"კოჭოია": - აღიარებითი ჩვენების მიცემამდე რვაჯერ მესროლეს ტყვია"
30-04-2012
"კოჭოია": - აღიარებითი ჩვენების მიცემამდე რვაჯერ მესროლეს ტყვია"
მერაბ ყოლბაია: "ფეხებით დამკიდეს,  რკინებს მიყრიდნენ, მკვდარი ვიყავი და ვაღიარებდი,
აბა, რას ვიზამდი?"

"აირჩევენ უპატრონო ადამიანებს და ასეთი გაუგონარი მეთოდებით აიძულებენ, დაიბრალონ ის, რაც არ ჩაუდენიათ"


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2010 წლის სექტემბერ-ნოემბერში საქართველოს ტერიტორიაზე აფეთქებათა სერიის ორგანიზებაში, შესრულებასა და ხელშეწყობაში 12 პირი დაადანაშაულა და 2010 წლის დეკემბერში საქმე გახსნილად გამოაცხადა. სამინისტროს ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფი რუსი მაიორის, ევგენი (ჟენია) ბორისოვის მითითებებით მოქმედებდა.

დაკავებულმა მერაბ ყოლბაიამ, იმავე კოჭოიამ, რომელიც ტერაქტების საქმეზე
მთავარი მოწმეა და რომლის ჩვენების გამო პასუხისგებაში ათზე მეტი კაცია მიცემული, ჩვენება შეცვალა, გოგიტა არქანიამ კი მხოლოდ თბილისში ტერაქტების მოწყობა აღიარა და განაცხადა, რომ საქართველოს სხვა ტერიტორიაზე ტერაქტების ჩადენაში აღიარებითი ჩვენება ზეწოლის გამო მისცა.

მერაბ ყოლბაიას (კოჭოია) სააპელაციო სასამართლოში მიცემული ჩვენებიდან (2012 წლის 24 აპრილი):
"აღიარებითი ჩვენების მიცემამდე რვაჯერ მესროლეს ტყვია, შემდეგ წამიყვანეს საავადმყოფოში, სადაც წამების მეტი არაფერი მინახავს. არც ადვოკატი მყავდა, რომ თავი დამეცვა. ის ჩვენება პირველი ინსტანციის სასამართლოს ზეწოლის გამო მივეცი, დავით კეკუტიას კი სულ არ ვიცნობ" (არადა, კოჭოიას ადრინდელი აღიარებით, კეკუტია მასთან ერთად გეგმავდა ტერაქტებს. სწორედ კოჭოიას ჩვენების საფუძველზე მიუსაჯა კეკუტიას პირველი ინსტანციის სასამართლომ 30-წლიანი პატიმრობა).
ტერაქტების საქმე ძალზე საინტერესოდ ვითარდება. ჯერ იყო და, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა ორჯერ გადაიდო. ორივეჯერ სასამართლო სხდომის ჩაშლის მიზეზი პატიმრების სასამართლოში გამოუცხადებლობა იყო. თუმცა, გაუგებარია, რატომ ვერ თუ არ მოახერხა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრომ სასამართლო პროცესებზე პატიმრების მიყვანა. ამასობაში ღუდუშაურის კლინიკაში  ტერაქტში მონაწილეობაში მსჯავრდადებული 65 წლის ჯენერი მატკავა გარდაიცვალა.

მარიამ პაპოშვილი, ჯენერი მატკავას ადვოკატი: "ჩვენ ბრძოლას ბოლომდე ვგეგმავდით. მატკავა ერთხელ თავის მოკვლას აპირებდა, მაგრამ გადავაფიქრებინე. მოგვიანებით ნაწლავების გადახლართვის გამო ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია გაუკეთეს, მდგომარეობა დამძიმდა და ღუდუშაურის კლინიკაში უგონოდ გადაიყვანეს. ისე გარდაიცვალა, ვერაფრის თქმა  ვერ შეძლო".

