სახალხო დამცველის შოკის მომგვრელი ანგარიში - კვირის პალიტრა

სახალხო დამცველის შოკის მომგვრელი ანგარიში

"ციხის სამკურნალო დაწესებულებაში პატიმრები მორგში ჩაჰყავთ და იქ სცემენ"

ციხის ჯალათები და სიცოცხლის უფლებაწართმეული პატიმრები!..

ქართული ციხე - სიკვდილის ქარხანა

ძვირფასო მკითხველო, სააღდგომო ნომერში არ გვინდოდა თქვენი დამძიმება, მაგრამ სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ სამწუხარო რეალობას გვერდი ვერ ავუარეთ. გთავაზობთ სახალხო დამცველის ანგარიშს.

2011 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველმა ანგარიში გამოაქვეყნა. რეგულარული მონიტორინგის, შესწავლილი საქმეებისა და განცხადებების ანალიზი ცხადყოფს, რომ სასჯელაღსრულების სისტემასა და სასამართლო ხელისუფლებაში ძველებურად სავალალო მდგომარეობაა. ანგარიშში დიდი ადგილი ეთმობა პენიტენციარულ სისტემას, ამიტომ ჩვენც ამ საკითხზე შევაჩერებთ მკითხველის ყურადღებას, რადგან ანგარიშში მოხმობილი ფაქტები ნამდვილად შემზარავი და შოკის მომგვრელია.

გიორგი ტუღუში, სახალხო დამცველი: - პენიტენციარულ სისტემაში ძალზე რთული ვითარებაა. არის დაწესებულებები, სადაც მდგომარეობა კრიტიკულია. ეს არის გლდანის Nმე-8 დაწესებულება, მსჯავრდადებულთა და ბრალდებულთა მე-18 სამკურნალო დაწესებულება, ქუთაისის Nმე-2 დაწესებულება, ზუგდიდის Nმე-4 დაწესებულება.

ამ დაწესებულებათა ხელმძღვანელი პირების პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნით არაერთხელ მივმართე შესაბამის სტრუქტურებს...

პატიმრებს აიძულებენ, უარი თქვან ოფიციალური საჩივრის გაგზავნაზე როგორც სახალხო დამცველთან, ასევე სხვა სტრუქტურებში. ამას ერთვის საგამოძიებო ორგანოების პასიურობა. პატიმრები ახსნა-განმარტებას აძლევენ სახალხო დამცველს, დეტალურად აღწერენ ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებს, მაგრამ კონფიდენციალობას ითხოვენ, ამიტომაც ხშირად ვერ ვახერხებთ ამ ფაქტების გახმაურებას. პრობლემა ის არის, რომ პატიმარი ჩივილის შემდეგაც იმავე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რჩება, ამიტომ ანგარიშსწორების შიშით ხშირად უარს ამბობს თავის განაცხადზე...

ხშირად არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი კარანტინში განთავსებული პატიმრები იყვნენ. მათი განმარტებით, დაწესებულების შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში, კარცერში გადაყვანის ნაცვლად,  როგორც კანონი ითვალისწინებდა, პატიმართა უმეტესობა ჯერ დაწესებულების ე. წ. ბოქსში გადაჰყავთ. ეს არის დაახლოებით 2-3 კვმ საკანი, სადაც არაფერი დგას და სადაც დასჯილ პატიმრებს  ფეხშიშველებს, საცვლების ამარა, 3-დან 24 საათამდე ამყოფებდნენ.

ზოგიერთ მსჯავრდადებულს ბოქსში ჩაყვანისას სცემდნენ, ადმინისტრაციის თანამშრომლები კი იატაკზე წყალს ასხამდნენ, რომ პატიმრებს წამოწოლის საშუალება არ ჰქონოდათ(!). პატიმრები თავს იკავებენ ყოველდღიური გასეირნებისგან, რადგან ყოველი მოძრაობა შეიძლება დაწესებულების თანამშრომლებთან კონფლიქტის მიზეზი გახდეს. თუ სეირნობისას ერთი პატიმარი მაინც დაარღვევს შინაგანაწესს (მაგალითად, მიესალმება სხვა პატიმარს), მთელი საკანი ისჯება.

ქუთაისის მე-2 დაწესებულებაში სახალხო დამცველის მონიტორებს დაახლოებით 600-მა პატიმარმა დაუდასტურა ეს. ამ დაწესებულების კარანტინში მყოფი პატიმრების თქმით, კარის ყოველი გახმაურებისას აიძულებენ, თავზე ხელებდაწყობილები დადგნენ პირით ფანჯრისკენ, იმ შემთხვევაში კი, თუ რომელიმემ ვერ მოასწრო საწოლის მეორე სართულიდან დროულად ჩამოსვლა, მთელ საკანს დასჯიან. ეს კი თავზე ხელებდაწყობილი 1-2 საათით დაჩოქებას გულისხმობს.

