რა ელით მსუქან პოლიციელებს?! - კვირის პალიტრა

რა ელით მსუქან პოლიციელებს?!

ვინ როგორ "იგდებს" ზედმეტ კილოგრამებს სახელისუფლო სტრუქტურებში

როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობის წევრები, პარლამენტარები და პოლიციელები ზედმეტი კილოგრამების "დაგდებაზე" დიდად ზრუნავენ, მაგრამ გამოსდით თუ არა, ცალკე საკითხია. გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა პირველივე საპრეზიდენტო ინაუგურაციიდან ძალიან მალე სარბენი ბილიკი იყიდა, რადგან დიეტის დაცვა არ ურჩიეს (რაც გასაკვირი არ არის, რადგან მოშიებული პრეზიდენტი, ცოტა არ იყოს, საშიშია). კულუარებში ისიც ითქვა, სააკაშვილი მთავრობის წევრებს დაემუქრა, თქვენგან გასუქებული არავინ დავინახო, თორემ თანამდებობებს დაგატოვებინებთო.

იქნებ დამთხვევაა, მაგრამ ნიკოლოზ გილაურმა პრემიერ-მინისტრად დანიშვნისთანავე (2009 წლის 6 თებერვლიდან არის ამ თანამდებობაზე) გასახდომ ღონისძიებებს მიმართა. როგორც შევიტყვეთ, 2009 წელს მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადაურიცხეს საჭირო თანხა იტალიის გამაჯანსაღებელ ცენტრ "პალას მერანოში", რათა წონაში დაეკლო. "პალას მერანოს" არაერთხელ მივმართეთ შეკითხვით, რა ღირდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მომსახურება სრული კომფორტის თანხლებით, მაგრამ დეტალების გამხელა არ ისურვეს. ამ შემთხვევაში გამაჯანსაღებელი ცენტრის სპეციალისტებმა მიხეილ სააკაშვილის მასაჟისტის, სკანდალების მოყვარული დოქტორ დოტის მსგავსად საკუთარი თავის გაპიარება და ქულების დაწერა არ სცადეს.

რაც შეეხება ყველაზე "გაღლეტილ" მინისტრ ვანო მერაბიშვილს, ამბობენ, რომ მას  საკუთარი წონა იმდენად არ აწუხებს, როგორც თანამშრომლებისა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მერაბიშვილს უბრძანებია, ღიპიანი და ასაკოვანი პოლიციელები რევოლუციამდელ პერიოდს ჩაჰბარდაო. მოკლედ, ახალი სტანდარტებით პოლიციელები მაინცდამაინც 90-60-90-იან პარამეტრებს თუ ვერ დააკმაყოფილებენ, სპორტული ნორმატივებითა და  ფიზიკური მომზადებით "მოწოდების სიმაღლეზე" უნდა იყვნენ. დავინტერესდით, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ პოლიციელები და რა ელით იმ შემთხვევაში, თუკი ერთ მშვენიერ დღეს წონა "გაექცევათ"? ამის გასარკვევად შსს-ს ადმინისტრაციის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ზურაბ გვენეტაძეს დავუკავშირდით.

- პოლიციის აკადემიის კურსდამთავრებულს სამსახურში იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ ის დააკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას, მათ შორის სპორტულ ნორმატივებს.

- მუშაობის პერიოდში თუ მოიმატებს წონას?

- პოლიციელები სისტემატურად აბარებენ გამოცდას (რაც ასმეტრიანი ზოლის დადგენილ ვადაში გარბენას გულისხმობს. ავტ.) და ამით ირკვევა, შეუძლიათ თუ არა სპორტული ნორმატივების დაკმაყოფილება.

- თუკი პოლიციელს სიმსუქნე ხელს შეუშლის, ამის გამო დაისჯება?

- დასჯაში რას გულისხმობთ?

- ფინანსურ ჯარიმას ან სხვა სახის შეზღუდვას?

- არა მსგავსი შეზღუდვა საქართველოში არ მოქმედებს.

მიუხედავად ზურაბ გევენეტაძის განცხადებისა, "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელ ლევან იზორიას, რომელიც ვანო მერაბიშვილის მინისტრობის პერიოდში პოლიციის აკადემიის ხელმძღვანელი იყო, ეჭვი ეპარება, რომ სპორტული ნორმატივების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პოლიციელი თანამდებობაზე დატოვონ.