გელა ნიკოლაიშვილი, უფლებადამცველი: "მატკავა, 65 წლის ავადმყოფი კაცი, რომელსაც სმენაც დაქვეითებული ჰქონდა, ვითომ ტერორისტებს გალიდან ზუგდიდში გადასვლაში დაეხმარა, თანაც თურმე იცოდა, რომ კოჭოია და არქანია აფეთქებების მოწყობას აპირებდნენ. ჯენერი მატკავა გალისა და ზუგდიდის საზღვარზე ცხოვრობდა. მის სახლთან გადიოდა შემოვლითი გზა. ის ეხმარებოდა ხალხს გალიდან ზუგდიდში და ზუგდიდიდან გალში გადასვლაში.  საქმის მასალების მიხედვით, კოჭოიასა და გოგიტა არქანიას ბაზრის ჩანთები მიჰქონდათ, მატკავამ ჰკითხა, რა მიგაქვთო და ამათაც უპასუხეს, ასაფეთქებელი მიგვაქვს თბილისში ტერაქტების მოსაწყობადო(?!). კოჭოიამ და არქანიამ თურმე იგივე უთხრეს მძღოლსაც, რომლის მანქანითაც იმგზავრეს, იმ ოჯახსაც, სადაც ასაფეთქებლები შეინახეს და ა.შ. ხელისუფლებას უნდოდა შეექმნა მითი, რომ ეს იყო უზარმაზარი ორგანიზებული ჯგუფი. მოკრიბეს ეს უდანაშაულო ხალხი და ციხეში შეყარეს(!).

დაიჭირეს გოგიტა არქანიას ძმა გოდერძი არქანია, რომელსაც ედავებიან, იცოდი, შენი ძმა ტერაქტების მოწყობას რომ აპირებდა და არ შეგვატყობინეო. გოდერძი არქანია თავს იკლავს, ეს რომ მცოდნოდა, ჩემი ხელით მოვაჭრიდი თავსო. დაიჭირეს გოდერძი არქანიას ცოლი, ცოლისძმა გოჩა ხურცილავა, დავით კეკუტია, რომელსაც ამ საქმეში მე ვიცავ. კეკუტია დაცვის პოლიციის თანამშრომელია, ზუგდიდში მუშაობდა და სოფელ კახათში ცხოვრობდა. კეკუტიას ბრალს სდებენ, უკან მიჰყვებოდი არქანიასა და ყოლბაიას და აკონტროლებდი, დადებდნენ თუ არა ასაფეთქებლებსო. ამ დროს გოგიტა არქანია ამბობს, ბორისოვმა მითხრა, არ ჩაგეთვლება დავალება შესრულებულად, თუ ტელევიზორი არ გადმოსცემს, რომ თბილისში აფეთქებები მოხდაო და საინტერესოა, რისი დადება უნდა ეკონტროლებინა კეკუტიას? თანაც აფეთქებები თბილისში ღამის 2 და 4 საათზე მოხდა, კეკუტია კი იმავე დილით, 10 საათზე, ზუგდიდში სამსახურში გამოცხადდა. ის ჯერ კახათში უნდა ჩასულიყო თბილისიდან, ტანისამოსი გამოეცვალა და მერე წასულიყო ზუგდიდში.  ქმედება დროში არ ეტევა, მაგრამ ვინ უჯერებს? მას მხოლოდ კოჭოიას ჩვენების საფუძველზე აქვს მისჯილი 30 წელი.

