შავი ტრანსპლანტაციის მსხვერპლი?! - კვირის პალიტრა

შავი ტრანსპლანტაციის მსხვერპლი?!

"არ არის გამორიცხული, ჩვენი ქვეყანა ტრანსპლანტტურიზმის შავ ბიზნესში ჩაითრიონ"

"საქართველოში ეს ამბავი ისეა გასაიდუმლოებული, პატარა ინფორმაციასაც ვერ მოიპოვებ. მშენებლებს დავალებული აქვთ ყრუ-მუნჯებივით მოიქცნენ"

ვაგრძელებთ სტატიას შავი ტრანსპლანტაციის თემაზე.

გერმანიაში საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული მარდიანის საქმეში ბევრი კითხვაა. ამიტომ "კვირის პალიტრა" დაუკავშირდა ტრანსპლანტოლოგს, ევროკავშირის ექსპერტთა ჯგუფის წევრ გია თომაძეს.

- ორგანოები, რომელიც გარდაცვლილს აკლია, გადასანერგად არ გამოიყენება. ვის რაში სჭირდებოდა ფეხიდან ძვლის ამოღება, გაუგებარია. თვალის გადანერგვაც არ ხდება.

- რქოვანას გადანერგვა ხომ შესაძლებელია?

- კი, მაგრამ ამისთვის მთლიანად თვალის ამოღება არ არის საჭირო. არც ძვლის ამოღების საჭიროება მესმის. გერმანიაში ორგანოების შოვნა უჭირთ, თორემ ქსოვილის პრობლემა არა აქვთ. გარდაცვლილს ნაღვლის ბუშტიც აკლდა, ნაღვლის ბუშტის გადანერგვა კი საერთოდ არ ხდება.

- ლაპარაკია ღვიძლზე, რომელსაც ნაღვლის ბუშტი არ ჰქონდა.

- გარდაცვლილის ღვიძლი გადასანერგად არ ვარგა.

- თუ ცოცხალს ამოუღეს?

- სად, გერმანიის ოფიციალურ სტრუქტურაში? არა მგონია. ამ ამბავმა ძალიან დამაინტერესა და გერმანიაში ჩემს კოლეგას დავუკავშირდი. გადაირია, ეს საციხო საქმეა, ვინ მოჰკიდებს ხელსო.

- მაშინ რატომ ჰქონდა ცხედარს თვალები დათხრილი და ძვალი ამოღებული?

- მიჭირს თქმა, ხელებზე არსებული განაკვეთიც გაუგებარია ჩემთვის, ალბათ, არტერიას თუ ათვალიერებდნენ.

- ჩამომხრჩვალი კაცის არტერიის გამოკვლევა ვის აინტერესებდა?

- ამ კითხვებზე პასუხი არა მაქვს. წესით, ასეთი ინფორმაცია სამკურნალო დაწესებულებამ არ უნდა დამალოს. შესაძლებელია, ეს იყო ექსპერიმენტული კვლევა. ამას ვერ გამოვრიცხავ...

მარდიანის საქმე საეჭვო იმითაც არის, რომ საქმის დოკუმენტური ნაწილი აბსოლუტურად გაუმართავია. წერილში, რომელიც ჰამბურგიდან გარდაცვლილის მამას, იური მარდიანს გამოუგზავნეს, მითითებულია, რომ პირველად გამოკვლევა ექსპერტმა შროტმა ჩაატარა, თუმცა იმ დოკუმენტებს შორის, რომელიც გერმანიიდან გამოგზავნეს, სწორედ ექსპერტ შროტის დასკვნაა გამქრალი.

