ეს კანონი "ნაციონალურ მოძრაობას" არ ეხება?! - კვირის პალიტრა

ეს კანონი "ნაციონალურ მოძრაობას" არ ეხება?!

"ნაციონალების სასარგებლო საქმეს ლეიბორისტი აკეთებდა!"

მოძრაობა "არას" თავმჯდომარე ლევან ჩიტაძე ამბობს, რომ კონტროლის პალატის საზოგადოებაზე შეტევას არასამთავრობო ორგანიზაციები კანონიერ მოთხოვნებს დაუპირისპირებენ. მან "კვირის პალიტრას" ხელისუფლების წარმომადგენელთა სახლების ფოტოები და საზოგადოებისთვის საინტერესო არაერთი ინფორმაცია მიაწოდა:

- 2011 წელს რამდენიმე სამინისტროში მინისტრის მოადგილეები მოხსნეს. დააკავეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, იყო ლაპარაკი კორუფციულ სქემებსა და გარიგებებზე. კონტროლის პალატა უნდა დაინტერესებულიყო ამ ამბით, მაგრამ მის საიტზე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების მოსატყუებლადაც კი არაფერია ასახული. საიტზე  პირველი ინფორმაცია მხოლოდ "ქართულ ოცნებას" შეეხებოდა. კონტროლის პალატამ ფინანსური ანგარიში მოსთხოვა "ნაციონალურ მოძრაობასაც", ვითომ რაღაც შეცდომები აღმოუჩინეს, - 86 ათასი ლარი "ნაციონალურ მოძრაობას" გაურკვეველი წყაროებიდან მიუღიაო და ურჩიეს, რომ ამ თანხის წარმომავლობა პარტიის ფინანსურ ანგარიშში ასახულიყო. "ქართული ოცნებისგან" განსხვავებით, მმართველი პარტიისთვის საჯარიმო სანქცია არ დაუწესებიათ.

ჩემთვის ბევრად საინტერესოა ის პრობლემები, რაც სახელმწიფოს აქვს, ის კორუფციული სქემები, რომელთაც სახელმწიფო ჩინოვნიკები იყენებენ, ვიდრე ის, თუ სად ხარჯავს რომელიმე მილიარდერი თავის ფულს. მაინტერესებს, სად მიდის მოქალაქეების გადასახადებისგან მიღებული ფული, ის თანხა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უნდა მოხმარდეს, სად მიდის დევნილების, პენსიონერების ფული, ის ფული, რომელიც ვითომ გზების დასაგებად არის გამოყოფილი და სინამდვილეში გაცილებით ნაკლები იხარჯება.

მილიონები პატიმრების დაავადების ხარჯზე

არასამთავრობო ორგანიზაციებმა კონტროლის პალატას მივმართეთ განცხადებით, რომ შეესწავლა პრობაციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროში არსებული ვითარება და მოეცა ინფორმაცია. გვაინტერესებდა, რომელი კომპანიები ამარაგებენ ციხეს საკვებით, რა კრიტერიუმით შეარჩიეს ისინი, რა პროდუქცია იყიდება მის ტერიტორიაზე მარკეტებსა და აფთიაქებში. კონტროლის პალატას გასულ თვეს მივმართეთ, ათ დღეში უნდა მოეწოდებინა პასუხი, მაგრამ ვერაფერი მივიღეთ. პასუხი არ მიგვიღია სასჯელაღსრულების სამინისტროსგანაც.

