შატბერამ შაბერა - ცრუშალიკოს ქვეშევრდომის მორიგი 3 ტყუილი - კვირის პალიტრა

შატბერამ შაბერა - ცრუშალიკოს ქვეშევრდომის მორიგი 3 ტყუილი

ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, ბატონებო!

სასამართლოში "პალიტრამედიასთან" საქმის წაგებას ქვეყნის პირველმა ლეიბორისტმა მორიგი "გონიერი" პიარაქციით უპასუხა, ამჯერად თანაპარტიელ სოსო შატბერაშვილის მეშვეობით. ბატონმა შატბერაშვილმა პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი, სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, "პალიტრამედიისთვის" ბოდიშის მოხდას არ აპირებს და მზად არის ორწლიანი პატიმრობაც მოიხადოს(!). მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ შალვა ნათელაშვილმა სააღსრულებო ბიუროდან უწყება მიიღო, სადაც ნათქვამია, რომ სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად შალვა ნათელაშვილმა "მედიაპალიტრას" ბოდიში უნდა მოუხადოს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ შალვა ნათელაშვილის წინააღმდეგ "პალიტრამედიის" სარჩელი 2012 წლის 8 თებერვალს სრულად დააკმაყოფილა. პირველმა ლეიბორისტმა "მედიაპალიტრას" საჯაროდ დასდო ბრალი ბავშვებისთვის სკოლის წართმევასა და ბიძინა ივანიშვილისგან მილიონების მიღებაში. 8 თებერვალს სასამართლომ ნათელაშვილს იმ ცნობების უარყოფა დააკისრა, რომელიც მან "მაესტროს", "კვირის ქრონიკისა" და "ალიას" მეშვეობით გაავრცელა.

"პალიტრამედიამ" საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცრუცნობების გავრცელებისთვის "საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" ლიდერს შალვა ნათელაშვილს სასამართლოში 2011 წლის დეკემბერში უჩივლა. მანამდე კი შალვა ნათელაშვილის ბრალდებების საპასუხოდ "პალიტრამედიამ" განცხადება გაავრცელა, რომელშიც "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერს მის მიერვე გავრცელებული ინფორმაციის დამადასტურებელი ფაქტების მოყვანა ან საკუთარი სიტყვების საჯაროდ უარყოფა მოსთხოვა. სარჩელის შეტანამდე ნათელაშვილი მოვიწვიეთ კიდეც მის მიერ გავრცელებული ცნობების არარეალურობაში დასარწმუნებლად და დოკუმენტაციის გაცნობაც შევთავაზეთ, თუმცა ცრუშალიკომ (ეს სახელი მე არ გამომიგონია, - სასამართლომ მიანიჭა) დოკუმენტების გაცნობაზე უარი განაცხადა.

7. 04. 2012. პრესკონფერენცია ლეიბორისტების ოფისში. სოსო შატბერაშვილი: "ორი ათეული წელია, საზოგადოება უკვე მიეჩვია ხელისუფლებისგან შალვა ნათელაშვილისა და "ლეიბორისტული პარტიის" დევნის, ტერაქტების, რეპრესიების უწყვეტ კასკადს. ამჯერადაც ტირანული რეჟიმის ე.წ. სასამართლოდან "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარეს წარედგინა ულტიმატუმი დაპატიმრების მუქარითა და მოთხოვნით, უარყოს განცხადებები, დაკავშირებული სააკაშვილ-ივანიშვილის მიერ კონტროლირებად ჰოლდინგ "კვირის პალიტრასთან", რომელიც სხვადასხვა დროს ფინანსდებოდა და მხარს უჭერდა ეს დუეტი. მცდარი სიტყვის უკან წაღება ზნეობრიობის გამოხატულებაა, მაგრამ შალვა ნათელაშვილი არ აპირებს საკუთარი განცხადების უარყოფას, რადგან მან აღნიშნულ სულგაყიდულ ჰოლდინგზე თქვა სრული სიმართლე, ხოლო სიმართლისთვის ბოდიშს არ იხდიან. რაც შეეხება იმას, რომ "კვირის პალიტრა" ფინანსდებოდა "ქართუ ბანკისგან", ეს არის "ქართუ ბანკისგან" გამოქვეყნებულ ცნობილ სიაში, იქ მოხსენიებულია "კვირის პალიტრა", - ბატონმა შატბერაშვილმა ასევე წარადგინა ფოტოალბომი, იმის დასტურად, რომ შენობაში, სადაც ახლა მედიაჰოლდინგია, თავად სწავლობდა და ის თავის დროზე სკოლა იყო. შატბერაშვილის თქმით, სააღსრულებო უწყებაში არის მუქარა, რომ "ბოდიშის მოუხდელობის შემთხვევაში ნათელაშვილის წინააღმდეგ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე".

