"მთავარი მიზანი პატიმრების დემორალიზება და დაბეჩავებაა" - კვირის პალიტრა

"მთავარი მიზანი პატიმრების დემორალიზება და დაბეჩავებაა"

"კალმახელიძის პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება მანამ, ვიდრე ქვეყანას ეს ხელისუფლება მართავს"

"სააკაშვილის ლაბორატორიაში საცდელი ვირთხები ვართ"

პატიმართა ყოფაზე წინა ნომერში გამოქვეყნებულ მასალას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სახალხო დამცველმა შემზარავი ანგარიში გამოაქვეყნა. პარლამენტმა მართლაც შოკის მომგვრელი ანგარიში "ცნობად მიიღო", ხოლო სასჯელაღსრულების მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი დღის წესრიგში არც დამდგარა.

ელა ნიკოლაიშვილი (უფლებადამცველი): - ნორმალურ ქვეყანაში ასეთი ანგარიში რომ სახალხო დამცველს წარედგინა პარლამენტისთვის, ანგარიშში დასახელებული პირებისგან არც ერთი არ დარჩებოდა თანამდებობაზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცემდნენ. რეაგირებას არც ველი. ის, რომ სახალხო დამცველის მოხსენებას მხოლოდ 40 დეპუტატი ესწრებოდა, ყველაფერზე მეტყველებს.

სისასტიკით ცნობილია ლათინური ამერიკის და აფრიკის ციხეები, მექსიკა, ეკვადორი, ვენესუელა, კოლუმბია, მაგრამ ქართული ციხის რეჟიმმა კოლუმბია, ეკვადორი და მექსიკა უკან ჩამოიტოვა. ჩვენში მთავარი ამოცანაა პატიმრის ღირსების შელახვა. პატიმრებს ბანაობა, სიცილი, გასეირნება, ჟურნალ-გაზეთებისა და წიგნების კითხვაც კი ეკრძალებათ. სიცილი და ხმამაღალი საუბარი კი დასჯის საბაბი ხდება. დღეს ციხეში ბევრი უდანაშაულო პირი იხდის სასჯელს. სწორედ მათი დემორალიზაცია და დაბეჩავებაა მთავარი ამოცანა. რომელ რესოციალიზაციაზე ლაპარაკობს მინისტრი კალმახელიძე? ღირსებააყრილი ადამიანი რომელ საზოგადოებას გამოადგება?

მიუხედავად ამდენი შემზარავი მაგალითისა, ციხის არც ერთი თანამშრომელი არ მიუციათ პასუხისგებაში. როცა საქმე ძალიან გახმაურდება, საქმეს უფლებამოსილების გადამეტების მუხლით აღძრავენ ხოლმე, მაგრამ ბოლომდე არ მიჰყავთ. თანამშრომლებს ასვენებენ და უკან აბრუნებენ უკეთეს თანამდებობაზე. ეს კადრები ძვირფასია ხელისუფლებისთვის, მისი მიზნებისათვის. იმ თანამშრომელს კი, რომელსაც ადამიანურ თვისებებს შეამჩნევენ, აგდებენ. წესად იქცა პატიმრების ე.წ. კორიდორში გატარება და ცემა. თუ რომელიმე თანამშრომელს შეამჩნევენ, რომ პატიმარს ხელკეტი ძლიერად არ დაარტყა, ან საყვედურს გამოუცხადებენ, ან გაათავისუფლებენ სამსახურიდან. სახალხო დამცველის მოხსენება ამომწურავია, მაგრამ ერთი შენიშვნა მაქვს: სახალხო დამცველი მოხსენებაში არ აფიქსირებს, რომ ეს არის პოლიტიკა და სისტემა, იმ პირებს, რომლებიც ამ დანაშაულებს სჩადიან, დავალებული აქვთ, რომ ასე მოიქცნენ.  როგორ ფიქრობთ, ერთი-ორი ჯალათი რომ დაისაჯოს სამაგალითოდ, ვინ გაბედავდა ასე მოქცევას?

კალმახელიძის პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება მანამ, ვიდრე ქვეყანას ეს ხელისუფლება მართავს. ფარად ჰყავთ ქალი, რომელიც თითქოს ჰუმანურობით უნდა გამოირჩეოდეს. მის საჯარო გამოსვლებს რომ მოუსმინო, შეიძლება შეგექმნას შთაბეჭდილება, რომ ისეთი საამურია ციხეში ყოფნა, შეგშურდება (პროდუქტი იაფია, საკვები - გემრიელი და ა. შ.).