კალმახელიძე ამბობს, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში ყველაფერი გენიალურად არის, რომ ზრუნავს პატიმრების დასაქმებაზე, ის კი არადა, თურმე პატიმრებს შეეძლებათ ციხეებიდან ოჯახები არჩინონ. ეს ტყუილია. ჩვენი ორგანიზაციის ადვოკატები ციხეში მონიტორინგს ატარებენ. მათი ინფორმაციით, საპატიმროებში შედის პროდუქცია, რომელიც სუპერმარკეტებში ჩამოწერილი, ვადაგასული, გადასაყრელია. პატიმრები ამბობენ, რომ კიტრი და პომიდორი ორ-ორი კილოგრამი უნდა იყიდონ, რომ 2-3 საღი მაინც აარჩიონ. ძეხვეული ვინც შეჭამა, მოიწამლა და ამიტომ წიწიბურაზე გადავედითო. ციხეში საკვები ვადაგასული კომბინირებული ცხიმით მზადდება. ამიტომაც ბევრ პატიმარს მკურნალობის ჩატარება უწევს. ჩვენი გამოკვლევით, ეს ზებუს (ზებუ - კუზიანი საქონელი, რომელიც შინაურ ძროხას უახლოვდება) ხორცია, რომელიც ინდოეთიდან რომელ კომპანიას შემოაქვს, ვერ დავადგინეთ. როგორც ჩანს, ხორცის შენახვის პირობები დაცული არ არის, რადგან ქსნის საპყრობილის პატიმრებმა მითხრეს, როდესაც ხორცი მზადდება, დერეფანში საშინელი სუნი დგასო. ქსნის საპატიმროს ის სამზარეულო, რომელიც ტელევიზიით ასე გააპიარეს, სინამდვილეში საჩვენებელი ნაწილია. მეორე ნაწილი და სათავსი საშინელ მდგომარეობაშია. მძინარე პატიმარი არაერთხელ დაუკბენია ვირთხას. იგივე ხდება რუსთავის მეექვსე დაწესებულებაში. ამ დროს სექსუალური იმიჯის მინისტრი კალმახელიძე დაბერილი ტუჩებით გვიცხადებს, რომ საპატიმროებში ყველაფერი კარგად არის. ეს თოჯინა გვარწმუნებს, პატიმრები ბედნიერები არიანო იქ, სადაც ადამიანებს აწამებენ, ცემით კლავენ და საკვებით წამლავენ.

ოფიციალურად 24 ათასი პატიმარი გვყავს, ხოლო არაოფიციალური ცნობით, 40 ათასამდე. ორჯერ მეტი რომ იყოს, ორჯერ მეტ ფულს გააკეთებდნენ. ხელისუფლება ანგარიშს არ უწევს თავის საგარეო ავტორიტეტს, იმას, რომ უფლებადამცველი ორგანიზაციების ცნობით 2003 წლიდან დღემდე საპატიმროებში 400-ზე მეტი კაცი დაიღუპა. რამდენი გამოვიდა იქიდან დაინვალიდებული და რამდენი გადის მკურნალობას, ეს კიდევ სხვაა.

ხელისუფლება და მისი სატელიტები

28 დეკემბერს მიღებული კანონით, "ცვლილებები და დამატებები პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" პოლიტიკურ პარტიებს შეზღუდვები დაუწესდათ. კონტროლის პალატა ამ კანონის საფუძველზე იბარებს მოქალაქეებს დაკითხვაზე იმის დასადგენად, "ქართულმა ოცნებამ" მოქალაქეებს ფული ხომ არ გადაუხადა. არადა,  "ნაციონალური მოძრაობა" კოლოსალურ თანხებს ხარჯავს  აქტივისტების შესანარჩუნებლად. სხვადასხვა სოფელსა და რაიონებში ხალხის მოსყიდვა დაიწყო, მათ მხარდამჭერებს ურიგებენ სადაზღვევო პოლისებს, მმართველი პარტიის მხარდამჭერები სოციალურ დახმარებას იღებენ,  სანაცვლოდ კი "ნაციონალურ მოძრაობას" ინფორმაციას აწვდიან სამეზობლოში ვინ არის ოპოზიციონერი და ვინ ხელისუფლების მომხრე. უცნაურად მენიშნა პრეზიდენტისა და მინისტრების განცხადებები, რომ ნარკომანია დაავადება ყოფილა და არა დანაშაული, რომ მათ უნდა ვუმკურნალოთ და კანონიც ლიბერალური გახდეს. ეს პრობლემა არჩევნების წინ გაახსენდათ. ისევე როგორც წინა არჩევნებს დაემთხვა "მეტადონის" პროგრამის ამოქმედება. ხელისუფლებას სჭირდება პირები, რომლებიც ციხიდან გათავისუფლების სანაცვლოდ ხმებს მოუგროვებს.

აქამდე თუ ხელისუფლებით ვინტერესდებოდით, ამიერიდან დავინტერესდებით გია თორთლაძით, ლეიბორისტებით, "ახალი მემარჯვენეებითა" და მსგავსი პარტიებითაც.