კარანტინის საკნიდან შემოწმებაზე გასვლისას თანამშრომლები პატიმრებს მუცელში ან გვერდებში იდაყვებს ურტყამენ. როგორც პატიმრები ამბობენ, მდგომარეობა ძალზე გაუარესდა 2011 წლის ივლისიდან, რაც დაწესებულებაში დირექტორი შეიცვალა. პატიმრები არასათანადო მოპყრობის ფაქტების მონაწილედ ხშირად ასახელებდნენ დაწესებულების დირექტორ დიმიტრი ჯიჭონაიას, ძალზე "აქტიური" ყოფილა დაწესებულების სოციალური სამსახურის უფროსი ირაკლი ჯიშკარიანიც, რომლის სისასტიკეზე გასულ წლებში ზუგდიდის Nმე-4 დაწესებულების პატიმრებიც ლაპარაკობდნენ.

დასავლეთ საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებების,  მათ შორის, ქუთაისის Nმე-2 დაწესებულებაში არსებული ვითარების გამოსასწორებლად სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს წერილობით მივმართე, ვთხოვდი, სასწრაფოდ გაეტარებინა საჭირო ღონისძიებანი. ნაცვლად ამისა, 2011 წლის 9 სექტემბერს, Nქუთაისის მე-2 დაწესებულებაში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების რაზმი შეიყვანეს, პატიმრების ნაწილი გამოიყვანეს საკნებიდან, სცემეს, ზოგიერთი საკანში, ზოგიც კარცერში გადაიყვანეს. განსაკუთრებით აქტიურობდნენ დაწესებულების დირექტორი დიმიტრი ჯიჭონაია, არჩილ ტაბატაძე, მიშა გიგაური, რომან რობაქიძე და ვინმე მამუკა. პატიმრები ჩაჰყავდათ ბოქსებში, სადაც დაახლოებით 4-5 საათი აჩერებდნენ, სცემდნენ და დაჩოქებას აიძულებდნენ, შემდეგ კი ადმინისტრაციულ პატიმრობასაც უფარდებდნენ. ამ 26 მსჯავრდადებულის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დავინტერესდით. გაირკვა, რომ ოცდაექვსივე მსჯავრდადებულს ჩაუდენია ერთი და იმავე სახის გადაცდომა(?!). გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ მსჯავრდადებული დავით ხ. უკანონო გადაძახილით ცდილობდა მიეწოდებინა აკრძალული ინფორმაცია სხვა საკნებში მყოფი მსჯავრდადებულებისათვის, რის გამოც მას შენიშვნა მისცა მორიგე თანამშრომელმა. მსჯავრდადებულს კი ლანძღვა-გინება დაუწყია, აუყოლიებია სხვა პატიმრებიც და ხმაური ატეხილა. დანარჩენ 25 პატიმარზეც სასამართლოს გადაწყვეტილებაში სიტყვასიტყვით იგივეა გამეორებული. განსხვავებაა მხოლოდ ის, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ლანძღვა-გინების“ნაცვლად წერია, რომ მსჯავრდადებულმა "გამოხატა აგრესია".

პირადად მე ზუგდიდის Nმე-4 დაწესებულების ლიკვიდაციის რეკომენდაცია გავეცი. მართალია, იქაური პატიმრები არაფერს ამბობენ არასათანადო მოპყრობაზე, მაგრამ რაღაც არანორმალური დაძაბულობა საკნის კარის გაღებიდანვე იგრძნობოდა. ყველა პატიმარი ზურგზე ხელებდაწყობილი სასწრაფოდ დგებოდა ფანჯარასთან და ასეთივე მდგომარეობაში მონიტორინგის ჯგუფის შეკითხვებს  ერთხმად პასუხობდა, რომ დაწესებულებაში ყველაფერი "იდეალურად" იყო. არადა, აქ ნამყოფ პატიმრებს უამბიათ რა ხდებოდა სინამდვილეში ამ დაწესებულებაში.

- რა ხდებოდა  ასეთი?

- 2011 წლის 31 ოქტომბერს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა ქუთაისის მე-N2 დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმრის, მურმან კალანდიას დამ. მისი თქმით, პატიმარს სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები ჰქონია. 2011 წლის 16 ნოემბერს სახალხო დამცველის რწმუნებულები გაესაუბრნენ მსჯავრდადებულებს, რომლებიც კალანდიასთან ერთად ზუგდიდის მე-N4 დაწესებულებიდან გადაიყვანეს. ორი დღე ყოფილან ზუგდიდის Nმე-4 დაწესებულების სამედიცინო ნაწილში მურმან კალანდიასთან ერთად, მერე კი ქუთაისის Nმე-2 დაწესებულებაში გადაიყვანეს. ეტაპირებისას კალანდია ცუდად ყოფილა, მგზავრობისას სკამიდან ჩამოვარდნილა, ცხვირი დაურტყამს და სისხლი წასკდომია. ქუთაისის მე-N2 დაწესებულებაში შეყვანის შემდგომ კალანდიას მდგომარეობა გაუარესებულა, მაგრამ ექიმს მხოლოდ ვალიდოლი მიუცია.