სინამდვილეში, კალმახელიძე შეღებილი თოჯინაა, არაფერს წარმოადგენს. ციხის პოლიტიკას იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები განსაზღვრავენ და არა ის.

საქართველოში ცნობილი რუსი უფლებადამცველები, სერგეი კოვალიოვი და ერნსტ ჩერნი იყვნენ ჩამოსული, ორივე მიხეილ სააკაშვილმა მიიღო. პრეზიდენტი ელოდა, სხვებივით ესენიც სააკაშვილის რეჟიმის ქება-დიდებას მოჰყვებოდნენ. ისინი კი კალმახელიძესთან მივიდნენ და ვლადიმერ ვახანიასთან შეხვედრა მოითხოვეს. კალმახელიძემ უთხრა, დავურეკავ ვანო მერაბიშვილს და ვკითხავ, შეიძლება თუ არა მისი ნახვაო. მერაბიშვილთან ზარის შემდეგ კოვალიოვსა და ჩერნის მოუბოდიშა, ვანომ მითხრა, არ შეიძლებაო. ეს თავად სერგეი კოვალიოვმა მიამბო. ეს ცხადყოფს, რა ფუნქცია და გავლენა აქვს კალმახელიძეს ამ სისტემაში.

დიმიტრი ლორთქიფანიძე, პარლამენტარი: "ბოლო დროს ახალი ტენდენცია შეინიშნება, - რაც უფრო დრამატულ სახეს იძენს სახალხო დამცველის მონიტორინგი, მით ცინიკურია საპარლამენტო უმრავლესობის დამოკიდებულება. გიორგი ტუღუშის ანგარიშს ეთანხმებიან, მადლობასაც ეუბნებიან მნიშვნელოვანი დასკვნისთვის, ეუბნებიან, რომ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებენ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, არაფერს აკეთებენ. სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენა უმრავლესობამ საგანგებოდ დანიშნა დიდ ხუთშაბათს, როცა მართლმადიდებელი მრევლის ყურადღება აღდგომის დღესასწაულისკენ იყო მიმართული. შედეგად მივიღეთ 42 მსმენელი და სულ რამდენიმე კითხვის დამსმელი დეპუტატი. ხელისუფლებას წინასწარ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ მოხსენებას ცნობად მიიღებდა. ანგარიშში მოყვანილი შემზარავი ფაქტები ნებისმიერ საზოგადოებას და საღად მოაზროვნე ადამიანს ჩააგდებდა შოკში. სახალხო დამცველმა ჯერ კიდევ ზაფხულში გამოაქვეყნა შუალედური მოხსენება ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე. ის, რომ 142 გარდაცვლილი პატიმრიდან ყოველ მესამეს ფიზიკური ზემოქმედების კვალი ეტყობოდა, მიუთითებდა, რომ ყველანი ნაწამები იყვნენ, რაც შეიქნა კიდეც გარდაცვალების მიზეზი.

ჯალათებმა პასუხი რომ აგონ,  პოლიტიკური ნებაა საჭირო, მაგრამ ხელისუფლება ამას არ გააკეთებს, რადგან სწორედ ამ კონტინგენტს ემყარება. დღევანდელ ქართულ ციხეს ერთი დანიშნულება აქვს: საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ციხეში მოხვედრა კატასტროფაა; უნდა იცოდეს, რომ ციხეში მოხვედრას ჯობს გაყიდო ყველაფერი, რაც კი მამა-პაპას დაუტოვებია, ოღონდ იქ არ მოხვდე. ყველამ იცის, რომ ციხეში ადამიანებს ხოცავენ და აინვალიდებენ. ამ პოლიტიკას სხვა, უფრო ღრმა ფესვებიც აქვს. საქართველოში თითქმის აღარ დარჩა ოჯახი, რომელსაც პატიმარი არა ჰყავს. საზოგადოებას უნდა დაეკარგოს რწმენა ჯერ საკუთარი თავისა, შემდეგ კი პოლიტიკური ოპოზიციისა, რაც საბოლოოდ არჩევნებზე აისახება. ხალხის დეპერსონიზება მთავარი ამოცანაა. თუ აღარა ხარ პიროვნება, ნიშნავს, რომ ხელისუფლების მიზანი მიღწეულია. ეს არის იმ ლაბორატორიული სამუშაოების შედეგი, რასაც პრეზიდენტი ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაგვპირდა და განაცხადა, რომ საქართველო არის სოციალური და დემოკრატიული რეფორმების ლაბორატორია. აAმ ლაბორატორიაში კი ჩვენ საცდელი ვირთხები ვართ".