- ამ პარტიებით რატომ დაინტერესდით?

- 2008-2010 წლებში საარჩევნო პროცესს ვაკვირდებოდით და აღმოვაჩინეთ, რომ სხვადასხვა უბანზე საარჩევნო კომისიებში ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლების ნაცვლად "ნაციონალური მოძრაობის" წევრები იყვნენ. რამდენიმე ასეთი შემთხვევა იყო ისანსა და სოფელ დიღომში. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს გიგი უგულავამ მოსახლეობაში გამოკითხვა ჩაატარებინა, რომელსაც ლეიბორისტული პარტიის წევრები ატარებდნენ. ჩემთანაც მოვიდა ერთი ქალი და რომ ვუთხარი, თქვენ ლეიბორისტული პარტიის წევრი ხართ-მეთქი, მიპასუხა, ფულს მიხდიან და გამოკითხვას უგულავას ვუკეთებო. წარმოიდგინეთ, ნაციონალების სასარგებლო საქმეს ლეიბორისტი აკეთებდა!

"ახალმა მემარჯვენეებმაც" მკვეთრად შეცვალეს ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება, ჩათვალეს, უამისოდ პარლამენტში ვეღარ შევლენ. ხელისუფლებისგან 1 მილიონი მიიღეს. ყველა რეგიონში გახსნეს ოფისები და მხარდამჭერებს ფულს უხდიან. ისეთ ღონისძიებებს აწყობენ, რაშიც ბევრი ფული იხარჯება. ამის აკრძალვა თუ "ქართული ოცნებისთვის" შეიძლება, ეს არ ვრცელდება "ახალ მემარჯვენეებზე". მაქვს ზუსტი ინფორმაცია, რომ "ახალი მემარჯვენეების" ცენტრალურ ოფისში ახალგაზრდებს, თუ პარტიაში ახალ წევრებს მიიყვანენ, ანაზღაურებას ჰპირდებიან. ეს სწორედ ის კანონდარღვევაა, რასაც მოგელაძე გააფთრებით ეძებს "ქართულ ოცნებაში".

პრემირებული ჩინოვნიკები

რატომღაც კონტროლის პალატა არ ინტერესდება, მაღალჩინოსნები როგორ ინიშნავენ პრემიებს.

შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი და დღეს მინისტრი ლადო ვარძელაშვილი 2009 წელს საკუთარ თავს ყოველთვიურად უხდიდა პრემიას - 2.950 ლარს. 2011 წელს პრემიად აღებული აქვს 77.880 ლარი. ასეთივე დოკუმენტები ყველა გუბერნატორისა და სოფლის გამგებლის არქივში იქნება.

შიდა ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა ზურაბ არსოშვილმა 2011 წელს 106 ათასი ლარი პრემია გამოიწერა ერთჯერადად და ჯიპი "ტოიოტა ლენდკრუიზერი" იყიდა.

2011 წლის იანვარ-ივნისში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ზაზა გოროზიას 201.732 ლარი აქვს გაცემული თავის თანამშრომლებზე.

მდიდარი მაღალჩინოსნები

ვანო მერაბიშვილს დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ მისი წლიური შემოსავალი 74 ათას 655 ლარია. ეს შემოსავალი არ ეყოფოდა მისი სასახლის აშენებას, რომელიც დიღომში, სიხარულის ქუჩაზე მდებარეობს. მშენებლების თქმით, ამ სახლის აშენება 8-დან 10 მილიონამდე უნდა დამჯდარიყო. ქონება, რაც მერაბიშვილმა რეალურად დააგროვა, დეკლარაციაში ნაჩვენებს ბევრად აჭარბებს. გარდა ამისა, აქვს სახლები ირეთუბანშიც.

- ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ ეს სახლები სხვა პირებს ეკუთვნით.

- დააფიქსირეს, როგორ მიდი-მოდის კუბლაშვილი ბუკიას ბაღის უკან მდებარე სახლში. ამიტომაც გაუჭირდა უარყოფა და განაცხადა, ჩემი მხოლოდ ზედა სართულიაო. ეტყობა, მეორე სართული სიდედრის სახელზე აქვს გაფორმებული, პირველი სართული კი - მეუღლეზე. ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილიც ხშირად მიდიოდნენ მშენებლობაზე, როდესაც მათი სახლები შენდებოდა.

