ახალი "საკანონმდებლო შედევრი" - ალტერნატიული ექსპერტიზის დასამარება - კვირის პალიტრა

ახალი "საკანონმდებლო შედევრი" - ალტერნატიული ექსპერტიზის დასამარება

"ამ დადგენილებით საზოგადოებას მტკიცებულებების მოპოვებისა და სასამართლოში წარდგენის საშუალება მოუსპეს"

მთავრობის მორიგი "საკანონმდებლო შედევრით", კერძოდ, პრემიერ-მინისტრის დადგენილებით, საქართველოს მოსახლეობას სასამართლოში დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის შესაძლებლობაც მოესპო(!).

ალექსანდრე გეჯაძე, დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო საექსპერტო ბიურო "ვექტორის" ხელმძღვანელი: - საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ერთადერთი ცენტრი "ვექტორი" მუშაობს, რომელიც სხვადასხვა პროფილის ექსპერტიზას ატარებს, მათ შორის სასამართლო-სამედიცინოს. როგორც კი ჩვენი დაწესებულება გაიხსნა, ჯანდაცვის სამინისტროდან სპეციალური ლიცენზია ავიღეთ. განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა იყო სამედიცინო ექსპერტიზებზე, რომელიც ეხებოდა პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევას. ვადგენდით, იყო თუU არა მსჯავრდადებული მძიმე ავადმყოფი, სჭირდებოდა თუ არა სპეციალიზებულ საავადმყოფოში გადაყვანა, რაც მთავარია, ვიძლეოდით პროგნოზს, თუ პატიმარს არ ჩაუტარდებოდა მკურნალობა, რა გართულებებით და  შედეგით შეიძლებოდა დაესრულებინა სიცოცხლე. ბიურომ მუშაობა 2005 წელს დაიწყო. იმჟამინდელი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, სახელმწიფო საექსპერტო და დამოუკიდებელი საექსპერტო დასკვნის არსებობის შემთხვევაში, რომელიც დაადასტურებდა პატიმრის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას, შესაძლებელი იყო განაჩენის გადავადება. თავიდან ჩვენი დასკვნების საფუძველზე სასამართლოს გამოჰქონდა გადაწყვეტილებები სასჯელის გადავადებაზე, მაგრამ 2008 წლიდან მოსამართლეები აღარ იზიარებდნენ დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნებს და ითხოვდნენ მხოლოდ სახელმწიფო საექსპერტო დასკვნებს.

- კანონში არსად წერია, რომ სახელმწიფო  ექსპერტიზის დასკვნას უპირატესი ძალა აქვს.

- დიახ, ასეა, მაგრამ რატომ ითვალისწინებდა სასამართლო მაინცდამაინც სახელმწიფო ექსპერტიზის დასკვნას, არავის აუხსნია. სხვათა შორის, გვანცა ყუფარაძის საქმეზეც არ გაიზიარა სასამართლომ ჩვენი  დასკვნა. მას შემდეგ, რაც ქართულ სასამართლოში სამართლის პოვნა გაჭირდა, ადვოკატთა კორპუსი იძულებული გახდა მიემართა სტრასბურგის სასამართლოსთვის.

ყველაზე მეტი საჩივარი სტრასბურგში პატიმრის სიცოცხლის გადასარჩენად იგზავნებოდა. სტრასბურგიდან საქართველოს  მოსდიოდა კატეგორიული მითითებები ამა თუ იმ პატიმრის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანისა თუ სასჯელის გადავადების მოთხოვნით. დამოუკიდებელი საექსპერტო დასკვნების უგულებელყოფამ და ჩვენი რეკომენდაციების შეუსრულებლობამ გამოიწვია ის, რომ საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში რამდენიმე საქმე წააგო. ბუნებრივია, ამით უხერხულობა ექმნებოდა ჩვენს დემოკრატიის შუქურად წოდებულ სახელმწიფოს და მოიფიქრეს მზაკვრული სქემა, - გზიდან ჩამოიშორეს ერთადერთი დამოუკიდებელი საექსპერტო ბიურო!