მიუხედავად იმისა, რომ კოჭოიამ ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოში თქვა, კეკუტიას არ ვიცნობო, ეს არავის დაუფიქსირებია. ამას რომ ამბობდა, პროკურორი დავით ხიზანაიძე წამოხტა, დავიღალე, აღარ შემიძლია, თავი მტკივაო და სხდომა გადადო. კარგა ხანს არ მოჰყავდათ პატიმრები სასამართლოში. როცა მოიყვანეს, კოჭოიამ პირველი ინსტანციის სასამართლოში განაცხადა, ჩვენებაში რაც წერია, ყველაფერი სწორიაო. მაგრამ სააპელაციო სასამართლოში მაინც ალაპარაკდა, მცემეს, 8 ტყვია მესროლეს ფეხში, მაწამებდნენ, მერე საქალაქო სასამართლოში სიმართლის თქმა რომ დავაპირე, მთელი ღამე ჩამოკიდებული მამყოფეს. იცოდეთ, ამის შემდეგ თუ ჩვენება შევცვალე, ისევ ცემის და წამების შედეგი იქნებაო. მოსამართლემ ეს ჩვენება არ გაიზიარა და ბრძანა, ეს ჩვენება არ არის, შესავალი სიტყვა იყოო. მაშინ ისევ გადადეს პროცესი, ჯერ 18, მერე 20 აპრილისთვის. როგორც იქნა, პატიმრები 24 აპრილს მოიყვანეს სასამართლოში. პროცესის დაწყებამდე დავით ხიზანაიძე (არადა, ამ სასამართლო პროცესში ის აღარ მონაწილეობს) მოვიდა, სასამართლოს სარდაფში, ეგრეთ წოდებულ ფუქსებში ჩავიდა და პატიმრებს სათითაოდ ჩამოუარა, ზოგს საპროცესო გარიგებას ჰპირდებოდა და ზოგს სასჯელის ჩამოკლებას. უარი ვისგანაც მიიღო, დაემუქრა, გაჩვენებთ საჩვენებელსო.

ადვოკატებმა მივუთითეთ, რომ კოჭოიამ წინა პროცესზე წამებასა და იძულებით ჩვენებაზე ილაპარაკა. ჩვენი არგუმენტების გასაბათილებლად პროკურორმა ომახიანად შემოგვიტია: რომ დაგიჩემებიათ, სცემეს და აწამეს კოჭოია და ასე მიიღეს აღიარებითი ჩვენება, აგერ არის და ჰკითხეთო. წამოვხტით, რას ჰქვია, ვკითხოთ, წინა პროცესზე ხომ თქვა ყველაფერი-მეთქი. მოსამართლემ თქვა, მეც მაინტერესებს სინამდვილეში რა მოხდაო და დაიწყო კოჭოიას დაკითხვა. კოჭოიამ ისევ გაიმეორა - მაწამეს, მცემეს, დიახ, ფეხებით დამკიდეს, დიახ, რკინებს მიყრიდნენ, მკვდარი ვიყავი და ვაღიარებდი, აბა, რას ვიზამდიო? კოჭოიამ ასევე დაადასტურა, რომ კეკუტია არასოდეს უნახავს.

პროცესზე მსჯავრდადებული მერაბ ყოლბაია და მისი ადვოკატები ითხოვდნენ მის ხელახლა სრულფასოვნად დაკითხვას, მაგრამ მოსამართლემ კოჭოიას ჩვენების შემდეგ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და პროცესი გადადო. უარის მიზეზი ისედაც გასაგებია, შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქმე თავდაყირა დადგებოდა".

ტერაქტების საქმეზე ჩვენებების გამოძალვის მეთოდებზე რამდენიმე თვის წინ შემზარავი ჩვენება მისცა მალხაზ არქანიამ, რომელიც სხვა ბრალდებით (ნარკოტიკების შეძენა-შენახვა) დააპატიმრეს. როგორც ამბობს, მას სასტიკად აწამებდნენ და ტერაქტში მონაწილეობის აღიარებას აიძულებდნენ.

