რატომ დააკავეს "ფაქოს" ძმა? - კვირის პალიტრა

რატომ დააკავეს "ფაქოს" ძმა?

"არა მაქვს მორალური უფლება ვთქვა, რომ ჩემს წინააღმდეგ რაღაც იგეგმებოდა"

ეკა ბესელია: "ბიჭები სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა დააკავეს, რაც გატაცებას უფრო ჰგავდა"

გასულ კვირას "რუსთავი 2"-ის ყოფილი თანამშრომლის, ლევან გოგორელიანის ("ფაქო") ძმა ლაშა გოგორელიანი თანმხლებ პირთან, ვახტანგ მელიქიძესთან ერთად ნარკოტიკულ შემოწმებაზე წაიყვანეს. ახალგაზრდები ვაჟა-ფშაველას გამზირის მე-5 კვარტალის მიმდებარე ტერიტორიაზე აიყვანეს, სადაც ლაშა გოგორელიანის საცხოვრებელი სახლია.

ძმები გოგორელიანები ახლახან "რუსთავი 2"-ის "კომედი შოუდან" ბერა ივანიშვილის Georgian dreams  studio-ში გადავიდნენ სამუშაოდ, სადაც, როგორც ამბობდნენ, საინტერესო პროექტები უნდა განეხორციელებინათ. რასაკვირველია, ლაშა გოგორელიანის დაკავებამ ეჭვი გააჩინა, ხომ არ არის ეს ანგარიშსწორება? ლევან გოგორელიანი თავიდანვე ამბობდა, რომ მის გადასვლას ბერა ივანიშვილის სტუდიაში პოლიტიკური სარჩული არ ჰქონია და მხოლოდ საქმე აინტერესებდა. მეტიც, ამბობს, რომ პოლიტიკური იუმორი არ აინტერესებს, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური თემების სიუხვის გამო ხუმრობა ადვილი მოსაფიქრებელია და ეს მაყურებელსაც ახალისებს. მოგვიანებით, როცა ლაშა გოგორელიანი გამოუშვეს, ლევან გოგორელიანს დავუკავშირდით:

- ლაშა უკვე შინ არის და თავს კარგად გრძნობს. ამ ამბავს პოლიტიკას არ ვუკავშირებთ, რაღაც გაუგებრობა იყო.

- ე. ი. ეთანხმებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიას?

- მაინც რას?

- იმას, რომ თქვენს ძმასთან ერთად იყო ვახტანგ მელიქიძე, რომელსაც ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდა.

- დიახ, ისინი ერთად იყვნენ და შესაძლოა ჩემი ძმა გაუგებრობაში მის გამო აღმოჩნდა.

- ამ ხნის განმავლობაში არავინ დაგმუქრებიათ?

- არა, პირიქით, ჩემმა ძმამ მითხრა, პოლიციელები კარგად მექცეოდნენ, მამშვიდებდნენ კიდეცო. არა მაქვს მორალური უფლება ვთქვა, რომ ჩვენს წინააღმდეგ რაღაც იგეგმებოდა.

- მელიქიძეც გაათავისუფლეს?

- როგორც ვიცი, არა. ყოველ შემთხვევაში, ჩემმა ძმამ ასე მითხრა, როცა აგვიყვანეს, ერთად ვიყავით, მერე დაგვაცალკევეს და ვახტანგი აღარ მინახავსო.

მიუხედავად იმისა, რომ ძმები გოგორელიანები მომხდარს მხოლოდ "გაუგებრობას" უწოდებენ, ადვოკატი ეკა ბესელია ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე ლაპარაკობს: "ჩემთვის იმდენად ნაცნობია ხელისუფლების ხელწერა და მეთოდები, გამოვრიცხავ შემთხვევითობას. ამით მესიჯს უგზავნის საზოგადოებას, ვინც ჩემს წინააღმდეგ წავა, კარგი დღე არ დაადგებაო. ვფიქრობ, ბევრი არგუმენტი მაქვს იმის დასადასტურებლად, რომ მომხდარი "გაუგებრობა" არ იყო: ჯერ ერთი, ბიჭები სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა დააკავეს, რაც სიმართლე გითხრათ, გატაცებას უფრო ჰგავდა. გავიგე ეს თუ არა, მათ დასახმარებლად ადვოკატები გავგზავნე. 5-6 საათის განმავლობაში დაეძებდნენ დაკავებულებს მოდულში, შსს-ს მთავარ სამმართველოში, რაიონულ განყოფილებაში, ბიჭების ადგილსამყოფელი უცნობი იყო. ბოლოს კი მოსამართლემ სხდომა ფარულად ჩაატარა, მაშინ, როცა ჩვენი  ადვოკატები  სასამართლოში მივიდნენ და მისაღებში დაცვის ორდერებით იდგნენ. გოგორელიანიც და მელიქიძეც გაათავისუფლეს, 500-500 ლარით დააჯარიმეს. მე მაინც ვფიქრობ, რომ რაც მოხდა, მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის დასჭირდა ხელისუფლებას.

- გოგორელიანები აღიარებენ მარიხუანას მოხმარების ფაქტს და მომხდარს პოლიტიკას არ უკავშირებენ.

-  ცხადია, ამ ბიჭებს პოლიტიკაში არაფერი ესაქმებათ, მაგრამ "რუსთავი 2"-იდან ბერა ივანიშვილის სტუდიაში გადასვლით ხელისუფლება გაღიზიანდა. მას კი სამაგიეროს გადახდა სჩვევია, რათა სხვებსაც მაგალითი უჩვენოს.