"პალიტრამედია" შალვა ნათელაშვილისაგან ცრუბრალდებებს მიჩვეულია, მაგრამ სამწუხაროა, რომ იგივე სენი მისი პარტიის სხვა წევრსაც შეჰყრია.

ტყუილი #1

ბატონი სოსო შატბერაშვილი ცრუობს, როცა ამბობს, "კვირის პალიტრა" ნათელაშვილს ბოდიშის მოხდას სთხოვსო. ნათელაშვილისთვის ბოდიშის მოხდა არავის მოუთხოვია, მით უმეტეს, რომ ამას ქართული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს - "პალიტრამედიამ" შალვა ნათელაშვილს მხოლოდ გავრცელებული ყალბი ცნობების საჯაროდ უარყოფა მოსთხოვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.

ტყუილი #2

ბატონმა შატბერაშვილმა საზოგადოებას 102-Eე სკოლის ფოტო წარუდგინა და განაცხადა, რომ ეს სწორედ ის შენობაა, რომელიც  "კვირის პალიტრამ" თურმე ბავშვებს წაართვა. საბედნიეროდ, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, - 102-ე სკოლის შენობაშიI ახლაც სკოლაა და იქ ბავშვები სწავლობენ, თუმცა მას ახლა 161-ე სკოლა ჰქვია. ისე, ღიმილის მომგვრელია, რომ "საკუთარ სკოლის ალბომსა" და "საკუთარ კლასელებში" რატომღაც სოსო შატბერაშვილიც ვერ აღმოვაჩინეთ.

ტყუილი #3

"კვირის პალიტრა" რომ "ქართუ ბანკიდან"  ფინანსდებოდა, ისეთივე სიცრუეა, როგორიც დანარჩენი ორი. კონტროლის პალატის მიერ გამოქვეყნებულ ე.წ. "ქართუ" ბანკის სიაში საუბარია პოლიტიკური რეკლამის ღირებულებაზე, რამდენიმე ათას ლარზე, რომელიც რადიო "პალიტრამ" მიიღო "ქართული ოცნებისაგან", მას შემდეგ, რაც ივანიშვილი პოლიტიკაში ჩაერთო. პოლიტიკურ რეკლამაში კი, იმავე 2012 წელს თავად ლეიბორისტულ პარტიასაც კი აქვს რადიო "პალიტრაში" ფული გადახდილი. გამოდის, მედიაჰოლდინგი შალვა ნათელაშვილსაც ნაყიდი ჰყოლია(!).

რაც შეეხება შალვა ნათელაშვილის დაპატიმრებას: კანონით, აღმასრულებლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა  პასუხისმგებლობას ითვალისწინებს და ასეთ შემთხვევაში საქმე პროკურატურას გადაეცემა, თუმცა ეს შალვა ნათელაშვილის მაინცდამაინც დაპატიმრებას არ გულისხმობს. ამ მუხლში სხვა ჩვენთვის უფრო მისაღები ალტერნატივაც მოიძებნება, მაგალითად, საზოგადოებისთვის სასარგებლო გამასწორებელი სამუშაოები (ისე, სარდაფის კედლები კი გვაქვს შესაღები:))))...

P.S. რადგან სასამართლომ დაადასტურა, რომ შალვა ნათელაშვილი ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელია, "პალიტრა" უფლებას იტოვებს იგი "ცრუშალიკოს" სახელით მომავალშიც ოფიციალურად მოიხსენიოს! :)))

ციტატა სააღსრულებო ბიუროს წერილიდან: "მოპასუხე შალვა ნათელაშვილს დაევალოს შემდეგი შინაარსის განცხადების გაკეთება გაზეთ "კვირის ქრონიკაში" - უარვყოფ ჩემს მიერ 2011 წლის 12 დეკემბერის გაზეთ "კვირის ქრონიკის" ფურცლებზე დაბეჭდილ ჩემს გამონათქვამებს და ვაცხადებ, რომ ჩემი სიტყვები:

1. "კვირის პალიტრა" საბურთალოს ქუჩაზე არსებულ სკოლაში, სადაც ბავშვები სწავლობენ, შევარდა და დაითრია.

2. "კვირის პალიტრაზე" ბანკი "ქართუდან" მილიონებია გადარიცხული.

3. "ქართუ" ბანკიდან 10 წლის განმავლობაში ამ ჰოლდინგის ანგარიშზე არის მილიონები გადარიცხული და ამის დოკუმენტები არსებობს - არის სიცრუე და არ შეესაბამება სინამდვილეს".