მალხაზ არქანია:
"ენგურის ხიდთან  2011 წლის 5 თებერვალს შსს-ს ზუგდიდის სამმართველოს უფროსმა რუსლან შომახიამ და სხვა თანამშრომლებმა დამაკავეს. გალის რაიონიდან ზუგდიდში გადმოვდიოდი. "ჰიუნდაის" მარკის ჯიპში ჩამსვეს (თავზე შავი ნაჭერი მქონდა ჩამოფარებული) და უცნობ ადგილას წამიყვანეს. მანქანიდან რომ გადამიყვანეს, შოთიკო სადუნიშვილის ჩვენება მაჩვენეს, სადაც ეწერა, ვითომ მე თემურ არქანიასთან, მამუკა არქანიასთან, დენის ქიშმარიასა და ავთო კაკალიასთან ერთად ვმონაწილეობდი 2008-დან 2010 წლამდე მოწყობილ აფეთქებებში. რომ ვიუარე, დამიწყეს უშვერი სიტყვებით გინება, მაფურთხებდნენ, მემუქრებოდნენ იარაღის დამიზნებით, მირტყამდნენ რკინის ხელკეტით ზურგსა და ფეხებში. გამჩხრიკეს და წაიღეს 1.500 ლარი, ორი მობილური ტელეფონი, 80 რუსული რუბლი და ორი სიმბარათი. ჩხრეკის ოქმში ისიც ჩაწერეს, რომ მიპოვეს ნარკოტიკული ნივთიერებაც, რომელიც სინამდვილეში არ მქონია.

2011 წლის 19 მაისს, მე-8 საპყრობილეში შეყვანიდან მეორე დღეს, დირექტორის კაბინეტში ამიყვანეს, სადაც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეოს უფროსის მოადგილე მეგის ქარდავა დამხვდა. როგორც მითხრა, აღიარებითი ჩვენება უნდა დამეწერა ზუგდიდში მომხდარ ტერორისტულ აქტებზე. ავუხსენი, რომ ამ დანაშაულებთან კავშირი არ მქონია. უარი რომ მიიღო, მეგის ქარდავამ ორ პირს უბრძანა, კარანტინში ჩაიყვანეთ და სცემეთო. მერე მიმიყვანეს საკნის კართან და შემახედეს სათვალთვალოში, სადაც დავინახე, თუ როგორ აუპატიურებდა მამაკაცი მამაკაცს. მეუბნებოდნენ, კარგად დაიმახსოვრე ეს სცენა. თუ აღიარებით ჩვენებას არ დაწერ, იმავეს გიზამთო. მოკლედ, "აღიარებით ჩვენებაში" დავწერე, რომ აფეთქებების მოწყობაში ვმონაწილეობდი. მეგის ქარდავამ მითხრა, ეს არ ვარგა, ამიტომ შეჭამეო. მეგისის თანმხლებმა ძალით შემაჭამა ის ქაღალდი. ისევ ჩამიყვანეს ქვემოთ და შემაგდეს კარანტინში. ცოტა ხანში ტუალეტის კარი გაიღო და ორი ნიღბიანი მამაკაცი გამოვიდა. მეცნენ, შარვლის ჩახდა დამიწყეს.

ერთი ეუბნებოდა მეორეს, წესიერად დამიკავე ეს ნაბიჭვარი, უნდა გავაუპატიუროო. უცბად გაიღო "კარმუშკა", საიდანაც მეგის ქარდავას თანმხლები პირები სურათებს მიღებდნენ.
ამ დროს დამაგდეს იატაკზე, შარვალჩახდილი. სიმწრისაგან თავს ბეტონზე ვურტყამდი. გარეთ მყოფი პირები საკანში შემოცვივდნენ. ერთმა თავზე ფეხი დამადო. შებოჭილს მეორემ თავის სასქესო ორგანო მომადო და ასე გადამიღეს სურათი. შემდეგ თავი დამანებეს. მითხრეს, თუ არ მივცემდი აღიარებით ჩვენებას, მართლა გამაუპატიურებდნენ და სურათებს ინტერნეტში დადებდნენ. გაუპატიურებისა და ცემის შიშით დამაწერინეს აღიარებითი ჩვენება".