როცა თანასაკნელმა ექიმს აცნობა, რომ კალანდია უგონოდ იყო და სასწრაფო დახმარება ესაჭიროებოდა, ექიმს ასეთი "რჩევა" მიუცია, გაულაწუნე და გამოფხიზლდება, ტუბმა ასე იცისო. მამუკა კალანდია ცოტა ხანში გარდაიცვალა...

ეს ამბავი ერთ-ერთია იმ მრავალთაგან, რომლებიც ცხადყოფენ ზუგდიდის Nმე-4 და ქუთაისის მე-N2 დაწესებულებების სამედიცინო პერსონალისა და  ადმინისტრაციის დანაშაულებრივ გულგრილობას.

- ეს საქმე სამართალდამცავი ორგანოების ყურადღების საგანი არ გამხდარა?

- მივმართე საქართველოს მთავარ პროკურორს გამოძიების დაწყების წინადადებით, ვითხოვდი განხილულიყო ამ დაწესებულებების თანამშრომელთა პასუხისმგებლობის საკითხი და ასეთი პასუხი მივიღე, "ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მსჯავრდადებულ მურმან კალანდიას სიკვდილის უშუალო გამომწვევი მიზეზი არის ტუბერკულოზური ინტოქსიკაცია, განვითარებული ფილტვების ორმხრივი ტუბერკულოზის შედეგად და მისი გარდაცვალება დაკავშირებული არ არის სხვა პირის ბრალეულ ან არამართლზომიერ ქმედებასთანო"(!).

მძიმე მდგომარეობაა გლდანის მე-N8 დაწესებულებაშიც. ჯერ კიდევ ზაფხულის მონიტორინგისას გაირკვა, რომ დღისით პატიმრებს არ ჰქონდათ ძილის უფლება, ეკრძალებოდათ ორსართულიანი საწოლის მეორე სართულზე წამოწოლაც კი. მიუხედავად აუტანელი სიცხისა, არ ჰქონდათ უფლება, საკანში გაეხადათ მაისური, მოესმინათ რადიოსთვის და ეთამაშათ ნარდი ისე, რომ კამათელი ხის დაფაზე გაეგორებინათ. ადმინისტრაციის აზრით, ეს "ზედმეტ ხმაურს" იწვევდა. ეს კი დასჯის მიზეზი ხდებოდა. გლდანის დაწესებულებაში, რომელიც 3500 კაცზე მეტს იტევს, საოცარი სიჩუმე იდგა.  2010 წელს სწორედ ამან მიიპყრო წამების საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის ყურადღება. გლდანის მე-N8 საპყრობილეში კომიტეტს პრაქტიკულად არ მიუღია განცხადებები არასათანადო მოპყრობის შესახებ. თუმცა, მოგვიანებით, სხვა დაწესებულებებში განთავსებულმა რამდენიმე პატიმარმა უამბო დელეგაციის წევრებს, რომ მათ გლდანის საპყრობილეში ყოფნისას სცემდნენ კეტით, მუშტით, წიხლით (ყველაზე ხშირად ასახელებდნენ ვინმე "ანგოს", "ხონსკის" და ბექა მჟავანაძეს.

იხსენიებდნენ ქერა, ცისფერთვალება თანამშრომელს, ვინმე ოლეგსაც). სასჯელი მოჰყვებოდა ისეთ "დარღვევებს", როგორიცაა საკნის კარზე დაკაკუნება, ხმამაღალი ლაპარაკი ან სხვა საკნებში განთავსებულ პატიმრებთან გამოლაპარაკება.

გლდანის Nმე-8 დაწესებულებაში პატიმრები ხმის ამოუღებლად უნდა დაემორჩილონ ადმინისტრაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასტიკად დასჯიან: როდესაც დაწესებულების თანამშრომელი შეიხედავს კარის სათვალთვალოში, პატიმრებმა უნდა შეწყვიტონ ყოველგვარი საქმიანობა და დადგნენ სახით კარისკენ. თუ კარი გაიღო, უნდა დადგნენ მწკრივში, პირით კედლისკენ. შემოწმების წინ ზედმიწევნით უნდა დაალაგონ საკანი, არც ერთი ნივთი ან ტანსაცმელი არ უნდა იდოს არც ტუმბოზე და არც საწოლზე. ჩამწკრივებულებიდან პირველს ხელში ნაგვის პარკი უნდა ჰქონდეს. რადიოს უსმენენ მაქსიმალურად დაბალ ხმაზე, ერიდებიან ხმამაღლა ლაპარაკს ან სიცილს. ამის დასტური იყო 500-ზე მეტი ჩანაწერი კარცერის ჟურნალში, რომელშიც გადაცდომად ყველგან მითითებულია "ხმაური საკანში". ვიმეორებ, გლდანის დაწესებულება ერთ-ერთია, სადაც პატიმრის ხმას ვერავინ გაიგონებს.