იური მარდიანი: "სტრასბურგის სასამართლოში სწორედ ამ საკითხების გასარკვევად ვგზავნი საჩივარს. გერმანული მხარე არ გვიგზავნის შროტის პირველი ექსპერტიზის პასუხს. ასევე მაქვს ამ საკითხზე გერმანიის პროკურორის ინტერვიუს ვიდეოჩანაწერი, სადაც ამტკიცებს, რომ ჩემს შვილს თვალები დათხრილი არ ჰქონია. აშკარაა, გერმანია ყველანაირად ცდილობს რაღაც საშინელი დაფაროს. ჩემს შვილს აღარაფერი ეშველება, მაგრამ იქნებ სხვების სიცოცხლე ვიხსნა. მოგეხსენებათ, ჩემი შვილის ორგანოების ნაწილი სიმართლის დასადგენად (დნმ-ის ანალიზს ვგულისხმობ)  სპეციალურ ბანკშია შენახული. 2 აპრილს შენახვის ვადა იწურება.

თქვენი გაზეთის მეშვეობით მინდა უმორჩილესად ვთხოვო ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, ნუ გაანადგურებენ ამ მტკიცებულებას, მომცენ საშუალება საქმე ბოლომდე მივიყვანო".

ჩვენ გავეცანით გერმანიის გენერალურ პროკურორთან ინტერვიუს ჩანაწერს. პროკურორი მართლაც ამბობს, რომ მარდიანს თვალები არ ჰქონია დათხრილი და მტკიცებულებად ფოტოსურათი(?!) მოჰყავს, თუმცა, კითხვაზე, რატომ არ ჰქონდა გარდაცვლილს ფეხის ძვალი, მან პასუხი ვერ გასცა.

მარდიანის საქმის დეტალურად გაცნობის შემდგომ, საქართველოში ტრანსპლანტაციის ცენტრის მშენებლობის საკითხითაც დავინტერესდი.

მარინა ბერაძე, "გვახსოვდეს ჰიპოკრატეს" თავმჯდომარე: "შარშან გიგი უგულავამ ტელევიზიით დავით აღმაშენებლის ხეივანში 200-საწოლიანი ტრანსპლანტოლოგიის ცენტრის მშენებლობის ამბავი გვახარა. იქ ითქვა, რომ ამ ცენტრს აზერბაიჯანელები  აშენებენ და სამედიცინო პერსონალსაც აზერბაიჯანელებით დააკომპლექტებენ. ეს ამბავი მაშფოთებს, რადგან კარგად ვიცით, რა მდგომარეობაა ტრანსპლანტოლოგიის დარგში აზერბაიჯანში. საკითხავია, რას მოასწავებს ამიერკავკასიის ტრანსპლანტოლოგიის ცენტრის გახსნა ისეთ სახელმწიფოში, როგორიც საქართველოა. ჩვენი ტრანსპლანტოლოგები ისეთი პროფესიონალები არიან, რომ ევროპის ქვეყნებში იწვევენ, მაგრამ თბილისის მერმა რატომღაც აზერბაიჯანელ ტრანსპლანტოლოგებს გაუწია რეკლამა. პირველი კითხვა, რომელიც გამიჩნდა, ასეთი იყო, - რა შუაშია ამ მშენებლობასთან ქალაქის მერი? 200-საწოლიანი საავადმყოფო, სადაც მხოლოდ აზერბაიჯანელები იმუშავებენ, რატომ არის ჩვენთვის აღსაფრთოვანებელი?! ტრანსპლანტოლოგიის დარგს თან ახლავს ჩრდილოვანი მხარეებიც, მაგალითად, ტრანსპლანტტურიზმი, ერთ-ერთი "შავი" ბიზნესი. ამაში 150-დან 200-მდე ქვეყანაა  ჩართული, რომელთა შორისაც უმეტესად განვითარებადი ქვეყნებია. ცნობილია, რომ აზერბაიჯანელებს, თურქებსა და უკრაინელებს ტრანსპლანტაციის "შავი" ბიზნესი აქვთ გაჩაღებული.