ლექსო არქანია, მალხაზ არქანიას ადვოკატი: "მალხაზ არქანია ჩემი ბიძაშვილია, მას ოფიციალურად ბრალი დასდეს ნარკოტიკების შეძენა-შენახვაში. ნარკოტიკების ჩადება გაუხსნელი საქმეების დასაბრალებლად გამოიყენეს. რაიონულ განყოფილებებს ზეწოლის ეშინიათ. მათ კატეგორიულად სთხოვენ, რადაც უნდა დაუჯდეთ, ყველა საქმე გახსნან. თავს ხომ არ დაისჯიან და ასეთი ტაქტიკა აქვთ შემუშავებული, აირჩევენ უპატრონო ადამიანებს და ასეთი გაუგონარი მეთოდებით აიძულებენ, დაიბრალონ ის, რაც არ ჩაუდენიათ".

ამ ამბის დეტალების გახმაურების შემდეგ, მალხაზ არქანიას ტერორიზმის საქმესთან კავშირი ოფიციალურად უარყვეს.

P.S.  ტერაქტების  საქმეში ძალზე ბევრი საეჭვო დეტალია. მოსამართლის ძალისხმევა მხოლოდ იქითკენ არის მიმართული, როგორმე "ზედმეტი" არ ილაპარაკონ მსჯავრდადებულებმა. მერამდენე პროცესია, მოსამართლე სრულიად უმიზეზოდ პროცესების გადადებაზე პროკურატურის მოთხოვნას უჭერს მხარს.

2010 წლის 22 სექტემბერს აფეთქება მოხდა აშშ-ის საელჩოს სიახლოვეს;
2 ოქტომბერს ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდთან სარკინიგზო ხიდის აფეთქების მცდელობა იყო;
21 ოქტომბერს ორი აფეთქება მოხდა თბილისის რკინიგზის სადგურთან;


28 ნოემბერს აფეთქება მოხდა თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩის #88-ში მდებარე "ლეიბორისტული პარტიის" ცენტრალურ ოფისთან, რის შედეგადაც დაიღუპა ადგილობრივი მცხოვრები ნინო გორდეზიანი. იმავე დღეს აფეთქება მოხდა მუხიანის პირველ მიკრორაიონში, ნონეშვილის ქუჩის #13-ში მდებარე სუპერმარკეტთან.



"ძალადობას თუ დროულად არ გაუწიე წინააღმდეგობა, ძალაუფლებაში გადაიზრდება"
ელიას კანტი

იხილეთ ვიდეო: გოგიტა არქანიას აღიარებითი ჩვენება
shota
22 ნოემბერი 2012 16:45
მე ერთი რამ ვიცი 100 პროცენტით: 30 წელ მისჯილი გოჩა ხურცილავა,რომელმაც არ აღიარა ის დანაშაული რაც მას არ ჩაუდენია ,სინდისის პატიმარია.ამათ სჭირდებოდათ ხმაურიანი საქმე,რომელშიც ბევრი მონაწილე იქნებოდა და ფეხებზე დაიკიდეს(როგორც ყოველთვის)ღმერთი,სამართალი და ადამიანთა ბედი.
david67
02 მაისი 2012 03:31
კარგით რა მორჩით რა ამ კოჭოიას ადვოკატობას. ისე მართალია წამების ღირსი ნამდვილად არ არის. ასეთი ადამიანი მხოლოდ სიკვდილით დასჯას იმსახურებს. რა მნიშვნელობა აქვს სად აპირებდა აფეთქებას? ტერორიზმს გამართლება არა აქვს არც ერთ შემთხვევაში
როსტომ
01 მაისი 2012 15:25
"ნაცისტები რომ კომუნისტებს მიადგნენ, ხმა არ ამომიღია, რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ; პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ; ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან ებრაელი არა ვარ; შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი, რომ ხმა ამოეღო".

პასტორი მარტინ ნიიმიოლერი

რედაქტორის რჩევით