პატიმრებს ნებადართული აქვთ ტანსაცმლის გარეცხვა საკანში, მაგრამ არა გაშრობა, რის გამოც ტანსაცმელს ღამით აშრობენ, ხოლო დღისით ნახევრად სველს ტუმბოებში მალავენ. აკრძალული აქვთ კარზე დაკაკუნება. არადა, მორიგის გამოსაძახებელი ზარი არც ახლა მუშაობს და არც არასოდეს უმუშავია, რის გამოც გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში, თუნდაც ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესი გაუარესების გამო, პატიმრები იძულებული არიან, კართან ჩაუსაფრდნენ კონტროლიორს და ჩავლისას ხმადაბლა უხმონ.

გლდანის დაწესებულებაში მოქმედებს "მორიგეობის" სისტემა, რაც გულისხმობს ერთი პატიმრის პასუხისმგებლობას სხვის მიერ ჩადენილ ნებისმიერ გადაცდომაზე. 22 სთ-ზე, შუქის ჩაქრობის შემდეგ, აკრძალულია ფეხზე დარჩენა და ნებისმიერი გადალაპარაკება. ლაპარაკი ზედმეტია წიგნის წაკითხვაზე...

მე-18 სამკურნალო დაწესებულებას ხშირად პატიმრები საკუთარი განცხადებით ტოვებენ. პატიმრების განმარტებით, ადმინისტრაციის ცუდ დამოკიდებულებას პატიმართა ევროპის სასამართლოში საჩივრებიც იწვევს. მათ ,,სამშობლოს მოღალატესა" და ,,ინტრიგანს" უწოდებენ. არის შემთხვევები, როცა პატიმრები მორგში ჩაჰყავთ და იქ სცემენ.

სადამსჯელო ოპერაციებში ხშირად მონაწილეობდნენ დაწესებულების თანამშრომლები გიორგი ავსაჯანიშვილი და ალექსანდრე თოლორდავა. პატიმრების ცემაში თავად დაწესებულების დირექტორი, ვაჟა ცხვედიანიც ხშირად ფიგურირებს.

- ბოლო 10 წლის მონაცემების მიხედვით 2010 წელს საქართველოს საპატიმროებში პატიმრების სიკვდილის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, წელს რა მდგომარეობაა?

- არაფერი შეცვლილა. 2010 წელს ციხეებში 142 პატიმარი გარდაიცვალა, 2011 წელს კი 140. ბოლო ორი წელია, ციხეში პატიმრების გარდაცვალების ფაქტებმა იმატა. 2010 წელს თითქმის 60%-მდე გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით. რაც შეეხება 2011 წელს, ეს საგანგაშო მაჩვენებელი პრაქტიკულად შენარჩუნებულია. გარდაცვლილ პატიმართა დიდ ნაწილს დადგენილი ჰქონდა მძიმე და განუკურნებელი დაავადების დიაგნოზი. მიუხედავად ამისა, ამ პატიმართა მიმართ სასჯელის გადავადების ან ვადამდე ადრე გათავისუფლების საკითხი არ დასმულა. რა საჭიროა იმ პირთა ციხეში ყოფნა, რომლებიც უკურნებელი სენით არიან დაავადებულნი და სიცოცხლის დღეები დათვლილი აქვთ.

ასეთი არაჰუმანური მოპყრობისთვის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს როგორც სამედიცინო, ისე არასამედიცინო პერსონალს (2011 წელს ერთი პატიმარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში გარდაიცვალა). ის, რომ ადამიანი ციხეში სასჯელს იხდის, არ ნიშნავს, რომ არა აქვს მკურნალობის, სათანადო მოპყრობისა და სიცოცხლის უფლება.

P.S. სახალხო დამცველის ინტერვიუში მოყვანილი ფაქტები ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც მის ანგარიშშია აღნუსხული. ყოველ ნორმალურ სახელმწიფოში პარლამენტს ასეთი ანგარიში ღრმად დააფიქრებდა. ჩვენმა პარლამენტმა კი ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და შოკის მომგვრელი რეალობა მხოლოდ "ცნობად მიიღო".

"უსამართლობას ორი გზა შობს - ძალადობა და სიცრუე"

ციცერონი