საქართველოში მშენებლობის საქმე ისეა გასაიდუმლოებული, პატარა ინფორმაციასაც ვერ მოიპოვებ. მშენებლებს დავალებული აქვთ ყრუ-მუნჯებივით მოიქცნენ. ერთ ცნობილ პროფესორს ვკითხე, რა გვჭირს საიმისო, რომ ეს ოპერაციები საქართველოში აზერბაიჯანელებმა გააკეთონ-მეთქი? მითხრა, არ არის გამორიცხული, ჩვენი ქვეყანა მაფიოზებმა ტრანსპლანტტურიზმის შავ ბიზნესში ჩაითრიონ და ჩვენი ხალხი ამ მიზნით დონორებად გამოიყენონ, თორემ აზერბაიჯანელებს ამ სფეროში ხეირიანი სპეციალისტიც არ ჰყავთ. სამაგიეროდ, თUურქებს ჰყავთ ტრანსპლანტოლოგები და აზერბაიჯანული პროექტის ეგიდით სწორედ ისინი იმუშავებენო".

ტრანსპლანტაციის ცენტრის საქართველოში აშენების წინააღმდეგია ტრანსპლანტოლოგი გია თომაძეც: - რატომ მოიწადინეს აზერბაიჯანელებმა ამ ცენტრის მაინცდამაინც თბილისში აშენება? რატომ აზერბაიჯანში არ ხსნიან? მსოფლიოში კანონით აკრძალულია ტრანსპლანტაცია იმ შემთხვევაში, თუ დონორი და პაციენტი ერთმანეთის ნათესავები არ არიან და თუ მაინც კეთდება გადანერგვა, ისმის კითხვა, რა რჯით ამ ადამიანებს?

ბუნებრივია, ფინანსური დაინტერესებაა მთავარი. რაც შეეხება ადამიანის მკვლელობის გზით ტრანსპლანტაციას, ეს უმძიმესი დანაშაულია. სანამ ადამიანს მოკლავ, საფუძვლიანად უნდა გამოიკვლიო მისი იმუნოლოგიური მხარე, თავსებადობა, ხომ არ არის ინფიცირებული რაიმე ინფექციით და ასე შემდეგ. თუ ადამიანის მკვლელობის ხარჯზე ტრანსპლანტაციაზეა ლაპარაკი, მაშინ ეს უნდა მოხდეს საავადმყოფოში. საუბედუროდ, საქართველოშიც ძალიან ბევრს უნდა ორგანოს გაყიდვა. აგერ, ჩემს კაბინეტში ტყუილად კი არ მაქვს გამოკრული ეს წარწერა. კვირაში ერთხელ მაინც მოდის ჩემთან ვინმე და მეუბნება, რომელიმე ორგანო გამაყიდვინეო. ამ კვირაშიც იყო ერთი გოგონა, ისე მიჭირს, ყველაფერს გავყიდი, ოღონდ ოჯახი გადავარჩინოო. ამიტომაც არ შეიძლება საქართველოში თურქებისა და აზერბაიჯანელების ერთობლივი პროექტის დაწყება. მათ შეიძლება ჩამოიყვანონ თავიანთი პაციენტები და დონორები და აქ გააკეთონ თავიანთ ქვეყანაში აკრძალული ოპერაციები, ან შეიძლება სულაც დონორები აქ მოძებნონ. დიდი ალბათობაა საქართველო რეგიონში შავი ტრანსპლანტაციის ცენტრად იქცეს. იცით, რამდენჯერ მოსულან თურქები, ებრაელები და აზერბაიჯანელები ასეთი თხოვნით? გვთავაზობდნენ, თქვენ ოღონდ ლიბერალური კანონი მიიღეთ ტრანსპლანტაციაზე, ჩვენ რაც საჭირო იქნება, ყველაფერს გავაკეთებთო.

- მაინც რას გპირდებოდნენ?

- გვითხრეს, კლინიკას აგიშენებთ, სპეციალისტებს მოგიმზადებთ. ქართველი პაციენტებისთვის უფასო ოპერაციებს გავაკეთებთ, ოღონდ მოგვეცით საშუალება ჩვენ ჩვენი წყვილები ჩამოვიყვანოთო.

