"სახელმწიფო მანქანა სახელმწიფო კანონებითვე გვებრძვის!" - კვირის პალიტრა

"სახელმწიფო მანქანა სახელმწიფო კანონებითვე გვებრძვის!"

ამ ისტორიას, რომელშიც გამაოგნებელი ფაქტებია მოყვანილი, საფუძვლად 2000 წელს მომხდარი ტრაგიკული ამბავი უდევს...

ლიანა იანტბელიძე: "2000 წელს ჩემს ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. ბინაში, სადაც ჩემი ვაჟი, მისი 23 წლის მეუღლე და ორი მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობდნენ, გაზის მილი აფეთქდა. დაიღუპა ჩემი რძალი, ჩემმა ვაჟმა მძიმე დამწვრობა მიიღო. დამწვრობა მიიღეს მცირეწლოვანმა ბავშვებმაც, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ყველაფერი ნაფლეთებად იქცა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ტრაგედია "თბილგაზის" თანამშრომლების დაუდევრობის გამო მოხდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, "თბილგაზს" მორალური და მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად 130.000 ლარის გადახდა დაეკისრა. მას შემდეგ 12 წელი გავიდა და ისევ უსახლკარონი ვართ. "თბილგაზმა" კომპენსაცია არ გადაგვიხადა, მოგვიანებით კი მისი სამართალმემკვიდრეობის საკითხი ჰაერში გამოეკიდა. "ყაზტრანსგაზმა" "თბილგაზის" ქონება იგდო ხელთ და მის სამართალმემკვიდრეობაზე უარს აცხადებს.

4 წელი ვწერდი "თბილგაზს" წერილებს, დავდიოდი სააღსრულებო ბიუროში, მაგრამ ერთი თეთრიც ვერ ავიღე. აღმასრულებელმა მითხრა, თუ 60%-ს მომცემ, დანარჩენ თანხას დღესვე მოგიტანო. "თბილგაზი" უფრო გულუხვი აღმოჩნდა და 50% შემომთავაზა, - 130 ათასიდან 50% უნდა დამეთმო. ორი ობლის პატრონი, რომელსაც სახლ-კარიც არ გამაჩნდა ("თბილგაზმა" დამწვარი სახლის გარემონტებაზეც უარი თქვა), არ დავთანხმდი. 2005 წელს "თბილგაზის" გაკოტრება დაიწყო. ეკონომისტი ვარ, აუდიტორულ საქმიანობას ვეწევი, კარგად ვარ ჩახედული საქმეებში და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ "თბილგაზი" ჩვენმა მთავრობამ გააკოტრა. სასამართლო პროცესებზე სამჯერ გამომიძახეს როგორც კრედიტორი და დავრწმუნდი, რა სიბინძურე ხდება ჩვენს სახელმწიფოში. კრედიტორების დავალიანებები ხელოვნურად იყო გაზრდილი, ხელშეკრულებები და შედარების აქტები - გაყალბებული და ისე გაფორმებული, თითქოს "თბილგაზს" კრედიტორების ვალები ჰქონდა. ცხადი შეიქნა, რომ ეს "თბილგაზის" გასაკოტრებლად გაკეთდა. საქმე მიაფუჩეჩეს (მახსოვს, მოსამართლე გვარად ადეიშვილი იყო). ამის მერე "თბილგაზში" "ყაზტრანსგაზი" შევიდა... როცა ამ საკითხის გარკვევა ვცადე, იუსტიციის სამინისტრომ გვაცნობა, რომ "თბილგაზის" სამართალმემკვიდრე "ყაზტრანსგაზ თბილისი" არ არის, სამართალმემკვიდრე კი რეესტრის მონაცემებში არ იძებნებაო".

დიმიტრი გაბუნია, იურისტი: "ჩვენთან სამართალმემკვიდრეობის საკითხი დიდ პრობლემებთან არის დაკავშირებული. შემუშავებულია სქემა, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია იურიდიულმა სამართლის სუბიექტმა ინვესტორს ან მყიდველს მიჰყიდოს როგორც თავად იურიდიული სუბიექტი, ამ შემთხვევაში შპს, ასევე ამ იურიდიული სუბიექტის მხოლოდ აქტივი, ანუ ქონება, პასივი კი ჰაერში დატოვოს. პასივი ვალებსა და კრედიტორებს გულისხმობს. "თბილგაზი" სახელმწიფოს 100%-იანი წილით დაფუძნებული იურიდიული სუბიექტი იყო. წესით, "თბილგაზის" ძირითადი პარტნიორი - სახელმწიფო, არ უნდა დათანხმებულიყო ასეთ სქემას. როცა გყავს ინვესტორი და ყიდი ასეთ ობიექტს, მხოლოდ აქტივების გაყიდვა  დაუშვებელია! ნორმალურ ქვეყანაში სახელმწიფო ინტერესი მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებს არ გულისხმობს, თითოეული მოქალაქის ინტერესსაც ითვალისწინებს. ჩვენ, იურისტებს, ასე გვასწავლეს. ეს არის დემოკრატია. ნორმალურ ქვეყნებში ასეა: გინდა ეს ბიზნესი? აგე პასუხი კრედიტორ-დებიტორებზეც. ჩვენთან კი რა ხდება? მოდის ინვესტორი და სახელმწიფო მოხელეებს სთავაზობს, გადაგიხდი კონკრეტულ თანხას, შენც კონკრეტული აქტივები მომყიდე, ვალები არ მჭირდებაო. ჩვენი სახელმწიფო მოხელეები ასეთ გარიგებაზე თანახმანი არიან, დიდი-დიდი სახელმწიფო ბიუჯეტის დავალიანებები გადააყოლონ. ამის შემდეგ, როცა ძირითადი აქტივები ნასყიდობის ხელშეკრულებით გასუფთავებული გადადის სხვა კომპანიის ხელში, რჩება ძველი კომპანია მკვდარი ვალდებულებებით. რა უნდა გააკეთოს მოქალაქემ, როცა სახელმწიფო მანქანა სახელმწიფო კანონებითვე გვებრძვის?"