2011 წლის დეკემბერში პრემიერ-მინისტრმა გამოსცა დადგენილება, რომლის თანახმადაც 2011 წლის 1-ლი იანვრიდან ძალაში შევიდა ახალი სალიცენზიო მოთხოვნები - ექსპერტიზის უფლება გერთმევა, თუ საკუთრებაში არა გაქვს ის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და რესურსები, რაც გვამების გამოკვლევისთვის არის საჭირო. კერძოდ, დამოუკიდებელ საექსპერტო ბიუროს უნდა ჰქონდეს შენობა იზოლირებული ჰისტომორფოლოგიური და ქიმიური განყოფილებებით, გვამების შესანახი სამაცივრე ოთახები, სასექციო დარბაზითა და სხვ. ჯერ ერთი, ამ პირობების დაკმაყოფილებას დამოუკიდებელი საექსპერტო ბიურო ვერ მოახერხებს, რადგან ეს დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული და რომც მოახერხოს, ამ ინფრასტრუქტურის შექმნას დამოუკიდებელი საექსპერტო ბიუროსთვის აზრიც არა აქვს - კერძო საექსპერტო დაწესებულებაში გვამების გამოკვლევა იშვიათია.

შემთხვევის ადგილიდან გვამი სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მორგში მიაქვთ და გამომძიებლის დადგენილებით ის უნდა გამოიკვლიოს სამხარაულის სახელობის ეროვნულმა საექსპერტო ბიურომ. ჩვენი ჩართვა საქმეში მხოლოდ მაშინ ხდება საჭირო, როცა ჭირისუფალს ეჭვი ეპარება სიკვდილის ოფიციალურად დადგენილ მიზეზში. ასეთ შემთხვევაში ჩვენ უკვე ექსჰუმაციას ვუკეთებთ გვამს და ხელმეორედ გამოკვლევასა და დათვალიერებაში სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულებასთან ერთად ჩვენი დამოუკიდებელი ექსპერტებიც მონაწილეობენ. ახალი დადგენილება გვიყენებს აუცილებელ პირობას, რომ თუ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევის უფლება გვინდა მივიღოთ, ამისთვის აუცილებლად საკუთარი მორგი უნდა გვქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში დასკვნის გაკეთება გვეკრძალება.

- დადგენილებაში არის პუნქტი, რომ შეგიძლიათ მითითებული ინფრასტრუქტურა დაიქირაოთ.

- მაგრამ საქართველოში სულ ორად ორი მორგია, ღუდუშაურის კლინიკასა და ვაჟა-ფშაველაზე, რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ამ დაწესებულებებმა რომ ფართობი მოგვაქირაონ, თავად ვეღარ დააკმაყოფილებენ სალიცენზიო პირობებს.

ვინც ეს დადგენილება შეიმუშავა, იცოდა, რომ მორგის დაქირავება შეუძლებელია. უცხოეთიდან ექსპერტების მოწვევა და ექსპერტიზის ჩატარება კი უდიდეს ხარჯთან არის დაკავშირებული.

ლია მუხაშავრია, ადვოკატი: "ეს დადგენილება დარტყმას აყენებს არა მხოლოდ დამოუკიდებელი ექსპერტიზის ბიუროს მუშაობას, არამედ მართლმსაჯულების მთავარ - შეჯიბრებითობის პრინციპსაც. თუ ადვოკატს არ მიეცა ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარების საშუალება, მტკიცებულებასაც ვერ წარადგენს სასამართლოში. აშკარა მტკიცებულებებს არ ითვალისწინებენ და წარმოიდგინეთ, მათ გარეშე რას იზამენ. ამ დადგენილებით საზოგადოებას მტკიცებულებების მოპოვებისა და წარდგენის საშუალებაც მოუსპეს".

თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

გთხოვთ კომენტარი დატოვოთ საიტზე ან მოგვწეროთ რედაქციაში.