- ჩვენთან ხომ მხოლოდ ნათესავებს შეუძლიათ ერთმMანეთისთვის ორგანოების მიცემა?

- გვიმტკიცებდნენ, ნათესავებს ჩამოვიყვანთო, მაგრამ, როცა ვკითხე, ისრაელშიც ხომ შეიძლება ნათესავების ორგანოების გადანერგვა, ამხელა გზაზე რატომ მოგყავთ ეს ხალხი-მეთქი? მიპასუხეს, თქვენთან იაფი ჯდებაო. გასაგები გახდა ყველაფერი, - გააკეთებდნენ ყალბ ცნობებს დონორისა და პაციენტის ნათესაობის შესახებ და საქართველოში ვინ  შეამოწმებს ისრაელში გაცემული ცნობის ნამდვილობას? ნახეთ, რა ხდება მოლდავეთში? სოფლებია, სადაც ხალხს ორგანოები აკლია. ეს ამბავი მას შემდეგ გასკდა, რაც მოსკოვის მეტროში ერთი ქალი გაქურდეს. ჩანთაში 25 ათასი დოლარი ჰქონია, მოლდაველი დონორისთვის გადასახდელი თანხა.

ითქვა, თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მოლდაველ დონორებს უკეთდებოდათ ოპერაცია, ხოლო მათ ორგანოებს ებრაელ პაციენტებს უნერგავდნენო. ამ ამბის გამო კარგა ხანს დავდიოდი პოლიციაში.

თუკი რამ გადანერგვა გაკეთებულა, ყველაფერი გადაამოწმეს. საბოლოოდ მოლდავეთის შინაგან საქმეთა სამინისტროდან გვაცნობეს, რომ შავი ტრანსპლანტაციის ფაქტი დადასტურდა, მაგრამ ოპერაციები კეთდებოდა არა საქართველოში, არამედ თურქეთში.

მინახავს ფოტო, როგორ არიან ჩამწკრივებული მოლდავურ სოფლებში მამაკაცები. წელის არეში ყველას ნაწიბურები აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ თირკმლები აქვთ ამოღებული. როგორც ვიცი, თითო თირკმელში 2.000-დან 4.000 დოლარამდე აძლევენ.

საქართველოში ასეთი ცენტრის აშენება კარგს არაფერს მოგვიტანს.

P.S. ვისაც სურს დაეხმაროს იური მარდიანის ოჯახს სიმართლის დადგენაში, გთავაზობთ რეკვიზიტებს:

მიმდინარე ანგარიში ლარში: ბენეფიციარი: ა(ა)იპ დავით მარდიანის ფონდი

ს.ს. "საქართველოს ბანკი": swift: BAGAGE22, ანგ.  #GE 93BG0000000355010600

ს.ს. "ბანკი ქართუ": swift: CRTUGE22 ანგ. #GE11CR0000000004763608

მის: ქ. თბილისი, ჭონქაძის #10

ტელ: 595 61-62-52 იური მარდიანი

დარეკეთ მაგთიდან, ჯეოსელიდან, ბილაინიდან: 0M901-000-018, ზარის ღირებულებაა - 1 ლარი.

ექიმი ფრანკენშტაინი

2011 წლის იანვარში თურქეთის სასამართლომ გაუსვლელობის პირობით გაათავისუფლა ექიმი იუსუფ ერჩინ სონმეზა, რომელსაც "ექიმ ფრანკენშტაინსაც" უწოდებენ. სონმეზა ინტერპოლმა დააპატიმრა. ბრალი წაუყენეს აზერბაიჯანსა და კოსოვოში ადამიანის ორგანოებით უკანონო ვაჭრობაში. ის არაფერს აღიარებს, მაგრამ ბრიტანულმა "გარდიანმა" სომნეზა დაასახელა ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ ადამიანის ორგანოების ტრანსპლანტაციის დარგში ბოლო ათი წლის განმავლობაში.