება მიკას დიდი ხანია მინიჭებული ჰქონია. ეს ხომ სასაცილოა! დარწმუნებული ვარ, სასამართლო ვერ აუვლის გვერდს დარღვევებს, რომელიც საქმეშია და ობიექტურ გადაწყვეტილებას გამოიტანს. თუ არადა, არსებობს ზემდგომი ინსტანციებიც.

- ევროვიზიის კონკურსში მიკა როდის მონაწილეობდა?

- სწორედ იმ წელს მონაწილეობდა ევროვიზიის შიდა შესარჩევ კონკურსში, როცა "ბზიკებმა" გაიმარჯვეს...

მახსოვს, გოდერძი ჩოხელისთვის შოკოლადები შეაგროვა მიკამ და მთხოვა, საავადმყოფოში წამეყვანა. გოდერძი ჩოხელი სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ვნახეთ, მიკა მოეფერა და მოესიყვარულა. ამით იმის თქმა მინდა, რომ თანადგომა ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა. როცა სკოლიდან გარიცხეს, მითხრა, დედა, რაც მასწავლე, ის გავაკეთე, მე ხომ ირაკლის თანადგომა გამოვუცხადეო. დრო რომ უკან მობრუნდეს, ისევ იმგვარადვე მოვიქცევიო. მეგონა, მიკა ბავშვი იყო და ეს სიტყვები რომ თქვა, უცბად კაცი დავინახე. არ დავმალავ, საკმაოდ გავლენიანმა პირმა შემომთავაზა, მთელ ოჯახს საზღვარგარეთ გაგიყვანთ და მიკას სწავლას არაფერი დაუდგება წინო. ვიფიქრე, დავთანხმდები, ამ უსამართლობას როდემდე უნდა ვუყურო-მეთქი, მაგრამ მიკამ მითხრა, ჩვენ ტარას შავშიშვილის საქართველო კი არა, პატრიარქის საქართველო არ უნდა დავტოვოთო. მართლა უბედური დედა ვარ, როცა ასეთი შვილი ხულიგნად შემირაცხეს.

- და მაინც, რა მოხდა იმ ავბედით დღეს?

- ბავშვებს ქიმიის გაკვეთილი ჰქონდათ. ირაკლი მჭედლიშვილმა იცელქა და მასწავლებელმა კლასი დაატოვებინა. დერეფანში მჭედლიშვილს მანდატური გადაეყარა და დირექტორთან აიყვანა. გაკვეთილის შემდეგ, ბავშვებმა დირექტორის ნახვა გადაწყვიტეს, რომ ეთხოვათ, არ გაერიცხა მჭედლიშვილი. დირექტორს მიკასთვის უთქვამს, რა უფლებით მკარნახობ, როგორ მოვიქცე და როგორ არაო. მერე ბავშვი ცალკე შეუყვანია კაბინეტში, არც მასწავლებლები დაუსწრია და არც მანდატურები. შავშიშვილი ტყუის, რომ ამბობს, ალექსიძემ შემაგინაო. მანდატურთან ერთად რომ შეეყვანა, ხომ დაიწერებოდა ამ ფაქტზე ოქმი? ახლა თვითმხილველიც არავინ არის. სკოლაში რომ მივედი, მიკას ვუთხარი, თუ მართლა რამე დააშავე, არ დამიმალო, დირექტორს ვთხოვ პატიებას-მეთქი. გაგიჟდა, მისთვის არაფერი მიკადრებია, მეუბნება, ჟარგონით ლაპარაკობ და სკოლიდან გარიცხულ მოსწავლეს შენც უკან მიჰყვები, არ მომწონს, როცა ჩემს სიტყვას ეწინააღმდეგებიანო. სხვათა შორის, ტარას შავშიშვილმა 53-ე სკოლაში მისვლისთანავე განაცხადა, რომ არც მასწავლებლებს დაინდობდა და არც მოსწავლეებს. მართლაც უამრავი მასწავლებელი გაათავისუფლა და ბავშვებიც გარიცხა. არც მალავს, ამბობს, რომ მისი  მიზანი მოსწავლეთა რიცხოვნობის შემცირებაა სკოლაში.

