შეუშვით ციხეებში პრესა და წიგნები! - კვირის პალიტრა

შეუშვით ციხეებში პრესა და წიგნები!

SOS! - სოსო, გაიღე მოწყალება "საეჭვო სტუმრებისთვის... საიდანღაც"

დიდი ხანია, "კვირის პალიტრა" ქველმოქმედების უფლების მოსაპოვებლად იბრძვის - სასჯელაღსრულების დეპარტამენტი საგამომცემლო სახლ "პალიტრა L"-ს ციხის ბიბლიოთეკებისთვის წიგნების ჩუქების საშუალებას არ აძლევს. "პალიტრამედიამ" ამის თაობაზე არაერთხელ მიმართა თხოვნით სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, თუმცა ამაოდ... ის კი არა, ნაცვლად იმისა, სამართლიანი მოთხოვნა გაეზიარებინათ, არათუ წიგნის, ციხეში პრესის შეტანაც კი შეიზღუდა(!).

ჯერ იყო და, ერთ-ერთი პატიმრის დედა დამიკავშირდა და შემომჩივლა, "კვირის პალიტრა" ციხეში არ შემაგზავნინესო, მერე სხვა მედიასაშუალებებიც ახმაურდნენ, ციხეში გაზეთები არ შედისო. სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა, რასაკვირველია, ეს უარყო. ვითარების გასარკვევად "პალიტრა TV"-სთან ერთად რუსთავის მეორე კოლონიას მივაშურეთ, სადაც, ჩვენი ინფორმაციით, პრესის შეტანა სასტიკად არის აკრძალული. ქალი, რომელსაც კოლონიის შესასვლელთან შევხვდით, პატიმრის დედა (გვთხოვა, მისი ვინაობა არ დაგვეზუსტებინა) აღმოჩნდა, შემოგვჩივლა, ორი თვეა პატიმრებთან პრესის შეგზავნა აიკრძალაო: "მანამდე ყველა ჟურნალ-გაზეთი მიმქონდა, მათ შორის - "კვირის პალიტრაც". გასულ კვირასაც ვცადე შეგზავნა, მაგრამ უარი მითხრეს. ვფიქრობ, ეს ამბავი მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება, ადმინისტრაცია შიშობს, რომ "ზედმეტი" ინფორმაცია პატიმრებს ააღელვებს".

ერთ-ერთი პატიმრის მეუღლე, მადონა ყვარელაშვილი, საუბარზე დაგვთანხმდა: "დაახლოებით ერთი წელი იქნება, რაც პრესა ძნელად შედის კოლონიაში, ბოლო თვეებში კი სულ აკრძალეს. მიზეზს არ ასახელებენ, ამბობენ, არ შეიძლებაო და მორჩა".

მარინა ლაბაძე (მისი მეუღლე ნარკოტიკის მოხმარებისთვის იხდის სასჯელს): "კარგი იქნება, თუ "მასმედია" იაქტიურებს, რომ ჩვენს პატიმრებს წიგნები და გაზეთები მიაწოდონ. ეტყობა, ადმინისტრაცია შიშობს, პატიმრები ქვეყნის პოლიტიკურ ვითარებას არ გაეცნონ. ასეთი სიმკაცრე ოთხ კედელშუა გამომწყვდეული ადამიანისთვის რა საჭიროა, კითხვა ხომ მას დროის გაყვანაში დაეხმარება?"

კოლონიის შესასვლელთან დაცვის თანამშრომელს ვკითხე, როგორ შევგზავნოთ წიგნები-მეთქი, მან კი ადმინისტრატორთან გამგზავნა, რომელიც ამანათის შესაგზავნად პატიმართა ახლობლებს ბლანკებს ავსებინებდა. გაზეთების შეგზავნა ჩემი ყოფილი რესპონდენტისთვის მინდოდა.

- მარტო გაზეთების? - გაიოცა ადმინისტრატორმა, - ამისთვის ჯერ სოსოს უნდა მიმართოთ და ნებართვა აიღოთ, - მირჩია მან.

- გაზეთის შეგზავნას სპეციალური ნებართვა სჭირდება? - დავინტერესდი მე.

- იქნებ ისეთი ვიღაცაა... (როგორც ჩანს, პატიმარს გულისხმობს), -  გვპასუხობს ადმინისტრატორი და ეჭვიანად გვეკითხება, - თქვენ საიდანღაც ხართ, ხომ?!

ჩვენ კი სოსოს (როგორც დავადგინეთ, გვარად ჯუღელი) მოსაძებნად მივდივართ. ის ღობის იქით დგას და ტელეფონზე ლაპარაკობს (ეტყობა, "საეჭვო სტუმრების" მოსვლა უკვე შეატყობინეს).

- გაზეთების შემოტანა გნებავთ? შემოიტანეთ, რა პრობლემაა? - გვეუბნება დიდსულოვნად.

...ამანათების შესაგზავნად მდგომთა გრძელ რიგს გადავხედე, სადაც მოხუცმა ქალმა ახალგაზრდას გადაულაპარაკა: "მგონი, გაზეთების შეგზავნა დაუშვეს!"

მინდოდა იქ მყოფებისთვის მეთქვა, დაუშვეს-მეთქი, მაგრამ გავჩუმდი, რადგან არ ვიცი, ამის უფლებას ყველას მისცემდნენ თუ არა. ადმინისტრატორმა ხომ თქვა, "იმასაც გააჩნია, ვისთან რა შედისო", ე. ი. პატიმარი ღირსად თუ ჩათვალეს, გაზეთსაც, წიგნსაც და შვილის ან მეუღლის ფოტოსაც მიიღებს. თანაც, ჩვენ ხომ "საიდანღაც ვიყავით"...

ნანა კაკაბაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პატიმრები ადამიანის უფლებებისთვის": - გაზეთები პატიმრებთან სასჯელაღსრულების დეპარტამენტს თავად უნდა შეჰქონდეს და ბიბლიოთეკებში წიგნებიც და პრესაც უნდა იყოს. არ შეიძლება პატიმრების ინფორმაციულ ვაკუუმში მოქცევა, მათ ხომ ისედაც აკრძალული აქვთ სხვა აქტივობანი. ციხეებში რადიოების უმრავლესობაც გადამწვარია. ხელისუფლება ცდილობს, რაც შეიძლება ბევრ პატიმარს მიაღებინოს მონაწილეობა არჩევნებში, მგონი, "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ დათვლილიც აქვს პატიმართა ხმები. ამიტომაც პატიმრებს ისეთ ინფორმაციას არ აცნობენ, რაც მათ ხელისუფლების შეცვლის იმედს გაუღვივებს.

უიმედობა მსჯავრდადებულს უფრო დამყოლს გახდის, ხელისუფლებას კი სწორედ ასეთი პატიმრები სჭირდება."

იხ. სიუჟეტი palitratv.ge-ზე