"ცხადია, შსს-ში პოლიციელზე სიმაღლის მიხედვით ვერ იმსჯელებენ და ვერ განსაზღვრავენ, ნორმაზე მეტს იწონის თუ არა. ეს მართლაც სასაცილოა. პოლიციელის სიმაღლის მიხედვით სხვებისგან გამორჩევა ადამიანის კონსტიტუციური უფლების დარღვევა იქნება. როცა პოლიციის აკადემიას ვხელმძღვანელობდი, შემუშავებული მქონდა კონცეფცია, რომლის თანახმადაც პოლიციელს 2-3 წელიწადში ერთხელ სჭირდებოდა გადამზადება. თუკი დადგენლ ვადაში ვერ გაირბენდა ასმეტრიან ზოლს, ე. ი. არ იყო სათანადოდ ფიზიკურად მომზადებული. ხშირად სწორედ ჭარბი წონა ხდებოდა სპორტული ნორმატივების დაუკმაყოფილებლობის მიზეზი. თუმცა, ვფიქრობ, სპორტული ნორმატივების დაკმაყოფილებას მოქნილობა უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე სიმსუბუქე.

თუკი პოლიციელი სათანადოდ არ იქნება ფიზიკურად მომზადებული, სავსებით შესაძლებელია ეს მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზიც გახდეს. ასე იყო ადრეც და არა მგონია, რამე შეცვლილიყო. რაც შეეხება ფინანსურ ჯარიმებს, ასეთი წესი არც ადრე მოქმედებდა და, ალბათ, არც ახლა უნდა მოქმედებდეს".

ჯერჯერობით უცნობია სტატისტიკა, საქართველოში რამდენი ჭარბწონიანი პოლიციელი გვყავს, მაშინ როცა სხვა ქვეყნებში ასეთ საკითხებს გულდასმით სწავლობენ.  თუმცა, ჩვენისთანა "რეფორმატორ ქვეყანას" მსგავსი სტატისტიკა, ალბათ, არც სჭირდება, რადგან პოლიციელები მუდმივად ფიზიკურ მზადყოფნაში არიან. ის კი, რაც პრეზიდენტს არ მოსწონს, არც პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის სხვა წევრებისთვის არის მისაღები.

დიდ ბრიტანეთში ჭარბწონიანი პოლიციელები დაისჯებიან

დაახლოებით ერთი თვის წინ დიდ ბრიტანეთში სპეციალურმა კომისიამ შინაგან საქმეთა მინისტრის მითითებით მოამზადა რეკომენდაცია მთავრობისთვის, რომლის მიხედვითაც ჭარბწონიანი პოლიციელები დაისჯებიან. მათ რეგულარულად უნდა გაიარონ ტესტირება ფიზიკურ მომზადებაში, ხოლო თუ პოლიციის თანამშრომელი რამდენიმე ცდის შემდეგ ტესტს ვერ გაივლის, ხელფასს შეუმცირებენ ან სამსახურიდან დაითხოვენ. ჭარბწონიან პოლიციელებს ხელფასის 7% დაექვითებათ, რაც ზოგიერთისთვის წელწადში 3 ათას გირვანქა სტერლინგს შეადგენს (სხვათა შორის, ისიც ითქვა, რომ ეს ინიციატივა დიდი ბრიტანეთის შსს-ს მიერ თანხების დაზოგვის სურვილსაც უკავშირდება). მეორე მხრივ, რეკომენდაციის მომზადება საგანგაშო სტატისტიკური მონაცემების გაანალიზებას უკავშირდება. ინგლისელი პოლიციელების (მხოლოდ მამრობითი სქესის) 64%-ს ზედმეტი წონა აქვს. აქედან 44%-ს უბრალოდ ჭარბი წონა აღენიშნება, დანარჩენებს კი სიმსუქნე. მდედრობითი სქესის პოლიციელებს შორის ზედმეტი წონა მხოლოდ 32%-ს აქვს, მათგან 16%-ს - ჭარბი წონა, ხოლო 2%-ის სიმსუქნე ჯანმრთელობისთვის საშიშია. რაღა შორს წავიდეთ, გავრცელებული ინფორმაციით, ჩვენს მეზობელ სომხეთში პოლიციის უფროსის ალიკ სარქისიანის ინიციატივით მსუქან პოლიციელებს ქუჩაში მუშაობა ეკრძალებათ. მათ მხოლოდ კაბინეტებში შეუძლიათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება.

(სპეციალურად საიტისთვის)