- ხელისუფლება ამბობს, ბეჟუაშვილები პოლიტიკამდე ბიზნესში იყვნენ, კეზერაშვილი კი ახლაა და რა გასაკვირია, ქონება ჰქონდეთო.

- 2007 წლამდე არსებობდა იმ ბიზნესმენების ასკაციანი სია, რომელთაც საქართველოში კაპიტალი ჰქონდათ დაბანდებული. სიაში მყოფთა ყველაზე მცირე ქონება იწყებოდა 20 მილიონიდან და ადიოდა ზემოთ. რეპრესიების პირველი ტალღა 2007 წელს დაიწყო, მეორე 2009 წელს და ამის მერე ზოგი გაიქცა საქართველოდან, ზოგს ქონება დაუწვეს, ზოგს სხვებზე გადააფორმებინეს. ეს სხვები არიან სწორედ ბეჟუაშვილები და კეზერაშვილები.

კონტროლის პალატას მოვთხოვეთ მოემზადებინა ინფორმაცია ჩუქების ფაქტებზე 2003 წლიდან დღემდე. გვაინტერესებდა, რამდენმა კერძო პირმა რა ოდენობის ქონება გადასცა უსასყიდლოდ ხელისუფლებას ან რომელიმე პირს. ამით გავარკვევდით, რამდენ კაცს წაართვეს ქონება, მაგრამ კონტროლის პალატა პასუხს არ გვწერს. ჩვენ მალე მოგელაძეზეც მოვაგროვებთ ინფორმაციას. მისი ქმარი, გიორგი კონდახიშვილი, პროკურატურის თანამშრომელია და მას უკავშირდება ქონების წართმევის რამდენიმე ბუნდოვანი საქმე. ის იძიებდა ასევე 2011 წელს სოფლის მეურნეობის თანამშრომლების საქმეს (9 პირი დააკავეს). მოგვიანებით გაირკვა, რომ მათგან  მხოლოდ ერთი იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომელი. ცხრავე თავისუფალია და რის სანაცვლოდ, არავინ იცის.

საქართველო პატიმართა რაოდენობით მე-4 ადგილზეა

ორგანიზაცია "ციხის კვლევების საერთაშორისო ცენტრის" მონაცემებითთ, 100000 მოსახლეზე 500 პატიმარზე მეტი მაჩვენებელი მხოლოდ მსოფლიოს 7 ქვეყანაში დაფიქსირდა. ამ შვიდი ქვეყნიდან საქართველო მეოთხე ადგილზეა. პირველი ადგილი აშშ-მა დაიკავა, რადგან ამ მაჩვენებლით 730 პატიმარი ჰყავს. მეორე ადგილზე 649 პატიმრით გავიდა კარიბის კუნძულებზე მდებარე სახელმწიფო სენტ-კიტსი და ნევისი. მესამე ადგილზეა რუანდა 595 პატიმრით. რუანდის შემდეგ მეოთხე ადგილი საქართველომ დაიკავა. 1994 წელს საქართველოში პატიმართა რაოდენობა 7396-ს არ აღემატებოდა. 1998 წელს მათი რიცხვი 10406-მდე გაიზარდა, 2001 წელს 7618 პატიმარი დაფიქსირდა, 2004 წელს - 7867, 2011 წლის ოფიციალური მონაცემებით კი პატიმართა და მსჯავრდადებულთა რაოდენობამ 24187-ს მიაღწია.

ამავე ორგანიზაციის 2011 წლის მონაცემებით, საქართველო ევროპაში პატიმართა რაოდენობით პირველ ადგილს იკავებს. ჩვენთან 100000 მოსახლეზე 539 პატიმარია.

უფლებადამცველ გელა ნიკოლაიშვილის თქმით, კვლევები ჩატარებულია იმ მონაცემებზე დაყრდნობით, თითქოს საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 4,5 მილიონია, რეალურად კი 3.5 მლნ, გამოდის მსოფლიოშიც პატიმართა რაოდენობით პირველ ადგილზე ვართ.

ალექსანდრე ხეთაგურის სახლი კოჯორში

სიუჟეტი იხ. palitratv.ge-ზე