მინდოდა განათლების მინისტრს შევხვედროდი, რასაც ვერაფრით მივაღწიე, ამიტომ ერთ დღეს სამინისტროსთან გვიანობამდე დაველოდე. ასე, ღამის 12-ის ნახევარი იქნებოდა, შაშკინი რომ გამოვიდა და თავსხმა წვიმაში მის კორტეჟს ბავშვებთან ერთად  წინ გადავუდექი. ვუთხარი, რეფორმა, რომელსაც ატარებთ, არ არის რეფორმა ან ამ რეფორმის მტერი შავშიშვილია-მეთქი. ამის დასტური აი, ეს ბავშვები არიან-მეთქი და ჩემი შვილები ვაჩვენე. ვთხოვე, ყოფილიყო სამართლიანი და ობიექტური. მითხრა, ვნახე 53-ე სკოლაში მომხდარი ინციდენტის ვიდეოჩანაწერიო... იმ დღის მერე ვითხოვ, გახსნან ვიდეომასალა, მაგრამ  უარს მეუბნებიან. ამიტომ დარწმუნებული ვარ ჩემი შვილის სიმართლეში. ასე რომ არ იყოს, მუხლმოყრილი მოვუბოდიშებდი განათლების მინისტრსაც და სრულიად საქართველოს. ახლა კი ვფიქრობ, რომ ბოდიშის მოხდა თავად ტარას შავშიშვილს მოუწევს...

"კვირის პალიტრა" დაუკავშირდა ქიმიის მასწავლებელს, ნათელა ჩალაგაშვილს, რომელმაც მჭედლიშვილი გაკვეთილიდან გააძევა: "საკონტროლო  წერისთვის ვემზადებოდი. მჭედლიშვილმა არ მოისვენა, ხან ხმამაღლა ილაპარაკა, ხან გაიარა. მიჭირს მუდმივად იმის ახსნა, რომ მჭედლიშვილი გამიზნულად არ გამიგდია. უბრალოდ, გავუწყერი და ზერელედ ვუთხარი, გაკვეთილი დატოვე-მეთქი. მეგონა, მთხოვდა, გარეთ არ გამიშვაო, ის კი გავიდა. მანამდე, მიკამაც უთხრა ირაკლის, გაჩერდიო, მაგრამ ვერ მოისვენა ამ ბავშვმა. მჭედლიშვილი დერეფანში მანდატურს შეეფეთა. გაკვეთილის ბოლოს ბავშვები დირექტორთან ჩასულან, რომ ეთხოვათ, მჭედლიშვილი არ გარიცხოო. იქ რა მოხდა, არ ვიცი. ძალიან მიყვარს მიკა და ვიცი, რომ ისიც სიყვარულით და პატივისცემით არის განწყობილი ჩემდამი".

ნათელა სიჭინავა, მიკას დამრიგებელი: - მიკა ალექსიძე ძალიან კარგი ბიჭია. კარგად უკრავს, შესანიშნავად მღერის, ხელოვნება უყვარს. დირექტორთან რა მოხდა, ვერ გეტყვით. მე დირექტორმა დამიბარა და მისი მშობლის გამოძახება მთხოვა. ეს იყო და ეს.

- ე. ი. მიკა ალექსიძე ხულიგანი არ არის?

- როგორ გეკადრებათ! ქუჩაში მდგარიც კი არავის უნახავს.

53-ე სკოლის დირექტორი უარყოფს, რომ მიკა ალექსიძე უსამართლოდ გარიცხა. ამის დასტურად იმას იშველიებს, რომ მიკას უმცროსი ძმა ისევ 53-ე სკოლაში სწავლობს(?!).

ვინ არის ტარასი?

ტარას შავშიშვილი პროფესიული გაერთიანება "სინდიკატის" ხელმძღვანელი იყო, რომელიც ხელისუფლების საფარქვეშ მოქმედ ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციად მოიაზრებოდა.

საზოგადოებას ის სხვა გახმაურებული ამბითაც ახსოვს, კერძოდ, ტელეკომპანია "კავკასიამ" ფარული ჩანაწერი გაავრცელა, სადაც სამი მამაკაცის ხმა ისმის. ერთ-ერთი მე-14 სკოლის დირექტორია, მეორე განათლების და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი, მესამე ტარას შავშიშვილი. ეს უკანასკნელი #14 სკოლის დირექტორს ზვიად მიმინოშვილს არწმუნებს, რომ მისთვის აჯობებს თანამდებობის დატოვება, რადგან ეს საკითხი განათლების მინისტრ შაშკინსა და გენერალურ ინსპექციასთან არის შეთანხმებული. "ქურდების საშუალებით ვერა, მაგრამ სამართლებრივად გავარკვევ, რას მერჩიან, რას მემართლებიან,"  ამბობს ზვიად მიმინოშვილი. იმხანად დაიწერა, რომ ეს ფარული ჩანაწერი "თავისუფლების ინსტიტუტმა" გაავრცელა, რაც შიდასახელისუფლებო დაპირისპირებაზე მიანიშნებდა…."